შერმადინი ქართული დროშით და... „ინდიანამ“ ბითაძე გაუშვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ესპანური „ტენერიფეს“ კაპიტანი, გიორგი შერმადინი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია. ქართველის გუნდმა ფინალში „სან პაულუ“ 89:68 დაამარცხა და ისტორიაში თასი მესამედ აღმართა. წესისამებრ, შეხვედრა გიორგიმ სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, თავი 12 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა. როგორც წესი,  თასს პირველიო გუნდის კაპიტანი წევს და ასე იყო ამჯერადაც - ჯილდო შერმადინს გადასცეს და მანაც თასი თავსზემოთ საქართველოს დროშით აღმართა.

რადგან კალათბურთზე ვსაუბრობთ, გოგა ბითაძეზე ვთქვათ. სამწუხაროდ, „ინდიანამ“ ქართველი კალათბურთელი გუნდიდან გაუშვა და განაცხადში ადგილი ახალწვეულს გამოუთავისუფლა. იმის მიუხედავად, რომ ბითაძე მოედანზე ყოფნის დროს სტაბილურად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, „ინდიანას“ ხელმძღვანელობამ მასთან განშორება მაინც გადაწყვიტა. ახლა გოგა თავისუფალი აგენტია და სანამ ახალ კლუბს მონახავს, „ინდიანა“ ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი (სეზონში 4.77 მილიონი დოლარი) უხადოს. ქართველის დამატების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, მაგრამ კალათურთელის აგენტმა ხმამაღლა თქვა, რომ ბითაძე NBA-დან წასვლას არ აპირებს და მისი მომავალი კლუბი აუცილებლად ამერიკული იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანამ“ ბითაძე 2018 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. დღემდე მან NBA-ში 170  შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აკეთებდა.