სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - უხარისხო ინფრასტრუქტურული პროექტები და ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ტურიზმის განსავითარებლად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები აჭარაში!

 

ავტორი: მაკა რუხაძე

 ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მეტიც, საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, ტურიზმი ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს. საინტერესოა, როგორ ვითარდება ტურიზმი აჭარაში, რასაც ხელი ჯერ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და „ლოქდაუნმა“ შეუშალა, ახლა კი უკვე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეაფერხა. სწორედ ამ თემით დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტორები და მორიგი დასკვნაც გამოაქვეყნეს, რომელიც 2017-2020 წლების პერიოდს ეხება. აუდიტორულ ანგარიშში ასახულია, როგორც ტურიზმის მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი, ასევე, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობაც. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დარღვევები გამოვლინდა, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში.

 აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2017 წლიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, ტურისტებისთვის, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას ახორციელებს.ამ სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ მიუხედავად საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, ამ მიზნით, 2017-2019 წლებში, 3 853 800 ლარი გაიხარჯა), ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს.

„ის ადგილები, რომლებიც დასრულებულია და ვიზიტორებს უნდა იღებდეს, მოუვლელი და მიტოვებულია. პროგრამის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს გამოვლენილი გარემოებები ადასტურებს, რომ სამინისტროს, როგორც პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობის მიმართულებით, პრობლემები აქვს, რაც საბოლოოდ, ამ პროგრამის განხორციელების შეფერხებასა და მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღებას იწვევს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, 2014-2020 წლებში, 40-მა ბენეფიციარმა 2 811 300 ლარის მოცულობის სესხი მიიღო. სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610 600 ლარი, ხოლო 2016-2019 წლებში - 460 600 ლარი.

„მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გაცემული სესხები, 2007-2013 წლებში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას წარმოადგენს. შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში არსებული არაეფექტიანი მექანიზმების არსებობის გამო, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდა უფრო გადახდისუუნარობის რისკქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას, ვიდრე აჭარის რეგიონში, მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულებებით არ განისაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენად დაეხმარა აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართავს და ამ დარგის განვითარების ხელშეწყობის ერთიან პოლიტიკას ატარებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურა – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი სამ პროგრამას ახორციელებს: „ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა“, „აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“ და „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2016-2019 წლებში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 30 276 800 ლარით დაფინანსდა. დეპარტამენტის მიერ გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი - 19 953 400 ლარი დაიხარჯა პროგრამაზე - „აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“.

ამ პროგრამის ფარგლებში, 2016-2019 წლებში, სხვადასხვა მარკეტინგული არხების საშუალებით, სარეკლამო კამპანიები განხორციელდა სამიზნე ქვეყნებში: აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბელარუსში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუსეთის ფედერაციაში, საუდის არაბეთში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ოღონდ ამჯერად, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, სარეკლამო კამპანია საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. შესაბამისად, აჭარის სარეკლამო ვიდეო-რგოლი გავიდა საქართველოს კინოთეატრების დარბაზებსა და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ფასადის მონიტორზე. გარდა ამისა, აჭარის შესახებ, სარეკლამო-საინფორმაციო აუდიო-რეკლამა განთავსდა რადიო სადგურებში, აქტიურად მიმდინარეობდა რეგიონის რეკლამირება Fაცებოოკ-ის ინტერნეტ პლატფორმაზე. მეტიც, განხორციელდა შიდა ტურები ქართველი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.

„2016-2019 წლებში, ტურიზმის მზარდ სტატისტიკაზე არსებითი გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ -COVID-19, თუმცა უარყოფითად იმოქმედა 2019 წლის ივლისში, რუსეთის ფედერაციის მიერ, ცალმხრივად შეწყვეტილმა პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამაც. მიუხედავად იმისა, რომ 2016-2019 წლებში, მარკეტინგულ აქტივობებში, 676 564 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან; 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა შემცირდა პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდანაც. გარდა ამისა, თითქმის იმავე მოცულობის ხარჯების პირობებში, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ლატვიიდან – 103%-ით“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამ ქვეყნებიდან, 2019 წელს, ვიზიტორების კლება-ზრდის მიზეზები, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს არ შეუსწავლია, რაც ამ პროგრამების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

აუდიტის ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, 2017 წლიდან, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მათი მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა ხორციელდება. ეს შესყიდვა განკუთვნილია აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში,საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

გარდა ამისა, არასათანადოდ დაიგეგმა დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მშენებლობის სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში. კერძოდ, სამინისტრომ ისე შეისყიდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მშენებლობის სამუშაოები, რომ არ შეისწავლა სამშენებლო ტერიტორიასთან მიმართებით ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები საკუთრებასთანდაკავშირებით, რამაც მშენებლობის პროცესიგააჭიანურა.ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების გარეშე დაგეგმვასა და განხორციელებას ადასტურებს ისიც, რომ აშენებული ფართები დღემდე უფუნქციოდაა.

„2019 წელს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან მდებარე მიწის ნაკვეთი - მასზე განთავსებულ დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილთან ერთად და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში მდებარე მიწის ნაკვეთი - მასზე განთავსებულ დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებს.აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამა თავიდანვე არ ითვალისწინებდა ქონების მესამე პირებისთვის გადაცემას. ქედის მუნიციპალიტეტს უძრავი ქონება გადაეცა მოვლა-პატრონობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტს, დამატებითი პირობების გარეშე, მხოლოდ შემდგომში განკარგვის - დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით.

ფიზიკური დათვალიერებით ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ არ ხორციელდება ქონების სათანადო მოვლა-პატრონობა. შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად უფუნქციო, მიტოვებული და დაბინძურებულია.  ობიექტს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ვიზიტორი ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, ხოლო ქონება მოუვლელობისაგან ზიანდება და ღირებულებას კარგავს“.

აუდიტის ანგარიშში საუბარია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მოწყობის სამუშაოებზეც- ეს სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეისყიდა.საბოლოოდ კი, როგორც აუდიტი წერს, აღმოჩნდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.2020 წელს, ამ სამუშაოებში ბიუჯეტიდან დამატებით თანხა დაიხარჯა. არადა, ანგარიშში ვკითხულობთ, თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე, მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ.

„ხელშეკრულებით, მიწოდების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბერი. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, სათანადო პროცედურების დროულად განუხორციელებლობის გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 30 აპრილამდე. საბოლოოდ, პროექტი დასრულდა 2019 წლის 27 ივნისს.პროექტის დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.

ეს მიუთითებს, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა სათანადო კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან: თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება იყო 151700 ლარი, დაგეგმილ ვადებში არ განხორციელდა და ვერ შეასრულა ის ფუნქციები, რის გამოც გაწეულ იქნა საბიუჯეტო ხარჯები“.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სათანადო მოვლა-პატრონობის განუხორციელებლობის გამო, დაზიანებული იყო გარე განათება და შენობის ფასადი, ასევე, ეზოს ტერიტორიაზე ღობის დაზიანების გამო აღინიშნებოდა ანტისანიტარია.არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის დასაწყისში, ელექტრონული ტენდერის გზით, დამატებით განახორციელა წყალმომარაგების, კიბისა და საჩრდილობლის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება 28100 ლარი იყო.

„განმეორებითი შესყიდვის საჭიროება მიუთითებს, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე, არ იქნა შეფასებული არსებული გამოცდილება მსგავსი პროგრამების განხორციელების დროს, ასევე, ის საჭიროებები, რომლებიც აუცილებელია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისას.შედეგად, დროულად არ განხორციელდა პროექტი, ხოლო სამუშაოების არასრულყოფილად შესრულების გამო, დაზიანდა მისი ნაწილი და თავიდან გახდა საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.