როგორ უნდა აღიკვეთოს 14 წლამდე მოზარდების კრიმინალი და რა პრობლემებია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წლებია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ბიზნესმენებისთვის, რადგან მოზარდები, ძირითადად, მაღაზიებს, რესტორნებსა და მსგავს კერძო ობიექტებს ძარცვავენ. 2016 წლის  იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად 14, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის - 16 წელი განისაზღვრა. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული. მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. განრიდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმად ითვლება, რომლის მიზანი არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა. 

ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განსაკუთრებით იმატა. წელს, იანვარში, თბილისში, მხოლოდ ერთ ღამეში, არასრულწლოვნების დაჯგუფებამ 6 ობიექტი გაძარცვა. წაღებულია დიდი რაოდენობით თანხა, მოზარდები კი ისევ დაუსჯელები არიან. გაძარცვული ობიექტების მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ კრიმინალური დაჯგუფების მიღმა, მათი მფარველები და ორგანიზებული ჯგუფები დგანან.

ორი თვის წინ, ორმა არასრულწლოვანმა, გლდანში მდებარე აზიური რესტორანი გაძარცვა, როგორც რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი გვიყვება, წაღებული ნივთი ვერ დაიბრუნეს და არც მორიგი თავდასხმისგან არიან დაცულნი:

„15 ნოემბერს, დაახლოებით, 8:10 საათზე(დღის სინათლეზე, საკმაოდ მოძრავ ქუჩაზე), ორი არასრულწლოვანი (ერთი - 13 და მეორე - 15 წლის) შეიჭრა კაიშის ობიექტზე, გატეხა კარი და წაიღო ვოლტის პლანშეტი (ეფლის აიპედი, რომელიც ვოლტისგან და ვოლტის მოთხოვნით, 1800 ლარად შევიძინეთ).

გამოძიება დაწყებულია, ამოცნობილია ეს ორი არასრულწლოვანიც, მაგრამ არის მეორე პრობლემა - 13 წლის არასრულწლოვანს არ ეკისრება პასუხისმგებლობა (არც მის მშობლებს/მეურვეებს, სამწუხაროდ).

15 წლისას ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა ძალიან გართულებულად, ბევრი ბარიერითა და ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ჩვენი ობიექტის გაძარცვის შემდეგ, ის პოლიციამ კიდევ სხვა ძარცვისას გამოიჭირა და როგორც ვიცით, ამიტომ დააკავეს.

ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მიღებულია დაჩქარებული და ჩვენს რეალობაზე მოურგებელი ფორმით, პირდაპირ დაკოპირებულია ევროკავშირიდან, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვემხრობით არასრულწლოვანის ციხეში ჩასმას და გაკრიმინალებას პურის, ან ბურთის მოპარვის გამო, მაგრამ არც ის გვინდა, რომ უფრო საშიშ დამნაშავედ გამოიწვრთნას. ეს ბავშვები სწავლობენ და იწვრთნებიან პროფესიონალ დამნაშავეებად. მათ ამისთვის აქვთ 5-6 წელი - 18 წლამდე, სანამ გახდებიან სრულწლოვნები და ამ პერიოდში აქვთ დაუსჯელობის ლიმიტი.

ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ამ კანონში ცხოვრება, არც იმაში, რაც მანამდე იყო. შუალედი გვინდა და მეტი ფიქრი პარლამენტში, კანონის კოპირება არ არის გამოსავალი და რა თქმა უნდა, სწრაფი რეაგირებაც საჭიროა. როგორც გვითხრეს, ეს ბავშვები და მათნაირები ასე „დათარეშობენ“ ქვეყნის მასშტაბით და მათი გამჩერებელი არავინაა, კანონი მკაცრად იცავს მათ უფლებებს, ჩვენსაზე (დაზარალებულზე) მეტადაც კი.

პრაქტიკაში, მოგებული მხოლოდ დამნაშავე მხარე რჩება. ეს არასრულწლოვნებიც, მათი „კეთილის მსურველებისგან“ (მშობლები, უფროსი დედ-მამიშვილები, გარემოცვა) კარგად არიან გაცნობიერებულნი კანონებში და იციან, როგორ იმოქმედონ, რომ „სუფთად“ გამოვიდნენ. სავარაუდო თანამზრახველებიც ხომ, ხშირად, ეს „კეთილისმსურველები“ არიან.

ჩვენი სურვილია, რომ ეს პლანშეტი დაბრუნდეს. მეტი არაფერი. სავარაუდოდ, ვინმე „პატიოსანი დამშლელი“ ამ პლანშეტს 100-200 ლარად ჩაიბარებს და გაყიდის ნაწილებად. ჩვენ კი ისევ 1800 ლარად გვიწევს „ვოლტთან“ თანამშრომლობის გაგრძელება-აღდგენა“, - გვიყვება დაზარალებული.

 

***

რა ხარვეზებია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონში (აღსრულებაში) და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? - „ვერსია“ ადვოკატ მარი შათირიშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო მარი, რას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახლანდელი კანონი და როგორ იცვლებოდა ის, ბოლო წლების განმავლობაში?

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი ბავშვის უფლებათა კონვენცია, ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტია. კონვენცია ადგენს იმ ძირითად პრინციპებსა და სპეციფიკურ საპროცესო გარანტიებს, რომლებსაც უნდა ითვალისწინებდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების გარდა, არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ოთხი ძირითადი, დამატებითი დოკუმენტი:

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის შესახებ („რიადის პრინციპები“); გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ („პეკინის წესები“); გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დასაცავად („ჰავანის წესები“) და სახელმძღვანელო პრინციპები სისხლის სამართლის სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებით მოქმედების შესახებ („ვენის პრინციპები“).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოთხი დოკუმენტის სტატუსი განსხვავდება ბავშვის უფლებათა კონვენციის სტატუსისგან - ეს დოკუმენტები საერთაშორისო ხელშეკრულებები არ გახლავთ, რომელთა რატიფიცირებასაც ახდენენ სახელმწიფოები და თანხმდებიან, იკისრონ ვალდებულებები. ეს უფრო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მინიმალური სტანდარტებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოებმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკუთარი სისტემების შეცვლისა თუ ახალი კანონმდებლობის შემუშავებისას.

2020 წელს, როცა საქართველოში ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, ავტორებმა სცადეს, რომ კომპლექსურად გაეთვალისწინებინათ ზემოჩამოთვლილი პრინციპები და მოექციათ კანონის ფორმატში, რაც მეტ-ნაკლებად მოხერხდა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ერთია კანონი და მეორე - მისი აღსრულება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, კვლავაც სერიოზული ხარვეზები გვაქვს.

- რა ხარვეზებს გულისხმობთ? თქვენი აზრით, კანონის რომელი ნაწილია შესაცვლელი ან დასახვეწი?

- ცალსახად ამის თქმა რთულია, თუმცა აქაც უნდა გამოვყოთ რამდენიმე პრინციპი: ქართული კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, არასრულწლოვანია და ჩვენი კანონმდებლობაც ითვალისწინებს არასრულწლოვნის პასუხისმგებლობას. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს ნებისმიერი ასაკის არასრულწლოვანს. მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იყო 16 წლის, ნაკლები ასაკის შემთხვევაში კი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აქ პასუხისმგებლობის ასაკად დადგენილია 14 წელი.

ავიღოთ სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ფიგურანტები არასრულწლოვნები არიან. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ როგორც კვლევებით დადგენილია და პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს, ბოლო წლებში ბრალდებულ არასრულწლოვანთა 70%-ზე მეტს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, დანარჩენი დანაშაულების პროცენტული ხვედრითი წილი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დადანაშაულებზე მოდის. ცხადია, მთელი საქართველოს მასშტაბით, არასრულწლოვანთა დანაშაულის ყველაზე დიდი ოდენობა თბილისზე მოდის. სამართალდამცავთა მთავარი თავსატეხი იყო და არის ე.წ. არასრულწლოვანთა ბანდები - 9-13 წლის ბავშვები, რომლებიც ჯგუფურად ტეხავენ სუპერმარკეტებს, ოფისებს და სხვა დაწესებულებებს, იპარავენ საკვებს, ფულს, ალკოჰოლურ სასმელებს, ძვირფასეულობას, თუმცა ისინი კანონის მიღმა არიან, რადგან არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის. რა უნდა ქნას სახელმწიფომ? პასუხი ერთია - პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ეს თემა საქართველოში საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულია.  

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია. კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას მიიჩნევს. მათი აზრით, დამნაშავე მოზარდების უმეტესობას მშობლების ყურადღება აკლია. ამბობენ, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ არიან, ხანდახან არასწორ გარემოში ხვდებიან და „გზას სცდებიან“. რისკის ჯგუფად მიაჩნიათ, ასევე, ქუჩაში მცხოვრები, უსახლკარო ბავშვები. ასახელებენ, აგრეთვე, ბავშვობაში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს, გადატანილ ძალადობას, კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიბაძვას და ა.შ. რა უნდა დაუპირისპიროს ამას სახელმწიფო? - პრაქტიკულად, არაფერი.

საერთოდ, ცალკე თემაა კიდევ არასრულწლოვანთა ქორწინება, უმეტესად - არაქართველ მოსახლეობაში. ხშირია შემთხვევა, როცა ადრეულ ქორწინებას ხელს უწყობენ მშობლები, ზემოქმედებას ახდენენ შვილებზე, ან მონაწილეობენ ოჯახში ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. სახელმწიფოს რეაგირება ძირითადად არის „პოსტ ფაქტუმ“.

შეიძლება, ბევრი ხარვეზი მოიძებნოს, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა სოციალურ სამსახურია, რომელიც სახელმწიფო სსიპ-ია. ეს სამსახური დღეს ერთადერთია, რომელიც კანონით, საკუთარ თავზე იღებს მართლმსაჯულების განხორციელების პერიოდში არასრულწლოვნის უფლებების დაცვას და ზრუნვას მისი საუკეთესო ინტერესებით გათვალისწინებით. როდესაც, მაგალითად, საქმე ეხება მშობლების განქორწინებას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, სამართალწარმოების პერიოდში, ორივე მშობლის უფლება შეჩერებულია და ბავშვის ინტერესებზე ზრუნვას სწორედ ზემოაღნიშნული სამსახური ახორციელებს. ვინ მუშაობენ იქ? - სოციალური მუშაკები, რომელთა ხელფასებიც მიზერულია და რომლებსაც, ყოველდღიურად, რამდენიმე ათეული ბავშვის საქმე შეიძლება დაეწეროთ, რომელთა სათანადო განათლება და  კვალიფიკაცია ხშირად ეჭვქვეშ დგება და რომლებიც ხშირად მხოლოდ ბავშვის სახელსა და გვარს ცვლიან გაცემულ დასკვნებში, ტექსტი კი იგივეა. ჩემს კოლეგებს ხშირად უხდებათ არაადამიანური ძალისხმევა, რათა სასამართლო დაარწმუნონ იმის საწინააღმდეგო რეალობაში, რაც სოცმუშაკის დასკვნაშია ასახული. არ ხდება არათუ საზოგადოების, არამედ, არც იურიდიული წრის, თუნდაც, ყოველწლიური ინფორმირება, რა იგეგმება და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებთ, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

უკეთესი გამოსავალი აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს - პროკურატურას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წლამდე არასრულწლოვანისთვის კიდევ ერთი შანსია, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. 2016 წლიდან, რაც ახალი არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შევიდა ძალაში, განრიდება კანონით გახდა პრიორიტეტული. აქვე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა მოსამართლის უფლებამოსილებაც - უფლება აქვს, თავისი ინიციატივითაც დაუბრუნოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე განრიდებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ძალიან კარგი მექანიზმია და შეიძლება, პრევენციულიც დავარქვათ, თუმცა რეალურად, პრევენციასთან ნაკლებად აქვს საერთო.

- კანონის თანახმად, გამოდის თუ არა, რომ დაზარალებულის უფლებები ნაწილობრივ დარღვეულია?

-  საერთოდ, საქართველოში დაზარალებულის უფლებები საკმაოდ შეზღუდულია და ეს არ ეხება მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს, დაზარალებული პროცესის მონაწილე მხარედ დღემდე არაა აღიარებული. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებით, დაზარალებულს დაუბრუნდა გარკვეული უფლებები, მაგრამ ძირითადად, მხოლოდ მოწმის უფლება-მოვალეობებით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოქალაქე ითხოვდა არაკონსტიტუციურად ყოფილიყო მიჩნეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც გამორიცხავდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაზარალებულის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანას, აგრეთვე, ახლადგამოვლენილი გარემოების გამო, განაჩენის გადასინჯვაზე შუამდგომლობის დაყენებას. დაზარალებულთა უფლებები, ცხადია, უფრო მეტად დარღვეულია 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში, სადაც არ დგება სასამართლო განაჩენი და შესაბამისად, დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას, სამოქალაქო წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

- თუ გქონიათ გამოცდილება, რამდენად სწორად და სწრაფად ხდება კანონის აღსრულება ასეთი ფაქტის დადგომის დროს?

- ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის, რამდენად სწორად და კვალიფიციურად მოხდება გამოძიების წარმართვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. რამდენად სწრაფად მოახერხებს საგამოძიებო ორგანო შესაბამისი კომპეტენციის ფსიქოლოგების, სოცმუშაკების ჩართვას საქმეში. გამოცდილება პოზიტიურიც მაქვს და ნეგატიურიც. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი მაინც ინდივიდებზეა დამოკიდებული და არა - ინსტიტუციების სიძლიერეზე.

- რა პროცედურები ტარდება მას შემდეგ, როდესაც არასრულწლოვანი დამნაშავის იდენტიფიცირება ხდება?

- კანონის თანახმად, არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს, თუ შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისთვის მნიშვნელოვანი  ინფორმაცია. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. რადგან არასრულწლოვნის გამოკითხვაზე ფსიქოლოგის დასწრების საკითხს გამომძიებელი წყვეტს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ფსიქოლოგთან დაკავშირებით გავრცელებული ორი არასწორი მოლოდინი: პირველი - ფსიქოლოგი სწრაფად და აუცილებლად მოიპოვებს ბავშვის ნდობას და მიიღებს ინფორმაციას და მეორე - ფსიქოლოგი გააკეთებს დასკვნას, სიმართლეს ამბობს თუ არა ბავშვი. ეს ასე არაა. ფსიქოლოგიაში ისევე, როგორც სხვა პროფესიებში, მრავალი მიმართულება არსებობს, ამიტომ ნებისმიერი ფსიქოლოგი არ შეიძლება იყოს სპეციალიზებული ბავშვის განვითარებისა და მით უფრო, გამოკითხვის საკითხებში. ნებისმიერ სპეციალიზებულ ფსიქოლოგსაც კი არ შეუძლია ყველა ბავშვთან დაამყაროს სანდო კომუნიკაცია და მიიღოს ინფორმაცია. ამისთვის აუცილებელია სპეციალიზებული ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვს ეხმარება: უცხო გარემოსთან ადაპტაციაში; სტრესისა და შფოთვის შემცირებაში; ახდენს მის ინფორმირებას პროცესის მიზნებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით; განუმარტავს დასმული შეკითხვის მიზანს; ახდენს შეკითხვების ფორმულირებას მისთვის გასაგები ენით.

თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას, შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდი ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ, რომ თუ ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის ან/და ცრუ ჩვენებას მისცემს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. არ შეიძლება, არასრულწლოვანი დაიკითხოს 22.00-დან 08:00 საათამდე. იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით, არანაკლებ, ყოველ ოთხ საათში ერთხელ, აგრეთვე, საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.

- რა არის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყველა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და საფრთხილო?

- ყველაზე მნიშვნელოვანი და საფრთხილო ბავშვთან სწორი მიდგომა, მისი ნდობის მოპოვებაა, რადგან შესაბამისად, ეს სწორი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას იძლევა.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი