„ჩემი დიდი ბაბუა ბოლშევიკებმა დახვრიტეს,“ - ჟურნალისტის მოგონებები უნახავ წინაპარზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“

 დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ჰოდა, ახლა მოგიყვებით ბოლშევიკების მსხვერპლზე, რომელიც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლო წუთამდე იცავდა.

ჩემი დიდი ბაბუა, იუნკერი ვახტანგ ისკანდარაშვილი, 1924 წელს დახვრიტეს. „ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილს ბრალად ედებოდა შეირაღებული თავდასხმა მენშევიკებთან ერთად. მას მიესაჯა დახვრეტა.“- ვკითხულობ არქივის ფურცლებზე და თვალწინ მიდგას 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეისთვის თავგანწირვა საკუთარი ცხოვრების საბედისწერო გზად აქცია... არქივში ასევე ვკითხულობ, რომ ვახტანგი, უპარტიო იუნკერი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, არჩილ ზახარის ძე ტომარაძის, დივიზიის ადიუტანტი ყოფილა. ამავე ფურცლებიდან ვარკვევ, რომ ვახტანგმა დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი.

ახლა კი იმ ამბავს მოგიყვებით, რაც ისტორიის ფურცლებმა ვერ შემოინახა, მაგრამ კარგად აღწერს იმ მტკივნეულ ისტორიას, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ცეცხლით და მახვილით შემოჭრილმა „ორჯონიკიძეებმა“ დაწერეს და რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ჩემი წინაპარი აღმოჩნდა, ამიტომ ეს ჩემი ისტორიაცაა, რაც განუსაზღვრელად მეამაყება:

იუნკერი ვახტანგ ისკანდარაშვილი სოლოლაკში, დავითაშვილი ქუჩაზე, ცხოვრობდა. მისი მეუღლე, მარიამ პეტრეს ასული ჟუჟუნაშვილი, ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კურსდამთავრებული გახლდათ. მარიამის მამა, პეტრე ჟუჟუნაშვილი, ცნობილი მჭედელი იყო და ამბობენ, თბილისში თუ კი სადმე შემორჩენილია ძველი რკინის გალავნები, ყველა პეტრეს სამჭედლოში იწრთობოდაო...

მარიამს და ვახტანგს ერთი ვაჟი, თემური, უკვე ჰყავდათ, მეორე შვილზე, თენგიზზე ფეხმძიმედ იყო, როცა საღამოს სახლთან ცხენის განწირული ჭიხვინისა და ფლოქვების ხმა შემოესმა. გარეთ რომ გავიდა, ცხენს კბილზე ქორწინების ბეჭედი შენიშნა, ის ბეჭედი, რომელზეც ვახტანგმა სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება შეფიცა. მარიამი ყველაფერს მაშინვე მიხვდა, ვახტანგი განსაცდელში იყო... 1924 წელს ვახტანგ ისკანდარაშვილს დახვრეტენ, 6 თვეში ჩემი ბაბუა, თენგიზი დაიბადება... როგორც მარი პეტროვნა ყვებოდა, ვახტანგს საკუთარი ხელით მიუტანია ვაზიანის ნაწილში თავისი დახვრეტის ბრძანება. მას დალუქული წერილი გაატანეს, სადაც ეწერა, მოსვლისთანავე შეეპყროთ და დაეხვრიტათ...

მარი პეტროვნა მეუღლეზე იშვიათად საუბრობდა, აბა, ადვილი ხომ არ იქნებოდა საბჭოთა იმპერიის დროს დახვრეტილი იუნკრის მეუღლის წოდების ტარება?! სხვათაშორის, ერთხელ ოკუპაციის მუზეუმში მითხრეს, მიკვირს, რომ თქვენ გხედავთ, 1924 წელს დახვრეტილთა ოჯახები ან დახვრიტეს ან გადაასახლესო. ჰოდა, არ ვიცი, როგორ გადაირჩინა თავიცა და შვილებიც მარი ჟუჟუნაშვილმა, მაგრამ საგულისხმოა, რომ მან მეორე ქორწინება ბოლშევიკ მაღალჩინოსანს, სერგო ყრუაშვილს დაუკავშირა, რომელმაც თენგიზი საკუთარი შვილივით გაზარდა... მარიამი პირველ მეუღლეზე იშვიათად, მაგრამ მაინც ყვებოდა - ვახტანგის დედა ფრანგი გახლდათ, მადლენი იოსებს პარიზიდან ჩამოუყვანია და ცოლად შეურთავს. მარი პეტროვნას მონათხრობით, იუნკერ ვახტანგს კარგი ურთიერთობა ჰქონია ამბროსი ხელაიასთან, რომელიც ეკლესიის საქართველოსთვის თავგანწირული მეთაური იყო და რომელიც, ასევე, დახვრიტეს ბოლშევიკებმა. ვახტანგის სახლში ხშირად დადიოდნენ სტუმრად დამოუკიდებელი საქართველოს იმდროინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები, მათშორის, უმასპინძლია ნოე ჟორდანიასთვისაც, რასაც მარიამი იუმორით ყვებოდა. სადილების კეთება არ მეხერხებოდა და ვახტანგი თავად მეხმარებოდა სუფრის გამზადებაშიო... ბედნიერმა წუთებმა კი დიდხანს არ გასტანა, წითელმა არმიამ სისხლში ჩაახშო ქართველი იუნკრების თავგანწირვა...

ვახტანგის შესახებ ვკითხულობთ გენერალ, ალექსანდრე ჩხეიძის, მოგონებებშიც, სადაც გენერალი ბოლშევიკების იუნკერთა სკოლაში შეჭრას იხსენებს და ჩემს დიდ ბაბუაზე, ვახტანგ ისკანდარაშვილზე ასეთ ამბავს ყვება:

"როდესაც მორიგე იუნკერ ი ს კ ა ნ დ ა რ ა შ ვ ი ლ ს არ დახვდა კაპ.
ქარუმიძე სამორიგეო ოთახში, გამობრუნდა გუნდში; დერეფნის ყურედან დაინახა, როგორ დაიჭირეს კიბეზე და განაიარაღეს მორიგი ოფიცერი. ამის შემდეგ გუნდში ასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ იგი არ დაიბნა და სკოლის მეიდნიდან ოფიცრების სადგომისაკენ გამოეშურა. ბოლშევიკები კაპ. ქარუმიძის დატუსაღების შემდეგ ჩამოვიდნენ
ძირს, სამორიგეო ოთახში. აქ შემთხვევით იმყოფებოდა კაპ. ჯაფარიძე; ესეც დაიჭირეს და წაიყვანეს იუნკრებთან; ჩამოსწყვიტეს ტელეფონი და გამოვიდნენ მოედანზე. ამ წუთს ქალაქიდან ბრუნდებოდა მთავარსარდალი გენ. კვინიტაძე. ბინაზე შესვლისას, სამორიგეო ოთახიდან მოესმა ხმაურობა; გაიძრო ფარაჯა და გამოვიდა სამორიგეო ოთახში. აქ მან ნახა დიდი უწესრიგობა, ოღონდ იქ აღარავინ იყო. წამოვიდა კლასების დერეფანისაკენ და შეამჩნია ვიღაც საზაფხულო პალტოში. ამან შეამჩნია თუ არა გენერ. კვინიტაძე, რევოლვერით სროლა აუტეხა. გენ. კვინიტაძემ სროლითვე უპასუხა, ხოლო მეორე გასროლისას ლულაში გაეჩხირა ტყვია. გენერალი ბინაზე შემოტრიალდა მეორე
რევოლვერის ასაღებად, კარებამდე ტყვიებით მიაცილეს, მაგრამ უბედურებას ასცდა. იმ დროს, როდესაც კაპ. ჯაფარიძის დაჭირვისა გამო, სამორიგეო ოთახში ჩოჩქოლი ხდებოდა, იუნკერი ი ს კ ა ნ დ ა რ ა შ ვ ი ლ ი უკვე კარებზე მიკაკუნებდა აივნიდან... მე მეძინა. გავიგონე თუ არა კაკუნი, ავდექი, მიველ კარებთან და შევეკითხე - ვინ იყო. „მე ვარ მორიგე იუნკერი ისკანდარაშვილი“ და შემდეგ ჩემ შეკითხვაზე დაუმატა: „მობრძანდით ბატონო ჩქარა სამორიგეო ოთახში, მორიგე ოფიცერს თავს დაესხნენ ვიღაც კერძო პირები“-ო. — „კარგი“, ვუპასუხე მე და გავარდი ჩასაცმელად. სწრაფად ჩავიცვი შარვალი, ჩექმები, ტყავის კურტკა, დავიხურე ბოხოხი, ყველაფერი ეს, რაც საუცბათოდ მომხვდა ხელში; ასეთი ჩაცმულობისათვის კინაღამ არ მომკლა საკუთარმა ყარაულმა. ვსტაცე ხელი ჩემ სანადირო ყარაბინს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა და ვენდობოდი და რომელიც ყოველთვის მომზადებული მქონდა. ჯიბეში ჩავიდე ორი რევოლვერი და გამოვარდი აივანზე. იქ იუნკერი აღარ დამიხვდა, მაგრამ ამან არ შემაეჭვიანა, ვინაიდან მე
ის ხმაზე გარკვევით ვიცანი. ჩაცმის დროს გამიელვა აზრმა — ვინ უნდა დაგვცემოდა? და სხვა პასუხი ვერ მომენახა — თუ არა მცარცველნი, რომელთაც სურდათ ფულის ყუთის გატაცება, სადაც იმ დროს ინახებოდა რამოდენიმე მილიონი..."

მერწმუნეთ, განსაკუთრებული განცდაა, როცა ასეთი ადამიანის შთამომავალი ხარ და საკუთარ თავს ხშირად უმეორებ: ასეთ ფესვებზე ამოზრდილს, სამშობლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება ცხოვრების მთავარ მიზნად უნდა გქონდეს... 

                                                                                                                        „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“...