გადაწყდა - კონტრაქტი 2028 წლამდე და 4 მილიონი სეზონში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიურმა, ფრანგულმა და ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ უახლოეს დღეებში, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ კონტრაქტით ხვიჩა თავის ბედს ნეაპოლელებს 2028 წლამდე დაუკავშირებს, ბონუსების ჩათვლით კი, მისი წლიური ჯამაგირი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება (მათივე ცნობით, ამჟამინდელი ხელფასი, თვეში 100 ათასი ევროა). დღეისთვის, „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელიც ბონუსების ჩათვლით, 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

საინტერესოა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტში ხვიჩას გამოსასყიდ თანხას არ ჩაწერენ. რას ნიშნავს ეს? როგორც ევროპული მედია ამტკიცებს, მხარეები უბრალოდ შეთანხმდნენ, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბარი ნებისმიერ მსურველთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ კლუბი, მინიმუმ, 100 მილიონ ევროს გადაიხდის. არადა, ზუსტად ერთი კვირის წინ, ინგლისური მედია ამტკიცებდა, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის, კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს.

ვინაიდან ხვიჩაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით, სიმბოლური ნაკრებები გამოაქვეყნა. ჰოდა, კვარაცხელია არა ევროპულ, არამედ, მსოფლიოს სომბოლურში მოხვდა, ევროპის ნაკრებში კი მის პოზიციაზე... კილიან მბაპე დასახელდა. რაც შეეხება მსოფლიო ნაკრებს, მეკარე: ანდრე ონანა („ინტერი“, იტალია); მცველები: აშრაფ ჰაკიმი („პსჟ“, საფრანგეთი), ედმონდ ტაბსობა („ლევერკუზენი“, გერმანია), კიმ მინ ჯუ („ნაპოლი“, იტალია), ალფონსო დევისი („ბაიერნი“, გერმანია); ნახევარმცველები: კაზემირო („მანჩესტერი“, ინგლისი), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, ესპანეთი), მოისეს კაისედო („ბრაიტონი“, ინგლისი); თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ლიონელ მესი („პაჟ“, საფრანგეთი), ვვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“, იტალია).

ამასთან ერთად, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად (ზედიზედ - მეორედ, სეზონში - მესამედ) დაასახელეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ იტალიაში, ერთ სეზონში, თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ არასდროს არავინ დაუსახელებიათ და ხვიჩა აბსოლუტური რეკორდსმენია. ამასთან ერთად, სერია A-ს დასრულებამდე კიდევ ორი თვეა და ვინ იცის, ეგებ, კვარამ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე