უცნაური დანაშაული, რომელიც 70 წლის მოხუცმა გამოააშკარავა
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მხატვრებით ვამაყობთ, ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები თითზე ჩამოსათვლელები გვყავს. ჩამოთვლას არ დავიწყებ, მსოფლიო აღიარებისთვის ნიკალაც კმარა, თუმცა ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ იმავე ფიროსმანზე არანაკლებ ხატავდა, მაგრამ მსოფლიო აღიარება ვერ მოიპოვა. მხატვრებს შორის ერთგვარი შეჯიბრი და ფარული მტრობა ყოველთვის იყო, აიღეთ მოდილიანი და პიკასო, ძლევამოსილი ოსმალეთის იმპერიის კარის მხატვრები, რომლებიც ერთმანეთის მოწამვლასა და მოკვლას არ ერიდებოდნენ, ოღონდ კი სულთნის კარზე თავად დაწინაურებულიყვნენ, რომის იმპერიის მხატვრები თუ მოქანდაკეები... ასე გრძელდებოდა საუკუნეები და... ასე ვეღარ გრძელდება, რადგან ძნელია, ისეთი რამ დახატო, იგივე ფიროსმანს, პიკასოს, მოდილიანს, ვან გოგს აჯობო. ვერავინ გაიმეორებს „მონა ლიზას“ და ვერავინ შექმნის ახალ „მზესუმზირებს“, ვერც „მეთევზეს“ დახატავს ვინმე ფიროსმანისეულად...
მილიციის განყოფილებაში 70 წელს მიტანებული კაცი გამოცხადდა და უცნაური რამ თქვა - სამი ღამეა, ბავშვის ტირილი არ მაძინებდა და ორი დღე გავიდა, ტირილი აღარ მესმის, რაღაც კრიმინალი ხდება და ვერ ვხვდები, რაო. 1982 წელი იდგა და შესაბამისად, პერიფერიაში, სადაც მთელ რაიონში მხოლოდ 4-5 კორპუსი იდგა, კრიმინალი და თანაც ჩვილის მონაწილეობით, წარმოუდგენლად ჩანდა. ზოგადად, პერიფერიებში მძიმე დანაშაული ნაკლებად ხდებოდა. სამართალდამცავებმა კაცს დაუყვავეს, დაჰპირდნენ, ყველაფერს გავარკვევთო და განყოფილებიდან მისი გასვლისთანავე ეს საქმე დაივიწყეს. არადა, მამაკაცი ამტკიცებდა, ჩვენს კორპუსში ყველას ვიცნობ, ჩვილი არავის ჰყავს და ის სამი დღე, აბა, რა მესმოდაო? ძალოვნებმა კაცი ღიმილით გააცილეს, მის ასაკზე ცოტა იხუმრეს და... მეზობელი რაიონის განყოფილებიდან ტელეფონოგრამა შემოვიდა, ახალშობილი ვიპოვეთ, აქ არავის გაუჩენია, უფრო სწორად, ვინც გააჩინა, ყველამ შინ წაიყვანა და თქვენთან ხომ არ არის ვინმე ისეთი, ვინც სამშობიაროდან ბავშვიანად გაქრაო...
სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და საბედნიეროდ, მოხუცის მისამართი რამდენიმემ იცოდა. მას მაშინვე სახლში დაადგნენ და ამჯერად, ყველაფრის დეტალურად გახსენება მოსთხოვეს.
„ასაკის მიუხედავად, ფხიზელი ძილი მაქვს, ოდნავ ფაჩუნზეც კი მეღვიძება. ჰოდა, როგორც გითხარით, სამი ღამე ბავშვის ტირილმა არ დამაძინა. ცხოვრებაში ბევრი მინახავს და გამიგონია, შვილიშვილებიც ჩემს ხელში გაიზარდნენ. არ იყო ეს დიდი ბავშვის ტირილი, რამდენიმე დღის ბავშვი ტიროდა, ყველაზე დიდი, ერთი კვირის. ჰოდა, ბოლო ორი დღეა, ბავშვი აღარ ტირის, არადა, როცა ჭირვეულობა იწყება, ორი კვირა მაინც გრძელდება, სანამ ბავშვი ზნეს არ იცვლის. თან, მეზობლებს ვეკითხებოდი, ჩვილი ვის ჰყავს-მეთქი და ორმა, სამმა მთხრა, ტირილის ხმა ჩვენც გვესმოდა, მაგრამ ჩვილი არავის უნდა ჰყავდესო“, - მარტივად მოჰყვა მოხუცმა.
გამომძიებლებმა სხვა მაცხოვრებლებიც დაკითხეს და ბევრმა დაადასტურა, რომ ჩვილის ტირილის ხმა ესმოდათ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, ვისი ბინიდან იყო, თითქოს, ბავშვი რაღაც დახურულ სივრცეში ტიროდა, მაგრამ რომ ტიროდა, აშკარა გახლდათ და ყველა ერთხმად ამტკიცებდა, ეს ჩვილის ტირილი იყოო.
ძალოვნებმა იქვე მდებარე სანაგვე ურნებიც მოქექეს და ერთგან სისხლიანი ზეწარიც იპოვეს. ცხადი გახდა, ვიღაცამ იმ კორპუსში იმშობიარა, მაგრამ ვინ? ეჭვის მიტანა მხოლოდ ორ ქალზე შეიძლებოდა, ორივე გათხოვილი იყო, ქმარ-შვილი ჰყავდა და როცა გაიგეს, რომ ეჭვი მხოლოდ მათზე იყო, ორივე თავის ფეხით წავიდა გინეკოლოგთან და ცნობა დადო - არცერთ მათგანს არ უმშობიარია.
„რას გადავეკიდეთ კორპუსის მცხოვრებლებს? ხომ შეიძლებოდა, ვინმესთან სტუმრად მოვიდა ქალი, იმშობიარა და წავიდა, წაიყვანა ბავშვი და მეზობელ რაიონში დააგდო?“ - თქვა ერთ-ერთმა მაძებარმა და სხვებიც დაეთანხმნენ, თუმცა კორპუსის მცხოვრებლები კატეგორიულად უარყოფდნენ, უცხოს და მით უმეტეს ორსულს, როგორ ვერ შევამჩნევდითო, მაგრამ იქნებ ღამით მივიდა, იქნებ ისე ეცვა, ვერ შეამჩნიეს, იქნებ... საბედნიეროდ, ჩვილი ცოცხალი იყო და თუ იპოვიდნენ ქალს, ვინც იმშობიარა, ადვილად დაამტკიცებდნენ, რომ ბავშვი მისი იყო.
მაშინ, როცა გამომძიებლებს იმედი აღარ ჰქონათ, მათთან მოხუცი ქალი მივიდა და უთხრა, ჩვენს ეზოში ერთი მხატვარი ცხოვრობს, მასთან უამრავი ქალი დადის, უცოლოა, ცოტა უცნაურ ცხოვრებას ეწევა, ეგებ, რომელიმემ გაუჩინა, მიუყვანა, მანაც სამი დღე ბავშვთან ერთად გაატარა და ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, ადგა და სხვა რაიონში მიაგდოო. გამოძიებამ მასზე ინფორმაციის შეკრება დაიწყო და გაარკვია, რომ ახალგაზრდა კაცი საკმაოდ აქტიურად ხატავდა და ძალიან კარგი ნახატებიც ჰქონდა. მისი ნახატები ძვირად არა, მაგრამ კარგად იყიდებოდა და მხოლოდ ამით ცხოვრობდა. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალებს, მას მართლაც სტუმრობდნენ და არცთუ იშვიათად, შიშველ ნატურას ხატავდა. ხომ შეიძლებოდა, პენსიონერის ვერსია მართალი ყოფილიყო და ამიტომ, მას თვალთვალი დაუწყეს. ერთკვირიანმა თვალთვალმა შედეგი ვერ მოიტანა, მას როგორც კაცი, ისე ქალი ოპერმუშაკები დასდევდნენ, ეჭვი რომ არ აეღოთ და ერთ-ერთმა ქალმა დაიწუწუნა, რანაირი ორგანიზმი გაქვთ ამ კაცებს, ბევრ საკვებს ყიდულობს და მაინც კარგ ფორმაშია, მე რომ იმდენი პური ვჭამო, რამდენსაც ის ჭამს, სიარულსაც ვეღარ შევძლებ, ისე გავსუქდებიო. დანარჩენებმაც დაადასტურეს, რომ მამაკაცი ორი ადამიანისთვის საჭირო საკვებს ყიდულობდა და მათ შორის, შოკოლადის ფილა თითქმის ყოველდღე მიჰქონდა სახლში. გადაწყვიტეს, მისი სამედიცინო ბარათი ენახათ, სისხლის ჯგუფი შეემოწმებინათ, დაემთხვეოდა თუ არა ნაპოვნი ჩვილის ჯგუფს და...
„აქ რაღაც ხდება, ის, რაც არ ვიცით. სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კაცს შოკოლადზე ალერგია აქვს, ამ დროს კი, ის მუდმივად ყიდულობს ამ ტკბილეულს და მაშინაც კი, როცა სტუმარს არ ელოდება. გამოდის, მასთან ვიღაც ცხოვრობს, მაგრამ ვინ? მეზობლები ამბობენ, რომ ის მარტოხელაა და მის ბინაში მართლაც არავინ შედის და არავინ გამოდის“, - თავს იმტვრევდნენ გამომძიებლები.
ექიმმა, სადაც მხატვარი აღრიცხვაზე იდგა, დაადასტურა, რომ მის პაციენტს შოკოლადზე ისეთი ალერგია ჰქონდა, ერთი ნატეხიც კი საკმარისი იყო, სერიოზული სპაზმი დაწყებოდა და შესაძლოაა, სასუნთქი გზები ისე შეშუპებოდა, გაგუდულიყო. მაშინ, ვისთვის იყო შოკოლადი განკუთვნილი? მხატვრის ბინის ჩხრეკის ორდერის მოპოვება წარმოუდგენელი გახლდათ, მაშინ ასე მარტივად, სამხილების გარეშე, ორდერს არავინ იძლეოდა. ამიტომ, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, მის ბინაში მაშინ შესულიყვნენ, როცა სახლში არ იქნებოდა და იქაურობა ფრთხილად დაეთვალიერებინათ. ამისთვის, სხვა ქალაქიდან ბინების პროფესიონალი ქურდი ჩამოიყვანეს და მან საკეტი ერთ წუთში გახსნა. ძალოვნებმა იცოდნენ, რომ დრო ძალიან ცოტა ჰქონდათ, ამიტომ სახლში ფრთხილად, მაგრამ სწრაფად მოქმედებდნენ. თითქოს უცნაური არაფერი იყო, ყველა ოთახში საღებავის სუნი იდგა, სახატავი ფურცლები და ტილოები უწესრიგოდ ეყარა, ფუნჯების გროვაც უწესრიგოდ იყო, მაგრამ ბინას ერთი უცნაურობა ჰქონდა - რაღაცნაირად იყო გადაკეთებულ-ამოშენებული, თითქოს პატარა ოთახი იყო გაკეთებული, რომლის კარსაც ბოქლომი ედო. სპეციალურად ჩამოყვანილმა „მედვეჟატნიკმაა“ ბოქლომიც გახსნა და ოთახში შესულ მაძებრებს საოცარი სურათი დახვდათ - ნახევრად შიშველი ახალგაზრდა ქალი პალიტრასთან იდგა და ხატავდა. უცხო ხალხის დანახვაზე ჯერ შეკრთა, შემდეგ ფუნჯი და საღებავები ხელიდან გაუვარდა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა, თან იმეორებდა, „ღმერთო ჩემო, დასრულდა, დასრულდა“...
ოპერები მხატვარს დაელოდნენ, სადარბაზოში შესვლა არ აცადეს, ისე დააკავეს, ქალი კი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„მე და ეს ცხოველი სამხატვრო აკადემიაში ერთად ვსწავლობდით. თავადაც ხედავთ, ნორმალური აღნაგობა და შეხედულება აქვს, ხასიათიც თითქოს კარგი ჰქონდა. დავმეგობრდით და სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ცოლად მომიყვანდა. თბილისში ვცხოვრობ, აქაც ჩამოვდიოდი ხოლმე. ცოტა უცნაური ხასიათი მქონდა, მოგეხსენებათ, მხატვრებს გვჭირს უცნაურობები. აკადემიაში სწავლის პერიოდშიც კი, ჩემი ნახატები იყიდებოდა და ყველა ამბობდა, რომ დიდი მომავალი მელოდა. დაახლოებით, ორი წლის წინ, აქ რომ ჩამოვედი, რაღაცები დავხატე და მერე ამ სატანამ შემომთავაზა, მოდი, რაღაც ფრაზები ვწეროთო და ამ ხუმრობა-ხუმრობაში, დამაწერინა, ცხოვრებას აზრი არ აქვს, ყველას გემშვიდობებით-მეთქი. მერე კი... მერე აქ დამამწყვდია და მაიძულებდა მეხატა, ისე ააშენა ეს ოთახი, ყვირილს და კივილს აზრი არ ჰქონდა. პერიოდულად მაუპატიურებდა და ბავშვიც გავაჩინე რამდენიმე დღის წინ. სამი დღე ფიქრობდა, რა უნდა ექნა, მე რძე არ მქონდა და მერე ბავშვი სადღაც წაიყვანა. რაც ნახატები აქვს გაყიდული, ყველა ჩემი დახატულია. ის წერილი როგორ გამოიყენა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, არავის მოვუძებნივარ“, - განაცხადა ქალმა.
საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო და გაირკვა, რომ ის წერილი და გოგონას ტანსაცმელი მამაკაცმა თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დატოვა. ოჯახი შეეგუა იმას, რომ გოგონამ თავი მოიკლა და იმის მიუხედავად, რომ გვამი ვერ იპოვეს, ამის სჯეროდათ. სასამართლომ მამაკაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და გათავისუფლებულმა ქალმა შვილთან მიკარება და შვილად მისი აღქმა, მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოახერხა, მანამდე ბავშვს დედამისი ზრდიდა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე