"აფხაზეთის ხელისუფლება ინერტულია"-მოსაზრება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეუძლია თუ არა აფხაზეთის ხელისუფლებას ისარგებლოს გლობალური კრიზისით თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობების აღსადგენად? – სოხუმში JAMnews-ის რედაქტორის ინალ ხაშიგის მიმოხილვა.

აფხაზეთის ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი ქრონიკული პრობლემა მკვეთრი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შიშია. მაგრამ ახლა გარემოებები ძალიან აქტიურ პოზიციას მოითხოვს. მათ შორის ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პროცესში.

ახლახან წავიკითხე, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აპირებს მოაწესრიგოს საგზაო ტვირთების ტრანზიტი მათი ტერიტორიით. ანუ რესპუბლიკა, რომლის პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დამოუკიდებლობას რუსეთთან შეერთების გარდამავალ ეტაპად მიიჩნევს, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოაცოცხლოს საკუთარი ეკონომიკა ამ რთულ პერიოდში.

ამასთან, ცხინვალში შეუძლიათ საერთოდ არ ინერვიულონ. რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიური სუბსიდიები რეგულარულად მოდის და ეს თანხა არსებობისთვის საკმარისია.

და იქ, როცა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, რუსეთი თავის შემადგენლობაში შეიყვანს რესპუბლიკას ყველა იმ სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობით, რაც აქედან გამომდინარეობს.

მაგრამ ცხინვალში სხვაგვარად გადაწყვიტეს. თუ არსებობს ფულის დამოუკიდებლად შოვნის შესაძლებლობა, მაშინ რატომ არ უნდა გააკეთონ ეს? ძალიან საამაყო საქციელია.

აფხაზეთის ბიუჯეტიც რუსეთის ფინანსური დახმარებით დგება. რა თქმა უნდა, არა იმდენად, როგორც ცხინვალში, მაგრამ, მაჩვენებლები საკმაოდ სოლიდურია – ბიუჯეტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემოსავლების 50 პროცენტზე მეტი მოსკოვიდან გადარიცხვებზე მოდის.

თუმცა, ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა სამხრეთ ოსეთისგან – მოსკოვზე ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური დამოკიდებულების მიუხედავად, აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ხანია ჩამოყალიბდა კონსენსუსი – დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის კურსი ურყევია და არ ექვემდებარება გადახედვას.

მაგრამ ხელისუფლებაში ერთმანეთის შემცვლელ ელიტებს არ შეეძლოთ, ან შესაძლოა არ სურდათ (ზოგჯერ ეს უფრო ხდებოდა) შეევსოთ დამოუკიდებლობის ეკონომიკური კომპონენტი.

ოთხმოცდაათიან წლებში, როცა აფხაზეთი სრულ ბლოკადაში იყო, მათ შორის რუსეთის მხრიდან, ხელისუფლება ყველანაირ ვარიანტს ეძებდა, რათა როგორმე რაიმე ეკონომიკური პროექტი განეხორციელებინა.

მას შემდეგ, რაც გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და რუსეთი მტრიდან აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ მოკავშირედ და გარანტორად გადაიქცა, მთავრობის ფუნქცია ძალიან შეიცვალა.

სამუშაო მიდგომა ერთ ფუნქციამდე შემცირდა – რუსული დახმარების განვითარებაზე.

ელიტების მთელი ბრძოლა, პრეზიდენტის სასახლეზე გაუთავებელი თავდასხმები და ხელისუფლების ცვლილება, ამ უნარიდან გამომდინარეობს.

ახლა, როდესაც რუსეთი, აფხაზეთის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი ხელშემწყობი, ყველა მხრიდან სანქციების ქვეშაა, მოსკოვიდან ფინანსური ნაკადები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდება.

და ეს ნიშნავს, რომ დროა აფხაზეთის ხელისუფლებამ ბოლო მოუღოს ქცევის ინერტულ სტილს.

ცხინვალში, ეტყობა, ეს უკვე გაიგეს, სოხუმში კი ჯერ ვერ გადაეწყვნენ.

იმავდროულად, უკრაინის ომით გამოწვეულ გლობალურ კრიზისს მეორე მხარეც აქვს ახალი შესაძლებლობების სახით. აფხაზეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, არსებული ვითარება იძლევა შანსს გადატვირთოს ურთიერთობები, ახალი იმპულსი შესძინოს მოლაპარაკების პროცესს.

ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საკომუნიკაციო თანამშრომლობის დამყარება სავსებით რეალურია.

შარშანაც კი ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა, როცა კოლექტიური დასავლეთი და რუსეთი სახიფათოდ უხამსად ებრძვიან ერთმანეთს, არღვევენ მსოფლიო წესრიგის მთელ სტრუქტურას, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში, ძველი წესები წყვეტს მოქმედებას, ახლები კი ჯერ არ შექმნილა.

იმისათვის, რომ არ ჩაითრიონ ამ გიგანტების ბრძოლაში, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ მიდგომები არსებული კონფლიქტებისადმი.

ამ მიმართულებით უკვე არის გარკვეული პროგრესი. სომხეთი და აზერბაიჯანი ახლოს არიან სრულმასშტაბიანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან, რაც ასევე გულისხმობს კომუნიკაციების გახსნას.

თავის მხრივ, საქართველომ, დასავლეთის მთავარმა მოკავშირემ რეგიონში, უარი თქვა ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე და კიევის მოთხოვნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების მხარდაჭერაზე უარის თქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის ამ ინსტრუმენტს ისტორიულად არასოდეს მოუტანია მოსალოდნელი შედეგი.

ახალ პირობებში სამხრეთ ოსეთი განვითარების შესაძლებლობებსაც ეძებს და ცდილობს საქართველოდან რუსეთში საქონლის ტრანზიტის დამკვიდრებას მისი ტერიტორიით.

ყველა ცდილობს რაღაცის გაკეთებას არსებულ ვითარებაში. მხოლოდ სოხუმი დუმს, თითქოს აფხაზეთი ტერიტორიულად სადღაც ოკეანიაშია და არა შავი ზღვის აუზში.

ქცევის ასეთი ინერცია კონტრპროდუქტიულია. დროა უფრო აქტიური პოზიცია დავიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებლობების ეს მცირე ფანჯარა შეიძლება დაიხუროს.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


წყარო-jam-news.net

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. ასევე 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.