თურქული ბანკები აფხაზეთში ოპერირებენ?!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის ტერიტორიაზე, თურქულმა ბანკებმა „აპრას“ World-ის ბარათების მომსახურება დაიწყეს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია „ბიზნეს მედია ჯგუფმა“ გაავრცელა. რაც შეეხება „აპრა“-ს, ეს დე-ფაქტო რესპუბლიკის ანგარიშსწორების სისტემაა.  

 

აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა „აპრა“-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათაშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.

„პროცესის ავტორიზაცია, კლირინგი და ოპერაციები წარმატებით დასრულდა, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბანკების _ Is Bank-ისა და Ziraat Bank-ის ქსელის ტერმინალებში განხორციელდა“.

Is Bank-ის ქსელი 6 500-მდე ბანკომატს და საბანკო ბარათების მომსახურების 400 000 წერტილს მოიცავს. ხოლო Ziraat Bank-ის სატერმინალო ქსელი 7 200 ბანკომატსა და საბანკო ბარათების მომსახურების 500 000 წერტილს აერთიანებს.

მათივე ინფორმაციით, „აპრა“-ს World ბარათები რუსეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში მოქმედებს.

ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ასე გამოეხმაურა:

„როგორც კი რუსეთის VTB ბანკმა გადაწყვიტა სოხუმში საკუთარი ბანკომატის გახსნა, დავურეკე მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას და გავაფრთხილე, რომ ამას მოჰყვებოდა თბილისში, მათი ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. მას შემდეგ გავიდა 14 წელიწადი და აფხაზეთში ამ ბანკის ჭაჭანებაც არაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული „იშბანკი“ და „ზირაათბანკი“ (ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთისა და რუსეთის ბანკებიც.

სძინავს ეროვნულ ბანკს. როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს (შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს, როგორც საჭიროა“.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს არ ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ბანკებს. მისივე თქმით, მარეგულირებელს კომუნიკაცია აქვს ბანკებთან და მათგან იმ ინფორმაციას ელის, რომელიც ამ განცხადებას სრულყოფს.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ეს არ ეხება ბანკებს, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, დეტალებს დავაზუსტებთ და რამდენადაც ვიცი, თავად ბანკებიც გააკეთებენ შესაბამის განცხადებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

მაია მიშელაძე