დაქირავებული „ქილერი“ ქალი და ტრაგიკული სასიყვარულო სამკუთხედი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეგობრებმა, თანაკლასელებმა, ძმებმა, ან უბრალოდ მეზობლებმა საერთო ბიზნესი დაიწყეს. ორი-სამი ადამიანი ერთიანდებოდა და ცდილობდა, რამე გაეკეთებინა, რომ გადარჩენილიყო და საღამოს სახლში საკვები მიეტანა. მაშინ უფრო მეტზე არც პრეტენზია ჰქონდა ვინმეს და რეალურად, არც მეტის შესაძლებლობა იყო. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ბიზნესის გამო, მეგობრებს შორის ჩხუბი და საქმის გარჩევა იწყებოდა, რაც იმ წლების გათვალისწინებით, ხშირად ფატალური შედეგით სრულდებოდა. ძირითადად, საქმეში „კანონიერი ქურდები“ ერეოდნენ და სამწუხაროდ, ტენდენცია, რომ საქმე „კანონიერმა ქურდმა“ უნდა გაარჩიოს, დღემდე კვლავ არის. საზღვარგარეთ დარეკვები, მეზობელ თურქეთში ჩასვლა, რათა იქ კრიმინალურ ავტორიტეტს შეხვდე და ესაუბრო, არც თუ იშვიათია. საბედნიეროდ, შსს ამას აქტიურად ებრძვის და იმედია, ადრე თუ გვიან, ახალგაზრდობის ის ნაწილიც, რომელიც ამ მენტალიტეტით ცხოვრობს, მიხვდება, რომ 21-ე საუკუნეში, ბევრად საინტერესო ამბები შეიძლება ხდებოდეს, ვიდრე „ქურდული“ ცხოვრებაა.

 

სწორედ ავადსახსენებელ 90-იანებში ერთი, მეტად საინტერესო რამ მოხდა. ბავშვობის მეგობრებმა ბიზნესი დაიწყეს, საქმე კარგად მისდიოდათ, იმდენად კარგად, რომ იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ და ერთ დღეს, ორივე გარდაიცვალა. უფრო ზუსტად, ერთ-ერთი მათგანი მოკლეს, მეორე კი, შინ, გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს. გულის შეტევა არ იყო კრიმინალი, აი, იარაღით მკვლელობა კი... თუმცა, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გულით გარდაცვლილს, სიკვდილამდე, სწორედ გულის მხარეს, ვიღაცამ ძალიან ძლიერად დაარტყა და იმ ვიღაცას ხელზე საკმაოდ მოზრდილი, თვლიანი ბეჭედი ეკეთა. გულის გაჩერებაც სწორედ ამ დარტყმამ გამოიწვია. გამოდიოდა, რომ ძალოვნებს ორი მკვლელი უნდა ეძებნათ.

იარაღით მოკლული მამაკაცის მეუღლე ამბობდა, დილით სახლიდან გავედი, ჩემმა ქმარმა თავის პარტნიორთან გამაგზავნა, რაღაც უმნიშვნელო საქმეზე, რომ მივედი, ის სახლში, გადასარევ ხასიათზე დამხვდა, ვუთხარი, რაც ქმარმა დამაბარა, მერე შინ დავბრუნდი და საკუთარი მეუღლე, სამზარეულოში სისხლში ამოსვრილი ვნახე, მაშინვე კივილი დავიწყე და როგორც მერე მითხრეს, ის მაყუჩიანი იარაღით არის მოკლულიო. გამოდიოდა, რომ ორივე გარდაცვლილი ცოცხალი სწორედ ერთ-ერთის მეუღლემ ნახა, გულით გარდაცვლილს კი ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, ყოველდღე, სხვადასხვა ქალთან ერთად ჩნდებოდა და ამ ამბავს შეჩვეულები ვიყავითო. იმ დღესაც, მასთან ახალგაზრდა ქალბატონი მივიდა და გარდაცვლილიც მან ნახა, მეზობლებსაც მან უთხრა და დარწმუნებული იყო, რომ კავალერი უბრალოდ გულით გარდაიცვალა, მაგრამ როცა უთხრეს, მკვლელობა მოხდაო, დაფრთხა, მერე შეშინდა, აქაოდა, ხომ შეიძლებოდა, ბინაში მკვლელი მეც გადამყროდა და ზედ წავეკალიო.

რაც შეეხება იარაღით მოკლულ მამაკაცს, მეზობლები ამბობდნენ, რომ ეზოში უცხო არავინ დაუნახავთ და მხოლოდ მოკლულის ცოლი მოძრაობდა. მეტიც, მისი სახლიდან გასვლისა და დაბრუნების დრო, მეზობლეების მონაყოლს არ ემთხვეოდა, რადგან ერთბაშად რამდენიმე მეზობელი ამტკიცებდა, ქალი სახლიდან რომ გავიდა, ზუსტად ათ წუთში უკან მობრუნდა და მერე ისევ გავიდა, არ შეგვეშლებოდა, რადგან წითელი კაბა ეცვა, თავზე თავსაფარი ჰქონდა მოხვეული და შავი სათვალე ეკეთაო. არც ქალი უარყოფდა, რომ სახლიდან სწორედ ასე ჩაცმული გავიდა, მაგრამ იფიცებოდა, უკან მხოლოდ ერთი საათის მერე დავბრუნდი, არც ათი წუთის შემდეგ მივბრუნებულვარ და მით უმტეს, ქმარი არ მომიკლავსო.

გამომძიებლებმა გარდაცვლილების გარემოცვის შესწავლა დაიწყეს და გარდა იმისა, რომ მათი ხელქვეითების დაკითხვა გადაწყვიტეს, იმის გარკვევასაც ცდილობდნენ, ვინმე მეგობრებს ბიზნესს ხომ არ „ახევდა“ და ხომ არ ჰქონდათ პრობლემები კრიმინალურ სამყაროსთან.

„კრიმინალები მუდმივად მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენი შეფები მშიშრები არ იყვნენ, ყველას მაგრად დაუხვდნენ, „რაზბორკებზეც“ ერთად დადიოდნენ და საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ მათ აღარავინ აწუხებდა. სამაგიეროდ, ერთად ვეღარ გრძნობდნენ თავს კარგად, მუდმივად საუბრობდნენ გაყოფაზე, რომ ბიზნესი გაენაწილებინათ, დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ და ამას ხელი მგონი იმანაც შეუწყო, რომ გულით გარდაცვლილი მოკლულის ცოლს ეარშიყებოდა. მგონია, რომ არც ქალი იყო მის მიმართ გულგრილი და საბოლოო ჯამში, განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომლებმა.

არც სხვებმა დამალეს, რომ მეგობრებს შორის უთანხმოება სწორედ ცოლის გამო ჩამოვარდა და ისიც დაადასტურეს, დარწმუნებულები ვართ, ქალი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო, რადგან ყოფილა შემთხვევა, სამსახურში მაშინ მოსულა, როცა ქმარი არ იყო ადგილზე და მის პარტნიორთან, კაბინეტში ერთი-ორი საათით იკეტებოდაო. გამოდიოდა, რომ გარდაცვლილებს რაღაც მართლა ჰქონდათ გასაყოფი, მაგრამ როგორ მოხდა ისე, რომ ორივე ერთ დღეს, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე დროს მოკლეს?!

საქმეში აგენტურული ქსელი ჩაერთო და მათი ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში, მოლდოვას მოქალაქე ქალი იყო ჩამოსული, რომელიც... დაქირავებული „ქილერი“ გახლდათ და თბილისში რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინა. სხვათა შორის, „ქილერს“ ჩადენილი მკვლელობების გამო, მოლდოვის გარდა, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაშიც ეძებდნენ. ძალოვანთა სამწუხაროდ, არცერთმა აგენტმა არ იცოდა, სად და ვისთან ცხოვრობდა და მეტიც, არც ის იცოდნენ, ვის მოსაკლავად იყო ჩამოსული საქართველოში. სამართალდამცავებმა აეროპორტებისა და რკინიგზის კონტროლი დაიწყეს, რეიდები გაახშირეს დედაქალაქიდან გასასვლელ პოსტებზე, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ, თავისი საქმე... ნარკოტიკმა ქნა.

სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკომანების ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებებიც თან ჰქონდათ და ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებლებიც იყვნენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში ყველას „ლომკა“ დაეწყო, განსაკუთრებით, ერთ-ერთი იყო მძიმე დღეში და იმ დროს, არც ექიმებს ჰქონდათ იმდენი შესაძლებლობა და პრეპარატები, „ლომკა“ მოეხსნათ და არც ძალოვნები იწვოდნენ დიდად სურვილით, რომ დახმარებოდნენ, თუმცა სწორედ იმან, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირდა, უფროსთან შეხვედრა მოითხოვა, ისეთი ინფორმაცია მაქვს, წამალს თავის ხელით გამიკეთებსო. რა თქმა უნდა, შეხვედრა შედგა.

„ვიცი, რომ მოლდოველ „ქილერს“ ეძებთ. ზუსტად ვიცი, სად იმყოფება, მაგრამ სანაცვლოდ, ერთი კვირის განმავლობაში, ნარკოტიკი უნდა გამიკეთოთ, დოზები ეტაპობრივად შემიმციროთ, რომ „ლომკის“ გამო, არ მოვკვდე და მისამართს კიდევ უტყუარს გეტყვით“, - განაცხადა მან და ბოლო სიტყვა ნათქვამიც არ ჰქონდა, როცა უფროსისგან გარანტია მიიღო.

მითითებულ მისამართზე ოპერჯგუფის გარდა, სპეცდანიშნულების რაზმიც გავიდა. გამოცდილ „ქილერს“ შეიძლებოდა, ისეთი წინააღმდეგობა გაეწია, მხოლოდ ოპერები ვერაფერს გამხდარიყვნენ. სახლს ალყა შემოარტყეს და როცა ეჭვმიტანილმა ფანჯარაში გამოიხედა, ხმამაღლა დაიძახა, არ ისროლოთო და იარაღები ფანჯრიდან გადმოყარა.

„ერთი მკვლელობა ჩავიდინე და იმას ვაღიარებ. მოკვლა პარტნიორმა შემიკვეთა, თან უნდოდა, რომ ყველაფერი მის ცოლს დაბრალებოდა. ამიტომ, ქალს ტელეფონზე დაურეკა და უთხრა, ჩემთან მოდი, ოღონდ ჩემი ნაჩუქარი კაბა ჩაიცვი, ჩემი ნაჩუქარი თავსაფარი მოიხვიე და ჩემი ნაჩუქარი სათვალე გეკეთოსო. ის იდიოტკაც სწორედ ასე გამოეწყო და ანალოგიურად მეც გამოვეწყვე, მეზობლებს კარგად დავენახე, ამ დროს სახეზე ნაკლებად გათვალიერებენ. ეგ კი არა, როცა კარზე დავაკაკუნე, კარის წინ თავდახრილი დავდექი და ქმარმაც მარტივად გამიღო კარი, მერე ოთახში შებრუნდა, არც დააკვირდა, ზღურბლზე ვინ იდგა, დარწმუნებული იყო, ცოლი მობრუნდა. მაყუჩიანით მოვკალი და როცა დარჩენილ ფულზე მივაკითხე იმ იდიოტს, უკვე მილიცია ირეოდა. მქონდა თუ არა სხვა შეკვეთები, თქვენთვის საინტერესო არ უნდა იყოს“, - განაცხადა დაკავებულმა და... ის არც ჩვენთან, არც უკრაინაში და არც მოლდოვაში არ გაუსამართლებიათ, რუსეთში წაიყვანეს და ზოგი ამბობდა, არ გაასამართლეს, საბრძოლველად გაუშვესო.

ერთი საქმე კი გახსნილი იყო, მაგრამ მეორე? დაკთხვაზე იარაღით მოკლულის ცოლს დაუძახეს და გამომძიებელს თვალში მისი დიდთვლიანი ბეჭედი მოხვდა. ამიტომ, მას სცენა დაუდგეს, უთხრეს, რატომ იყო ქმრის მეგობართან იმ დილით წასული, ისიც უთხრეს, რატომ ეცვა ისე, როგორც ეცვა და ისიც, მოწმე გვყავს, რომელიც ხელს გადებს, ფანჯრიდან დაინახა, მკერდში ხელი როგორ დაარტყი, რის მერეც შენს საყვარელს გულის შეტევა დაემართაო. ქალმა სახეზე ხელი აიფარა და... ყველაფერი დაფქვა.

„დარტყმა არ მინდოდა... დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, ჩემზე იქორწინებდა, მაგრამ იმ დილით გამომიცხადა, მომწყინდა შენთან კოტრიალი, აქ მოსული აღარ დაგინახოო. გამეტებით სწორედ მაშინ ჩავარტყი, ისიც დავინახე, რომ დაეცა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ გულის შეტევა დაემართებოდა. უბრალოდ, წამოვედი და ყველაფერი მერე გავიგე“, - განაცხადა მან და... სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი შეუფარდა, რადგან ოფიციალურად დამტკიცდა, რომ შეიძლება, ანალოგიურად, მილიონში ერთი შემთხვევა მოხდეს და გულისცემის დროს, ზუსტად კონკრეტულ წერტილსა და კონკრეტულ დროს უნდა მოარტყა ხელი, რასაც ქალი ნამდვილად ვერ გათვლიდა.

ბიზნესს რაც შეეხება, ქმრის დამარხვიდან ერთ კვირაში, ქალმა ბიზნესი კაპიკებში მიაყიდა და როგორც ამბობდნენ, მას საქმე „აახიეს“.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე