სკრინინგის დახმარებით, კიბო განაჩენი არ არის!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრეულ ეტაპზე სიმსივნური დაავადების დიაგნოზი განკურნების გარანტიაა

 

ავტორი; მაკა რუხაძე

 

არსებობს მოსაზრება, რომ თამარ მეფე ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ისტორიული წყაროების თანახმად, სიცოცხლის ბოლო ხანებში, მეფე უღონოდ იყო, ღაწვები დაუჭკნა, წონაში მკვეთრად იკლო და ორივე თვალის უპეები ჩაუშავდა. სწორედ ამ სიმპტომების მიხედვით, მედიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ქართველთა სათაყვანებელი მეფე ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა. თამარის დროს რომ შესაძლებელი ყოფილიყო ავთვისებიანი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა და შესაბამისი, დროული მკურნალობა, მეფე, ალბათ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა და ვინ იცის, ეგებ, საქართველოს ბედის ბორბალსაც სხვაგვარად ეტრიალა?!

დღეს, თუ ცხოვრების წესად გავიხდით წელიწადში ერთხელ მაინც, სამედიცინო  პროფილაქტიკურ შემოწმებას, არა მხოლოდ ონკოლოგიური, სხვა, უამრავი და საფრთხის მომტანი დაავადებისგან თავდაცვას შევძლებთ. ჩვენს დროში დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, ხოლო შემდგომ, მისი დროული და სწორი მკურნალობა თითქმის გამოჯანმრთელების  საწინდარია.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი უფასოა და სახელმწიფო მოქალაქეებს გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. მთავარია, არ დაგვეზაროს, სპეციალისტების მიერ მითითებულ დროში ჩავიტაროთ კვლევა და ექიმი მხოლოდ მაშინ არ გაგვახსენდეს, როდესაც ქართველების საყვარელი მეფის მსგავსად, მძიმე სენისთვის დამახასიათებელი ნიშნები შესამჩნევი გახდება.

ონკოლოგების განმარტებით, სკრინინგი დაავადებასთან ბრძოლაში დროის მოგების შესაძლებლობას იძლევა და ეს შანსი მით უფრო არ უნდა გავუშვათ ხელიდან, როდესაც მსოფლიოში იშვიათი პრივილეგიით, უფასო გამოკვლევების სარგებლობის სრული შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომაც, ნუ უგულებელჰყოფთ ტელეფონზე ან სხვა, საკონტაქტო საშუალებაზე მოსულ შეტყობინებას, თუ გახსენებენ, რომ უფასოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვლევა ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნურ დაავადებებზე. ამ შეტყობინებას, სწორედ ჩვენი ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ვიღებთ და შესაძლოა, მათი უგულებელყოფა  სავალალო აღმოჩნდეს.

_______________________

_______________________

უკვე წლებია, საქართველოში, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანია, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა. პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კიბოს სკრინინგი, რომელიც მოიცავს 40-70 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგს - ძუძუს ხელით გასინჯვას; მამოგრაფიულ  გამოკვლევას (ორი რადიოლოგის მიერ წაკითხვით); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, დამატებით ინიშნება ექოსკოპიური  გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში - ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია; ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა.

ძუძუს კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ. თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელი ხართ და სკრინინგი არ გჭირდებათ, სპეციალისტების განმარტებით, ცდებით. სკრინინგი ადრეულ ეტაპზე დაავადების აღმოსაჩენად გვჭირდება, თორემ უკვე გამოკვეთილი ნიშნების დაფიქსირების შემდეგ, მკურნალობა უნდა დაიწყოს, რომელიც, შესაძლოა, დაგვიანებულიც კი იყოს. 

_________________________

_________________________

 

ძუძუს კიბოს მსგავსად, ქალებისთვის განსაკუთრებით საშიშია საშვილოსნოს ყელის კიბო. აღსანიშნავია, რომ სკრინინგის უფასო პროგრამაში, ამ მიმართულებით, კვლევაც შედის და მოიცავს 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ნაცხის აღებასა და მასალის ციტოლოგიურ კვლევას (PAP-ტესტი), ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, უფასოა აუცილებლად ჩასატარებელი კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი - ბიოფსიური მასალის აღება და ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია სამ წელიწადში ერთხელ.

სახელმწიფო პროგრამა კოლორექტალური (მსხვილი ნაწლავის) კიბოს უფასო სკრინინგსაც მოიცავს და ორივე სქესის 50-70 წლის ასაკის მოსახლეობის კვლევას ითვალისწინებს, რაც მოიცავს:  ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ( FOBT  ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ტესტის ჩატარებას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, დამატებით ტარდება: კოლონოსკოპიური სკრინინგი (გაუტკივარების გარეშე ან გაუტკივარებით), საჭიროების შემთხვევაში - ბიოფსიური მასალის აღება და მისი ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა, კოლონოსკოპიური სკრინინგის დროს, ასევე, შესაძლებელია მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა. კოლორექტული კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე, შესაძლებელია რეკომენდებულზე უფრო ადრეული სკრინინგული კვლევების ჩატარება, თუ პაციენტს ისეთი პათოლოგია გამოუვლინდა, რომელიც შესაძლოა, შემდგომში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მიზეზი გახდეს და  ექიმის გადაწყვეტილებით, დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებდეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში ყველაზე მეტ ქალს ძუძუს კიბო კლავს. სამწუხაროდ, ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მიზეზი ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოც ხდება. ამ მძიმე სტატისტიკასთან ერთად, დაუსრულებლად შეიძლება ვიმეოროთ, რომ კიბოს ვერც ერთი და ვერც მეორე ფორმა ვერ გაიმარჯვებს, თუ ქალი უარს არ იტყვის სპეციალისტების რეკომენდებულ დროში სკრინინგის ჩატარებაზე. მხოლოდ ასე შევძლებთ, თამამად ვთქვათ, რომ კიბო განაჩენი არ არის!

როგორც ცნობილია, უფასო სკრინინგ-პროგრამა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში ტარდება (სპეციალისტების განმარტებით, კონკრეტული სიმსივნური დაავადებების განვითარების ყველაზე დიდი რისკი, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფებშია), თუმცა ამ სიკეთით ყველა არ სარგებლობს - გარდა იმისა, რომ ჩვენთან სამედიცინო კვლევების კულტურა ძალიან დაბალია, ქალბატონების ნაწილი გამოკვლევებს სწორედ იმიტომ არ იტარებს, რომ დაავადების დაფიქსირების ეშინია...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონული მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კიბოს სკრინინგის პროგრამის კოორდინატორი, ლია მგალობლიშვილი ამბობს, რომ კიბოს სკრინინგის მიზანი, მხოლოდ ამ მძიმე დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, ან მისი შეზღუდვა არ არის:

„კიბოს სკრინინგის არსი იმ დაავადებების გამოვლენაცაა, რომლებიც შეიძლება გართულდეს და ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. დასანანია, რომ სკრინინგზე მომართვიანობა დაბალია, განსაკუთრებით, რეგიონებში. ჩვენთან ხომ ექიმთან მაშინ მიდიან, როდესაც რამე შეაწუხებთ... ვფიქრობ, ეს არაინფორმირებულობის შედეგია. უნდა გაიზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა - მათ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი აქვთ და ამდენად, უკეთ შეუძლიათ, აუხსნან სკრინინგის მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რადგან საზოგადოებისთვის სწორად და ზუსტად მიწოდებულ ინფორმაციას შესანიშნავი შედეგი მოსდევს“.

2020 წლის 17 ნოემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგია, რითაც მსოფლიოს ქვეყნებმა კიბოს აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს. საქართველოც ამ ქვეყნებს შორისაა და იზიარებს პოზიციას, რომ ქალები არ უნდა იღუპებოდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია. ამისათვის კი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, ან მისი გამომწვევი მიზეზების პრევენცია, პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საქართველოში პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა გოგონებისთვის 10-დან 18 წლამდე. ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში.

 

P.S. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 116001 ან 1505; ან ეწვიეთ Facebook-ის გვერდს „კიბოს სკრინინგი - Cancer Screening“.