„რუსეთი რომ აქ შემოვიდეს, დედას ვფიცავარ, თავი აღარაფრად მიღირს!“ - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობამ არჩევანი ლევან ხაბეიშვილზე გააკეთა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ენმ უფრო აქტიურ პოლიტიკას დაიწყებს და პარტია გაძლიერდება... ყველაზე მრავალამომრჩევლიან ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე „ვერსია“ პარტია კანონი და სამართალის ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:

 

- მინდა, მივულოცო საზოგადოებას, რომ ახალი ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების პრეცენდენტი შედგა. ეს უმნიშვნელოვანესია, პრაქტიკულად, შედგა ექსპერიმენტი, რომ ჩვენთანაც არის შესაძლებელი, გაუმჯობესებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები.

ცხადია, ამის შემდეგ მივულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას, რომელიც ამავე დროს უდიდესი ტვირთია, რაც ვფიქრობ, ვერ იტვირთა ნიკა მელიამ. ამაში ვგულისხმობ უმოქმედობას, კონფლიქტურ ხასიათს... მამუნათებდნენ, 10 ოქტომბერს რატომ არ მოვიდა ხალხი თქვენს აქციაზეო და როგორ მოვიდოდა, როცა მათი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე მესიჯებს გზავნიდა, არ მიხვიდეთ, ეს აქცია მიშას არ აწყობსო?! მაშინ დავეჭვდი... მე ხომ მათი პარტიის თავმჯდომარეობა არ მინდოდა?! ჩემი პარტია მაქვს და პირუთვნელად, გულწრფელად ვმოქმედებდი. მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანს ეს არ უნდოდა. ამის შემდეგ აქცია დაშალა, ხალხი დაღალა, იმდენი ატარა... ეს არ აპატია ამომრჩეველმა, ამოიცნეს და მიხვდნენ, რომ რაღაც ცვლილებაა საჭირო. ნებსით თუ უნებლიეთ აკეთებდა ყველაფერ ამას, ფაქტია, რომ ვერ ივარგა. 37%-დან 8%-მდე რომ ჩამოვა პარტია, ე.ი. რაღაც ვერ გააკეთე.

ასეთი ტალახის სროლა დაიწყეს, პალტო უხსენეს ხაბეიშვილს და ტყუილები, მერე იმათგან წამოვიდა, მანქანა უხსენეს. ეს არის საშინელება, ამიტომ ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ რაღაც ცვლილება ყოფილიყო.

არ მინდა, ავერიდო არც იმ დეტალს, როცა ვანო მერაბიშვილს ახსენებენ, თან ცოტა სასაცილოა, მე ვიყავი მათ ოპოზიციაში და მათი პარტიის მაღალჩინოსნები ჩემნაირებს ელაპარაკებიან სისხლიან 9 წელზე, სასაცილოა. ხმა არ ამოუღიათ მაშინ, თუ რამე პრეტენზია ჰქონდათ. ერთმა მათმა წარმომადგენელმა მითხრა, რატომ არ ამბობ, რომ არაფორმალური მმართველიაო? - ობიექტურობას ვერ ვკარგავ ხოლმე. არაობიექტური როგორ არის? -  მათი პარტიის დამფუძნებელია და ამ პარტიაში, რომელიღაც ფლანგს მიემხრო.

- ვანო მერაბიშვილზე საუბრობთ, არა?

- დიახ, პარტიის დამფუძნებელია მერაბიშვილი.

- მას თანამდებობა არ უკავია პარტიაში და ამიტომაა საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, ქალბატონო თაკო.

- კი, მესმის, მაგრამ უფლება ხომ არავის ჩამოურთმევია, მიმხრობოდა ერთ-ერთ კანდიდატს? ღიად დაჰყვებოდა, როგორც რიგითი. ეს უკვე აღარ ნიშნავს არაფორმალობას. მასე, მელიაზეც ამბობდნენ, რომ მის უკანაც ვიღაც იდგა. არ გავიმეორებ მის გვარს, რადგან არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, ვისზეც ვსაუბრობ. არ არის ეს წესი და რიგი.

ამ აწუმპება-ატალახებაზე ამომრჩეველმა, რა თქმა უნდა, მოქმედ თავმჯდომარეს მოსთხოვა პასუხი. ეს ბუნებრივიცაა...მერე იყო „ტროლ-ბოტების“ გაშიფვრა, რაღა დაგიმალოთ და, ჩვენც გავაკეთეთ ეს, გვაინტერესებდა... „ქართულ ოცნებას“ თუ დაემსგავსე „ტროლ-ბოტობაში“... მე პირადად შემეშინდა, ეს ბიჭი რომ მოვიდეს სათავეში-მეთქი! არ უნდა მოვრჩეთ ამ საშინელებას?!

- ნიკა მელია იყენებდა „ტროლებს“ და „ბოტებს“?

- რა თქმა უნდა, ამოღებული გვაქვს ე.წ. სქრინები. წარმოუდგენელ სიტყვებს, წყევლა-კრულვას წერდნენ... ამიტომ შევშფოთდი და მე თუ არ მომეწონა ეს, ყველა მოქალაქე ხედავდა ამას და მიხვდა, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო...

- ცვლილებაში რას გულისხმობთ, გარდა თავმჯდომარის შეცვლისა?

- გამოსვლას, აქტიურობას, მათი პარტიის ლიდერი არის ციხეში და ამ დროს, მუდმივად ცარიელია სასამართლოს ეზო. უცხოელებთან შეხვედრებს ჩვენც ვმართავდით, ასე ყველა ვმუშაობდით და შენ იძახო, რომ ვიღაცას სადღაც შეხვდი და ამიტომ აქციები არ გამართო, ეს უპატიებლად ჩათვალა ამომრჩეველმა.

მოიქცევა ნორმალურად ხაბეიშვილი ხალხისთვის? - არადა, იგივე გზას გაუყენებენ. ეს იდეალისტი ამომრჩეველია, დასავლური ტიპის...

- ქალბატონო თაკო, რა ინფორმაცია გაქვთ მერაბიშვილ-სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ მათ შორის ურთიერთობა გაფუჭებულია...

- რა უფლება მაქვს, დავუჯერო ევროპული საქართველოს მომხრე ბაჩო დოლიძეს, რომლის განცხადებაც იყო და არ დავუჯერო მიხეილ სააკაშვილის დედას, ორივე ძმას და მამას? ბაჩო დოლიძე გიგა ბოკერიას პარტიაში იყო, რომელმაც დაშალა პარტია 2016 წელს და რა სანდოობით სარგებლობს ასეთით, რომ არ ვენდო სააკაშვილის ოჯახს?! ქალბატონმა გიულიმ პირდაპირ თქვა, ნუ სპეკულიანტობთო, გადაირია ადამიანი, რომელსაც შვილი უკვდება. დოკუმენტებში წერია უკვე, რომ ეს ადამიანი შეიძლება მოკვდეს. მოწამლულია და 68 კგ-მდე იწონის. ამ დროს, პარტიის თავმჯდომარე გამოდიოდა ადგილობრივი არჩევნების დროს და ამბობდა, მიშა დაიცდის 30-მდეო... მიშას პლაკატი არ ასწიოთ, მიშა არ ახსენოთ... გიგა ბოკერია რომ ეუბნებოდა, აქ მიშას პლაკატი არ ასწიოთო, რას აკეთებდა იმ დროს პარტიის თავმჯდომარე?! რატომ არ ეუბნებოდა, ამას როგორ ბედავო?! მიშა სააკაშვილი, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი რგოლი იყო, თუ როგორ უნდა მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რადგან მოთხოვნებში პირდაპირ წერია, რომ პოლიტპატიმარი არ უნდა გყავდეთ და კაცი არ უნდა მოკვდესო! ამიტომ, ნიკა მელიას უნდა ეთქვა ბოკერიასთვის და სხვებისთვის, დიდი ბოდიში, შეიძლება, თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ დასავლეთი გვთხოვს, რომ საქართველო მოიქცეს ღირსეულად და არ შემოგვაკვდეს კიდევ ერთი პრეზიდენტიო.

- წეღან თქვით, ხაბეიშვილს აკვირდება ამომრჩეველი, როგორ იმოქმედებსო, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მე, მაგალითად, მახსენდება როგორ დატოვა გიორგი ვაშაძე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და კონკურენტის საარჩევნო შტაბს შეუერთდა..

- ეგენი ყველა ერთმანეთის პარტიიდან არიან გასული. თუ ხაბეიშვილი გავიდა ვაშაძისგან, გიორგიც გასულია ენმ-დან და სხვა პარტია შექმნა. ამიტომ, ვერ გავარჩევ...

საპარლამენტო არჩევნებში რომ შემომთავაზეს, უარი ვთქვი და სიით არ გავედი. სიის პირველ ხუთეულზე იყო საუბარი და უარი ვთქვი, რადგან ჩემი პრინციპები და ღირებულებები მაქვს...

დედაჩემმა მითხრა, მამაშენი ვერ მოესწრო და იქნებ, მე მომასწროთო... მართლა მინდა, მოვესწროთ დასავლური ტიპის ქვეყანას. რუსეთი რომ აქ შემოვიდეს, დედას ვფიცავარ, თავი აღარაფრად მიღირს. დამოუკიდებლობა რომ დავკარგოთ, ამაზე დიდი სირცხვილი და ფსკერი არ შეიძლება ერს დაემართოს.

ერთხელ არ მითქვამს, რომელიმე კანდიდატის მომხრე ვარ-მეთქი. მივესალმები ყველა გულწრფელ, დასავლური იდეის მატარებელს. გულწრფელობა, ნამდვილობა, მოქმედების დაწყება და პასუხისმგებლობის გრძნობა - მინდა, ასეთი ადამიანი ვნახო, ასეთი მელია მე ვერ ვნახე.

- როგორ გგონიათ, დაშლის ნიკა მელია პარტიას?

- არ მგონია, ასე მოხდეს... ხომ იცით, ხასიათი ადამიანისა, ვფიქრობ, ხაბეიშვილის დროს პარტია კიდევ უფრო მოიკრებს წელს და ამომრჩეველს.

 

ავტორი-თათია გოჩაძე