რა დარღვევები გამოვლინდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული კვირის აქტუალური თემა ფარმაცევტული კომპანიების სავარაუდო ოლიგოპოლიური შეთანხმების მცდელობა იყო. ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ონკოლოგიური პრეპარატების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, სწორედ ამის გამო, აფთიაქებში მათი ფასი არა თუ გაორმაგდა, გაოთხმაგდა! ცხადია, ამ თემით საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა და მოკლევაც დაიწყო. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მედიის ყურადღების ცენტრში იმიტომაც მოექცა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ აზარაშვილის შეცვლას აპირებდა, არ დადასტურდა. მართალია, ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ ვნახოთ, არის თუ არა უწყებაში ყველაფერი რიგზე, ყოველ შემთხვევაში, ფინანსური თვალსაზრისით. იქამდე, ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ზურაბ აზარაშვილის უწყების შემოწმების ახალ ანგარიშს გამოაქვეყნებს, „ვერსია“ შარშანდელ აუდიტს გთავაზობთ. ეს დასკვნა იმიტომ შევარჩიეთ, რომ სახელმწიფო მაკონტროლებლები დაინტერესდნენ, რამდენად ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული კომპონენტები, კერძოდ, ბენეფიციარების სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ამბულატორიული მომსახურება.

აუდიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტორებმა შვიდი სახელმწიფო პროგრამა შეარჩიეს: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტი), C ჰეპატიტის  მართვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა (C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის კომპონენტი), რომელიც შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისი; ფინანსური ხელმისაწვდომობა; ფიზიკური ხელმისაწვდომობა; ინფორმაციული ხელმისაწვდომობა. როგორც მოსალოდნელი იყო, დარღვევები აღმოჩნდა შვიდივე პროგრამაში.

აუდიტის მიზანი

ვიდრე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, საჯარო უწყებების მთავარი მაკონტროლებლების მიერ აღმოჩენილ დარღვევებს დეტალურად გაგაცნობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპი მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობაა. ამის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი მექანიზმია სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. ამ მიზნის მიღწევაში მთავარი როლი ენიჭება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ერთეულებს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

დარღვევები ბენეფიციარზე ორიენტირებულ სერვის

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებას, კერძოდ: იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული ახალი დაავადების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები, სერვისის დამატებას კი, შესაძლოა, დასჭირდეს რამდენიმე წელი.

ამასთან, ამიმართულებით ქვეყანაში არ არის შემუშავებული ეროვნული გეგმა ან სტრატეგია და არ იწარმოება იშვიათი დაავადებების მქონე პირთა რეესტრი. შეზღუდულია პროგრამის ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორია და მოიცავს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს. ეს ფაქტორები ზღუდავს სამედიცინო სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ იშვიათი დაავადებების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, ასევე დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული რიგი სერვისები დეტალურად არ გაუწერიათ, არსებული მექანიზმები კი ვერ უზრუნველყოფენ ბენეფიციართა სრულ ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისა და მიმართვიანობის სიხშირის შესახებ.

სააგენტოში დანერგილი მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომობას რიგ სამკურნალო საშუალებებზე, კერძოდ: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული მარაგების მართვის მექანიზმი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ ვერ უზრუნველყო მედიკამენტების შესყიდვა, ხოლო უკვე შესყიდული საკვები დანამატის ბენეფიციარებისთვის მიწოდება. აის გამო, ერთი მხრივ, ბენეფიციარებმა ვერ მიიღეს პროდუქტები, რიგ შემთხვევებში კი, შესყიდულ პროდუქტს ამოეწურა მოქმედების ვადა.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, არ არის გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე მიმართვიანობის ზრდას, ხოლო იმ პროგრამის ფარგლებში, სადაც შემუშავებულია პაციენტების მიდევნებისა და მკურნალობაზე დამყოლობის მექანიზმები, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ პაციენტთა სერვისებში ჩართვას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ სრულ სერვისებში ჩართულ ბენეფიციართა მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

 

დარღვევები ფინანსურ ხელმისაწვდომობაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას.

„ამ პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ფარგლებში, თანაგადახდის პირობებში, პაციენტებს ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული ხარჯები ეზრდებათ. კერძოდ, 2017-2019 წლებში, საყოველთაო, ქრონიკული და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფდა ბენეფიციართათვის იდენტური სერვისების განსხვავებული თანაგადახდით მიწოდებას. 2019 წლის აგვისტომდე, ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდა გათვალისწინებული იყო C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც, რამაც ნაწილობრივ შექმნა სერვისების წვდომაზე ფინანსური ბარიერები.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვისას, ის მექანიზმები არ გაუთვალისწინებიათ, რომლებიც უზრუნველყოფენ საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ და ეკონომიურ ხარჯვას:

„მაგალითად, დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, ერთი და იმავე მომსახურებს განსხვავებული ღირებულებით ანაზღაურებენ; საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია მედიკამენტების არაოპტიმალური ღირებულებები; სერვისების დაფინანსებისთვის შემუშავებული მოდელების − გლობალური ბიუჯეტისა და ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, მიმწოდებლებს ყოველთვიურად უნაზღაურდებათ დადგენილი ფიქსირებული თანხა, ბენეფიციარების მიერ სერვისების მიღებისა და გაწეული ხარჯის მიუხედავად. შედეგად, აუდიტის პერიოდისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურებული თანხა აღემატებოდა ბენეფიციარებისთვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ხარჯს“.

დაფინანსების დამატებითი მექანიზმების, ასევე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ოპტიმალური ღირებულებების განსაზღვრის შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები, ჯამში, 2 404 238 ლარი დაიზოგებოდა. შედეგად, ამ პროგრამებში მეტი ბენეფიციარი ჩაერთვებოდა და ხელმისაწვდომობაც გაიზრდებოდა.

დარღვევები ფიზიკურ და ინფორმაციულ ხელმისაწვდომობაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სააგენტოს მიერ დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ პროგრამების ფარგლებში განსაზღვრული სერვისების სათანადო გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, დიაბეტის მართვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული რიგი სერვისების მიმწოდებლები, ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან დედაქალაქში, ხოლო ბენეფიციართა 57% - თბილისის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების მიღება საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებით უწევს.

ქვეყანაში არ არის შემუშავებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების შესახებ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სტრატეგია, ან სამოქმედო გეგმა. არ არის დაგეგმილი მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიები, რაც მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის სერვისებზე ხელმისაწვდომობაში.

გარდა ამისა, გამოკითხულ პოტენციურ ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე დაბალია და მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული და დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ.

ავტორი: მაკა რუხაძე