საიდუმლო ბინა წყნეთში - ვის მხილებას აპირებს თემურ ალასანია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერი ის, რაც მიხეილ სააკაშვილის ბიძაზე კულუარებშია ცნობილი

„მიშას ვეუბნებოდი, არ წახვიდე-მეთქი, მაგრამ ჩემი არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი. მისი გადაწყვეტილება ეთიკური და მორალური იყო. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი პატრიოტული გრძნობა. ავადმყოფურ მდგომარეობამდე მისული ნოსტალგია ქვენისა და ხალხისადმი. იცოდა, რომ ქვეყანა იღუპებოდა და გამოხიზლება უნდოდა, - ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ გააკეთა. ამავე ინტერვიუში ალასანიამ ღალატზეც მიანიშნა და თქვა: ვერავინ მოატყუეთ, თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო განა იმიტომ, რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ, თვითონ უნდოდა ასე. დროებითი თანამგზავრების საკითხი კი შესასწავლია - ესენი არიან ბევრნი,  ეს არ არის ერთი, ორი და სამი კაცი. რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან - ისინი, რომლებმაც მასთან ერთად დაიწყეს, რომლებიც შემდგომში იბრძოდნენ მასთან ერთად - 2016-2020 წლებში და ისინი, რომლებიც ახლა დარჩნენ, აი, ახლა, როცა სიტუაცია გამოიცვალა და ის არის მსჯავრდებული.

ისინი, რომლებიც პოლიტიკურ ინტრიგებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ თემურ ალასანია შემთხვევით არასოდეს არაფერს ამბობს და თან, პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელოვანი მოვლენების დრო ჩნდება. იმასაც ამბობენ, რომ ბიძა მიხეილ სააკაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია

ისე, სააკაშვილს ამ თემაზე საუბარი, შეიძლება, არ სიამოვნებს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ალასანიას მხოლოდ დიპლომატის კი არა, არამედ, საბჭოთა უშიშროებაში მუშაობის ბეგრაუნდიც აქვს.

უფრო მეტიც, სხვადასხვა წყაროს ვერსიით, თემურ ალასანია - არც მეტი, არც ნაკლები - რუსული სპეცსამსახურის გენერალია. სხვათა შორის, ამ კონტექსში, საინტერესოა ერთი დეტალი, რომლის შესახებაც თავის დროზე, უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა. ვერ გეტყვით, ეს ინფრმაცია საიდან ჰქონდა, მაგრამ ჩემი წყარო ირწმუნებოდა, რომ 2004 წლის იანვარში ანუ მას შემდეგ, რაც ინაგურაცია დამთავრდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს გაემგზავრა. მართალია, ეს ოფიციალური ვოიაჟი გახლდათ, მაგრამ წყარ ირწმუნებოდა, რომ ვიზიტის ორი - ღია და ფარული პროტოკოლი არსებობდა.

ვინ არის თემურ ალასნია

ამ პერსონის ოფიციალური დოსიე არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, Google-ის საძიებო სისტემაში მის ბიოგრაფიასაც ვერ იპოვით. სამაგიეროდ, უხვადაა ალასანიასთან დაკავშირებული პოლიტიკური ლეგენდები.

ასე, მაგალილად, 2014 წლის მარტში, ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ-პორტალი სააკაშვილის ბიძაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თემურ ალასანიას ზოგი იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირებს და ზოგიც - ზურაბ ჟვანიას დაღუპვას.

სტატიის თანახმადვე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თემურ ალასანია, თითქოს, რუსი გენერლის, ბორისოვის ავტოში შენიშნეს.

ამავე სტატიაში ავტორს ირაკლი კაკაბაძის ციტატა მოჰყავს:

„ვიცი, რომ არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. ამ მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი, ზურაბ ჟვანია. 2005 წლის იანვარში, იყო მუქარის ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისგან, კერძოდ, ერიკ გუდისისგან, რომელიც გახლავთ პუტინის დაახლოებული წრის წარმომადგენელი და მისი მუქარა ასე ჟღერდა, რომ მთავრობის ორი წევრი (ლაპარაკი იყო ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეზე), ერთი თვის მერე აღარ იქნებოდნენ იმ თანამდებობებზე, რომელზეც იყვნენ.

ამონარიდი ინტერნეტგამოცემა For.ge-ს სტატიიდან, რომელიც 2014 წლის გაზაფხულით თარიღდება:

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის, პეტრე მამრაძის თქმით, წლების წინ, თბილისში, თემურ ალასანიას ასაკის კაცები ხშირად ამბობდნენ, რომ ალასანიას ა-ე-ე“-ს თანამშრომლის სახელი ჰქონდა ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში და შემდგომ პერიოდშიც. პეტრე მამრაძე იმასაც აცხადებს, რომ თემურ ალასანია, როგორც რუსეთის მოქალაქე, სწორედ რუსეთის კვოტით მოხვდა გაერო-ში და მუშობდა გაერო-ს სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში, მაღალ თამამდებობაზე. ვინც ერკვევა რუსულ სტრუქტურებში, მან კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე სამუშაოდ არ აგზავნიან ადამიანს, რომელიც არ არის „კა-გე-ბე“-ს ანუ ამჟამინდელი „ე-ე-ე“-ს სრული ნდობით აღჭურვილი პირი. პეტრე მამრაძისთვის ესც ირიბი მტკიცებულებაა, რომ ალასანია მართლაც იყო და არის ა-ე-ე“-ს ოფიცერი.

ამასთან, მამრაძე ამბობს, რომ სწორედ თემურ ალასანია აქეზებდა სააკაშვილს და საზოგადოებაშიც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, რუსეთთან მოლაპარაკება შედგა, თითქოს, ცხინვალსა თუ აფხაზეთთან დაკავშირებით, რუსეთი პრობლემებს აღარ შეგვიქმნიდა და მწვანე შუქი აინთო; ასევე, თურმე, მწვანე შუქია ანთებული აშშ-ის მხრიდან და შეიძლება, ოპერაცია ჩავატაროთ წარმატებულად და დავიკაოთ ჩვენი ტერიტორიები. სინამდვილეში, ყველამ იხილა, რითც დაგვირგვინდა ეს ყველაფერი, 2008 წელს.

შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თემურ ალასანია არის „ე-ე-ე“-ს შეგნებული აგენტი, ხოლო სააკაშვილს იგი იყენებს, როგორც გავლენის აგენტს. მსგავს საერთაშორისო სტრუქტურებში არსებობს ტერმინი - სასარგებლო იდიოტი. ეს სალანძღავი სიტყვა არ არის. ამ ტერმინით სპეცსამსახურებში აღნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ სპეცსამსახურის დავალებას ასრულებენ... გაიხსენეთ, ბიძამისს ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა მასზე, მაშინაც კი, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, პრესაში სკანდალი იყო, რაც სააკაშვილის იმიჯზე ცუდად მოქმედებდა, მან მაინც ღიად დანიშნა თემურ ალასანია გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად, - აღნიშნავს პეტრე მამრაძე.

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, თემურ ალასანია მართლაც იყო საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს ოფიცერი, ერთი პერიოდი, საგარეო დაზვერვაშიც მუშაობდა. მისივე ინფორმაციით, თემურ ალასანია, აშშ-ში ერთ-ერთი ოპერაციის დროს, უბრალოდ, „დაიწვა“ და ამ გაშიფვრის შემდეგ ჩამოალაბორანტეს.

„ეს ფაქტები „ე-ე-ე“-ს არქივებში უნდა მოვიძიოთ, თუმცა ამ მასალებს ჩვენ არავინ მოგვცემს. შემთხვევითი არ იყო, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილსაც ამზადებდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ა-ე-ე“-ს განსაკუთრებული ტიპის სპეცდანიშნულების ჯარებში მოაწყო თავისი დისშვილი, რადგან ა-ე-ე“-ს ჯარებში აწყობენ მხოლოდ ყოფილი და მოქმედი ა-ე-ე“-ს თანამშრომლები. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ თემურ ალასანია საბჭოთა კავშირის სუკ-ის სტრუქტურებში მუშაობდა. 1993 წლიდან მოყოლებული, თემურ ალასანიამ შექმნა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ, გამოქვეყნდეს თემურ ალასანიას დეტალური ბიოგრაფია, თუ რას აკეთებდა იგი 70-ანი წლებიდან 80-ან წლებამდე და ყველაფერი გამოჩნდება, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.“

 

საიდუმლო ბინა წყნეთში

ჩემს პირად ჟრანლისტურ არქივში არაერთი ინტერვიუ ინახება საქართველოს დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც საინტერესო მინიშნებებს აკეთებს:

„წყნეთში არსებობს აგარაკი და ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც თემურ ალასანიასთან დაახლოებულია...

- ეს აგარაკი საინტერესო რატომაა?

- 2012 წლამდე, ამ აგარაკზე თემურ ალასანია შეხვედრებს მართავდა...

- იარაღის უკანონო ბიზნესზე?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა ეს პირველადი ინფორმაციაა, რომელიც არ დამიმუშავებია, თუ რა ტიპის შეხვედრები და ვისთან იმართებოდა...

თავის დროზე, ბელორუსის უშიშროების საბჭოს მდივანი შეიმანი გახლდათ, რომელიც ირაღით უკანონო ვაჭრობაში, თავიდან ფეხებამდეა გარეული. როგორც კი საქართველოში საერთაშორისო ტრანსნაციონალურ ჯგუფზე ხმამაღლა მსჯელობა დაიწყო, ლუკაშენკომ შეიმანი თანამდებობას მაშინვე ჩამოაშორა. არცთუ დიდი ხნის წინ, მინსკის გარეუბანში, შეიმანს მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია შეხვდნენ და ამ შეხვედრის მოწმეებიც არსებობენ...

ერთი სიტყვით, ლუკაშენკოს ერთი მიზანი აქვს - როგორმე, სიტუაციიდან გამოძვრეს ანუ ზემოხსენებული განცხადებით მიანიშნებს, მეც და მიშაც რუსეთთან დაახლოებულები ვართო. სხვათა შორის, საქართველოდან გაქცეული ყველა ოდიოზური ფიგურა თავს ბელორუსს აფარებს - მინსკში ცხოვრობს.

- მაგალითად?

- იგორ გიორგაძე...

- საქართველოდან გაქცეული ნაციონალებიც ბელორუსში არიან?

- ამაზე რა გითხრათ, მაგრამ ზოგიერთ „ნაციონალს“, მაგალითად, გივი თარგამაძეს ბელორუსში ხშირი მიმოსვლა ჰქონდა...

მოკლედ, ლუკაშენკო ამბობს, მიშა ჩემი მეგობარიაო, ესე იგი, მიშა რუსული პროექტია ანუ ლუკაშენკომ რამდენიც უნდა ამტკიცოს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვარო, სინამდვილეში, ასე არაა და ბელორუსის პრეზიდენტი იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროდ პუტინი ჩათვლის და სკამიდან მაშინ გადმოაგდებს, როცა მოინდომებს.

სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, დიდი ხანია, აშშ-ის სპეცსამსახურები თემურ ალასანიას აკვირდებიან.

- რატომ?

- იმიტომ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაშია შემჩნეული.

- სპეცსამსახურის ენაზე, დაკვირვება იმას ნიშნავს, რომ ალასანია შიაპატიმრობაშია და გადაადგილება შეზღუდული აქვს?

- არა. თემურ ალასანიაზე ამერიკულ სპეცსამსახურებს, ჩემი ინფორმაციით, ოპერატიული მეთვალყურეობა აქვთ დაწესებული!“

 

ვიზიტი საფრანგეთში

თემურ ალასანია საფრანგეთი საიდუმლოდ მიავლინეს, - ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ქართულ ინტერნეტპორტალ For.ge-ზე, 2012 წლის მაისშია გამოქვეყნებული. გამოცემა იმხანად, რადიო „ფრანსის“ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეზე დაყრდნობით, წერდა, რომ იარაღის, შეიარაღებისა და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოს სახელით იმყოფებოდა და გარკვეული ტიპის იარაღის შეძენა სურდა. სხვათა შორის, იმხანად, ალასანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველად მუშაობდა. ამონარიდი სტატიიდან:

ამ გამოფენაზე წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი მწარმოებელი ფირმები, სამხედროსამრეწეველო კომპლექსები და იარაღის მწარმოებელი ქვეყნები. მოგეხსენებათ, იარაღის ლეგალური ბიზნესის თვალსაზრისით, საფრანგეთი ერთერთი პირველთაგანია და თუ არ ვცდები, იგი ამ მხრივ. მხოლოდ ამერიკა-რუსეთს ჩამოუვარდება. ევროსტატორიც საფრანგეთში იმიტომ იმართება, რომ იგი იარაღის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, - ამბობს ფოფხაძე.

მისი თქმით, ამ გამოფენაზე შეიარაღების სფეროში უმსვილესი კონტრაქტები ფორმდება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, ამ გამოფენაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იყო ხოლმე წარმოდგენილი. ამიტომ, გიორგი ფოფხაძეს გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ღონისძიებაზე არავინ იყო მივლენილი. მოგვიანებით კი მან ისიც გაარკვია, რომ ამ გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენდა პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია.

„ჩემი კონტაქტების საშუალებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ამ გამოფენაზე წარმოადგენდა, არც მეტი, არც ნაკლები სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. რა თქმა უნდა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა - რა უნდოდა იქ თემურ ალასანიას? მოგეხსენებათ, იგი ოფიციალურად არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. ამ გამოფენაზე კი, წესით, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. აქვე აღვნიშნავ, რომ რეესტრში, სადაც გამოფენაში მონაწილეთა ვინაობაა დაფიქსირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არავინ იყო წარმოდგენილი, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

გიორგი ფოფხაძე სკანდალურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამგვარ გამოფენაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ნაცვლად, მივლენილი იყო პრეზიდენტის ბიძა, რომელსაც შესაბამისი უფლება–მოსილება არ აქვს.

„თუ თემურ ალასანია რომელიმე სხვა თანამდებობაზე დანიშნეს და ჩვენ ეს არ ვიცით, თავისთავად, ესეც სკანდალია, რადგან თუკი ქვეყანას პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მაშინ ამგვრ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს, - ამბობს გიორგი ფოფხაძე.

მოგვიანებით, ფოფხაძემ გაარკვია, ოფიციალურად რა მოტივით იყო გამოფენაზე ალასანია ჩასული. ფოფხაძის თქმით, ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტის ბიძა იქ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიტინგებისა და მანიფესტაციების დასაშლელი თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად იყო მივლენილი. თავად ამ მოწყობილობების შესყიდვაში უცნაურს გიორგი ფოფხაძე ვერაფერს ხედავს, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება და უკვე არსებობს ისეთი იარაღები, რომლებიც მიტინგების დასაშლელად უფრო ეფექტიანია, მაგრამ მომიტინგეებს დაზიანებებს არ აყენებს. ამის მიუხედავად, ჟურნალისტს უჩნდება სავსებით სამართლიანი კითხვა, თუკი ამგვარი მოწყობილობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება, მაშინ გამოფენაზე რატომ იყო ამისთვის მივლენილი თემურ ალასანია და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი?

„გამოდის, რომ თემურ ალასანია საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველია და ამავდროულად, შინაგან საქმეთა, ასევე, თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელიცაა. ამდენად, იგი სამ თანამდებობას ითავსებს და სამ უმნიშვნელოვანეს უწყებას წარმოადგენს. თუმცა, ამის გარდა, აქ კიდევ ერთი სკანდალია. კერძოდ, არაოფიციალურად, ჩემთვის, ჩემი წყაროებიდან (ეს დადასტურებული ინფორმაციაა) ცნობილი გახდა, რომ თემურ ალასანია იქ ცდილობდა კონტაქტი დაემყარებინა იმ ფირმებთან, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარებით არიან დაკავებულები.

ყველაფერი ეს კი უცნაურად დაემთხვა დროში, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში დაეხმარება. როგორც ჩანს, ალასანია იმისთვის იყო ჩამოსული საფრანგეთში, რომ თუკი ვთქვათ, ამერიკელები ქართულ მხარეს ხუთ ამგვარ დანადგარს მისცემენ, დამატებით კიდევ ხუთს, ალბათ, თვითონ შეიძენს და ეს უკვე სკანდალია, - აცხადებს გიორგი ფოფხაძე, რომელიც სვამს კითხვას - თუკი საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას, მაშინ, რატომ აგზავნის ამისთვის თემურ ალასანიას, რომელიც საამისოდ უფლებამოსილი არ არის და ამასთანავე, რატომ ხდება ყველაფერი ეს შენიღბულად, რატომ არ არის ეს პროცესი ქართული საზოგადოებისთვის ღია და რატომ ხდება ამ საკითხის შენიღბვა მიტინგების დასაშლელი მოწყობილობებით?

ამასთან დაკავშირებით, თავად გიორგი ფოფხაძეს ორი ვერსია აქვს. პირველი ვერსიის თანახმად, სააკაშვილს სურს ვიღაცას აჩვენოს, რომ მის ქვეყანას კარგი შეიარაღება აქვს.

„როგორც ჩანს, სააკაშვილს უნდა, ვიღაცას აჩვენოს, - აი. მე უკვე სერიოზული შეიარაღება მაქვს და ის ბიჭი აღარ ვარ, რომ თითი მიქნიოთო. მეორე ვარიანტი, რაც მე ძალიან მაეჭვებს (ამ ვერსიის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვარაუდის დონეზე, ამასაც ვფიქრობ), არის შემდეგი - რამდენადაც თემურ ალასანია მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა არაერთხელ მოიხსენიეს ადამიანად, რომელიც იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან ასოცორდება, ხომ არ ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველო იარაღის არალეგალური ვაჭრობის გამტარი ქვეყანაა? შესაძლებელია ამ გამოფენაზე გაფორმდეს რაღაც კონტრაქტი, გარკვეული იარაღი შევისყიდოთ, რომლის ბაზირებაც საქართველოში კი არ ხდება, არამედ, შემდეგ მიდის რომელიმე მესამე ქვეყანაში და ამ პროცესის გაკონტროლება ძალიან ძნელია.

ნათქვამია, ქურდმა ერთი ცოდვა ჩაიდინა და დამბრალებელმა ათიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამგვარი რამის მტკიცება ცოტა ძნელია, მაგრამ თუკი ქართულ პოლიციას აქვს უფლება საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდეს, რატომ არ მაქვს იგივე უფლება მე, ჟურნალისტს, როდესაც ალასანიას სახელი იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, არაერთხელ იყო ნახსენები? - ამბობს გიორგი ფოფხაძე.

გიორგი ფოფხაძის მონათხრობთან დაკავშირებით, For.ge სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს ესაუბრა. მელითაურის განცხადებით, თავად ინფორმაცია იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ მასზე მსჯელობა ცოტა რთულია, თუმცა იგი დამაფიქრებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იარაღის გამოფენაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თემურ ალასანია იყო მივლინებული. გიორგი მელითაურის თქმით, როგორც წესი, ამგვარ ღონისძიებებზე მიდის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ან სხვა უწყების ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც სპეციალური ცოდნა გააჩნია. ეს შეიძლება იყო სამხედრო ან სამოქალაქო პირი, მაგრამ მას სპეციფიკური ცოდნა უნდა ჰქონდეს, რადგან ამგვარ გამოფენაზე გარდა თოფისა და ავტომატისა, წარმოდგენილია უამრავი საქონელი, რომელსაც სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულება აქვს. ეს ნიშნავს, რომ გამოიყენება სამხედრო მრეწველობაში, მაგრამ პირდაპირ იარაღის დანიშნულება არ აქვს. მაგალითად, ლაზერული, ოპტიკური ან სხვა ასეთი ტიპის მოწყობილობები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად გამოიყენება.

„თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სამხედროსამრეწველო კომპლექსი შევქმნათ, ყველა წამყვანი ფიგურა დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ შესწავლილ იქნას ბაზარი ანუ სად, რა და როგორ შეიძლება შევიძინოთ, - ამბობს გიორგი მელითაური და აქვე განმარტავს, რომ თუკი ალასანია მართლაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შესაძენად იყო გამოფენაზე ჩასული, მაშინ, იგი კარგი საქმით არის დაკავებული, რადგან საქართველოს ეს მოწყობილობა ნამდვილად სჭირდება და რაც უფრო მალე მივაგნებთ ადგილს, სადაც ამის კარგი პირობებით შეძენა შეიძლება, მით უკეთესი. 

„შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებული ინფორმაცია ორმაგ განწყობას ქმნის. ჩემი აზრით, უფრო შემაშფოთებელია, თუკი პოლიციისთვის მიტინგების დასაშლელი მოწყობილობების ძებნა ასეთ დონეზე ხდება, ვიდრე ის, რომ დავუშვათ, ალასანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, სამხედრო ბაზარს შეისწავლის. ვინაიდან საქართველო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი არ არის და ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ვსწავლობთ ამ ბაზარს, მიმაჩნია, რომ ამ გამოფენაზე თემურ ალასანია იქნება, ბაჩო ახალაია, თუ ვინმე სხვა, ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – აცხადებს მელითაური.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ზემოთქმული მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, ერთგვარად, „რუხი კარდინალია“, რომლის ბიოგრაფიაში ბევრი შავ-ბნელი ლაქაა. ისე, რამდენიმე წლის წინ, როცა ამის თაობაზე პოლიტიკოსებმა საუბარი ღიად დაიწყეს, ალასანიამ განაცხადა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მივმართავო, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, თემურ ალასანიამ საკუთარი ღირსების დაცვა გაფაიფიქრა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ არ უნდოდა, საკუთარი X-ფაილები გაესაჯაროვებინა.

ავტორი: ნინო დოლიძე