არჩილ გამზარდია: „გრიგოლ ვაშაძე პროფესიულ პენსიაზე გავა!“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართულ პოლიტიკაში დიდი სკანდალია _ გრიგოლ  ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის  პოსტი და ასევე, პარტიაც დატოვა. „არის ფაქტები,  რომლებსაც კატეგორიულად ვერ შევეგუები.  არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის  უმრავლესობის მიერ, პარტიის წევრებთან  კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.  კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული  სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ  ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ  პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი  ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია,  თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან  ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ  მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, _ დაწერა  ვაშაძე-უფროსმა სოციალურ ქსელში და არავინ  იცის, ვის გულისხმობს „ოდიოზურ ფიგურებში“ ან  შეიძლება, ბევრმა იცის, მაგრამ ყველას პირში წყალი  აქვს ჩაგუბებული... ისე, ამ სკანდალურ წასვლას წინ  კულუარული ხმა უძღვოდა, რომ გრიგოლ ვაშაძეს,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, პარლამენტში  შესვლა სურდა, მაგრამ პარტია ვერ დაითანხმა.  ამასთან, საგულისხმოა, რომ ვაშაძე-უფროსს  პარლამენტში შესვლის, უფრო სწორად, უკვე  მიღებული მანდატის გამოყენების უფლება აქვს და  შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის  შემდეგ, მან პარლამენტს მიაშუროს.  „ვერსია“ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ  მოვლენებს ანალიტიკოსს, არჩილ გამზარდიასთან  ერთად აფასებს.  

_ არჩილ, გრიგოლ ვაშაძის სკანდალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებს ამოაყირავებს?

_ არ მესმის, რატომაა სკანდალური, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოსტს იმ ფონზე, როცა საქართველოში პრემიერები იცვლებოდნენ ისე, რომ ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა?! ფაქტია, პარტიასა და თავმჯდომარეს შორის შინაარსობრივი განსხვავებები წავიდა იმ დონეზე, რომ შეუთავსებელი გახდა, რაც სავსებით ნორმალური და კანონზომიერი პროცესია. უბრალოდ, ამას ხელისუფლება იყენებს პროპაგანდისთვის, რომ ეს სკანდალად აქციოს და ეს მაშინ, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ, წინა არჩევნებთან შედარებით, ბევრად უკეთესი მაჩვენებელი წარმოადგინა.

_ კი ბატონო, შეიძლება, მშვიდ პოლიტიკურ ფონზე ეს, მართლაც, რიგითი ნიუსი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ ერთი, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, მეორეც, ხმა დადის, ვაშაძეს პარლამენტში შესვლა უნდაო... ეს კონტექსტი გასათვალისწინებელი არაა?

_ ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ, მარტო გრიგოლ ვაშაძე კი არა, კიდევ რამდენიმე ადამიანი მიიჩნევდა პარლამენტში შესვლას გონივრულ გადაწყვეტილებად, მაგრამ პარტიული გადაწყვეტილება ასეთია და იმიტომაა პარტიული ცხოვრება რთული, ადამიანების თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება და ყველა საერთო გადაწყვეტილებას ემორჩილება. თუ ვერ ემორჩილება, მაშინ ტოვებს. შეიძლება, რამდენიმე წევრიც კი წავიდეს ნაციონალური მოძრაობიდან. ესეც სავსებით კანონზომიერია, რადგან პარტიას, მიუხედავად წარმატებისა, სხვა ტიპის განახლება სჭირდება. როდესაც ერთი ეტაპი სრულდება და, ამ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ახალ ეტაპზე გადადიან, ან უფრო მდგრადი ხდება პარტიული ცხოვრება, ან სიახლეებს გულისხმობს და ამ შემთხვევაში, სიახლეების მიმართულებით მოუწევს წასვლა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: გრიგოლ ვაშაძე კი იყო ფორმალურად პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ თავმჯდომარის რეალურ ფუნქციას ასრულებდა საპატიო თავმჯდომარე ანუ მიხეილ სააკაშვილი, რაც თავისთავად, არ არის სწორი. ნაციონალურ მოძრაობაში, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებაში“, „ჩრდილოვანი მმართველობაა“...

_ ანუ არაფორმალური მმართველობაა?

_ დიახ. საპატიო თავმჯდომარე არ უნდა ადგენდეს პარლამენტის კანდიდატების სიებს, პარტიის სტრატეგიას. მით უმეტეს, ნაციონალურ მოძრაობას რაოდენობრივად საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური საბჭო ჰყავს და ნომინალური არ უნდა იყოს ამ ადამიანების ფუნქცია. ამ მხრივ, პრობლემა „ქართულ ოცნებასაც“ აქვს, სხვა პარტიებში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად სხვანაირად დგას.

_ ყველაფერი ეს გასაგებია და ისიც მესმის, რომ გავლენებისთვის ბრძოლა მიდის პარტიაში, რაც აღარავის უკვირს, მაგრამ ოპოზიციურ პარტიაში ასეთი მნიშვნელოვანი რყევები, საზოგადოებაში უფრო ხომ არ გააღვივებს ნიჰილიზმს და უნდობლობას ოპოზიციის მიმართ?

_ მოდით, სპეციფიკას შევხედოთ _ რა ტიპის ამომრჩეველი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას. როცა თავის დროზე დაიშალა პარტია და ევროპული საქართველო შეიქმნა, ამან განსაკუთრებული ეფექტი არ მოახდინა. პარტიას აქვს მკვეთრი სწორება მიხეილ სააკაშვილზე და შესაბამისად, ამ ფაქტორის ფარგლებში ჯდება. მთელი ინტელექტუალური თავები, თავის დროზე, წავიდნენ პარტიიდან, მაგრამ გამოიწვია ამან განსაკუთრებული რყევები? ვნახეთ მიმდინარე შედეგები არჩევნებზე, რაც გინდა გაყალბებულად ჩათვალო, მოცემულობიდან ჩანს, რამდენი მანდატი აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და რამდენი _ ევროპულმა საქართველომ. ამიტომ მსგავსი რაღაცები, უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის არსებითი არ არის. ჰქონდა ის წონა გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთან, რომლის წასვლაც განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს? _ ვფიქრობ, არა. ის იყო ერთგვარი ადმინისტრატორი, ვიდრე _ პარტიის თავმჯდომარე და პარტიის რამდენიმე აქტიური წევრიც რომ გაჰყვეს, ამასაც კი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. უბრალოდ, ხელისუფლებას და პარტიის კონკურენტებსაც მისცეს საშუალება, პარტიის წინააღმდეგ გარკვეული საინფორმაციო კამპანიის წარმოებისა, მაგრამ თავად პარტიის ამომრჩეველს ასეთი ნეგატიური კამპანიები კიდევ უფრო მეტად კრავს ხოლმე, პარტიის სასარგებლოდ.

_ ერთი წუთით, წარმოვიდგინოთ, რომ გრიგოლ ვაშაძე და კიდევ რამდენიმე მისი თანამოაზრე, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შევიდა. ასეთ დროს, მოვლენები როგორ განვითარდება?

_ მათთვის, ალბათ, ეს იქნება ბოლო პოლიტიკური აქტი იმიტომ, რომ ისინი რადგანაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, ამ პარტიის ელექტორატისთვის სრულიად მიუღებელნი აღმოჩნდებიან და ნებისმიერი პარტიისთვის ასეთი პირები არ იქნებიან სასურველი წევრები. არ მგონია, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური ცხოვრება იმდენად გრანდიოზული იყოს, რომ პარტიებში მის მიმართ მოთხოვნა გაჩნდეს, თუ შევა პარლამენტში. ერთადერთი, რასაც ხელს შეუწყობს, იქნება „ქართული ოცნების“ ინტერესი, სხვა ფუნქციას ისინი ვერ შეასრულებენ და ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის საკმაოდ ნეგატიური იქნება, თან ვიცით, რომ პარლამენტი არ არის მდგრადი და 100 დეპუტატამდეც რომ შეივსოს, 2024 წლამდე რამდენად მივა „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როგორც მიდის ქვეყანაში ცხოვრება, ესეც ბუნდოვანია. ამიტომ ვეჭვობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ. _ აბა, რა გზას დაადგებიან? _ სხვათა შორის, ევროპულ საქართველოშიც არის გარკვეული რყევები... ამ პარტიასა და ნაციონალური მოძრაობიდანაც ან გადავლენ სამოქალაქო სფეროში, ან ვაშაძის შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე დიპლომატიური ფუნქცია მიიღოს, ან წავიდეს პოლიტიკიდან და ჩვეულებრივ პროფესიულ პენსიაზე გავიდეს. _ სხვა პარტიის შექმნას გამორიცხავთ? _ ვინ უნდა იყოს მისი ამომრჩეველი? გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია. მას აქვს ბევრი მნიშვნელოვანი უნარი და გამოცდილებაც, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი რამდენად თავითმყოფადი და ლიდერია, ერთ ეტაპზე, ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის სივრცეში. შესაძლოა, მასში იმალებოდეს გარკვეული უნარები, რომელიც თავისუფლების რეჟიმში გამოხატოს, მაგრამ ნაკლები შანსია იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე და რამდენიმე მისი თანამოაზრე თუ წავიდა, უნდა იყვნენ საინტერესო ლიდერები საიმისოდ, რომ მათი მიზნობრივი ბაზრიდან თავისკენ გადაქაჩონ ამომრჩეველთა ნაწილი, რისი პერსპექტივაც ახლა ძალიან დაბალი მგონია, თორემ თეორიულად შესაძლებელია. არჩილ გამზარდია: `გრიგოლ ვაშაძე პროფესიულ პენსიაზე გავა!~ რა რყევებს გამოიწვევს ოპოზიციაში პრეზიდენტობის ექსკანდიდატის წასვლა და კიდევ ვინ დატოვებს ენმ-ს.