მამის შურისძიება - ქალებზე მონადირე სამართალდამცავი მსხვერპლის მამამ დანით მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 აფხაზეთის სანაპირო ზოლი დღეს დამსვენებლებისთვის უსაფრთხო არ არის. მას შემდეგ, რაც ეს მარგალიტი საქართველოს იურისდიქციიდან გავიდა, სიტუაციას კრიმინალები აკონტროლებენ, სეპარატისტული მთავრობა კი არ ცდილობს ვითარების გამოსწორებას, რადგან ქაოსი აწყობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია ადამიანების კონტროლი და შიშის ქვეშ ყოფნა. არადა, ადრე ზღვისპირა რეგიონები და, მათ შორის, აფხაზეთის ულამაზესი სანაპიროც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო, რათა საბჭოთა მოქალაქეებს შვებულება მშვიდად გაეტარებინათ და ამიტომ, ზაფხულობით, იქ უამრავ სამართალდამცავს ამატებდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იმის გარანტი, რომ დანაშაული არ მოხდებოდა, მაგრამ კრიმინალს მაქსიმალურად ამცირებდნენ.

 „ის პერიოდია, როცა ხშირად ისმის ინფორმაცია აფხაზთა ჩაგვრის შესახებ, ვითომ მათ თანამდებობებზე არ ნიშნავენ და საპასუხისმგებლო პოსტებზე მხოლოდ ქართველები არიან. არადა, ყველაფერი პირიქით ხდება და შეუქცევადი პროცესი მიდის. მივდივართ იქითკენ, რომ მალე ყველა და ყველაფერი აფხაზებს ექნებათ, თუმცა ძველი თაობა, ასე თუ ისე, ინარჩუნებს ურთიერთობას, არ არის აგრესიული და წყალს მხოლოდ ათამდე ადამიანი ამღვრევს. ამიტომ, როცა ერთ დღეს, სოხუმში, აფხაზი სამართალდამცავი მოკლეს, ლამის ომი დაიწყო, ეს ქართველებმა შეგნებულად გააკეთეს, აფხაზებს გვანადგურებენო. ამიტომ, თბილისიდან დავალება მივიღე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მკვლელობა გამეხსნა და რაც შეიძლება, მოკლე დროში. მომცეს განსაკუთრებული უფლებები და სოხუმში გამიშვეს“, - გვიყვება ერთ-ერთ რეზონანსულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მოკლული ადგილობრივი მილიციის ლეიტენანტი გახლდათ, რომელსაც დანით გაუსწორდნენ. ის გამვლელებმა იპოვეს და ექსპერტიზის დასკვნით, გულის არეში, ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა. ექიმებისვე თქმით, ასეთ დარტყმას მხოლოდ მამაკაცი თუ განახორციელებდა და რაც მთავარია, მკვლელმა კარგად იცოდა ანატომია, რადგან დარტყმა ქირურგიული სიზუსტით იყო შესრულებული. იმ პერიოდში, სოხუმში იმდენი დამსვენებელი იყო, მათში ექიმებისა და შესაბამისად, სავარაუდო მკვლელის ძებნა თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა. ამიტომ, თბილისიდან ჩასულმა გამომძიებლებმა, პირველ რიგში, მისი გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. მოკლული უცოლო გახლდათ და როგორც ამბობდნენ, უკონფლიქტო პიროვნება იყო. მის ერთადერთ სისუსტეს სუსტი სქესი წარმოადგენდა, შვებულებასაც მაშინ იღებდა, როცა საკურორტო სეზონი იწყებოდა და ბოლომდე ერთობოდა, თუმცა ამის ნიადაგზე, კონფლიქტი არასდროს, არავისთან მოსვლია. საკურორტო რომანები მაშინაც არ იყო იშვიათი, მაგრამ ამის გამო არავის კლავდნენ.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ სამართალდამცავი შვებულებაში ორი დღის გასული იყო და იმ პერიოდში, კოლეგებს ნანახი არ ჰყავდათ. მისი მეზობლები კი ამტკიცებდნენ, თუ ვინმესთან რომანი ჰქონდა, შინ მოჰყავდა, რადგან მარტო ცხოვრობდა, ამ ორ დღეში კი არავინ მოუყვანიაო. ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ თბილისიდან ჩასულ სამართალდამცავებს აფხაზი კოლეგები ხელს არაფერში უწყობდნენ, თუმცა იქ მსახურობდნენ ქართველებიც და აქედან ჩასულებს სწორედ მათი იმედი ჰქონდათ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოძიებას უთხრა, გარდაცვლილი შარშან გაეხვა შარში, ეგებ, ეს ამბავი იმის გაგრძელება იყოსო.

„როგორც ქართველმა კოლეგამ გვითხრა, წინა ზაფხულს, მილიციის მოკლულ თანამშრომელს ერთმა ციმბირელმა გოგომ უჩივლა, გამაუპატიურაო. საქმე არც აღძრულა, რადგან ჩათვალეს, რომ გოგო აჭარბებდა, დაქალთან ერთად იყო ჩამოსული, დაქალი კი გაიძახოდა, გაუპატიურება არ ვიცი, ჩემი მეგობარი იმ კაცს შინ საკუთარი ნებით გაჰყვა და როცა ღამით, კაცთან საკუთარი ნებით მიდიხარ, ყველაფერი ნათელიაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებს წინა წელს დაზარალებული გოგონას ვინაობის გარკვევა არ გასჭირვებიათ და შესაბამისი მოთხოვნაც გაგზავნეს მის საცხოვრებელ ადგილზე. პასუხი მეორე დღეს მოვიდა - გოგო მშობლებთან ერთად, დასასვენებლად... სოხუმში წავიდა. გამოდიოდა, რომ იმ ქალაქში იყო, სადაც წინა წელს გააუპატიურეს. როგორც წესი, ასეთ ადგილებს დაზარალებულები ერიდებიან ხოლმე და მხოლოდ მაშინ ბრუნდებიან, როცა შურისძიება სურთ. ქართველმა სამართალდამცავებმა ივარგეს და მშობლებთან ერთად, გოგონას ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. მილიციის გამოჩენამ ისინი გააოცა, როცა გოგომ გაიგო, რის გამოც ეძებდნენ, სიხარული არ დაუმალავს, იმ ცხოველს ასე ეკუთვნოდაო. მშობლებმა საერთოდ პირი დააღეს, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, ჩვენ ექიმები ვართ, ჩვენს შვილს კი ზღვის ჰაერი ფილტვებისთვის სჭირდება, აქ დასასვენებლად კი არა, უფრო სამკურნალოდ ვუშვებთ, ერთ წელსაც არ ვტოვებთო. გადამოწმეს მათი ალიბიც და აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანი, მკვლელობის დროს, რესტორანში ვახშმობდა. ეს დაადასტურა იმ მიმტანმაც, რომელიც მათ მაგიდას ემსახურებოდა. ახალგაზრდა ბიჭი ამტკიცებდა, ოჯახი რესტორანში, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ბევრი არაფერი უჭამიათ, მუსიკას უსმენდნენ და „ჩაიც“ არ დამიტოვესო.

მომხდარიდან ოთხი დღე გავიდა და გამოძებამ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია. ამან აფხაზი სამართალდამცავები უფრო გააბრაზა, აქაოდა, შეგნებულად არ იძიებთ საქმესო.

„ზღვაზე საბანაოდ ღამე გამოვედი. დღისით რომ მებანავა და აფხაზ მილიციელებს დავენახე, იტყოდნენ, თბილისიდან გასართობად არიან ჩამოსულებიო. ორი საათი არ ამოვსულვარ ზღვიდან და როცა ამოვედი, იქვე ახლოს, წყვილი შვენიშნე. სილუეტები მეცნო, ახლოს ჩავუარე და ბიჭში ოფიციანტი ვიცანი, გოგო კი ის ციმბირელი გახლდათ, წინა წელს რომ გაუპატიურებაზე ჩიოდა. გამოდიოდა, რომ ისინი ერთმანეთს არა მარტო კარგად იცნობდნენ, არამედ, გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან ჩახუტებულები მიდიოდნენ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მეორე დღეს, რესტორნის სხვა თანამშრომლები დაკითხეს და მხოლოდ ერთმა აღნიშნა, იმ მაგიდას კონკრეტული ოფიციანტი იმიტომ ემსახურებოდა, რომ გოგო მისი საცოლეა, ყოველ წელს ჩამოდიან, ყოველთვის ამ სასტუმროში ჩერდებიან და მესამე წელია, ერთმანეთი უყვართ, წელს ქორწილსაც აპირებენო. მისივე თქმით, მაგიდასთან მხოლოდ ქალები ისხდნენ, ოჯახის უფროსი კი მოგვიანებით შეუერთდათ. რაღა თქმა უნდა, ოჯახიცა და ოფიციანტიც დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. სანამ ოჯახის წევრებს ქართველები ჰკითხავდნენ, ოფიციანტი დასაკითხად აფხაზმა სამართალდამცავებმა გაიყვანეს და ისე დაამუშავეს, ერთ საათში, მაგიდაზე ჩვენება იდო.

„შარშან ჩემი საცოლე მილიციის თანამშრომელმა გააუპატიურა. დაბადების დღე მქონდა, მან კი გოგოს უთხრა, რომ მამაკაცის უცხოური სუნამო ჰქონდა და იაფად მისცემდა. ჩემი საცოლე შინ გაჰყვა და ძალადობის მსხვერპლიც იქ გახდა. მაშინ ვერაფერი გავაკეთეთ. წელს საცოლე ოჯახით ჩამოვიდა, ქორწილს ვაპირებდით და სასიმამროს ვუთხარი შარშანდელის შესახებ, თუმცა ისიც ავუხსენი, ამის გამო, უარის თქმას არ ვაპირებ, თქვენი შვილი სიგიჟემდე მიყვარს-მეთქი. მან მთხოვა, მილიციის თანამშრომელი დამანახე, მინდა სახეზე ვიცნობდეო. შემდეგ ყველაფერი მარტივად მოხდა, მაგიდა შეუკვეთეს რესტორანში, კაცმა დააგვიანა, ხოლო როდესაც შინ მიდიოდნენ, მითხრა, თუ ვინმე იკითხავს, უთხარი, რომ თავიდანვე აქ ვიყავიო. მაშინ ვერაფერს მივხვდი, მეორე დღეს კი მილიციის თანამშრომლის მკვლელობის ამბავი გავიგე“, - ასეთი იყო ჩვენების მოკლე შინაარსი.

ქართველმა სამართალდამცავებმა იმდენი მოახერხეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული თბილისში გადაიყვანეს და ოჯახის წაყვანასაც სპეციალური გაძლიერებული ძალები დასჭირდა. აფხაზეთიდან წავიდა ოფიციანტიც, რომელსაც შურისძიებით ემუქრებოდნენ. სასამართლომ დაკავებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ის მოსკოვმა გამოითხოვა და ქართულ მხარეს ექსტრადიციაზე უარი არ უთქვამს.