როგორ მოიცილეს „ოქროს მოწმეები“ კრიმინალებმა და რატომ არ გაახმაურა საქმე საბჭოთა უშიშროებამ-წითელი გენერლის საიდუმლო მკვლელობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოწმეთა დაცვის პროგრამა, პრაქტიკულად, ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ასე განსაჯეთ, საქართველოშიც კი, მაგრამ აქ ნაკლებად მუშაობს, ამის მიზეზი ჩვენი ქვეყნის მასშტაბებია. ძნელია საქართველოში ადამიანის დამალვა, რადგან თითქმის გამორიცხულია, ვინმემ არ იცნოს და მისი ნამდვილი ვინაობა არ გაამხილოს. აი, რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში... ყველაფერი ეს ძალიან მარტივია. ოქროს მოწმეს რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქში გადაიყვან საცხოვრებლად და შანსი, რომ წინა ცხოვრებიდან, შესაძლოა, ვინმეს შეხვდეს, ნულის ტოლია. არადა, მართლმსაჯულებას ისეთი მოწეებიც ჰყავს, რომელთა ადგილსამყოფელის გაგების სანაცვლოდ, კონკრეტული ადამიანები დღესაც კი მილიონობით დოლარს იხდიან, სურთ, შური იძიონ, თუმცა ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება დამალული პირების გამოვლენა. თანაც, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მოწმის შორს გადამალვა საჭირო აღარცაა, საკმარისია, სახეზე მცირე ქირურგიული ჩარევა, პლასტიკური ოპერაცია და მოწმეს მშობელი დედაც ვეღარ იცნობს...

 1988 წელს, საქართველოში ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა და სამართალდამცავებიც, ძირითადად, მის კონტროლზე იყვნენ გადასულები. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ დაახლოებით, ექვს თვეში, საქართველოში გარდამტეხი მომენტი დადგებოდა - 1989 წლის 9 აპრილი გაგვითენდებოდა, დღე მსხვერპლთშეწირვისა, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირნენ. მოკლედ, 1988 წლის ზაფხული იდგა, როცა დედაქალაქში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ავარია მოხდა და მძიმედ არავინ დაშავებულა. ამ ამბავს „გაიშნიკები“ შემთხვევით შეესწრნენ და რომ არა ეს შემთხვევითობა, მხარეები აუცილებლად მოილაპარაკებდნენ, მორიგდებოდნენ. ავტოინსპექციამ კი ყველაფერი გააფორმა, ოქმები შეადგინა, ორივე მხარეს პასპორტები ჩამოართვა, მონაცემები ბაზაში შეიყვანა და შინ გაუშვა. მეორე დღეს, ორივე მანქანის მძღოლი საგზაო მილიციის სამმართველოში დაიბარეს, რაღაც დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ეროვნებით რუსი, არ გამოცხადდა. ის არც მეორე დღეს მივიდა, არც მესამე დღეს და „გაიშნიკმაც“ უფროსს შესჩივლა, ხელმოწერას ვინ ჩივის, მისი პასპორტი შემრჩა და როგორ მოვიქცეო? უფროსმა პასპორტში მითითებულ მისამართზე მისვლა ურჩია და ორ საათში, „გაიშნიკი“ ხელმძღვანელს გაფართოებული თვალებით ეახლა - მითითებულ ადგილზე ეს კაცი არ ცხოვრობს, მას არც ვინმე იცნობს და რაც მთავარია, მანქანის ნომრებიც შევამოწმე, ახლა ამ პასპორტის მონაცემებს ამოწმებენ და მგონი, ორივე ყალბიაო. „გაის“ უფროსი შედეგებს დაელოდა, შემდეგ კი ზემდგომებს უპატაკა, რომ ავტომობილის ასეთი ნომრები და პასპორტის ასეთი სერია, უბრალოდ, არ არსებობდა. გამოდიოდა, რომ დედაქალაქში ყალბი მანქანის სანომრე ნიშნებითა და პასპორტით მოძრაობდა წარმოშობით რუსი ადამიანი და არავინ იცოდა, რისთვის ან ვისთან ერთად იყო ჩამოსული თბილისში. მასზე ძებნა გამოცხადდა და საქმეში მთელი შსს და უშიშროება ჩაერთო.

კიდევ გავიმეორებ: პატარაა საქართველო და  უბნის რწმუნებულებმა ძებნილის ფოტოსთან ერთად, მთელი თბილისი ლამის კარდაკარ შემოიარეს და ერთ კვირაში შედეგიც დადეს - ავლაბარში, სომეხმა „საპოჟნიკმა“ სურათზე თავისი მეზობელი იცნო, აგერ, უკვე მესამე წელია, აქ ცხოვრობს, ცოლი და პატარა გოგონა ჰყავს, ძალიან კარგი ოჯახიაო. უბნის რწმუნებულმა ზემდგომებს არაფერი შეატყობინა, მითითებულ მისამართზე წავიდა, შინ მხოლოდ ქალი და გოგონა დახვდა, ქალს ბორკილები დაადო და საზეიმო ვითარებაში, განყოფილებაში დარეკა, ზემდგომებს მოახსენა, სპეცოპერაცია წარმატებით დავასრულეო. ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა უბნის რწმუნებულს ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვეს, ქალს ბორკილები შეხსნეს, წინ ქმრის პასპორტი დაუდეს და ერთადერთი კითხვა დაუსვეს: - სად არის? ქალმა მშვიდად გაიღიმა, რუსეთში წავიდა, დაიბარა, რომ 3-4 დღეში დაბრუნდება და ვერ ვხვდები, რა საჭიროა ყველაფერი ეს, ან ჩემმა სერიოჟამ რა დააშავა? სამი წელია, საქართველოში ვართ, მილიციამ პირველად მოგვაკითხა, პატიოსნად ვშრომობთ, არაფერს ვაშავებთო. მართლაც, მამაკაცი ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, სოლიდური ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ პურის ფულისთვის აშკარად საკმარისი იყო. ამასთან, საღამოობით ტაქსაობდა, ოღონდ არაოფიციალურად, ისე, სამეზობლოში თუ სჭირდებოდა ვინმეს ცოტა დიდ მანძილზე წასვლა, მუდამ მზად იყო დასახმარებლად. მეზობლები ოჯახს ძალიან დადებითად ახასიათებდნენ, ჩუმები, წყნარები, ზრდილობიანები არიანო. გოგონა ავლაბარშივე, რუსულ სკოლაში დადიოდა, მესამე კლასში იყო და მის მშბლებთან პრეტენზია არც მასწავლებლებს ჰქონიათ - ბავშვი ყოველთვის მოწესრიგებული იყო, კარგად სწავლობდა და არცერთ ღონისძიებას აკლდებოდა.

ძალოვნები მიხვდნენ, რომ მამაკაცს მხოლოდ ერთი ყალბი პასპორტი არ ექნებოდა, რადგან „გაიშნიკების“ ხელში დარჩენილი პასპორტის გარეშე, ქვეყნიდან, უბრალოდ, ვერ გავიდოდა. მოლოდინი, რომ ის საქართველოში დაბრუნდებოდა, ნამდვილად არ ჰქონდათ, თუმცა მაინც დაელოდნენ, მაგრამ ამაოდ. მის სახლთან ოპერმუშაკები 24 საათი მორიგეობდნენ, მაგრამ ქალი საეჭვოდ ნამდვილად არ იქცეოდა, ჩვეულებრივად დაჰყავდა ბავშვი სკოლაში, თავად სამკერვალოში მუშაობდა და ფორიაქი არ ეტყობოდა. კვირაზე მეტი გავიდა, ქალმა რამდენჯერმე რუსეთში დარეკვა სცადა, მაგრამ ქმარს ერთხელაც ვერ დაელაპარაკა - იქ, სადაც რეკავდა, მისი ქამრი არ იყო და ქართველმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართვეს, პასპორტის ასლი გაგზავნეს და პირის ვინაობის დადგენა ითხოვეს. ორ დღეში, რუსეთიდან უშიშროების კომიტეტის ორი თანამშრომელი ჩამოვიდა.

„1984 წელს, მურმანსკში გენერალი მოკლეს. მკვლელები მისმა ადიუტანტმა და მძღოლმა დაინახეს. ისინი სასამართლოზე უნდა გამოსულიყვნენ და მკვლელები ამოეცნოთ. უფრო ზუსტად, მათ მკვლელები ამოიცნეს, ყველაფერი ეს კი სასამართლოზე უნდა დაედასტურებინათ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მურმანსკში ყველაზე გავლენიანი კრიმინალი იყო და როგორც ორი მოწმე ამბობდა, საკონტროლო გასროლაც სწორედ მან განახორციელა. სასამართლომდე ორი დღით ადრე, გენერლის მძღოლი ქუჩაში, პირდაპირ, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს და ეს იმის მიუხედავად, რომ ორი სამართალდამცავი იცავდა. მეორე კი, ადიუტანტი, უკვალოდ გაქრა. ჰოდა, ეს ადიუტანტი გახლდათ ის პირი, რომელსაც ქართველები შემთხვევით გადააწყდნენ. მას სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი, სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი ცოლსაც, ბავშვს კი მხოლოდ გვარი, სახელი იგივე დარჩა“, - ასეთი იყო რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების ვერსია.

იმის გამო, რომ მოწმეები გაქრნენ, კრიმინალური ავტორიტეტის სასამართლო პროცესი ვერ შედგა. გენერლის საქმე გაუხსნელი დარჩა, რაც რუსებისთვის შავი ლაქა იყო. ამიტომ, მათ ძალიან სჭირდებოდათ ადიუტანტი და საქართველოშიც მისთვის ჩამოვიდნენ. რუსმა „კაგებეშნიკებმა“ ცერემონიების გარეშე დააპატიმრეს ქალიც და გოგონაც, დაკითხეს და ორ დღეში, რუსეთის გზას გაუყენეს. ქართული მხარის პროტესტმა არ გაჭრა - ვერაფერი გააწყო და თანაც, ამბის გახმაურება არავის სურდა - აქეთ ეროვნული მოძრაობა უკვე მოძლიერებული იყო და უშიშროების კომიტეტის ასეთ თავხედობას, შესაძლოა, მორიგი აქციები და მიტინგები მოჰყოლოდა. ქართულმა მხარემ მხოლოდ ის მოახერხა, რომ საქმის მსვლელობის შესახებ, პერიოდულად, რუსეთიდან ინფორმაციიას მიიღებდა, მაგრამ წელი ისე გავიდა, იქიდან არაფერი ისმოდა. აღნიშნული საქმე ყველას მიავიწყდა, რუსი ძებნილისთვის აღარავის ეცალა, ჩვენთან 9 აპრილის ტრაგედია მომხდარი იყო, იმპერიის სახე - გაშიშვლებული და რაც ნაკლები ურთიერთობა იქნებოდა რუსეთთან, მით უკეთესი, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, საიდუმლო დეპეშა მაინც მოვიდა, სადაც წერდნენ, რომ ძებნილი დააკავეს და სასამართლოზე ჩვენების მისაცემად ამზადებდნენ. პრინციპში, რაღა დააკავეს, ცოლი - პატიმრობიდან, შვილი - ბავშვთა სახლიდან რომ დაეხსნა, მამაკაცი უშიშროების კომიტეტში თავად გამოცხადდა.

რუსეთიდან ცნობა აღარ მოსულა, სამაგიეროდ, საქართველოში, რუსეთში სოკოებივით მომრავლებული გაზეთები ჩამოჰქონდათ, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო აზელილი. ჰოდა, ერთ-ერთ გაზეთში, პირველ გვერდზე, საინტერესო სტატია ეწერა.

„1984 წელს, მურმანსკში, გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალური ავტორიტეტის სასამართლო პროცესი კვლავ არ შედგა. სამართალდამცავებმა კვლავ ჩაისვარეს და მეორე ოქროს მოწმეც დაკარგეს. ის ჩვენების მისაცემად სასამართლოში მიიყვანეს და როცა მანქანიდან გადმოვიდა, სნაიპერმა ორი ტყვია ესროლა. ძალოვნებმა ვერც სნაიპერის დაკავება შეძლეს“, - ეწერა სტატიაში.

რომ არა ის ავარია და შემთხვევით შესწრებული „გაიშნიკები“, რუსულ უშიშროებას გამოქცეულ გენერლის ადიუტანტს, შესაძლოა, დღემდე საქართველოში ეცხოვრა.

 

ავტორი:  ბათო ჯაფარიძე