მღვდელი კელიაში მოკლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი:ბათო ჯაფარიძე

ძვირადღირებული საბედისწერო ხატი - როგორ გავიდა პოლიცია დამნაშავე ტელეოპერატორის კვალზე  

მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკლესიისკენ შემობრუნება ეროვნულ მოძრაობასთან ერთად დაიწყო. გარდა იმისა, რომ ხალხმა ეკლესიებში სიარულს მოუხშირა, ტაძრების მშენებლობაც განახლდა და ბოლოს, შეიძლება ითქვას, ერთგვარად უკონტროლო სახე მიიღო. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ „უკონტროლო სახეში“ - ვისაც ფული და სურვილი ჰქონდა, ლამის, სახლის წინ მოითხოვა ეკლესიის აშენება, ბევრმა საკუთარ უბანში ააშენა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იხდიდა მშენებლობის ფულს - „კანონიერი ქურდი“ თუ მინისტრი. ეკლესიები შენდებოდა და თუ რეალურად ვიმსჯელებთ, მსოფლიოში მოსახლეობაზე პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ, ეკლესიების რიცხოვნობის მხრივ, საქართვლო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნება. მერე ბევრი რამ შეიცვალა, რიგითი, ანაფორიანი მამაოების გვერდით, ზედმეტად შეძლებული მღვდლები გამოჩდნენ და, ცოტა არ იყოს, სამღვდელოებისადმი რწმენა ამ აურაცხელმა სიმდიდრემ შეარყია, თუმცა, რა თქმა უნდა, დღესაც არიან ისეთი მღვდლები, რომლებსაც მრევლი თვალდახუჭული მიჰყვება.


სწორედ ერთ-ერთი ასეთი მამაო იპოვეს გარდაცვლილი 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, ერთ-ერთი სოფლის ეკლესიის კელიაში. იმის გამო, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა, საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს, რადგან არავის სურდა, სასულიერო პირის მკვლელობა, მაგალთად, კომუნისტებს დაბრალებოდა, ან რომელიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. ამიტომ, საქმის გამოსაძიებლად საუკეთესო მაძებრებს უხმეს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მამაოს მცირე საამქრო ჰქონდა გახსნილი, სადაც ძირითადად, ყოფილ პატიმრებს ასაქმებდა. თავადაც ყოფილი პატიმარი იყო და ამიტომ, ამ მიმართულებით, დიდი სანაცნობო ჰყავდა. მგონია, რომ მკვლელი სწორედ იმ საამქროში უნდა ეძებოთ, რადგან ყველამ იცოდა - მამაო ახალი ჩარხებისთვის ფულს აგროვებდა, საწარმოს გაფართოება სურდა“, - უთხრა სოფლის უბნის რწმუნებულმა თბილისიდან ჩასულ გამომძიებლებს.
საამქროში, მთლიანობაში, 14 ყოფილი პატიმარი მუშაობდა. ეს არ იყო კონკრეტულად ერთი მუხლით გასამართლებულ ადამიანთა ერთობა - იქ იყვნენ მკვლელობის, ყაჩაღობის, ქურდობის, ძარცვის მუხლებით გასამართლებული პირები, რომლებიც მათ მიერვე, ეკლესიასთან ახლოს აშენებულ სახლში ცხოვრობდნენ, სოფლის ორი ხანშიშესული ქალი საკვებს უმზადებდა, ურეცხავდა, ულაგებდა და სანაცვლოდ, ხელფასს იღებდა. შემოსავალი კი ამ ადამიანებს სწორედ საამქროში გაკეთებული ნივთების გაყიდვიდან ჰქონდათ. იმასაც ამბობდნენ, საოცარ რამეებს ამზადებენო. ტერიტორიაზე შესულ გამომძიებელთა ჯგუფს შინიდან მხოლოდ ერთი კაცი გამოეგება, მშვიდად ახედ-დახედა მისულებს და ასევე, მშვიდად უთხრა, მკვლელს ჩვენც ვეძებთ და როცა ვიპოვით, დაგირეკავთ, გვამი რომ წაიღოთო.
სამართალდამცავებისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო, თუმცა აზრზე მალე მოვიდნენ და სახლში შესვლა მოითხოვეს. ყოფილი პატიმრები გამომძიებლებს მშვიდად შეხვდნენ, ყველა მათგანს ალიბი ჰქონდა ანუ იმ ღამეს, როცა მამაო დანით მოკლეს, ერთად იყვნენ, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგს ეძინა, ზოგიც ტელევიზორს უყურებდა. მამაოს სახლამდე, დაახლოებით, 300 მეტრი იყო და იქ წასვლა-წამოსვლა, წესით, შეუმჩნეველი არავის უნდა დარჩენოდა, თანაც ექსპერტი ამბობდა, მამაოს დანა საძილე არტერიასთან ჩაარტყეს და მკვლელი სისხლით აუცილებლად დაისვრებოდაო. სისხლიან ტანსაცმელს კი ვინმე აუცილებლად შენიშნავდა.
უკან გამობრუნებული გამომძიებლები ეზოში გაფენილ სარეცხთან შეჩერდნენ. ერთ-ერთ პერანგს, რომელიც გასაშრობად იყო გაფენილი, მუქი ლაქები ეტყობოდა. პერანგის პატრონი იკითხეს, სახლის ერთ-ერთი ბინადარი იყო, რომელმაც დაადასტურა, მუქი ლაქები სისხლია, ხელი გავიჭერიო და შეხვეული ხელიც აჩვენა. პერანგი ექსპერტიზაზე მაინც წაიღეს და... ახალი ვერაფერი გაიგეს - სისხლი ყოფილ პატიმარს ეკუთვნოდა. რაც მთავარია, ჩარხების შესაძენად წაღებული ფული ადგილზე იყო, მცირე ზომის რკინის სეიფში, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული და სეიფის კოდი იქ მყოფმა ყველა ყოფილმა კრიმინალმა იცოდა ანუ მამაო ფულის გამო არ მოუკლავთ - შესაძლებელი იყო, რომელიმე ყოფილმა თანასაკნელმა, ძველი წყენა გაუხსენა. გადაქექეს მისი საქმეები, ბევრი იმუშავეს, მაგრამ ამაოდ - ვერავინ ნახეს ისეთი, ვინც მამაოზე აუგს იტყოდა. ისინიც კი, რომლებიც მასთან მივიდნენ და დახმარება სთხოვეს, დასაქმდნენ, მაგრამ ვერ გაძლეს და წავიდნენ. ამბობდნენ, რომ მამაო მათთვის ყველაფერს აკეთებდა, ყურადღებას აქცევდა, ცოტ-ცოტა ფულსაც უგზავნიდა ძალიან გაჭირვებულებს.
გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, მამაოს კელიაში ძველი ხატები ჰქონოდა და რომელიმე იმდენად ძვირფასი ყოფილიყო, რომ სწორედ ამის გამო მოეკლათ. ყოფილი პატიმრები განმეორებით დაკითხეს, ყველა ამბობდა, რომ ხატები კელიაში ნამდვილად ეკიდა, თუმცა მათ ღირებულებაზე ვერ საუბრობდნენ. ზოგი ამბობდა, ექვსი ხატი იყოო, ზოგიც - ექვსი კი არა, კედელზე შვიდი ხატი ეკიდაო, ზოგიც სამს და ოთხს ასახელებდა. ფაქტი კი ის გახლდათ, რომ რამდენიმე ადგილზე კედელი თეთრად იყო დარჩენილი ანუ შესაძლოა, მკვლელმა ხატები მართლაც წაიღო, თუმცა პატიმრები არც იმას მალავდნენ, რომ მამაო ხატებს ადგილებს ხშირად უნაცვლებდა, ზოგს მაგიდაზე დებდა, ზოგს ჰკიდებდა, ამიტომ დასაბუთებულად ამის თქმაც შეუძლებელი გახლდათ. მხსნელად ისევ პატიმრები მოგვევლინნენ, რომლებმაც თქვეს, რომ დაახლოებით, სამი თვის წინ, მამაოსთან ტელევიზიიდან იყვნენ მისულები, გააშუქეს, როგორ შრომობდნენ ყოფილი პატიმრები და რაც მთავარია, მამაოსთან ვრცელი ინტერვიუ, სწორედ კელიაში ჩაწერეს, განათებების ფონზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გადაცემაში გასულ კადრებზე კარგად გამოჩნდებოდა, რა ხატები ეკიდა ოთახში და რაც მთავარია, შესაძლებელი იყო, შესაბამის სპეციალისტს დაედგინა, ჰქონდა თუ არა რომელიმეს ღირებულება. რაღა თქმა უნდა, ტელევიზიამ გადაცემის ფირი უპრობლემოდ გასცა და გამომძიებლებმა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ექსპერტთან ერთად უყურეს, მაგრამ...
„თავადაც ხომ ხედავთ, კადრი ისეა დაყენებული, რომ ხატები არა პირდაპირ, არამედ, გვერდიდან ჩანს. ესეც არ იყოს, ტელევიზორის საშუალებით, ძნელია დავადგინო, ჰქონდა თუ არა რომელიმე ხატს ღირებულება და რაც მთავარია, თუ არ შევეხები ნივთს, ვერ ვიტყვი, ის ძველია თუ ორი კვირის წინ დამზადებული“, - განაცხადა ესქპერტმა და გამომძიებლებმაც ყურები ჩამოყარეს, თუმცა მალე განყოფილებაში ტელევიზიის ფოტოგრაფი მივიდა და მაგიდაზე, დაახლოებით, 40 სურათი დადო, იქ რომ ვიყავით, ფოტოები გადავიღე და ოთახშიც ძალიან ბევრს ვიღებდი, ეგებ, რამეში გამოგადგეთო. მართალია, ფოტოები შავ-თეთრი იყო, მაგრამ ნათლად ჩანდა ყველა ხატი და ტელევიზიის ფირის ხარისხსაც აშკარად სჯობდა. სამართალდამცავები ისევ ექსპერტთან გაიქცნენ. მან ყურადღებით დაიწყო ფოტოების დათვალიერება, ერთ ფოტოს კი განსაკუთრებულად დააკვირდა, შემდეგ გამომძიებლებს მიუბრუნდა, ფოტოები მიუგდო და გაბრაზებულმა ჰკითხა - „დამცინით?!“
ძალოვნები ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა. ვერ მიხვდნენ, რაში მდგომარეობდა დაცინვა ან რამ გააბრაზა ღვაწლმოსილი ექსპერტი.
„ფოტოზე რომ კაცი ჩანს, კამერის უკან, ეგ ჩვენთან მუშაობდა, ჩემი ყოფილი კოლეგაა, რაღაც სკანდალის გამო გააგდეს, მგონი, ცოტა ხნით დაჭერილიც იყო, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ისაა, რომ ამ კაცმა საქართველოში ყველაზე უკეთ იცის ძველი ნივთების შეფასება და რადგან ის იქ იყო, აუცილებლად შეამჩნევდა, თუ გახლდათ რამე ღირებული. რაც მთავარია, შეამჩნევდა მარტივად, რადგან უიშვიათესი ნიჭი ჰქონდა“, - განაცხადა ესქპერტმა და გამომძიებლებმაც ერთმანეთს გადახედეს.
კაცი ფოტოდან ტელევიზიის ოპერატორი იყო, რომელსაც მუშაობა ერთი თვის დაწყებული ჰქონდა. ის, მართლაც, საუკეთესო გახლდათ ამ სფეროში, მაგრამ მუზეუმიდან იმიტომ გააგდეს, რომ რომელიღაც ნივთზე ხელი აიქნია, ღირებულება არ აქვსო, შემდეგ კი იმ ნივთის დაუფლებას ცდილობდა და როგორც აღმოჩნდა, მუზეუმს საქმე საკმაოდ ძვირადღირებულ ექსპონატთან ჰქონდა. სწორედ ეს არ აპატიეს. სამართალდამცავები ოპერატორთან წავიდნენ და ბინა გაჩხრიკეს. მოპარული ხატები კარადაში ედო და მილიციის გამოჩენას ვერ იჯერებდა.
„ვერ ვხვდები, როგორ გამოვიდა მილიცია ჩემს კვალზე. რა თქმა უნდა, ხატი, რომელიც მე-12 საუკუნისაა, მაშინვე შევნიშნე, მაგრამ არ შევიმჩინე. ამ ხატის ზუსტი ღირებულება, შესაძლოა, რამდენიმე მილიონიც იყოს, მაგრამ მილიონი ნამდვილადაა. მამაოსთან მაშინ მივედი, როცა წესით, წირვაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, არცთუ იშვიათად, ლოცვაზე ყოფილ პატიმრებს აყენებდა, ღმერთთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყვნენ. ამიტომ, კელიაში შესულს მძინარე დამხვდა, ჩუმად ჩამოვხსენი ხატი, როდესაც მოვბრუნდი, ზურგსუკან მედგა და მიღიმოდა. მივხვდი, ხატებთან ერთად არ გამიშვებდა, ამიტომ უხმოდ დავდე ხატები მაგიდაზე, შემდეგ დანა ამოვიღე და მოულოდნელად დავარტყი. საძილე არტერიასთან შემთხვევით მომიხვდა, სულ სისხლით გავისვარე და იქაურობა მალე დავტოვე, დარწმუნებული ვიყავი, სუფთად ვიმუშავე, მაგრამ“... - აღიარა დანაშაული დაკავებულმა.
სასამართლომ მას 14 წელი მიუსაჯა. ვარაუდობდნენ, რომ ციხეში დიდხანს არ აცოცხლებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - სასჯელი მშვიდად მოიხადა.