„ანექსიისკენ მიჰყავს რუსეთს ჩვენი ტერიტორიები!“ - პაატა დავითაია ხელისუფლებასა და ოპოზიციას აფრთხილებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს, რაც ოკუპაციის დაკანონებას ნიშნავს. ლავროვის მოადგილემ ეს განცხადება .. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველებთან საუბრის დროს, ჟენევის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. რუსეთში ფიქრობენ, რომ ასე  „სასაზღვრო ინციდენტებსაიცილებენ თავიდან... აღნიშნულ საკითხზე ვერსია“ ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- რუსეთმა გახსნა დიპლომატიური ომი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა ე.წ. საზღვრების დემარკაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადება, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის, ლავროვმა მიმართა ევროკავშირს - ჩვენ, რუსეთი, არ დავტოვებთ ამიერკავკასიას და ჩვენი მხრიდან იქნება ქმედებებიო. ამ განცხადების შემდეგ ველოდებოდი გარკვეულ პროვოკაციებს და აი, პირველი პროვოკაციული მომენტი გამოჩნდა და ეს ეხება ე.წ. საზღვრების დემარკაციას.

ამ მოთხოვნით, ფაქტობრივად, რუსეთი საქართველოსგან ითხოვს აღიარებას აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობისა იმიტომ, რომ „საზღვრების მონიშვნა“ ნიშნავს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის და რუსეთმა რადგანაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარა, ამიტომაც ამ თემას აყენებს ჟენევის ფორმატზე. რუსეთს რომ ჰქონდეს საუბარი, ადმინისტრაციული საზღვრები იყოს საქართველოშიო, კიდევ მესმის, მაგრამ ეს მოთხოვნა არ არის...

როდესაც ეს მოთხოვნა ჟენევის ფორმატში დადგება, საქართველოს მხარე ამას ვერ დაეთანხმება, ეს გამორიცხულია. ამიტომ, ეს ჩაიშლება და ამის შემდეგ ველოდები საფრთხეებს, მინდა, პირდაპირ ვთქვა, რასაც ნიშნავს ბორდერიზაციის გაგრძელება.

 მინდა, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, რადგან ფაქტობრივად, ანექსიისკენ მიჰყავს რუსეთს ჩვენი ტერიტორიები.

მეორე საფრთხე - ე.წ. სამხედრო ელემენტი ნიშნავს ბორდერიზაციას და ამიტომ სასწრაფოდ მთელი პერიმეტრი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრისა გასაძლიერებელია იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს - 15 დეკემბრის შემდეგ, ეს პროვოკაციები უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მთავარი მომენტია, საქართველოს მთავრობამ გააანალიზოს ეს სიტუაცია და დაიწყოს სწრაფი მოქმედებები უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან საფრთხე აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. სეპარატისტთა ლიდერები აუცილებლად უნდა იყვნენ ძებნილნი, რადგან კრიმინალური მიდგომებისკენ იხრებიან და სეპარატიზმი არის ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ მზადდება ანექსია.

 ეს ღონისძიებებია სწრაფ რეჟიმში დაწყებით ეტაპზე გასატარებელი,  რადგან კიდევ აღვნიშნავ - საფრთხეები ძალიან იზრდება. ხელისუფლება რაც უნდა ლოიალურ მდგომარეობაში იყოს რუსეთთან, რუსეთს ეს არ აინტერესებს, რადგან ხედავს, რომ ის კარგავს ამიერკავკასიას, რადგან აქ საუბარია საქართველოზე, სომხეთზეც... აზერბაიჯანშიც რუსი ჯარისკაცები არ დგანან და ეს მიანიშნებს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფალი. ის მკვეთრად იმოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არის მთავარი თემა - უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა და სად ვდგავართ, ამიტომ ეს საფრთხეები გაანალიზებული უნდა იყოს.

- სომხეთი რადგან ახსენეთ, აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი, რამაც სეპარატისტთა ლიდერები აღაშფოთა...

- ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა იმიტომ, რომ ჩვენ რადგანაც ევროკავშირში შევდივართ... სომხეთი, რომელიც ფაქტობრივად ტოვებს „ოდეკაბე“-ს და ვიცით, რომ სომხეთი მიუერთდა „რომის სტატუსს“, რაც ნიშნავს, რომ ძებნილი პუტინი თუ ჩავა სომხეთში, დაპატიმრებული იქნება. ამიტომ, „ოდეკაბე“-დანაც გადის და ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დაიწყო დაახლოება ევროპასთან. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ შეიქმნა ფორმატი აშშ-სომხეთი-ევროკავშირი და ფორმატის სახელწოდებაა სომხეთის დაახლოება ევროკავშირთან.

დიდი ხანია,ფაშინიანსა და შარლ მიშელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საქართველო არის ტრიგერი, რადგანაც სომხეთი უყურებს, თუ როგორ მოექცევა ევროკავშირი საქართველოს. თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იმ კუთხით, რომ მოხდეს სომხეთის სწრაფ რეჟიმში (თუ ეს მოინდომეს სომხებმა) ევროკავშირისკენ სვლა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფაშინიანმა დილას გაიღვიძა და გაახსენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა, ასე არაა. ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოა ტრიგერი ამ მოლაპარაკებაში და ეს პრინციპული პოზიციის დაფიქსირება იყო.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ სომხეთი კი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ღია განცხადებებს არ აკეთებდა და ყველაზე საინტერესოა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყველა რეზოლუციას, რაც ეხებოდა დევნილების დაბრუნებას, სომხეთი წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ესე იგი, ფაქტობრივად, ჩვენ გვქონდა პრეტენზიები სომხეთთან, მაგრამ დღეს სომხეთმა შეიცვალა პოზიცია და ღიად დააფიქსირა, რაც მისასალმებელია. ეს ხდება იმის გამო, რომ სომხეთი უყურებს, თუ როგორ მოექცევა ევროკავშირი საქართველოს. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ეს სიტუაცია სომხეთის მიმართულებით უფრო გაძლიერდება, ამიტომ რუსეთისგან საფრთხეები იზრდება და ამას სჭირდება პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადიების სრული მობილიზება.

- რას გულისხმობთ? ოპოზიციამ რა შეიძლება გააკეთოს ასეთ დროს?

- ოპოზიციის მთავარი მომენტია და ხელისუფლებაა უფრო ამის მთავარი ინიციატორი - ეს არის 9 პუნქტის შესრულება და ამ მიმართულებით მუშაობა. დეპოლარიზაციის ტემპერატურის დაწევა მნიშვნელოვანია...

- რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ?

- კანდიდატის სტატუსს მივიღებთ ჩვენ 15 დეკემბერს. მთავარია, შემდგომ დიალოგის გახსნა და მუშაობა ამ მიმართულებით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ დადებით რეკომენდაციას მივიღებდით, რადგან ჩართული ვარ ამ პროცესში, მაქვს უშუალო, პირდაპირი კონტაქტი სამუშაო რეჟიმში ევროკომისიასთან და ამიტომ ვამბობ - დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. შემდეგ მნიშვნელოვანია ფორმატული მუშაობა ამ მიმართულებით.

 

თათია გოჩაძე