შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”თბილისი პრაიდის” კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "თბილისი პრაიდის" კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თბილისი პრაიდის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების ჩართულობით თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

1 და 3 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების - კინოჩვენებასა და ქვიარ ფესტთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მოხდა ინფორმაციის მიწოდება ღონისძიების ლოკაციის დროის მონაკვეთის, სტუმრების სავარაუდო რაოდენობის და ორგანიზატორების მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ სამინისტრო იმ სპეციფიკის გათვალისწინებით რაც ღონისძიებებს გააჩნია უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

რაც შეეხება 5 ივლისს გასამართ მსვლელობას, შეხვედრის მონაწილეებს ღიად და ცალსახად განემარტათ, რომ ღია წყაროებში დაანონსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, კონტრ დემონსტრანტების მობილიზაციისა და სავარაუდო რაოდენობის მხედველობაში მიღებით, მათ მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების მსვლელობის ფორმატში ღონისძიების ჩატარება იქნებოდა დიდი რისკის შემცველი თავად მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

შეხვედრის მონაწილეებს შეეთავაზათ ალტერნატიული ტერიტორიის განხილვა, თუმცა, მათ დააფიქსირეს რომ დემონსტრაციის გამართვა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე სურდათ. არაერთი სამუშაო შეხვედრის მიუხედავად თბილისი პრაიდის წარმომადგენლების მხრიდან პოზიციის შეცვლა არ მომხდარა.

30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩებთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა სახელმწიფოს და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს მიერ პრაიდის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების გეგმის და მზაობის შესახებ.

ამასთან, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისს კიდევ ერთი ღონისძიების, კერძოდ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მხრიდან იგეგმებოდა არაერთი კონტრაქციის და სხვადასხვა სახის მანიფესტაციის მოწყობა. მსვლელობის ტერიტორიის მასშტაბისა და ასევე წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ პრაიდის ჩატარება რუსთაველზე არის უკიდურესი საფრთხის შემცველი და აუცილებელი იყო ალტერნატიული ადგილის განხილვა, რაზეც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები უარს აცხადებდნენ. მინისტრის ინფორმაციით, ანალიზის საფუძველზე მრავალრიცხოვანი ღონისძიებების და მარშის მიმდინარეობისას გარდაუვალი იქნებოდა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, ასევე მოხდებოდა ინდივიდუალური ადევნებები და ანგარიშსწორების ფაქტები.

1 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარედ, კლუბი „ხიდი“, დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს ტერიტორია, შეიმუშავეს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გეგმა და გეგმის მიხედვით დილის საათებიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 650-მდე თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მართლწესრიგის დაცვას.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული იყო ჯებირები და ცოცხალი ძალა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება დაიგეგმა და განხორციელდა სიტუაციის შესაბამისად. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა მოსვლის პარალელურად, ადგილზე მობილიზება დაიწყეს მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

პოლიციის მხრიდან მაღალი მობილიზებისა და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, მიუხედავად აგრესიული ჯგუფების მცდელობისა, კინო-ჩვენებამ ჩაიარა უსაფრთხო გარემოში, რასაც თავად „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა დადებითი შეფასება.

რაც შეეხება 3 ივლისის ღონისძიებას, პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს ფესტივალის ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა. გეგმის მიხედვით, 3 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენდა 850 თანამშრომელს. ფესტივალის დაწყების პარალელურად ლისის ტბის ამავალ გზაზე მობილიზება დაიწყო პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

პოლიციის მხრიდან განხორციელებული პრევენციული და აქტიური ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ლისი-ვანდერლენდის ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა ფესტივალი.

გაეროს სახლში, გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განხილული იქნა უშუალოდ 5 ივლისს ღონისძიების საკითხები. სამინისტროს მხრიდან პრაიდის ორგანიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსალოდნელი რისკების შესახებ. კერძოდ, განემარტათ, რომ ღია და ოპერატიული წყაროებით, მოპოვებული ინფორმაციით, ხდებოდა მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზება, რომლებიც გეგმავენ კონტრაქციის ჩატარებას არაერთ ლოკაციაზე. მათ შორის განემარტათ, რომ ეს შეკრებები შესაძლოა გახდეს საფრთხის შემცველი და მოულოდნელად ამ ლოკაციებიდან განხორციელდეს თავდასხმები მარშის დაწყების შემდეგ მათ მონაწილეებზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ ტექნიკურად და სტრატეგიულად აბსოლუტურად განსხვავებულია კონკრეტულ ლოკაციაზე გამართული და მოძრავი დემონსტრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც დაგეგმილია არაერთი მასშტაბური კონტრაქცია. მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეეთავაზათ სხვა სივრცეში ღონისძიების ჩატარება სადაც პოლიცია უზრუნველყოფდა ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ცალსახად, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია რომ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მსვლელობის მოწყობას არ განიხილავდნენ.

რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას. 5 ივლისს დილის საათებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითების შესაბამისად ჩაერთვებოდნენ ღონისძიებაში. ჯამში, 5 ივლისის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნაში იმყოფებოდა 3200- მდე პოლიციის თანამშრომელი.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წინასწარ ზუსტი დრო და ლოკაცია არ იყო ცნობილი საიდან დაიწყებოდა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ღირსების მარში, პოლიციის ჯგუფები გადანაწილდა სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც განლაგებულები იყვნენ მოწინააღმდეგეთა ჯგუფები. კერძოდ: რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, დედაენის პარკი, 9 აპრილის ბაღი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და სხვა ადგილები. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ მხოლოდ მარშის გამართვის მოწინააღმდეგე ჯგუფები, პოლიციის სპეციალური კორდონების განლაგების აუცილებლობა არ არსებობდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, მოულოდნელად, ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრები გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები.

თავდაპირველად, მათმა ნაწილმა მოახდინა პარლამენტის შენობის წინ სხვა საპროტესტო აქციის ფარგლებში განთავსებული კარვების დაშლა, პარალელურად მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად და აგრესიული თავდასხმები განახორციელეს მედიის წარმომადგენლების მიმართ. ადგილზე მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება, სიტუაციის განეიტრალება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.

პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად დაიძრნენ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, რომელიც რამდენიმე მეტრშია პარლამენტის შენობიდან. სადაც წინასწარ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა დემონსტრანტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების მოსვლამდე ვერ მოხერხდა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში შეჭრის პრევენცია. ინფორმაციის მიღების პარალელურად, მობილიზდა დამატებითი საპოლიციო ძალები, სიტუაციის განეიტრალება, ოფისის დაცვა და ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად არ მომხდარა სირცხვილიას ოფისში დემონსტრანტების შეჭრა.

აღნიშნულის პარალელურად, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ხდებოდა კონტრაქციის მონაწილეთა არაორგანიზებული და ქაოტური გადაადგილება, რის შესაბამისადაც, საპოლიციო ძალებს უწევდათ სამართალდამცავთა მობილიზება ერთდროულად რამდენიმე ადგილას.

მათ შორის: აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბნენ „მრგვალ ბაღთან“ მდებარე გაეროს სახლთან, ნაწილი აქტივისტებისა გაემართა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისისკენ, სადაც შენობის გარე-პერიმეტრიდან აქციის მონაწილეებმა მოახდინეს ოფისში შესვლა და ადგილზე არსებული ნივთებისა და ინვენტარის დაზიანება.

პოლიციის მხრიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, მოხდა დამატებითი ძალების გაგზავნა აღნიშნულ მისამართზე და აგრესიული ჯგუფების ქმედებები მათი მისვლის შემდეგ დროულად აღიკვეთა.

ასევე, აგრესიულ ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” ოფისში იმყოფებოდნენ თბილისი პრაიდის წევრები და მათი მხარდამჭერი პირები, რის გამოც რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წევრებმა მოახდინეს მობილიზება.

როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილების მარშუტის ანალიზით, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პირადი კომუნიკაციის შედეგად, იყო საფრთხე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისებზე თავდასხმის. მათ შორის, ევროკავშირის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის, თანასწორობის მოძრაობის, სადაც უწყებას უწევდა მიმდინარე რეჟიმში პოლიციელთა საკმარისი რაოდენობის გაგზავნა, ოფისში მყოფი პირების უსაფრთხოდ გამოყვანის ან შენობის დაცვის მიზნით. პრევენციის მიზნით, საპოლიციო ძალების მობილიზებული იყო სხვადასხვა ტელეკომპანიების ოფისებთან.

ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში, პარკებში პოლიცია ცოცხალი ძალით მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შეკრებაში მონაწილე პირების შეკავებას, რომელთა აგრესია მიმართული იყო ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან გახორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე. გამოძიება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია 7 პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.

ასევე გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას", "თბილისი პრაიდის" და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია რომ დაიგეგმა ორი ურთიერთ საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია, მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით. დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი. აღსანიშნავია, რომ სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, და სამართლებრივი რეაგირების მიზნით აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს.