„ნუ გერევათ აფხაზეთი სამხრეთ ოსეთში“ - გაიმეორებს თუ არა აფხაზეთი სამხრეთ ოსეთის მაგალითს?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებამ რუსეთთან შეერთების სურვილზე (უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე), რუსეთში ზოგიერთს გაუჩინა კითხვა, გაიმეორებს თუ არა აფხაზეთი სამხრეთ ოსეთის მაგალითს?

JAMnews-ის რედაქტორი აფხაზეთში, ინალ ხაშიგი განმარტავს, რატომ არ მოხდება ეს.


სამხრეთ ოსეთის სურვილმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, გარშემომყოფებზე, რაღაცნაირად, ამაღელვებლად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, ზოგადად, ახალი არაფერი უთქვამს.

ის და მისი წინამორბედები პერიოდულად აცხადებდნენ, რომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას რუსეთთან შეერთების გარდამავალ ეტაპად თვლიდნენ.

მაგრამ ახლა, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, იმ საზეიმო ელფერმა, როგორც გაახმოვანა ბიბილოვმა მისი განზრახვა რეფერენდუმის ჩატარებაზე, ზოგიერთ რუს პოლიტიკოსში ასოციაცების სერია გააღვიძა: “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს რუსეთში უნდათ, სამხრეთ ოსეთსაც. მოდით, პარალელურად, აფხაზეთშიც ჩავატაროთ რეფერენდუმი“.

პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი კვარჩიასა და აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის სერგეი შამბას განცხადებები, რომ აფხაზეთი დიდი ხანია თვითგამორკვეულია და არ გეგმავს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას, მოსკოვში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ძირითადად საშუალო დონის, კი გაიგო, მაგრამ, ისეთი სახე მიიღო, ვითომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

”ჩვენ ნაკლებად უნდა ვრეაგირებდეთ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებზე”, – მენტორული ტონით შეაფასა ვითარება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ, – “თუ რეფერენდუმის ჩატარება გადაწყდება და ხალხის უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება“.

არ ვიცი, რით იყო ნაკარნახევი სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრისა და მის ზოგიერთი კოლეგის სიტყვები. შესაძლოა, მათი დეზორიენტირება აფხაზეთში მარგარიტა სიმონიანის ვიზიტმა გამოიწვია – ადგილობრივი საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის გახსნაზე.

„გუშინ აფხაზეთში ვიყავი, იქ მედია ცენტრი გახსნეს. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ვივახშმეთ და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ისინი ახლა ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან.

ახლა ამიხსენით, რატომ არის საჭირო იქ ეს სამარცხვინო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი,, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს როგორც მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის? ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ შემდეგ მოგიყვებით ვის და რატომ სჭირდება. ბევრი რამ არის აქ საინტერესო” – დაწერა სიმონიანმა ვიზიტის შემდეგ.

რა თქმა უნდა, საინფორმაციო სივრცეში ცოტა თუ შეამჩნევდა აფხაზეთში მედიაცენტრის გახსნას, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი საინფორმაციო ველი უკრაინითა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით არის მოცული.

ეს კარგად ესმის საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიიწვია მან პრეზენტაციაზე მარგარიტა სიმონიანი, ერთ-ერთი მთავარი რუსი ნიუსმეიკერი.

ღონისძიებაზე დასწრებით სიმონიანმა ჩვეულებრივი მოვლენა დიდი პოლიტიკის ნაწილად აქცია. ბიბილოვის სიტყვების შემდეგ კი (სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების სურვილის შესახებ) ზოგიერთებმა, ამ “დიდ პოლიტიკაში”, ეს უკვე მოქმედების გზამკვლევად ჩათვალეს. “და აფხაზეთიც”, – იფიქრეს მათ.

როგორც ჩანს, ვიდეომაც ცხინვალიდან, სადაც ხალხი რუსეთში ოფიციალური შესვლისთვის მზადებას ზეიმობს, დამაბნევლად იმოქმედა. მაგალითად, “ოსები, აფხაზები – რა განსხვავებაა”.

რა თქმა უნდა, აფხაზეთში რუსეთი უყვართ. ის რესპუბლიკას დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ის არის მისი მთავარი მოკავშირე და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი.

მაგრამ:

სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი მეგობარი გაემგზავრა დონბასში რუსეთისთვის საბრძოლველად. იქ ახლა ბევრი აფხაზია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მზადაა სიცოცხლე გარისკოს „რუსული სამყაროსთვის“, აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვისაც ასე, უყოყმანოდ დაიღუპებიან.

საქართველოსთან ომში აფხაზებმა დიდი ფასი გადაიხადეს – რამდენიმე ათასი თანამემამულის სიცოცხლე, დანგრეული ეკონომიკა და მძიმე ბლოკადის წლები.

ამოუკიდებლობა უკვე მოპოვებულია, გენეტიკურ დონეზე ტანჯვით და მასზე უარის თქმა შეუძლებელია. მათ შორის, მთავარი და ერთადერთი მოკავშირის სასარგებლოდაც კი.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში რესპუბლიკის სტატუსში რაიმეს შეცვლის ცდუნება არ გაჩნდეს, ყველა სახის დამცავი მექანიზმი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ახალ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაშიც კი, კანონის მუხლი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსს ეხება, უცვლელი დარჩება.

უფრო მეტიც, აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ სასჯელებს, დამოუკიდებელი სტატუსის გადასინჯვის საჯარო მოწოდებისთვისაც კი. ანუ აფხაზ პოლიტიკოსს, რომელიც, მაგალითად, აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე განაცხადებს, შეიძლება 15 წლით პატიმრობა მიესაჯოს.

ეს ისე, უბრალოდ, შეგახსენეთ. უცებ რომელიმე აფხაზ პოლიტიკოსს რომ დაავიწყდეს. დიახ, ყოველი შემთხვევისთვის. მოფრთხილეს ღმერთი უფრთხილდება.

წყარო: „ჯემნიუსი“