რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ბიზნესომბუდსმენის აპარატში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიზნესომბუდსმენის აპარატის აუდიტს აქვეყნებს. საქართველოს კონსტიტუციისა და ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკური უფლებების დაცვას და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლებების დარღვევის პრევენციას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის, როგორც მეწარმეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დამცველის, ასევე, ბიზნესსუბიექტების დარღვეული უფლებების აღდგენაში ხელშემწყობის როლი. სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ სახელმწიფო მაკონტროლებლები ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობით და აუდიტი, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს. დეტალურად განვიხილოთ დარღვევები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს.

 

დარღვევები ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობაში

კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი უნდა განსაზღვრულიყო დებულებით. დებულების არარსებობის გამო, სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ შეაფასეს აპარატის საქმიანობა, სტრუქტურა, თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება. შესაბამისად, ვერც ის გაირკვა, რამდენად ეფექტიანად ხორციელდება არსებული საკადრო რესურსის გამოყენება.

„კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მეწარმის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, იგი უფლებამოსილია, წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს. ზოგიერთ შემთხვევაში, აპარატის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი განცხადებები და მათზე რეაგირების შედეგების შესახებ განმცხადებლებისათვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები“, -ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამ დარღვევევბის პასუხად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის შესაბამისმა წარმომადგენელმა აუდიტორებს განუმარტა, რომ რიგ შემთხვევებში, ბიზნესსუბიექტების მიმართვები და მათზე პასუხი ზეპირი კომუნიკაციით ხორციელდებოდა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მიღებული მიმართვებისა და რეაგირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა დოკუმენტურად დადასტურებული არ ყოფილა.

„აქედან გამომდინარე, ვერ მივიღეთ საკმარისი დოკუმენტური რწმუნება, აპარატის მიერ მიღებულ განცხადებებზე დროული და სრულყოფილი რეაგირების შესახებ“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

 

ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზები

მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 1 ივნისიდან, ბიზნესომბუდსმენის ოფისთან ელექტრონულად დაკავშირების მიზნით, აპარატში ფუნქციონირება დაიწყო განცხადებების მიღების ელექტრონულმა პორტალმა. თუმცა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ იქნა მიღწეული მისი შექმნის მიზანი - გამარტივებულიყო მეწარმეების პრობლემების ბიზნესომბუდსმენამდე მიტანის პროცესი და, შესაბამისად, გაზრდილიყო კომუნიკაციის ეფექტიანობა.

„განცხადების განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენი გასცემს რეკომენდაციას ან შუამდგომლობას. მათი ეფექტიანი აღსრულებისა და აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია ინსტიტუციური მეხსიერების არსებობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეკომენდაცია/შუამდგომლობის დოკუმენტირებით. რეკომენდაციის ან შუამდგომლობის გაცემა, რიგ შემთხვევებში, დოკუმენტურად არ დასტურდება, რაც ვერ უზრუნველყოფს აპარატში ინსტიტუციური მეხსიერების არსებობას და ხელს უშლის საკითხებისადმი სისტემურ მიდგომას“.

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ინდიკატორია შედეგი: გათვალისწინებულია თუ არა მისი შუამდგომლობები და გაცემული რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ბიზნესომბუდსმენი უნდა ახორციელებდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს. იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აპარატი ამას, პრაქტიკულად, არ იყენებს.

„აპარატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხები რეკომენდაციების ნაწილობრივ ან სრულად გაუთვალისწინებლობის შესახებ, სათანადო დასაბუთებით. შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები. აპარატის ინფორმაციით, რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია ხორციელდება არა წერილობითი, არამედ, ზეპირი ფორმით“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ბიზნესომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი დოკუმენტურად ვერ დასტურდება, რაც რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

 

ხარვეზები საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობაში

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ცნობადობისა და აქტივობის ძირითადი კომპონენტია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა, სამიზნე ჯგუფებთან ინტენსიური კომუნიკაცია, მათი მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრა სხვადასხვა ტიპის კვლევებით.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს არ გააჩნია ინფორმაცია ბიზნესსექტორში მისი საქმიანობისა და უფლებამოსილების ცნობადობის შესახებ.

„ბიზნესსექტორში ცნობადობის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება მის კომპეტენციას. ამასთან, 2018-2021 წლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები, მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით“.

ავტორი:მაკა რუხაძე