პირადობის მოწმობაში შეცდომა გაქვთ? - ახალი კანონი გამოასწორებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვისაც პირადობისა და დაბადების მოწმობებში სხვადასხვა თარიღი უწერია, 1 აპრილიდან შეუძლია ახალ პირადობის მოწმობაში პირდაპირ ის ჩააწერინოს, რაც ძველშია მითითებული.

თამარი 1949 წლის 13 დეკემბერს დაიბადა, შეიძლება 14-შიც, ღამის 12 საათის მერე გაჩნდა თუ მანამდე, ოჯახში კარგად არც ახსოვთ. ბავშვისთვის დაბადების მოწმობა რომ აიღეს, დედამ იანვარი ჩააეწერინა. პირადობის მოწმობაში შეცდომის გამო, იანვარი თებერვლად იქცა. ამის შემდეგ მის ერთ დოკუმენტში დაბადების ერთი თარიღი იყო მითითებული, მეორეში - მეორე.

„თურქეთში მინდა წავიდე სამოგზაუროდ და ბიომეტრიული პირადობის აღება დამჭირდა. დოკუმენტებში თარიღები რომ გასასწორებებლი იყო, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახელშიც შეცდომაა, სოფლის საბჭოს ჟურნალში სხვა მიწერია (თამარა), პირადობაში - სხვა (თამარი). ესეც გასასწორებელი გახდა“, - ამბობს თამარი, რომელიც ახალი პირადობის მოწმობის მიხედვით უკვე 13 იანვარს დაბადებული თამარაა.

ახალი სახელის მიხედვით გაასწორეს სხვა დოკუმენტებიც, უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი საბუთები. ამ ყველაფერს იუსტიციის სახლში განცხადების დაწერა და ორკვირიანი პროცედურა დასჭირდა. ფული - არა, თუ არ გავითვალისწინებთ უშუალოდ ახალი პირადობის მოწმობის საფასურს, რომლის ღირებულებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად სურს ადამიანს მისი მიღება.

ახალი კანონის თანახმად, თუ 2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ პირადობის მოწმობაში დაბადების თარიღი განსხვავდება იმ თარიღისგან, რომელიც დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაშია მითითებული, 1 აპრილის შემდეგ ამ ადამიანზე გაცემულ პირადობის მოწმობასა და პასპორტში, მისივე თანხმობით, იმავე დაბადების თარიღს მიუთითებენ, რომელიც 2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში წერია.

შეიცვალა კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“. პარლამენტმა ახალი წესი 7 მარტს დაამტკიცა.

ცვლილება საჭირო გახდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ადამიანს ავალდებულებს შეცვალოს პირადობის მოწმობა, თუკი მის ჩანაწერში უზუსტობაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი პრობლემა ბევრს აქვს.

თუმცა, პირადობის მოწმობებსა თუ სხვა საბუთებში ხშირად სახელი და გვარიც არასწორად წერია და დაბადების ადგილიც.

„პირადობის მოწმობა უპირატესია, ყველა სხვა დოკუმენტი პირადობის

მოწმობასთან უნდა იყოს თანხვედრაში. ამის გამო მოქალაქეებს ხშირად აქვთ პრობლემები. მაგალითად, ქორწინების მოწმობაში ან სხვა დოკუმენტში ხარვეზია და პირადობის მოწმობას არ ემთხვევა. მერე პრობლემები ექმნებათ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. მერე უწევთ დავა... იუსტიციის სახლიც გადატვირთულია მსგავსი დავებით და სასამართლოებიც“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი, - დევნილებს აქვთ ხშირად პრობლემები, რადგან ბევრი ისე წამოვიდა სახლიდან, საბუთები არ წამოუღია. ძველი საბჭოთა საბუთებიდან გადმოტანილი მონაცემებიც შეცდომითაა ხშირად. ხან მამის სახელი წერია არასწორად, ხან კიდევ სხვა რამე. ზოგჯერ პირადობის ნომერიც კი არ არის ზუსტი“.

საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეს ავალდებულებს, დოკუმენტებში ასეთი ხარვეზები გამოასწოროს. თუკი იუსტიციის სახლში შეტანილი განცხადებით პრობლემა ვერ მოაგვარა, დავა სასამართლოში გრძელდება. ცვლილებების შეტანა შესაძლოა 20-65 ლარი დაჯდეს. თუ შეცდომა თავად რეგისტრაციის ორგანომ დაუშვა, მოქალაქე მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება.

ავტორი-თეა თოფურია

წყარო:რადიო თავისუფლება