რატომ გაითამაშა ნახევარ და-ძმამ ავტომანქანის გატაცება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც ყველა საქმეში, კრიმინალშიც აუცილებელი პირობა გამოცდილებაა. გამოუცდელ დამნაშავეს, შეიძლება, საქმე გამოუვიდეს, მაგრამ ეს გამართლება იქნება და არა - მისი ნიჭის ან შესაძლებლობების გამომზეურება. ამიტომ, გამოუცდელი დამნაშავეები თუ დამოუკიდებლად ცდილობენ რამე საქმის „გაიმასქნებას“ და უფრო გამოცდილებს არ ეკითხებიან ჭკუას, ძირითადად, ციხეში ხვდებიან. აი, გამოცდილებთან საქმის დაჭერა ცალკე რისკს შეიცავს, მათ ნადავლის დიდი ნაწილი მიაქვთ (იქ „ობშჩიაკიო“, აქ - ჩვენ რომ არა, ვერაფერს იზამდითო, ეს საქმე მანამდე ჩვენ გვინდოდა და თქვენ დაგვასწარითო და ა.შ.) და თუ ძალიან გაუჭირდებათ, დამწყებებს პოლიციასაც ადვილად მიუგდებენ საჯიჯგნად.

 

პოლიციის განყოფილებაში ქალბატონი მივიდა და განაცხადა, რომ მის შვილს ავტომობილი წაართვეს. როგორც ის ამბობდა, გოგონას ავტო მამამ უყიდა, ორიოდე კვირის შემდეგ კი მანქანით მიდიოდა, როცა წინ სხვა ავტომობილით გადაუდგნენ, გადმოაგდეს და მანქანა წაიყვანეს. მართალია, მათ სამართალდამცავებს სხვა განყოფილებაშიც მიმართეს, მაგრამ ისინი ხელებს უიმედოდ შლიდნენ, ახლოს კამერები არ დგას და ესეც არ იყოს, თქვენი შვილი ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევაო. ჰოდა, დედამაც გადაწყვიტა, რომ შსს-ს ცენტრალურ ოფისში მისულიყო და თავისი გასაჭირის შესახებ სწორედ იქ განეცხადებინა.

გამომძიებელმა საქმე გამოითხოვა, გოგონაც ახლიდან დაჰკითხა, მაგრამ ის მართლაც მწირ ინფორმაციას იძლეოდა.

„როცა წინ ავტომობილი გადამიყენეს და იქიდან ნიღბიანები გადმოვიდნენ, თვალები დავხუჭე. მანქანიდან გადმომაგდეს, მიბრძანეს, მიწაზე 10 წუთი გაუნძრევლად ვყოფილიყავი და 10 წუთს ვინ ჩივის, ალბათ, ნახევარი საათი თავი არ ამიწევია, როცა თვალები გავახილე, ყველა წასული იყო“, - სულ ეს გახლდათ, რასაც დაზარალებული ჰყვებოდა, არც ავტომობილის მარკა, არც თავდამსხმელთა მინიმალური აღწერილობა, მხოლოდ ნიღბიანები იყვნენო, ამას იმეორებდა.

ძალოვნებმა გოგონას მამაც მოიკითხეს. ის იმ ფირმის დირექტორი იყო, რომელიც მისმა სიმამრმა დააარსა და საქმეს ურიგოდ ნამდვილად არ უძღვებოდა. თქვა კიდეც, მქონდა იმის შესაძლებლობა, შვილისთვის მანქანა მეყიდა და მიხარია, ცოცხალი რომ გადარჩა, დანარჩენს ეშველებაო. გამოძიებამ უფრო ღრმად დაიწყო ქექვა და გაარკვია, რომ დაზარალებული გოგონასთვის ქალი დედინაცვალი იყო. როცა ის დაიბადა, დედამისი მალე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა, მამამ კი, მეორედ მალევე იქორწინა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალს საკუთარი შვილი არ ჰყავდა, გერს კარგად ეპყრობოდა, თან ჰყვებოდა, სურდა, საუკეთესო განათლება მიეცა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. აი, გოგონა კი, დედინაცვალს დიდად არ სწყალობდა, არ აღიარებდა...

პარალელურად, ავტომობილის ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიდიოდა და მომხდარიდან ათი დღის შემდეგ, ინფორმაცია შემოვიდა, რომ ავტომობილს გენერალური მინდობილობით ვიღაც კაცი იფორმებდა და საბუთებს ოფიციალურად მანქანის მფლობელი გოგონა აძლევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გოგონასთვის მანქანა არავის წაურთმევია და ის, უბრალოდ, მის გაყიდვას ცდილბოდა. ძალოვნებმა მყიდველიცა და გამყიდველიც დააკავეს. მყიდველი გადარეული იყო, მე რას მერჩით, გოგო მანქანას ჰყიდდა იაფად, შევთანხმდით, თანხის ნაწილი ახლა მივეცი, ნაწილი, როცა გადამიფორმებდა, მერე უნდა მიმეცა, თქვენ კიდევ მოხვედით და დამიჭირეთო - ამბობდა მყიდველი. გოგონას თავი ჰქონდა დახრილი, ხმას არ იღებდა, თუმცა, როცა მამა მოიყვანეს და მან ჰკითხა, ნუ დამიმალავ რაც ხდება, ხომ იცი, შენ ყველაფერს გაპატიებო, გოგომაც დაიწყო:

„დაახლოებით, სამი თვის წინ, ჩვენს სახლთან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ჩემი ძმა იყო. თურმე, თავის დროზე, მამაჩემს საყვარელი ჰყოლია, მან ბიჭი გააჩინა და მამისთვის არასდროს არაფერი უთხოვია. ბიჭმაც არ იცოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა და ახლა, როცა დედა უმძიმეს დღეში იყო საავადმყოფოში, საიდუმლო გაუმხილა. ის კი მამაჩემთან მივიდა და თანხა სთხოვა დედის სამკურნალოდ და უარი მიიღო, აქაოდა, რაც მქონდა, შვილის მანქანაში მივეციო. როცა ეს გავიგე, გადავწყვიტე, მანქანა გამეყიდა და ჩემი ძმის დედას დავხმარებოდი, ამიტომ მოვიფიქრე გატაცება და არ მეგონა, თუ ათი დღის შემდეგაც დაძებნიდნენ, ჩვენ ხომ რეალურად ზერელედ დავწერეთ განცხადება და არც კატეგორიულად მოგვითხოვია, მოძებნეთო. აი, დედინცვალმა ვერ მოისვენა და ყველაფერი გააფუჭა“, - განაცხადა გოგონამ.

მამამ იქვე აღიარა, მეგონა, ჩემს ერთ შვილს მანქანა მეორემ წაართვა და ამიტომაც, ჩუმად ყოფნა მერჩიაო. საბოლოო ჯამში, გოგონას ერთწლიანი პირობით მისცეს, მის ძმასაც იგივე სასჯელი ერგო, დედინაცვალი კი... ქმარს დაშორდა, აქაოდა, ჩემთან შვილი არ გამოგდიოდა და კიდევ სხვაგან ჩასახეო...

ავტორი: ბათო ჯაფარიძე