ბაზალეთიდან 2 წლის ბიჭი მოიტაცეს - როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე და სად იპოვეს მოპარული ბავშვი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

არ არსებობს მშობელი, რომელსაც ბავშვი ქუჩაში უყურადღებოდ ერთი წუთით მაინც არ დაუტოვებია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოზრდილთა უმრავლესობას ის უფრო აინტერესებს, სოციალურ ქსელში რა ხდება და ტელეფონის ეკრანთან განშორება უჭირთ. ადრე ასე არ იყო, მაგრამ დედა ან მამა მეგობართან საუბრით გაერთობოდა და ბავშვიც მაშინვე გაძვრებოდა ხოლმე. ისე, თითქოს პატარებს ინსტინქტი აქვთ გამომუშავებული, ზუსტად იციან, როდის და როგორ უნდა გაუხეთქონ გული მშობლებს

 

ბავშვები იკარგებოდნენ ადრეც, იკარგებიან ახლაც და სამწუხაროდ, დაიკარგებიან მომავალშიც, თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ბავშვის უკვალოდ გაქრობა წარმოუდგენელია, რადგან ყველგან ვიდეოთვალია დამონტჟებული. ამის მიუხედავად, მშობლებმა ყურადღება წამითაც არ უნდა მოადუნონ, რადგან ჩვენს პატარებს უყვართ დამოუკიდებლად „მოგზაურობა“ და გაპარვა.

„ჩემი ცოლის თანაჯგუფელი მომადგა, მიშველე, ბავშვი დავკარგეო. ამის შესახებ უკვე ვიცოდი, ცოლმა ცალკე მითხრა და განყოფილებაში განცხადება რომ შემოიტანა კაცმა, მაშინაც დამირეკეს. გამიკვირდა, ჩემთან რატომ მოვიდა-მეთქი და ამიხსნა, მარტო შენი იმედი მაქვს, ისინი, რომლებსაც ეს საქმე აწერიათ, არაფერს აკეთებენო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, რადგან დაკარგულ ადამიანებს მართლა გამოცდილი ხალხი ეძებდა და რაც მთავარია, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაკარგულები ეპოვათ. უბრალოდ, მამას მეტი უნდოდა და უნდოდა იმიტომ, რომ საკუთარ თავს ადანაშაულებდა ბავშვის დაკარგვაში. ვუთხარი, ჩავერთვები-მეთქი, არ ჰქონდა იმის ახსნას აზრი, რომ არავინ ჩამრთავდა სხვა განყოფილების თანამშრომელს სხვა საქმეში, თუმცა ამბავს რომ მოვიკითხავდი, ზუსტად ვიცოდი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

შემთხვევა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1977 წელს მოხდა. მამაკაცმა გადაწყვიტა, ცოლ-შვილთან ერთად ქალაქგარეთ გასულიყო, კარავი წაიღო, გაშალა, ისადილეს, ივახშმეს, შემდეგ 12 წლის გოგონა და 2 წლის ბიჭი კარავში დააწვინეს, ცოლ-ქმარი კი იქვე, კარვის სიახლოვეს ჩამოსხდნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყეს ცქერა. როგორც ისინი ამბობდნენ, ყველაფერი ეს, ყველაზე დიდი, 20 წუთი გაგრძელდა, შემდეგ ისინი მძინარე ბავშვებთან შევიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბიჭი გამქრალიყო. თავიდან ეგონათ, ბავშვმა გაიღვიძა და სადმე თავად წავიდა, თუმცა ის ახლო-მახლო არ ჩანდა. იმის გამო, რომ საკმაოდ გრილოდა, კარავი ტბისგან გვარიანად მოშორებით იყო და 2 წლის ბავშვი იქამდე ვერც მივიდოდა - სავალი გზა ხის ტოტებით იყო ჩახერგილი და იმ მხარეს რომც წასულიყო, მშობლების წინ უნდა გაევლო და ღამით მშობლები რამეს აუცილებლად გაიგებდნენ. მესამე თუ მეოთხე დღეს თქვა მამამ, მგონი, ყეფა გავიგონეო, თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობდა. ვერსია, რომ მძინარე ბავშვი, შესაძლოა, მგელს, ტურას ან მელას წაეთრია, გამორიცხა, ისინი ამას უხმაუროდ ვერ გააკეთებდნენ. გამოირიცხა გაველურებული ძაღლიც, რადგან... კარავში შესასვლელ ბრეზენტის კარს ელვა-შესაკრავი ჰქონდა, რომელიც მშობლებმა შეკრეს და როცა შესვლა დააპირეს, ისევ შეკრული დახვდათ. ყველაფერი ეს, მერე და მერე აღიქვეს, პირველმა ელდამ რომ გადაუარათ, თორემ ტურა-მგლისა და ძაღლის ვერსიები იყო, თუმცა ორივემ დაბეჯითებით აღიარა - ელვა შეკრული იყო და ბავშვი ვერ გახსნიდაო და თუ გახსნიდა, 2 წლის ბიჭი ნამდვილად ვეღარ შეკრავდა.

გამოდიოდა, ბავშვი მოიპარეს, მაგრამ ვინ და რატომ? ცხელ კვალზე საქმის გახსნა ვერ მოხერხდა, მერე კი, ჯერ ერთი კვირა გავიდა, მეორე, მესამე... ყველამ ხელი ჩაიქნია. დაკარგული ბავშვი, უბრალოდ, გაქრა და ერთადერთი, ვინც განყოფილებაში თითქმის ყოველ დღე მიდიოდა, მამა იყო. ის ამბობდა, სხეულით ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და მაპოვნინეთო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს არასდროს სჯერა, რომ შესაძლოა, შვილი დაეღუპა, სანამ ამას არ ნახავს და დაკარგული ბავშვის მშობლებს ნანახი არაფერი ჰქონდათ.

„ჩემს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი, მაგრამ ისინი უიმედოდ შლიდნენ ხელებს. არ გამორიცხავდნენ, რომ ბავშვი საქართველოდან გაიყვანეს, იყო ასეთი შემთხვევებიც, იპარავდნენ ბავშვებს და ყიდდნენ უშვილო ოჯახებზე, ისინი კი სოლიდურ ჯამაგირს იხდიდნენ. აღარ ვიცოდი, გულმოკლული მამა რით დამემშვიდებინა, მხოლოდ ჩვენთან კი არ დადიოდა, ფეხით ჰქონდა შემოვილილი ყველა ბავშვთა სახლი, ყველა მორგი, ყველა საავადმყოფო. არსად არაფერი იყო ახალი და ასე გავიდა ერთი წელი. ბავშვის საქმე დახურული არ იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა, ყველა, გარდა მამისა. ალბათ გიკვირთ, დედას რომ არ ვახსენებ. მან შვილი დაკარგვიდან ორი თვის შემდეგ გამოიტირა, გასვენების გადახდასაც კი აპირებდა, ქმარმა არ დაანება, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ცოცხალიაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ასე გავიდა 6 წელი. რა თქმა უნდა, საქმე დაიხურა, გაუხსნელობის გამო, ოფიციალურად ბავშვი გარდაცვლილად გამოცხადდა, თუმცა მამამ საბუთი არ წაიღო, არ აღიარა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა, რადგან დედა ვეღარ იტანდა მუდმივად ახალი ვერსიების მოსმენას, ვერ იტანდა იმას, რომ ქმარი გამუდმებით ბავშვთა სახლებში დადიოდა, ასაკი თუ ემთხვეოდა და უცხო ბავშვს დაკარგული ბავშვის ფერის თმა ან თვალები ჰქონდა, კვლევას იწყებდა და ამას შედეგი არ მოჰქონდა. სამართალდამცავებიც დაიღალნენ მისი კითხვებით, ის ძიების განახლებას ითხოვდა, ბატონ თენგიზსაც ხშჭირად აკითხავდა, თუმცა მილიცია აღარ აპირებდა არაფრის გაკეთებას. მით უმეტეს ახლა, როცა ამდენი დრო იყო გასული და სამართალდამცავებს ხელში სამხილი ან ძაფის ბოლო არ ჰქონდათ. უბედური მამა ბაზალეთზე ხშირად დადიოდა, ღამეც რჩებოდა, ათენებდა, აღამებდა, გარემოს აკვირდებოდა და ცდილობდა, წარმოედგინა მაინც, რა მოხდა იმ ღამეს, თუმცა შედეგი კვლავ არაფრისმომცემი იყო.

„ამ საქმეს მხოლოდ ჩემი ცოლის თანაჯგუფელი თუ მახსენებდა, რომელიც განყოფილებაში, ყველაზე ცუდ ვარიანტში, ორ თვეში ერთხელ მაკითხავდა, მეუბნებოდა, ხომ არ მოხდა ანალოგიური დანაშაული, ხომ არ გვყავდა ვინმე ეჭვმიტანილი და პასუხი მუდმივად უარყოფითი იყო. ერთ დღეს ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დავაკავეთ, სამი - უშუალოდ ყაჩაღი, ერთი კი ნაძარცვს ინახავდა, თუმცა საქმეში ისიც სრულად გაგვყავდა. ჰოდა, ამ კაცმა მითხრა, ვითანამშრომლებ, ეგებ გაუხსნელი საქმეებიც გაგახსნევინოთ, ოღონდ ყაჩაღობის მუხლი შემიცვალეთ, ნაქურდალის შენახვა-გასაღება დამიტოვეთ და ციხეშიც ყველაზე დიდი, 2-3 წლით გამიშვითო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ჰოდა, დაკავებულმაც დაიწყო - „ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი ადრე ბავშვებს იპარავდა, ზოგი საზღვარგარეთ გაჰყავდა, ზოგსაც აქვე აშვილებდა, დიდი ფულის სანაცვლოდ ყველაფერს კისრულობდა, პატარა ლეკვი ჰყავდა დიდ თოკზე გამობმული, ტყის პირას, ბავშვები რომ თამაშობდნენ, ისინი ლეკვისკენ იწევდნენ, ეს თოკს ქაჩავდა, ტყეში ასე იტყუებდა და იპარავდა. ზღვისა და ტბის სანაპიროებზეც იპარავდა ბავშვებს. ახლა კი, საქართველოში სანდო ოჯახების მოძებნა გაჭირდა, რომლებიც მოპარულ ბავშვს იყიდიან, იმდენს მოახერხებენ, რომ საბუთებს გაუკეთებენ, თან დიდ ფულს გადაიხდიან და ესეც ყაჩაღი გახდა“...

გამოძიებაში ლამის მთელი სამინისტრო ჩაერთო. დაკავებულ ყაჩაღს უთხრეს, ერთ-ერთი ყაჩაღობის დროს ადამიანი რომ შემოგაკვდათ, შენ აგკიდებთ, დახვრეტის მუხლი არ აგცდება, თუ მოპარულ ბავშვებზე არ მოგვაწვდი ინფორმაციასო. თანამშრომლობის შემთხვევაში კი, სასჯელის უმაღლესი ზომის აცილებას დაპირდნენ. როგორც აღმოჩნდა, მას მხოლოდ სამი ბავშვი ჰყავდა მოპარულ-გაყიდული და სამივე შემთხვევა გადასარევად ახსოვდა. სამიდან ერთი... ბაზალეთი იყო.

„ახლაც არ ვიცი, როგორ გაიგო, მაგრამ დაკარგული ბავშვის მამა სანადირო თოფით მოვარდა განყოფილებაში, მიმიშვით, თოფს დავადებ და მაშინვე ვათქმევინებო, მაგრამ ვინ მიუშვებდა?! დავაწყნარეთ, დავამშვიდეთ და ვუთხარით, რომ დაკავებული ყველანაირ ჩვენებას იძლეოდა. მან თქვა, რომ იმ დღეს ბაზალეთზე შემთხვევით იყო ასული, დაინახა ოჯახი პატარა ბავშვებით, რომლებმაც კარავი გაშალეს და მიხვდა, რომ ბავშვის მოპარვის შესაძლებლობა მიეცემოდა. დაელოდა დაღამებას და პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა, ბავშვი იმავე დღეს მანქანით სოხუმში ჩაიყვანა და იმ ოჯახს მიჰყიდა, რომელიც დიდ ფულს იხდიდა. შეკვეთა იმ ოჯახისგან ექვსი თვის მიღებული ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, ვერ მოიხელთა ვერავინ. ოჯახის უფროსის სახელი ახსოვდა და მისამართი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მეორე დღეს თბილისელი მაძებრები ბავშვის დედ-მამასთან ერთად სოხუმში იყვნენ. როგორც გაირკვა, ოჯახმა სიფრთხილე გამოიჩინა, ბავშვი ჯერ სოჭში გადაიყვანა, შემდეგ - კრასნოდარში, იქ გაუკეთა საბუთები და უკან დაბრუნდა. ამიტომ ვერ მიაგნეს დაკარგულის კვალს, თუმცა მალე ოჯახის უფროსი გარდაიცვალა, დედამ კი ჩათვალა, რომ უბედურება მათ სახლში ბავშვმა მიიტანა და ის ბავშვთა სახლში ჩააბარა,  კრასნოდარში. სამ დღეში, რუსულად მოსაუბრე, მაგრამ იერით ქართველი, შავტუხა ბიჭი ბიოლოგიურ დედ-მამას ეხუტებოდა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე