ტყუპის დედამ ცნობილი ადვოკატის მოკვლა სცადა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ერთ-ერთი პროფესია, რომელიც რთულია, სიცოცხლისთვის საშიშია და კმაყოფილი ხალხიც იშვიათად გყავს, ადვოკატობაა. თავად განსაჯეთ, ადვოკატი იძულებულია, დაიცვას ყველა დამნაშავე და საქმეების ძირითადი ნაწილი მათი მარცხით სრულდება, რადგან პროკურატურა ამტკიცებს დანაშაულს, მოსამართლე იზიარებს პროკურატურის შუამდგომლობასა თუ მოთხოვნებს და ბრალდებულებს ციხეში უშვებს. ჰოდა, ბრალდებულები იმას კი არ ამბობენ, დავაშავე და სამართლიანად დამსაჯესო, არამედ, ყველაფერს ადვოკატს აბრალებენ, უკეთესი რომ მყოლოდა, ახლა თავისუფლებაზე ვიქნებოდიო ანუ ისინი იმას კი არ ამბობენ, დანაშაული არ უნდა ჩამედინაო, არამედ, ადვოკატს უნდა მოეხერხებინა, რომ ჩემი დანაშაული გადაეფარაო. მეტიც, არის საქმეები, რომლებსაც ადვოკატები პრინციპულად არ ჰკიდებენ ხელს, მაგრამ ყველას აქვს ადვოკატის ყოლის უფლება და ასეთ დროს, სახელმწიფო უნიშნავს სახაზინო წესით და ისიც იძულებულია ამტკიცოს, რომ მკვლელი „უდანაშაულოა“. თავად განსაჯეთ, გასულ კვირას, შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის დაცვა, როგორი საქმეა?

„სამსახურიდან გამოვედი, შინ უნდა წავსულიყავი, როცა ნაცნობი ადვოკატი დავინახე. ფეხით იყო და ვუთხარი, ბარემ სახლამდე მიგიყვან, მაინც გზად უნდა გავიარო-მეთქი. ჩამოჯდა, ვისაუბრეთ, მითხრა, საინტერესო საქმე მაქვს, ერთ ბიჭს ვიცავ, რომელსაც დაჭრას აბრალებენ, მაგრამ მოწმე ვიპოვე, რომელმაც დაინახა, რომ დანა სხვამ მოიქნია და ხვალ გადამწყვეტი პროცესი მაქვსო. უხაროდა, ამ პროცესის შემდეგ, ერთი თვით დავისვენებ, ცოლი მომყავს და ქორწილშიც აუცილებლად უნდა მოხვიდეო. სახლთან ჩამოვსვი, მე გზა გავაგრძელე და სანამ სახლამდე მივედი, დავინახე, წინა სავარძელზე საფულე ეგდო. გავხსენი, ადვოკატის საფულე იყო. არ ინერვიულოს-მეთქი და მანქანა მოვაბრუნე, კორპუსთან მივედი, სადარბაზოში შევედი და ეს ჩემი მეგობარი კიბეზე გდია, თავიდან კი სისხლი სდის. პირველივე კარზე დავაკაკუნე, სასწრაფოს გამოუძახეთ-მეთქი და რა თქმა უნდა, ექიმებს ძალოვნებიც მოჰყვნენ. ისე გამოდიოდა, რომ მთავარი მოწმე მე ვიყავი და ჩვენებაც მე უნდა მიმეცა. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოვყევი, რაც იყო, როგორც იყო და იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად გამოძიების პროცესში მონაწილეობის უფლება არ მქონდა, იქაურობა კარგად დავათვალიერე“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
გამოცდილმა გამომძიებელმა ტყუილად არ იმუშავა - იქვე ნახა ადგილი, სადაც სავარაუდოდ, თავდამსხმელი მსხვერპლს ელოდა, ერთ-ერთი ავტოფარეხის გვერდით, მიწა იყო ნატკეპნი და გაზეთის პატარა ნახევები, ალბათ, ვინც ელოდა, ნერვიულობდა. ცოტა მოშორებით იპოვეს ბეტონის ფილის ნატეხი, რომელსაც ადვოკატის სისხლი შერჩენილი ჰქონდა და ისიც ექსპერტიზაზე წაიღეს. რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვი იმ პროცესის მონაწილეებზე მიიტანეს, რომელიც მეორე დღეს უნდა გამართულიყო. მეტიც, მოწმეების ჩვენების მიხედვით, სწორედ იმ ავტოფარეხთან დაინახეს ქალი, რომელიც აღწერილობით ძალიან ჰგავდა იმ ბიჭის დედას, ვის წინააღმდეგაც მეორე დღეს ჩვენება უნდა მიეცათ და რომლის შვილსაც, სავარაუდოდ, ციხეში რამდენიმე წლით გაუშვებდნენ. ძალოვნებმა ქალს შინ მიაკითხეს და მან არ უარყო, რომ იქ იყო, თუმცა აგურის ჩარტყმა და მკვლელობის მცდელობა კი არა, ისიც კი უარყო, რომ ადვოკატი ნახა.
„დაახლოებით, ორი საათი ველოდე, შემდეგ გულმა ცუდი მიგრძნო და იქაურობა დავტოვე. გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი, აქედან სწრაფად წამიყვანეთ-მეთქი. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, გზაზე ტაქსის მძღოლი „გაიშნიკებმა“ დააჯარიმეს და ქვითარში აუცილებლად იქნება მითითებული ყველაფერი, მძღოლსაც ადვილად იპოვით და ის დაადასტურებს, როდის დავტოვე იქაურობა“, - განაცხადა ქალმა.
გამომძიებლებმა მართლაც დაადასტურეს და მისი ალიბი დადასტურდა. სხვა ეჭვმიტანილი კი, გამოძიებას უბრალოდ არ ჰყავდა.
„გადავწყვიტე, არაოფიციალური ძეიბა გამეგრძელებინა. ჯერ ერთი, საქმე ჩემს მეგობარს ეხებოდა და მეორეც, რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მანქანით სადარბაზომდე რომ არ მივიყვანე. კი გადარჩა მეგობარი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ თავდამსხმელი დაუსჯელი უნდა დარჩენილიყო. ამიტომ, კორპუსის ეზოში მივედი, ჩემოვჯექი და ლოდინი დავიწყე, ვინმე აუცილებლად მოვიდოდა და „ჭორაობას“ შევძლებდით“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
მართლაც, ეზოში მალე გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი ტყუპ ბავშვთან ერთად. ორივე ბავშვი ტყუპისთვის განკუთვნილ საბავშვო ეტლში ჰყავდა და მათ საყვარლად ეძინათ. ქალი აშკარად აქტიური და კარგი მოსაუბრე გამოდგა.
„ამ ადვოკატთან სულ პრობლემებია. ხან უკმაყოფილო კლიენტი მოუვარდება, ხან ვიღაც ქალის ნათესავი... ახლა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და ვიღაც გოგომ ამბები დააწია, მე რატომ არ მოგყავარო. კარგი გასართობია, თორემ დილიდან საღამომდე მოწყენილობით მოვკვდებოდი. სამაგიეროდ, ბევრი ფული აქვს, კარგი ადვოკატი ყოფილა, ბინაც ისე გაარემონტა, უკეთესს ვერ ინატრებ“, - არ ჩერდებოდა ქალი.
ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ადვოკატზე შური მისი ყოფილი შეყვარებულის სანათესაოს ეძია, ძალიან დამაჯერებლად ჩანდა და გამომძიებელმაც ამ მიმართლებით დაიწყო ქექვა. მეტიც, ადვოკატი აზრზე მოვიდა, საუბარიც შეძლო და... გამორიცხა, რომ შესაძლოა, ყოფილი შეყვარებულის ნათესავებს რამე ანალოგიური მოემოქმედებინათ, რადგან ყოფილი შეყვარებული იმიტომ მიატოვა, რომ ის გათხოვდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა დამწყებმა გამომძიებელმა ისეთი ვერსია წამოაყენა, რომელზეც თავიდან ბევრს გაეღიმა, შემდეგ კი, სწორედ ამ ვერსიამ გაამართლა და საქმეც გაიხსნა.
„ქორწილამდე ორი კვირით ადრე რომ აპირებენ ადამიანის მოკვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ არ სურთ, კაცი დაქორწინდეს და მემკვიდრე მისი ცოლი გახდეს. ეგებ, მას აქვს ისეთი ქონება, რომელიც ცოლს არ უნდა ერგოს და დამნაშავე ნათესავებში უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
როგორც გაირკვა, ადვოკატს ახლო ნათესავები, პრაქტიკულად, არ ჰყავდა. მამა ქვეყნიდან მაშინ წავიდა, როცა 5 წლის იყო და მისი არც კარგი იცოდა, არც ცუდი, რაც შეეხება დედ-მამიშვილებს, არ ჰყავდა. გარდა ამისა, დედაც დედისერთა იყო, ხოლო მამის მხარესთან კი კონტაქტი არასოდეს ჰქონია. ჰოდა, ძალოვნებმა სწორედ მამის და მისი სანათესაოს ძიება დაიწყეს. მალე გაირკვა, რომ მამაკაცი ცოცხალი იყო, სხვა ოჯახი ჰყავდა, მაგრამ საკუთარი შვილი - არა. მეტიც, კაცი სიმსივნით იყო დაავადებული და ექიმები ნახევარ წელზე მეტ გარანტიას ვერ იძლეოდნენ. მის სანახავად და დასაკითხად ოფიციალურ გამოძიებას ბატონი თენგიზიც გაჰყვა.
„შვილი... ბიჭი მყავს, მაგრამ ბედმა ისე ინება, მისი არაფერი ვიცოდი. მერე გავიგე... ორი წლის წინ გავიგე, სად იყო და როგორ იყო. წავედი, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გავბედე ან როგორ უნდა გამებედა, სულ ბავშვი იყო, როდესაც მივატოვე. ვიცი, რომ წარმატებული ადვოკატია და ჩემთვის, ჩუმად ვამაყობ. მეორე ცოლი მოვიყვანე, ის, ვისთვისაც პირველი ოჯახი მივატოვე, მაგრამ მეტი შვილი აღარ მეყოლა, გერი გავზარდე, გოგონა. ის ახლა დაოჯახებულია, ცალკე ცხოვრობს, ორი ულამაზესი შვილი ჰყავს, ტყუპი“, - განაცხადა კაცმა და ტუმბოზე დადებულ სურათს გახედა. სურათს თვალი გამომძიებელმაც გააყოლა, ბატონმა თენგიზმაც და გაოცდა - სურათიდან ის გოგონა უმზერდა, ადვოკატის ეზოში რომ ესაუბრა და მისი ტყუპით რომ აღფრთოვანდა. გამოცდილი გამომძიებელი მაშინვე მიხვდა, ვინ იყო თავდამსხმელი და დამნაშავე. ეზოში, ტყუპებით მყოფ ქალზე ეჭვს რომ არავინ მიიტანდა, ცხადი იყო.
„მთელი ცხოვრება დედაჩემმა ამ კაცის მოვლას შეალია. მერე, როცა გავიზარდე და გავთხოვდი, არ გამიმართლა, ტყუპი მეყოლა და ქმარმა მიმატოვა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი მამინაცვლის შვილი წარმატებული ადვოკატი იყო და ბედის ირონიით, ერთ კორპუსში მოვხვდით. მე გაძვალტყავებულ ბინაში, ის კი, ევრორემონტით და ბედნიერი. ჰო, მისი მოკვლა მინდოდა და მინდოდა იმიტომ, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემი მამინაცვალი ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა. არ მოკვდა და ეგებ, სადღაც, მიხარია კიდეც. მგონია, რომ მე თუ არა, ჩემი შვილები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ“, - განაცხადა ქალმა პირველივე დაკითხვისას.
როგორც კი ადვოკატმა გაიგო, ვინ იყო მასზე თავდამსხმელი, კოლეგას სასამართლოში მისი დაცვა სთხოვა, შეაწუხა ყველა, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა. ქალს პირობითი სასჯელი მისცეს და მართალია, ადვოკატმა მამას ვერ უშველა და ის რამდენიმე თვეში დაიღუპა, მაგრამ ტყუპის დედას ბინაც გაურემონტა და ძიძაც დაუქირავა დასახმარებლად.


ავტორი-ბათო ჯაფარიძე