რატომ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 22 დეკემბრამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის სასამართლო პროცესის 1 თვით გადადება  მოითხოვა და მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა დაასახელა. მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციური სამსახურიდან და საავადმყოფოდან მიღებული განმარტებები:

„ბატონი ნიკა აბრამიშვილის წერილია თავად, რომ, დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ეს ამ წერილის პირველი აბზაცია.

ასევე, წერილი, რომელიც ეს წუთია, მოიწერეს: 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მოსამართლემ.

პენიტენციური სამსახურის უარი თავად სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა აბრამიშვილმა განმარტა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს. შესაბამისად, ეს სამედიცინო დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას,  დამუშავებას და ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა, რომელიც არის ერთი თვე და სწორედ ეს ვადა ესაჭიროება სამსახურს, შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს წარმოუდგინოს სრულყოფილი პოზიცია“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცა და მიზეზად ტექნიკური საკითხები დაასახელა.  სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქალაქო სასამართლო მზად იყო მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოთ.

მას შემდეგ, რაც ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს სხდომის გაგრძელება კარგი იქნებოდა, მოსამართლემ "პროვოკაციაზე" მიანიშნა და თქვა, რომ ამ დღეს სხვა პროცესები აქვს. სასამართლო 22-ში დილის 11 საათზე ჩაინიშნა.