ხელისუფლებამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. 15 მარტის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განკარგულებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებთან კავშირში არ არის.

“ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ასე რომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში”, – ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, საჭირო გახდა, რომ გამოყოფილი 30 მილიონი კიდევ 5 მილიონით გაზრდილიყო, რათა “საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს”.

სამღვდელოების რეაქცია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი უარყოფს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა არჩევნებს უკავშირდება. ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში ის გაზრდილ ფასებზე საუბრობს.

“შარშან რომ მოეცათ, შარშანაც რაღაცას იტყოდნენ… არანაირ კავშირში არაა [არჩევნებთან]… რა გგონიათ ახლა ეს 35 მილიონი, მეტია? რაც იყო 25 მილიონი 20 წლის წინ, იგი გააბევრე და იმაზე მეტია, გაიგე?.. საზრუნავები იცით, რომ ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს, მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს. [საჭიროება მეტისაა] რა თქმა უნდა, იგივეც რომ იყოს საჭიროება, მაშინაც არ ყოფნის ეს თანხა, იმდენად არის ყველაფერი, ხელფასები, ნებისმიერი მოთხოვნა იქნება ჰიგიენური, სახანძრო, ნებისმიერი მოთხოვნა ყველაფერი გაძვირებულია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გაზრდილ დაფინანსებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა” და ეს ყველაფერი განათლებისთვისაა.

ზვიადაძე აღნიშნავს, რომ “ძალიან კარგად იცნობს” კობახიძეს და დარწმუნებულია, რომ მან გადაწყვეტილება განათლების მხარდასაჭერად მიიღო:

“საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა. ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე არსებითი, რაზეც ეს ქვეყანა დგას – განათლება. ყველა გრანტი და ყველა დაფინანსება, რა თქმა უნდა, უკავშირდება განათლებას, ცოდნას, სულიერ ამაღლებას.

გვინდა, გამოვხატოთ ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართ. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ძალიან კარგად ვიცნობ პრემიერმინისტრს და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება განათლების მხარდასაჭერადაა მიღებული”.

მისივე თქმით, დაფინანსების გაზრდა არჩევნებთან არავითარ კავშირში არაა, რადგან ეკლესია “არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს”.

“ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ არანაირად არჩევნებს არ უკავშირდება, იმიტომ, რომ ეკლესია, თქვენ იცით, რომ ეკლესია არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს. ეს კარგად იცით თქვენ. ასეთი გადაწყვეტილების დაკავშირება არჩევნების მოახლოებასთან, ჩემი აზრით, ეს მართებული და სწორი არ არის.” – ამბობს ზვიადაძე.

წყარო: jam-news.net