ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ამ წუთებში გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით საუბარი 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხაჩილავამ.

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, დავიწყო შვილთან ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. არ მინდა, ჩემს პირადზე ვისაუბრო, ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები და განვიხილავ.

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მით უმეტეს, როდესაც იყო ჩემი ხმა გაშვებული სატელევიზიო სივრცეში, ეს ძალიან არასწორად, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი ზოგადად არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ ჩემთვის ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება, ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა“, – განაცხადა ბასილაშვილმა.