რა უნდა და რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციასთან იაგო ხვიჩიას „გირჩს“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც სიმართლის გარდა, არაფერზე ლაპარაკობს!“

„ვერსია“ პარტია „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას პოლიტიკურ გეგმებსა და მიმდინარე აქტუალურ თემებზე ესაუბრა...

 

- ბატონო იაგო, რა ეტაპზეა თქვენი პარტიის საარჩევნო გეგმა?

- ჩვენი გეგმა არის, რომ ნაცოპოზიციონერებს ანუ პარტიებს, რომლებიც „ნაცები“ არ არიან, მაგრამ შინაარსობრივად არაფრით განსხვავდებიან „ნაცებისგან“, ვუბიძგოთ და გავაერთიანოთ „ნაცებში“. პოლიტიკური ველი იყოს ისე მოსუფთავებული, რომ ხალხს არ აბნევდეს. არჩევნებზე იყვნენ „ნაცები“ და ყველა ის პარტია, რომლებსაც „ქოცები“ „ნაცებს“ ეძახიან და შინაარსობრივად, მართლაც, არ განსხვავდებიან „ნაცებისგან“, „ქოცები“ და ჩვენ - „გირჩი“. ამ დროს არც ხმები დაიკარგება და ის პარტიები, რომლებსაც მაინც არანაირი იდეა და გეგმა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ „ჩვენ მოვალთ“, „ქოცებს“ დავამხობთ და მერე მივხედავთ ქვეყანას“, იყვნენ ერთად ამ იდეის მთავარ გამჟღერებელ ნაცმოძრაობასთან, ხოლო ჩვენნაირი პარტიები, რომლებსაც რაღაც წარმოდგენა აქვთ, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა „ქართული ოცნების“ შემდეგ, უნდა იყოს ცალკე და ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანი ბელადებზე აწყობილ პარტიებსა და იდეაზე აწყობილ პარტიებს შორის.

ამ წუთისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს კონსტრუქცია გავაგებინოთ პოლიტიკურ სპექტრსა და ჩვენს მოქალაქეებს.

- რომელ პარტიებს გულისხმობთ კოლექტიურ „ნაცებში“?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ნაცებში“ უნდა გაერთიანდეს ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, თავიანთი პარტიებითურთ... „ლელო“ და სხვა პატარ-პატარა ხალხი, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ნაცმოძრაობის წევრები...

- გიორგი ვაშაძის პარტიასა და ევროპულ საქართველოს გულისხმობთ?

- გიორგი ვაშაძე ისედაც არის. ევროპულ საქართველოს რაც შეეხება, ძალიან ცუდად წარმოსადგენია, რომ გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე „ნაცებში“ არ იყვნენ, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილი წაიყვანეო, ამას „ნაცებსაც“ ვერ ეტყვი იმიტომ, რომ ის განსხვავდება მათგან... ვფიქრობთ, ნაცებმა უნდა შეისრუტონ ის ხალხი, რომელებიც მათ ტალღაზე არიან.

- რას ნიშნავს „მათ ტალღაზე არიან“?

- „ნაცები“ არის პარტია, რომელიც ამბობს, რომ მე კი ჯერ არ ვიცი, კონკრეტულ თემებზე რა გეგმები მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ „ქოცები“ უნდა გავუშვა ხელისუფლებიდან და როცა მოვალ ხელისუფლებაში, მერე გეტყვით, რას გავაკეთებო. აი, ეს არის „ნაცური“ მესიჯი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანია, სანამ რუსები მართავენ ქვეყანას. თუ ამ მესიჯზე ზიხარ და არაფერ ახალს არ ამბობ, ეკონომიკა, სასამართლო და ა.შ. როგორი უნდა იყოს და ამ ნარატივს მიჰყვები, ე.ი. არაფრით განსხვავდები „ნაცებისგან“, შინაარსობრივად. ასეთი მესიჯის ქვეშ ვინც ერთიანდება, ყველა „ნაცია“ და უნდა იყვნენ „ნაცებში. ეს ყველასთვის უკეთესია, ამით თავადაც მოიგებენ, „ნაცებიც“ - ყველა მოიგებს „ქართული ოცნების“ გარდა.

- თქვენ რა გეგმა გაქვთ? რა საკითხებია ისეთი, რაზეც ელაპარაკებით ოპოზიციას და ვერ აგებინებთ?

- ჩვენ საზოგადოების ცხოვრების ყველა ნაწილთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი გეგმა, პოზიცია. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გაგვაკრიტიკებენ ან დაგვეთანხმებიან ამაში. ვცდილობთ, ამ პოლიტიკურ პროცესში შემოვითრიოთ, მაგრამ არ შემოდიან...

- თქვენი აზრით, რატომ?

- იმიტომ, რომ ეს ხალხი არ არის ჯერ მომზადებული იმისთვის, რომ კონკრეტულ თემებზე ილაპარაკოს. უკვე გითხარით, „ნაცების“ მესიჯბოქსი როგორიცაა... სხვა პატარა პარტიები, რომლებიც ელოდებიან, როდის შეიძლება „ნაცებს“ მიეწებონ, „ნაცების“ მესიჯბოქსისგან განსხვავებულს არაფერს ამბობენ და შეჩერებული აქვთ საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ხალხი რამენაირად ჩავრთოთ საუბარში, ჩვენი გეგმა გვაქვს, ვთავაზობთ ხალხის სიას, რომლებსაც „ნაცები და ქოცები“ არ უნდათ და შეიძლება დამოუკიდებლად უნდოდეთ პოლიტიკაში შესვლა... ვეძებთ თანამოაზრეებს, მაგრამ ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის და არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი ქვეყანა უნდა, ეს ხალხი უნდა შევიდეს „ნაცებში“.

- თქვენი საუბრიდან მექმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ დანარჩენ ოპოზიციას მიიჩნევთ „ნაცად“...

- მთელს არა... მაგალითად, ელისაშვილზე ხომ არ მითქვამს „ნაცია“-მეთქი? არც გახარიაზე მითქვამს ეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კოალიციები აქვთ ადგილ-ადგილ შექმნილი... ისიც ჯერჯერობით არაფერს ამბობს, რა გეგმა აქვს მომავალში, თუმცა ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ, ვთქვათ, რომ ესეც „ნაცებში“ უნდა შევიდეს. ჩვენ როცა ვსაუბრობთ „ნაცურ პარტიებზე“, ზუსტად იმ პარტიებს ვგულისხმობთ, რომლებიც ორი წლის წინ, მერის არჩევნებზე, „ნაცების“ მოადგილეობას „ჩალიჩობდნენ“. ასეთი იყო „ლელო“, ზურა ჯაფარიძის პარტია და ევროპული საქართველო.

- პირდაპირ გეტყვით, ცოტა უცნაურად ხვდება ყურს თქვენგან ასე საუბარი ზურა ჯაფარიძეზე, რადგან წლების მანძილზე, ერთად მოდიოდით. რამ განაპირობა ასეთი ხისტი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მის მიმართ?

- ხისტი და ცუდი არაფერი მითქვამს. პირიქით ვთქვი, მგონი, ზურა ჯაფარიძესაც და ჩვენც გვესმის, რომ ხმები არ უნდა დაიკარგოს. ორი „გირჩი“ ბიულეტენზე ნიშნავს, რომ ვაყენებთ რისკქვეშ იდეას, ორივე დაზიანდეს. ზურა ჯაფარიძე ახლა „გირჩს“ ისედაც არ აკეთებს თავის ნარატივით - „დავამხოთ ქოცები, mona.ge“ და მთელი ეს ნარატივი სრულიად განსხვავდება „გირჩის“ კეთებისგან. ჩვენ საერთოდ სხვა რამეს ვაკეთებდით ყოველთვის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ზურა ჯაფარიძემ თავისი ამომრჩევლები არ უნდა დაკარგოს, თან ეს ამომრჩევლები, შინაარსობრივად, ყველაზე ახლოს დგანან „ნაცებთან“. ამიტომ, ნაცების ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ძალიან გასაგები იქნება მათი მხრიდან და ეს ჩვენც შეგვიწყობს ხელს (აღარ დავმალავ), ჩვენც დაგვეხმარება იმაში, რომ ერთი „გირჩი“ იყოს არჩევნებზე და ბარიერის გადალახვისა და ზოგადად, „გირჩის“ ხმების განბნევის პრობლემა არ იყოს.

- ანუ, ბარიერის გადალახვა რომ არ გაგიჭირდეთ?

- ბარიერის გადალახვა ისედაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მაგრამ რისკქვეშ რატომ უნდა დააყენო, არაფრის გამო, როცა შენ ამით არაფერს იგებ და სხვას საქმეს უფუჭებ! ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით, ერთმანეთს საქმე არ გავუფუჭოთ, არც „ნაცებს“, არც სხვა პარტიებს... მაგალითად, „ლელომ“ ტყუილად რატომ უნდა ხარჯოს ფული ორი კაცის შეყვანაში? არ სჯობს, „ნაცებთან“ მიხვიდე, პატიოსნად, ადგილები იყიდო სიაში და გარანტირებული გქონდეს იმ ხალხის შეყვანა, ვინც საჭიროდ მიგაჩნია, რომ პარლამენტში იყოს?

- რის საფუძველზე ამბობთ ასე დარწმუნებით, რომ 5%-იან ბარიერს მარტივად გადალახავთ?

- ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც სიმართლის გარდა, არაფერზე ლაპარაკობს. შეუძლებელია, ეს ადამიანებისთვის შესამჩნევი არ იყოს. ჰოდა, გარანტირებული არაფერია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც „ქოცები“ და „ნაცები“ თავიანთ ხმებს იკრებენ, ჩვენნაირი პარტიისთვის რჩება ადგილი ქართულ პოლიტიკაში და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს გვაძლევს თავდაჯერებას, რითაც გელაპარაკებით.

- ევროკავშირისგან ძალიან მალე ველოდებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე. როგორი მოლოდინი გაქვთ, ამ მხრივ და რამდენად შეცვლის ეს საკითხი ოპოზიციის გეგმებს საარჩევნოდ?

- მგონია, რომ ოპოზოციის გეგმა უნდა იყოს არჩევნების მოგება და წესით, ეს გეგმა არაფერმა უნდა შეცვალოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამით ქულების დაწერა „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია და თვითიმედოვნება იმაზე, რომ ევროპელები ჩვენ მაგივრად საქმეს გააკეთებენ და „ქოცებს“ გაადემოკრატიზებენ, არ არის სერიოზული. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ შემდგომი ნაბიჯები გვინდა, ამისთვის საჭიროა, რომ ქართული ოცნება არ იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ ჩვენი სწრაფვა დასავლური საზოგადიებისკენ.

- მოლოდინი როგორი გაქვთ - მივიღებთ ამ სტატუსს?

- ოპტიმისტი ადამიანი ვარ. ვგულშემატკივრობ საქართველოს, რომ ეს სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, მხოლოდ კარგზე ვფიქრობ.

 ავტორი: თათია გოჩაძე