რატომ იმეტებდა ახალგაზრდა მამაკაცი ნახევარდას სასიკვდილოდ - ოჯახური ტრაგედიის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რცთუ დიდი ხნის წინ, შშმ პირების მიმართ, ლამის, მთელს მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ეტიც, შშმ პირებს ოჯახის წევრები თითქოს საგულდაგულოდ მალავდნენ, არ სურდათ, ვინმეს გაეგო, რომ ახლობელს, ნათესავს, ან ოჯახის წევრს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. საბედნიეროდ, ეს მიდგომა შეიცვალა და ახლა შენობებსაც კი ისე აშენებენ, რომ შშმ პირებზე იყოს მორგებული და ადაპტირებული. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ მაშინ მოხდა, როცა შშმ პირებს დიდად არ სწყალობდნენ.

 

პროკურატურაში ხანში შესული ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი დისშვილი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, ბიჭი სადარბაზოში იყო მკვდარი და მთავარი ვერსია ის გახლდათ, რომ კიბეზე დაგდებულ მწიფე ხურმაზე ფეხი აუცურდა, თავი ვერ შეიმაგრა და დაცემისას ფუძის ძვალი მოტყდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

„ისტორია ძალიან საინტერესოა. ჩემი და, მეუღლესთან ერთად, ავტოავარიის დროს დაიღუპა. ჩემი დისშვილი 13 წლის იყო და მართალია, სტრესი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მითხრა, რაც მოხდა. მამა გამოუტყდა დედას, რომ სხვა ქალი უყვარდა და მისგან ბავშვს ელოდებოდა, რომ მათგან წასვლას აპირებდა და ჩემმა უბედურმა დამ, გამწარებულ გულზე, ქმარს საჭეზე ხელი აუკრა, მანქანა გზიდან გადავიდა და ბოძს დაეჯახა. დისშვილი უკანა სავარძელზე იჯდა და როგორღაც გადარჩა, და და სიძე კი ერთ დღეს დავასაფლავე. მას შემდეგ, ბავშვი ჩემთან იზრდება, მეც მისი ტოლი ბიჭი მყავს და ერთად გავზარდე. საოცრად ნიჭიერია, სკოლა მედალზე დაამთავრა, უმაღლესი - წითელ დიპლომზე. მამის სახლში გადასვლას ფიქრობდა, შუა ქალაქში, ოთხოთახიანი ბინა დარჩა მშობლებისგან. თანაც, ის ბინა მუდმივად გაქირავებული მქონდა, აღებულ თანხას დისშვილს მთლიანად საბანკო ბარათზე ვუგროვებდი და იმდენი მოგროვდა, რომ მანქანის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მითხრა, ბინა სულ გაქირავებული რომ იყო, კარგად უნდა გავარემონტო, მერე გადავალო. რაც შეეხება იმ სადარბაზოს, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ესეც არანაკლებ საოცარი ისტორიაა. სამიოდე თვის წინ, ჩემი დისშვილი სახლში გახარებული დაბრუნდა, და ვიპოვეო. თურმე, დედ-მამის საუბარი გულში ჩარჩა და მას შემდეგ ეძებდა იმ ქალს, ვისთანაც მამამისს ურთიერთობა ჰქონდა. მონახა მამის ძველი ნაცნობები, მეგობრები, ძმაკაცები და სწორედ ასე, კითხვა-კითხვით მიაგნო იმ ქალს. პრინციპში, რაღა ქალს, ჩემი სიძის საყვარელი გარდაცვლილია, მისი შვილი კი... ანუ ჩემი დისშვილის და ეტლით მოსარგებლე გახლავთ. ალბათ, ბედის ირონიაა, გოგონა 12 წლის ყოფილა, როცა მანქანა დაეჯახა და ეტლში ჩაჯდა. ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო, ჩემმა დისშვილმა დნმ-ის ანალიზიც კი გააკეთა და დაუდასტურეს, რომ ის გოგო მისი დაა. დედის გარეშე ცხოვრება ძნელია, გოგონა სადღაც ნაქირავებ სოროში ცხოვრობდა, ნათესავები უხდიდნენ სამადლოდ ფულს. ჩემმა დისშვილმა კარგ კორპუსში უქირავა ბინა, დამხმარეც აუყვანა და დაპირდა, როცა ბინას გავარემონტები, იქაც გადაგიყვანო. ახლაც, იმ სადარბაზოში, სწორედ დის გასასეირნებლად იყო მისული, დამხმარეს ერთი დღით ასვენებდა და მთელ დროს დასთან თავად ატარებდა. იცით, გოგონაც ამბობს, რომ მას ფეხი სწორედ მწიფე ხურმაზე აუცურდა, როცა ის გამოჰყავდა და მეზობლებიც გოგონამ შეჰყარა, მაგრამ... ხომ არის რაღაც წინათგრძნობა, რომ რაღაც ბოლომდე არ გჯერა... აი, ასე არ მჯერა, რომ ჩემი დისშვილი ასე უბრალოდ, ასე მარტივად მოკვდა“, - საკმაოდ ვრცელი მონოლოგი ქალმა ცრემლის წმენდით დაასრულა.

გამომძიებელს, რომელსაც საქმე ებარა, პრაქტიკულად, ყველაფერი აკმაყოფილებდა - თანახმა იყო უბედურ შემთხვევაზე, თანახმა იყო იმაზე, რომ გოგონასთვისაც დაეჯერებინა და ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, ბიჭის ტანისამოსის, უფრო სწორედ, ჯიბეების მდგომარეობა იყო. შარვლის ორივე და პიჯაკის შიდა ჯიბე ამოტრიალებული გახლდათ, რაც გვამს დაცემის დროს ვერ დაემართებოდა ანუ ვიღაცამ მას ჯიბეები სიკვდილამდე, ან გარდაცვალების შემდეგ ამოუტრიალა, მაგრამ ვინ? გოგონა ამბობდა, კიბის თავიდან ვუყურებდი, როგორ ჩაგორდა და მოკვდაო, მეზობლები ადასტურებენ, რომ გოგონას ყვირილზე გამოცვივდნენ და ერთ-ერთი მეზობელი ექთანი გახლდათ, სწორედ მან შეუმოწმა პირველად პულსი და თქვა, რომ ბიჭი გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთმა მეზობელმა, ყოფილმა სამხედრომ ამოტრიალებული ჯიბეები მაშინვე შენიშნა და იყვირა, მგონი, აქ ძარცვაა, გვამს მოშორდითო, მაგრამ არც მეზობლებს, არც თავად გოგონას, თითქოს, არავინ დაუნახავთ. ისე, ბიჭი საკმაოდ კარგ ადგილზე მუშაობდა და როგორც ამბობდნენ, ფულის პრობლემაც არ ჰქონდა. მეტიც, გამოძიებით ისიც გაირკვა, რომ იმ დღეს ფული ხელოსნებისთვის უნდა მიეცა და თანხა საკმაოდ მსუყე იყო, მაგრამ... თანხა სამართალდამცავებმა ვერ იპოვეს.

პროკურატურისა და შს სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. პირველ რიგში, გოგონა იყო დასაკითხი, რომელიც ძალიან, ძალიან შეშინებული ჩანდა და როცა მისი დაკითხვა დასრულდა, ორივე უწყების თანამშრომელმა დაასკვნა - გვატყუებს. აი, რას იტყუებოდა გოგონა, ვერავინ ხვდებოდა და... ის, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ შეამოწმეს, შეეძლო თუ არა სიარული, მაგრამ ექიმების დასკვნა კატეგორიული გახლდათ - არა და ვერც ვერასდროს შეძლებს გავლასო. გამოდიოდა, რომ გოგონა სხვა რამეს მალავდა, მაგრამ რას?

ამასობაში, გამომძიებლამდე, აგენტურის მიერ შესული ოპერატიული ინფორმაცია მიიტანეს - გარდაცვლილი ბიჭის დეიდაშვილი, თურმე, სერიოზული მოთამაშე ყოფილა, თან არცთუ ურიგო მოთამაშე, მაგრამ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ დიდი თანხა წააგო და... მომხდარის შემდეგ ვალი გადაიხადა. სამართალდამცავები პროვოკაციაზე წავიდნენ, ბიჭი დააკავეს, განყოფილებაში წაიყვანეს, იქ ერთ-ერთ ოპერს პროკურორის ფორმა შემოაცვეს და მან „ოფიციალურად წარუდგინა ბრალი“ დეიდაშვილის მკვლელობაში.

„არა, ასე არ იყო, გეფიცებით, მე არ მომიკლავს. კი, ფული მე ავიღე, მაგრამ ჰკითხეთ, მის დას ჰკითხეთ, მან ყველაფერი დაინახა“, - აყვირდა დაკავებული და ერთ საათში ძალოვნებმა გამომძიებლის ოთახში გოგონა ეტლით შემოაგორეს. როცა გოგომ თავისი ძმის დეიდაშვილი დაინახა, მიხვდა, რომ რამეს დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, თავი ჩაღუნა და დაიწყო:

„როცა ჩემმა ძმამ მიპოვა, ჩემზე ბედნიერი მართლა არავინ იყო. მე ხომ არავის ვჭირდებოდი, ის კი მივლიდა, ბინა მიქირავა, მეფერებოდა. მომვლელიც კი მომიყვანა და ამოვისუნთქე, ვიფიქრე, რომ ჩემთვისაც მოიცალა ბედის ბორბალმა. იმ დღეს ამასთან ერთად მოვიდა (გოგონამ თავი ბიჭისკენ აიქნია), კიბემდე გამომიყვანა, ეს კიბის უჯრედთან ელოდა და მითხრა, შენ მართლა გგონია, იმისთვის გიპოვე, რომ გადაგარჩინო? არა, მე იმისთვის გიპოვე, რომ მოგკლა, შენ და შენმა კახპა დედამ დაღუპეს ჩემი ბავშვობა, ჩემი მშობლები. ახლა დაგაგორებ, თუ გადარჩები, მეორე კიბეზე დაგაგორებ და თუ კიდევ გადარჩები, უბრალოდ, კისერს მოგტეხ. ჩემი დეიდაშვილი კი დამემოწმება, რომ შენით დაგორდი. ირგვლივ ყველამ იცის, რომ მე თან გყვები და ეჭვს ცუდზე არავინ მიიტანს. გაოცებისგან ენა ჩამივარდა, წინიდან მედგა, ეტლი კიბის თავზე, მოვლა დააპირა და ამ დროს, რაღაცაზე ფეხი აუცურდა, მერე დავინახე, რომ ის რაღაც მწიფე ხურმა იყო. საოცარი მოძრაობა გააკეთა ჰაერში და პირდაპირ თავით დაერჭო დეიდაშვილის ფეხებთან. მან მაშინვე პულსი გაუსინჯა, მიხვდა, რომ მოკვდა და ჯიბეზე ეცა, მერე მე მომაძახა, შენც სუ და მეც სუო და გავარდა. მე ყვირილი დავიწყე, მეზობლები გამოვარდნენ, დანარჩენი კი იცით“, -განაცხადა გოგონამ.

სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და... მათ არც ბიჭი დააკავეს, არც გოგო. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ სახლი, რომელშიც ბიჭი უნდა გადასულიყო, მემკვიდრეობით მამისგან ერგო და ბინა... გოგონას სახელზე გადავიდა. მან ბინა გააქირავა, თავად ერთოთახიანი იქირავა, დამხმარეც აიყვანა და შინიდან, პრაქტიკულად, აღარ გადიოდა. ძალოვნებმა პასუხი არც დეიდაშვილს მოსთხოვეს, რომელმა გარდაცვლილის ფული მიითვისა, ზოგადად, ეს საქმე უბედურ შემთხვევად ოფიციალურად დარეგისტრირდა და არქივში გადაიგზავნა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე