დაზღვევის ყველაზე უჩვეულო სახეობები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Hullberry Insurance Company, რომლის შტაბ-ბინაც ამსტერდამში მდებარეობს, ჰოლანდიის მოქალაქეებს უჩვეულო რისკებზე დაზღვევას სთავაზობს. ამ ფირმამ ზედამხედველობის ორგანოებისგან უკვე მიიღო ნებართვა თავის ექსტრავაგანტურ მომსახურებაზე სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ, გერმანიაში. ახლა ადამიანებს, სულ რაღაც 12 ევროდ, შეუძლიათ დაეზღვიონ, მაგალითად, ლიფტში გაჭედვის ან ციხეში მოხვედრის გამო. გთავაზობთ, ამ უჩვეულო შეთავაზეების სხვა სახეობებსა და პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ დაზღვევის მიღებისას:

ბენზინზე ფასის გაძვირებისას - თუ საწვავზე ფასი 15%-ზე მეტად აიწევს, 1000 ლიტრის შეძენის შემთხვევაში, დაზღვევა კლიენტს დამატებით ხარჯებს აუნაზღაურებს. ასეთი დაზღვევის ღირებულება წელიწადში 19.95 ევროა.

კარის ჩაკეტვისას - თუ სახლიდან ისე გამოხვალთ, რომ გასაღები დაგავიწყდათ და ამ დროს კარი ჩაგეკეტა, დაზღვევა აუცილებლად აგინაზღაურებთ ზარალს 100 ევრომდე იმის მიხედვით, კვირის რა დღეს და რომელ საათზე შეგემთხვათ ეს უსიამოვნება. ამ დაზღვევის ღირებულება 18 ევროა წელიწადში.

ლიფტში გაჭედვისას - იმ შემთხვავეაში, თუ ლიფტში გაიჭედეთ, კომპანია Hullberry დაკარგული დროის კომპანესაციის მიზნით, 75 ევროს გადაგიხდით. დაზღვევის ღირებულება 12-დან 28 ევრომდეა წელიწადში.

ლატარიაში წარუმატებლობისას - ვინც წელიწადში არანაკლებ 52-ჯერ ითამაშა ლატარია და ვერცერთხელ ვერ მოიგო, სადაზღვევო კომპანიისგან 2 500 ევროს მიიღებს. ამ დაზღვევის ღირებულება 12-დან 28 ევრომდეა.

მშრალი კანონისას - თუ ქვეყანაში შემოიღებენ მშრალ კანონს, ამისგან დაზღვეული კლიენტი კომპანიისგან, სანუგეშოდ 500 ევროს მიიღებს. ამ დაზღვევის წლიური ღირებულება 12-დან 28 ევრომდეა.

უცხოპლანეტელებისგან მოტაცების შემთხვევაში - „სადაზღვევო პრემია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცებენ დედამიწიდან უცხოპლანეტელები“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში. ამ დროს, დაზარალებულს 5 000 ევროს გადასცემენ, თუმცა ამისთვის საჭიროა ცნობები ექიმებისა და ავია-კოსმოსური ორგანოებისგან. ასეთი დაზღვევის წლიური ღირებულებაც 12-დან 28 ევრომდე მერყეობს.

უდანაშაულოდ ციხეში აღმოჩენისთვის - ვისაც ეშინია, რომ შემთხვევით, არაფრის გამო, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, შეუძლია, კომპანიასთან სადაზღვევო ხელშეკრულება გააფორმოს. თუ მართლაც ასე მოხდება, კომპენსაციის სახით, ის 500 ევროს მიიღებს. ამ დაზღვევის წლიური ღირებულება 12-დან 28 ევრომდეა.

თუ ქორწილის დღეს საკურთხეველთან უარი გითხრეს - რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ადამიანის დასამშვიდებლად 100 ევრო დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ თუ საკუთარ პარტნიორში დარწმუნებული არ ხართ, სჯობს, არ გარისკოთ და დაეზღვიოთ. ამ უჩვეულო დაზღვევის წლიური ღირებულება კვლავ 12-დან 28 ევრომდეა.

ფარული კამერით გადაღებისას - კომპანია გთავაზობთ, საკუთარ თავს ან მეგობრებს საჩუქარი გაუკეთოთ და სადაზღვევო პოლისი იქონიოთ, რომელიც მის მფლობელს ფარული კამერით გადაღებისგან დაიცავს. თუ ეს მაინც მოხდება, დაზარალებულს შეუძლია 1 000 ევრომდე თანხა მიიღოს. დაზღვევის წლიური ღირებულებაა 12-დან 28 ევრომდე.

სხვისი შვილი - შემთხვევა, როცა დედა ნამდვილად ცნობილია. საკითხავი ის არის, მამა ვინაა. მამაკაცებს, რომლებიც არ ენდობიან საკუთარ პარტნიორებს, ფირმა ასეთი რისკისგან დაზღვევას სთავაზობს. „რქების დადგმის“ შემთხვევაში, ისინი 500 ევროს მიიღებენ. დაზღვევის წლიური ღირებულება ამ შემთხვევაშიც 12-დან 28 ევრომდე მერყეობს.