ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობა“ სხვა გალაქტიკის სფეროშია ჩარჩენილი!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რატომ ადანაშაულებს უმრავლესობა ოპოზიციას საბოტაჟში

 

 საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია შევიდა და საპარლამენტო ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახდა. წინა კვირას, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა,  რომელიც უმრავლესობამ დაამტკიცა და კანონად აქცია. შიდაპოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საინტერესოდ ვითარდება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებიც - საქართველოს ჩართულობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმება შეძლეს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ყველაფერ ამასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც მოახლოვდა... რა ეტაპზეა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია? - „ვერსია“ უმრავლესობის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურს ესაუბრა:

 - ბატონო ალუდა, ნატო-ს სამიტზე, საქართველო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ამას კი საქართველოს მედიატორობით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმება უძღვოდა წინ. რას იტყვით, მსოფლიო პოლიტიკის რუკაზე, ჩვენს ქვეყანას ახლა რა ადგილი უკავია?

- უაღრესად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მართლაც, ისტორიული მოვლენაა. აღნიშნულის შემდეგ, საქართველო, შეიძლება ითქვას, მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც შესწევს უნარი, სამეზობლოში გამორჩეული მედიატორი იყოს მხარეებს შორის წარმოქმნილი მწვავე, რამდენიმეწლიანი კონფლიქტის დროს.

ბატონი ღარიბაშვილის ძალისხმევით, ჩართულობითა და ფილიპ რიკერის მონაწილეობით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - საქართველომ უაღრესად სერიოზული როლი შეასრულა, რითაც ხაზი გაესვა, რომ ჩვენი ქვეყანა, ერთი მხრივ, სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, საქართველოს შესწევს უნარი, ამ გეოპოლიტიკურ რუკაზე, თავისი მკაფიო როლი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს და საკუთარი სტატუსი მეტად განამტკიცოს.

- მოდით, შიდაპოლიტიკაზეც ვისაუბროთ... ალბათ, დამეთანხმებით, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ, საპარლამენტო ცხოვრება გააქტიურდა. ხმაურით განიხილებოდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და რას ეტყვით მოსახლეობას, რას გულისხმობს პროექტი? სხვათა შორის, ამნისტიის საკუთარი პროექტი ოპოზიციასაც ჰქონდა...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ოპოზიციამ თავშივე იცოდა, მის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ერთი მარტივი მიზეზის გამო ჩავარდებოდა - საერთო არ ჰქონდა არც მიშელის დოკუმენტთან, არც - სამართლის საფუძვლებთან და ზოგადად, სამართლებრივად უაღრესად დისკრიმინაციული იყო. ამიტომ, როცა ასეთი არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი კანონპროექტის ინიცირებას ახდენ, რა თქმა უნდა, თავშივე გაქვს გაცნობიერებული, რომ პერსპექტივა არ ექნება. ამის საილუსტრაციოდ ის მაგალითი გამოდგება, როდესაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც განვიხილავდით ჩვენსა და მათ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ ეს ორი პროექტი აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ კანონადქცეული ამნისტიის პროექტი სრულ თანხვედრაშია და სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ ჩანაწერს, რომელიც მიშელის დოკუმენტითაა განპირობებული. ასევე, იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. შეთანხმება გულისხმობს, რომ გადაიფურცლოს ივნისის მოვლენები და აღნიშნულით ეს გარანტირებულია. საუბარია, რომ ამნისტია ყველას შეეხოს და ასეც ხდება. ასევე, გადაზღვეული გვაქვს, რომ ამნისტია არ შეეხება ისეთ კონვენციურ მუხლებს, როგორებიცაა: წამება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს პროექტი, ჩვენი აზრით, ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდირებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ფურცელი გადაიშალოს.

- ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტში არის მუხლი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, დამნაშავეები გაათავისუფლოს...

- ვის გულისხმობენ? ასე უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება საუბარი?

- ისე, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს რომ არ აწერს, ამას როგორ აფასებთ?

- ნაციონალური მოძრაობა სხვა გალაქტიკის სფეროშია ჩარჩენილი და უტიფრად ამბობს, რომ არ აწერს ხელს მიშელის დოკუმენტს. ამით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს და დისკრედიტირებული გახადოს... არ ეთანხმებიან დოკუმენტს, მის შინაარსს აკრიტიკებენ და ამავდროულად, მეორე ხელით ითხოვენ, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელიც მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული.

წარმოიდგინეთ, სრული ნონსენსია სამართლებრივადაც - ნაციონალური მოძრაობა არ არის ამ შეთანხმების მხარე და ითხოვს რაღაცის შესრულებას. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მოქმედებებში, რაც გულისხმობს სხვადასხვა რეფორმის ჯგუფის შექმნას, ვერ და არ ჩაერთვება ჩვენი მოთხოვნით. რადგან არ არის შეთანხმების მხარე, უფლებას არ მივცემთ, ჩაერთოს ამ პროცესში.

- ბატონო ალუდა, არჩევნები მოახლოვდა და საინტერესოა, რა ეტაპზეა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია? კანდიდატების დასახელებას როდის აპირებთ და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, როგორი მოლოდინი გაქვთ, არჩევნებში 43%-ს აიღებთ?

- 43%-ს კი არა, „ქართულ ოცნებას“, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტის აღების რესურსი აქვს, 53%-საც კი ავიღებთ...

- კი, მაგრამ ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ?

- იმ ნაბიჯებითა და საქმეებით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და იმ მოქმედებებით, რომელსაც ახორციელებს პოლიტიკურ პალიტრაზე ოპოზიცია. დღეს, საქართველოს ჰყავს ისეთი ოპოზიცია, როგორიც არ უნდა ჰყავდეს, მაგრამ ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა და ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საზოგადოებამ, თუნდაც ბოლო პერიოდში, ნათლად დაინახა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ და საზოგადოების წინაშე გვაქვს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ.

- დიახ, საქართველოში ადამიანებს, მართლაც, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ - კატასტროფულად გაზრდილი ფასები, ლარის ცუდი მდგომარეობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე, „ქართული ოცნება“ რა პასუხისმგებლობას იღებს?

- „ოცნება“ არის თანმიმდევრული. ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ჩვენ კარგად გვესმის, რეალობას ვუსწორებთ თვალს და შესაძლებლობიდან თუ გამოწვევებიდან გამომდინარე, ადეკვატურად ვმოქმედებთ, მაგრამ ოპოზიცია რას აკეთებს? - დესტრუქციის დღის წესრიგში რჩება და უწყობს საბოტაჟს ქვეყანას. ესაა განსხვავება და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას ნათლად შეაფასებს.

- მოკლედ, გაქვთ იმის თქმის საფუძველი, რომ ამ არჩევნებს მოიგებთ?

- კი, დამაჯერებლად.

- კეთილი. კანდიდატების დასახელებას როდის აპირებთ?

- ღირსეული კანდიდატები დასახელდებიან თავის დროზე. ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია და შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება ყველა ქალაქში, რეგიონში მერობისა და საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატები.