რა ფარულ გეგმას ამუშავებს ოპოზიცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ტელეფონის ნომრების შოუ“ ანუ „ცისფერი მთების“ პოლიტიკური რიმეიკი

„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ყველას გვინახავს, მაგრამ თქვენი არ ვიცი, პირადად მე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე, ამ
გენიალური ფილმის პერსონაჟი გავხდებოდი. ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ თავს არარსებულ გივისთან ან, სულაც, გურამ პეტრიაშვილის გმირთან ვაიგივებ, აი, მთელ ფილმში მხოლოდ ის მისია რომ აქვს, ბიუროკრატებით გამოტენილ კაბინეტში შევარდეს და იღრიალოს, გაანებე, ჩემს ცოლს თავიო. დიახ, არც გივი ვარ და არც – გურამ პეტრიაშვილის გმირი, მაგრამ იცით, საქმე რაშია? რაში, თქვენი გულისა და, იმაში, რომ მხოლოდ მე ან შენ კი არა, არამედ, მთელი ქვეყანა „ცისფერ მთებში“ ვცხოვრობთ.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობფრძანება ელდარ შენეგელაიას „დაუჯერებელ ამბავში“ ანუ აბსურდის თეატრში. თეატრში,
რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მსახიობები კი არა, წესით, განსაკუთრებული რეჟისორიც უნდა ჰყავდეს, თუმცა მოდით, ამ ეტაპზე, ამ პოლიტაბსურდის დრამატურგიაზე არ ვიმსჯელოთ და იმის გარკვევას შევეცადოთ, რა და რატომ გვჭირს.

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2020-ის 31 ოქტომბერს დაიწყო. ბოლომდე გულწრფელები თუ ვიქნებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ის შედეგი, რომელიც არჩევნებზე დადგა, უცხო არავისთვის იყო. ყოველ შემთხვევაში, იგივე ოპოზიციას უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, არც დარღვევები იქნებოდა და არც – გაყალბება, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. კერძოდ, ოპოზიცია, ელისაშვილ-იოსელიანსა და რამდენიმე ექსპატრიოტს თუ არ ჩავთვლით, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და, მეტიც, ითხოვს, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. „ოცნება“ ამაზე არ მიდის, ესე იგი, ოპოზიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და ამას იმით ხსნის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას ცდილობს, მაშასადამე, ოპოზიციის საკანონმდებლო
საბოტაჟს ებრძვის.
დავუშვათ, ასეა, მაგრამ მთელი ამ ამბის ტრაგიზმი ისაა, რომ კანონი აღარავის ახსოვს ანუ იგივე კონსტიტუციასა და მასზე დაქვემდებარებულ სხვა დოკუმენტებშიც აღნიშნულია, რომ ადამიანს საჯარო სამსახურის დაკავებას ვერავინ აიძულებს. დეპუტატობაც საჯარო სამსახურია და, შესაბამისად, იმის დაჟინება, შენ არ გინდა, მაგრამ დეპუტატი მაინც უნდა იყოო, მინიმუმ, ადამიანის უფლებების შელახვაა.
ისე, თანამედროვე სამყაროში, ვის-ვის და, ღვთისმშობლის წილხვედრელებს უფლებების შელახვა არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ აქ და ახლა იმაზეა საუბარი,
რომ მხოლოდ ადამიანების კი არა, კანონების, მათ შორის, კანონთა კანონის ანუ კონსტიტუციის უფლებებიც ილახება. არადა, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე იცოდნენ ადამიანებმა, რომ ბელადები შეიძლება შეცდნენ, კანონები კი არასოდეს ცდებიან!
ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დავსვათ კითხვა – ვინ რჩება მოგებული, ქვეყანაში არსებული ვითარებით? მოდით, გვეყოს გამბედაობა და ვთქვათ, რომ ის, რასაც რამდენიმე თვეა ვუყურებთ, მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც აწყობს.
რატომ? – ამ კითხვაზე ცოტა ვრცელი პასუხი გამოვა, მაგრამ არა უშავს – მთავარია, „ძაღლის თავი“ ვიპოვოთ და ამ შემთხვევაში, გრძელი პასუხიც ასატანია.
დავუშვათ, „ოცნებამ“ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის, ისიც აღიარა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამიტომ, ახალი
საპარლამენტო კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ამ გადაწყვეტილებას „ანტიოცნებელები“, რაღა თქმა უნდა, ჟივილ-ხივილით შეხვდებიან და გულზე მჯიღს
დაირტყამენ, აი, მმართველმა გუნდმა უკან დაიხიაო, თუმცა ეს ტაშ-ფანდური მოჩვენებითი, ესე იგი, ფასადური იქნება, რადგან თუ სერიოზულად „ჩააანალიზებთ“, „ოპოებს“ სამხიარულოდ საქმე ნადვიალდ არ ექნებათ და აი, რატომ:
მხოლოდ ზრდასრულებმა კი არა, ბავშვებმაც იციან, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო ატრიბუტი ფულია. ამ მხრივ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც გამორჩეულია, რადგან აქ ადამიანები ამა თუ იმ პარტიის პროგრამას კი არა, ლიდერს აძლევენ ხმას, თან იმის იმედით, რომ ეს ლიდერი მისი, მისი მამიდაშვილის ბიძაშვილის რძლის მეზობელი, ესე იგი, ახლობელია და საქმე საქმეზე რომ
მიდგეს, „ზევით“ სიტყვას შეაწევს.
ასეთი დამოკიდებულება, რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი და მარაზმული კი მაინც ისაა, რომ ჩვენთან არჩევნების ბედი „ჯიგრულ ქართულად“ წყდება.
ახლა, ვერ გეტყვით, რომ ოპოზიციას ჯიგარი არ აქვს, მაგრამ აი, რაც შეეხება ფულს, „ანტიოცნებელების“ ყულაბა ცარიელია. ყოველ შემთხვევაში, იმდენი „მანი“ არ აქვს, რომ ვთქვათ, შემოდგომაზე ორი არჩევნები – ადგილობრივი და მასთან ერთად დანიშნული, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამიტომაც, როგორც ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, ოპოზიციაში მუშავდება გეგმა, რომ ახალი არჩევნები წელს კი არა, გაისად, ესე იგი, 2022 წელს
ჩატარდეს.
ვერ გეტყვით, ამაზე „ოცნება“ დასთანხმდება თუ არა, მაგრამ ვთქვათ, მოხდა სასწაული და მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეკვეთილი მუსიკა „მიიღო“,
მაშინ გამოვა, რომ მინიმუმ, ერთ წელს, ოპოზიცია დროს მოიგებს და ფინანსებსაც მოიზიდავს, თუმცა ერთი წლის მერე, შესაძლოა, ფინანსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარც ჰქონდეს, რადგან ყველანი ვხვდებით, რომ ჯერ ერთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმესი გაზაფხული გველის, რის გამოც ხალხი პოლიტიკური ინსტემბლიშმენტის რწმენას საერთოდ დაკარგავს.

მეორეც, ხმა დადის, რომ ძალიან მალე, ქართულ პოლიტიკურ ველში სერიოზული ცვლილებები იქნება და შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

ჩვენი გამოცემა, ბუნებრივია, დაინტერსდა, რა ცვლილებებზეა საუბარი, თუმცა ინფორმატორებმა მეტი დაკონკრეტება არ ისურვეს და უბრალოდ, გვითხრეს, რომ დაველოდოთ და ყველაფერი მალე გამოჩნდება.

ერთი სიტყვით, ასეთი ვითარებაა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, მაგრამ საკითხავია, რომელი მხარეა მოგებული – ხელისუფლება თუ ოპოზიცია? მედლისა არ იყოს, ამ კითხვასაც ორი მხარე აქვს ანუ თუ გავყვებით დასავლეთის პოზიციას, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგებული „ოცნებაა“, მაგრამ თუ მსჯელობას იმ კუთხით გავაგრძელებთ, რომ ბოიკოტი და პროტესტი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, მაშინ უპირატესობა ოპოზიციას ექნება.

მთელ ამ აბრაკა-დაბრაში კი ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკური მოთამაშეების კინკლაობით, ყველაზე ძალიან რიგითი ანუ როგორც „მუშკეტერი“ პაატა იმნაძე იტყოდა, ჩვეულებრივი ადამიანები ვზიანდებით. ვზიანდებით, რადგან თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განცდა, რომ ჩვენი ბედი ერთ პოლიტიკურ მოთამაშესაც არ აინტერესებს და საკენკად სანახაობას გვიყრიან.

სანახობა კი, როგორც იტყვიან, არ გვაკლია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თებერვალს, „ტელეფონის ნომრების გასაჯაროვების“ შოუ ვიხილეთ. სხვა თემაა, პირადი ინფორმაციის გახმაურება რამდენად კანონიერია, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ძირითადი პრობლემიდან ყურადღების გადატანა ხდება ანუ, როგორც ჩანს, უძველესი სიბრძნე – პური და სანახაობა, 21-ე საუკუნის საქართველოში, ისევ წარმატებით მუშაობს.

დიახ, დიახ, ამხანაგებო, ჩვენ სანახაობა თავზე საყრელი გვაქვს. ისე, მაღაზიებში პურიც იყიდება, თუმცა ტრაგიკული ისაა, რომ პური, რომელიც არსებობისთვის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, გაძვირებულია და მის ყიდვას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ვერ ახერხებს.
ჰოდა, ამ ვითარებაში რა უნდა ვთქვათ? სათქმელი ბევრია, თუმცა არსებულ რეალობას ყველაზე კარგად, ილიას უკვდავი სიტყვები შეეფერება:
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ და მართლაც: „ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე, ერი?!“