საჭიროა თუ არა ბუსტერის მერე ხელახლა აცრა - ინტერვიუ ალექსანდრე გოგინავასთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საჭიროა თუ არა ბუსტერის მერე ხელახლა აცრა

რა პრობლემები ექმნებათ ე.წ. გრძელი კოვიდის დროს პაციენტებს და რას ურჩევს ინფექციონისტის დამსაქმებლებს

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში მათთვის, რომლებიც არასერიოზულად უყურებენ კორონავირუსით დაინფიცირებას, ვაქცინაციას ან ჰგონია, რომ ეს, უბრალოდ, გრიპია და მისი გადატანა აცრების გარეშე უკეთესიცაა, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წერეთელი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომელთა პრობლემებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ COVID-თან. ასევე, გაურკვეველია, ამ ჯგუფიდან რამდენს აქვს პრობლემები ამის გამო და რამდენია დაავადებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ან სხვა ქრონიკული დაავადებებით. წერეთლის თქმითვე, დამსაქმებლებმა უნდა იცოდნენ და მიიღონ შესაბამისი ნაბიჯები ამ მდგომარეობის მქონე თანამშრომლების მხარდასაჭერად. რამდენად ხშირია პოსტკოვიდური გართულებები, რა ტიპის გართულებები შეიძლება გამოვლინდეს და რამდენად რთულია გახანგრძლივებულ COVID-თან ბრძოლა? - „ვერსია“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ორ წელზე მეტი გავიდა, რაც უხილავ ვირუსთან ბრძოლა გვიწევს. რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე?

- კორონავირუსი პირველად 2019 წელს გამოვლინდა, მას ჰყავს წინამორბედები, რომლებიც მისი მსგავსები არიან, თუმცა ახალი შტამი, სავარაუდოდ, მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. სამწუხაროდ, მას ისეთი უნარები აღმოაჩნდა, რამაც გამოიწვია პანდემია და შეეწირა რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ასევე, დინამიკაში გამოჩნდა, რომ ხშირი მუტაციები ახასიათებს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დაახლოებით, სამ თვეში ერთხელ, ახალ-ახალი შტამი ჩნდება, თან ისეთი განსხვავებული, რომელსაც ეპიდსიტუაციის გაუარესება და არსებული, უკვე შექმნილი იმუნიტეტის გვერდის ავლა შეუძლია. ესაა მიზეზი, რომ პანდემია დღემდე გრძელდება. კოვიდს, ასევე, ახასიათებს სასუნთქი გზების დაზიანება, განსაკუთრებით, „დელტა“-შტამს, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს. კარგია, რომ სწრაფად შეიქმნა ეფექტური ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვერ მოხდა ვაქცინების ადმინისტრირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იცით, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მოსახლეობის 80% აცრილია, განუვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ვაქცინაციის დონე ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა, რომ იმუნური ფენა ჩამოყალიბებულიყო მთელ მსოფლიოში და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავებულიყო. ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მალე დავამთავროთ პანდემია. ექიმებისთვისაც საკმაოდ რთული დაავადებაა, მიუხედავა იმისა, რომ ორ წელზე მეტია გასული. დროთა განმავლობაში, იხვეწება კორონავირუსის მართვა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ჯერჯერობით, სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

- ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, აკითხავენ თუ არა ადამიანები კლინიკებს პოსტკოვიდური გართულებებით?

- პოსტკოვიდური გართულებები საკმაოდ აქტუალური და მრავალფეროვანიცაა იმიტომ, რომ კორონავირუსი აზიანებს არა მხოლოდ სასუნთქ სისტემას, არამედ, სხვა ორგანოებს და ორგანოთა სისტემებსაც. აქედან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა ჩივილით მოვიდნენ.

- ძირითადად, რა ტიპის ჩივილები და გართულებები ახლავს?

- გახანგრძლივებული ტემპერატურა, ადვილად დაღლა, სხვადასხვა ნევროლოგიური და სასუნთქი სისტემის პრობლემები. ასევე, შეიძლება იყოს გამონაყარი, რომელიც კორონავირუსამდე არ ჰქონია ადამიანს. შეიძლება, იყოს ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მაგალითად, დიაბეტის რისკების ზრდა. ერთი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ პოსტკოვიდური გართულებები საკმაოდ ხშირია და განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს ეს დაავადება. სამი-ექვსი თვის განმავლობაში, ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მონიტორინგი და შესაბამისად, შესაძლოა, გარკვეული კვლევებიც დასჭირდეთ.

- ბატონო ალექსანდრე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვირუსის ადრეულ ეტაპზე დაინფიცირდნენ, როდესაც ვაქცინაცია ჯერ არ იყო დაწყებული, უფრო რთულად გადაიტანეს ვირუსი ანუ აცრა მნიშვნელოვანია, ხომ?

- ვაქცინა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის იარაღი პანდემიის დასასრულებლად და ასევე, აუცილებელია, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით დავასრულოთ პანდემია. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალ რისკჯგუფში არიან ანუ მასწავლებლები, ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები, მათთვის ვაქცინაცია უალტერნატივოა. ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვისაც სრულფასოვანი ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან შევამციროთ მძიმე მიმდინარეობის რისკები და ლეტალობა.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინა არ არის აუცილებელი და უკეთესიც კია, აცრის გარეშე გადავიტანოთ კორონავირუსი, რათა გამოგვიმუშავდეს იმუნიტეტი. ამაზე რას იტყვით?

- ეს არასწორი მიდგომაა, რადგან აცრის გარეშე ვირუსის გადატანა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და შეიძლება, მძიმედ წარიმართოს. გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ რჩება და შეიძლება, რამდენიმე თვის განმავლობაში დაგვიცვას. მიუხედავად იმისა, კორონავირუსს გადავიტანთ თუ არა, ვაქცინაცია მაინც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან ხელს გვიწყობს, მსუბუქად გადავიტანოთ. თუ ვაქცინაციამდეც მსუბუქად გადავიტანეთ, ამის შემდეგ, უკვე აცრა გაახანგრძლივებს ჩვენს იმუნიტეტს.

- ვაქცინაციის პირველ კვირებში, ანტისხეულენის დონე მაღალია, დროთა განმავლობაში კი უფრო ნელა მოქმედებენ იმუნური უჯრედები. რამდენად მნიშვნელოვანია სრულად აცრა ანუ ბუსტერ-დოზა და მოგვიწევს თუ არა სრულად აცრის შემდეგ კვლავ ვაქცინაცია?

- მოგვიწევს თუ არა ბუსტერ-დოზის შემდეგ ვაქცინაცია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. თუ „ომიკრონის“ გარდა, სხვა ახალი შტამი არ გამოჩნდა და პანდემია დასასრულისკენ წავა, ჩემი აზრით, ბუსტერის შემდეგ, ვაქცინაცია არ დასჭირდება მთელ მოსახლეობას, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს, მაგრამ შესაძლოა, ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებისთვის იყოს აუცილებელი. ეს იმიტომ, რომ კორონავირუსი სამუდამოდ არსად წავა, პერიოდულად იქნება ეპიდაფეთქებები, რაც ენდემურად, გარკვეულ რეგიონებშიც გამოიწვევს ეპიდაფეთქებებს და როგორც გრიპის ვაქცინაა აუცილებელი რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე უნდა დარჩეს კოროვანირუსის ვაქცინაც. ვფიქრობ, თუ „ომიკრონის“ შემდეგ სხვა შტამი არ აღმოჩნდა, უახლოეს თვეებში, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის, პანდემია უნდა დასრულდეს.

- ხანგრძლივი კოვიდი ისევ პრობლემაა. დამსაქმებლებმა როგორ უნდა იმოქმედონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც პოსტკოვიდური გართულებები აქვთ?

- ეს ძალიან აქტუალური საკითხია. დამსაქმებლებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლების რეაბილიტაციას და დაელოდონ სრულ გამოჯანმრთელებას იმიტომ, რომ მსგავსი პრობლემა ბევრს შეექმნა. ამის გამო, შესაძლოა, ადამიანმა სამსახური დაკარგოს და ასე რომ არ მოხდეს, მათი შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმაც და ზოგადად, სახელმწიფომაც ხელი შეუწყონ ადამიანებს, რომლებსაც პოსტკოვიდური გართულებები აქვთ, რათა სრულფასოვანი რეაბილიტაცია შეძლონ და ცხოვრებაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.