რა ცვლილებები შევიდა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ახლადდანიშნულმა გენერალურმა აუდიტორმა შეაფასა

 

მაკა რუხაძე

 

საქართველოს პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა უკვე დაიწყო. თუმცა, წლის ბოლომდე ანუ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ორი თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების პროექტი მომზადდება. სამაგიეროდ, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე, 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების პროექტი განიხილეს და ამ ცვლილებების შესახებ, გენერალური აუდიტორის დასკვნასაც მოუსმინეს.  

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მილიარდი ლარით იზრდება. გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც გაზრდილი შემოსავლები გადანაწილდება. მისი ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქონლის ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განაპირობა.

„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მანამდე არსებული 6%-ის ნაცვლად, 8.5%-მდე იზრდება. ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის პროგნოზი 10.5%-ია. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72.2 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 266 მილიონი ლარით იზრდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მილიონი ლარი - სახელმწიფო ვალების შემცირებას, ხოლო 507 მილიონი ლარი - სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ შეაფასა:

„ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10.5%-იანი ზრდა, ხოლო რვა თვის საშუალო მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 10.3%-ია, ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6%-იანი ზრდა. საპროცენტო განაკვეთების გარდა, ეკონომიკა ყველა მიმართულებით აჩვენებს ზრდას და ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით გამართლდა. საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპი გახდა ფუნდამენტი იმისა, რომ განახლდა მაკროეკონომიკური პარამეტრები და 6%-ის ნაცვლად, ბიუჯეტში ჩადებულია 8.5%-იანი ზრდა. ნომინალში, მშპ 64.8 მილიარდი ლარის ნაცვლად, წარმოდგენილია 72.2 მილიარდი ლარით. დეფიციტის მაჩვენებელი - 4.4 პუნქტი შემცირებულია 3.2 პუნქტამდე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. ის გავლენას ახდენს, როგორც ინფლაციაზე, ასევე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ ბანკს, რომ შეამციროს ინფლაციური ზეწოლა საქართველოს ეკონომიკაზე და ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო ვალის აბსოლუტური მოცულობა მცირდება 883 მილიონი ლარით და ვალის მოცულობა 40%-ს სცილდება. ორივე პარამეტრი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი უყურებს ანუ დეფიციტი და ვალის მოცულობა მნიშნელოვანია, როგორც ფისკალური მდგრადობის, ასევე, მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიით, ხარჯები გაიზრდება 507 მილიონით და მთლიანობაში, ასიგნებები მიაღწევს 19 მილიარდ 678 მილიონ ლარს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა:

„რასაკვირველია, ეს პროექტი იმსახურებს მხარდაჭერას იმიტომ, რომ ხარჯების გასაწევად დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდა, რაც მხოლოდ პროგრესზეა ორიენტირებული. მიმაჩნია, რომ პენიტენციური სისტემის 10 მილიონი ლარით გაზრდილი დაფინანსება უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი თანხა და სისტემას უფრო მეტი ფინანსები სჭირდება, უბრალოდ, დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ შესაძლოა, ეს თანხა მომავალი წლისთვის ყოფილიყო გამოყოფილი, მაგრამ სისტემის დაფინანსება მიმდინარე წელსვე გაიზრდება“.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, ცოტნე ყავლაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა. ქვეყნის მთავარი მაკონტროლებლების შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქმულია ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, განახლებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ფისკალურ დეფიციტზე, ფისკალური რისკების შეფასების საკითხებზე, ვალის განახლებულ პარამეტრებზე, ბიუჯეტის შემოსულობების ცალკეულ კატეგორიებზე, ბიუჯეტის გადასახდელებზე, ასევე, პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტირების საკითხებზე.

„პლენარულ სესიაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებები დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილება, ძირითადად, განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდამ 1 მილიარდი ლარით. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით წარმოდგენილ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განახლებულ პროგნოზებში, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებია ასახული. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა, მშპ-ს დეფლატორი - 4.5%-დან 10.5%-მდე და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - 7.6%-დან 6.9%-მდე შემცირდა. კანონპროექტზე თანდართულ „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ განახლებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებულ ეკონომიკურ რისკებს დაემატა ერთი ახალი რისკი - მსოფლიოში მოსალოდნელი რეცესია. ამასთან, დოკუმენტი აღარ ითვალისწინებს წინა რედაქციაში ასახულ ორ რისკს - „გაზრდილ გლობალურ ვალს“ და „გლობალურ მომხმარებელთა ქცევას“. მნიშვნელოვანია, დოკუმენტში წარდგენილი რისკ-ფაქტორები და მათი ეფექტები ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული შოკების რეალიზაციის შეფასებასა და ანალიზს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში, სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის მიხედვით,  ბიუჯეტში ასახული განახლებული მონაცემებით, 2022 წელს, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი უახლოვდება ორგანული კანონით დადგენილ 3%-იან ზღვარს და ლიმიტის ფარგლებში 2023 წელს ბრუნდება. კერძოდ, დეფიციტის პროგნოზი 2022 წლისთვის 3.1%-ს ანუ 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დადებითი ტენდენცია აქვს ვალის წესის მიზნისთვის დათვლილ მაჩვენებელსაც, რომელიც 51.7%-დან 40.1%-მდე მცირდება და კანონმდებლობით დადგენილი 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია მოქცეული:

„ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი არ ითვალისწინებს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეკომენდაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დააკლასიფიცირა, როგორც სამთავრობო სექტორი - ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ის 40.4%-მდე იზრდება. მთავრობის ვალის 75% საგარეო ვალია. ასევე, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან“ (PPP პროექტები) მომდინარე ვალდებულებებიც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ვალის წესის მაჩვენებელი განსაკუთრებით მოწყვლადია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ“.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

„ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზის გათვალისწინებით, 1 მილიარდი ლარით - 7.8%-ით იზრდება საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი და 14.5 მილიარდ ლარს შეადგენს; რენტიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 50 მილიონი ლარით - 66.7%-ით და 25 მილიონ ლარს უტოლდება. ცვლილების მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კანონპროექტი მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას მისი შემცირების მიზეზების შესახებ; პროცენტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 20 მილიონი ლარით - 11.1%-ით და 200 მილიონი ლარის დონეზეა განსაზღვრული.

რვა თვის მდგომარეობით, პროცენტის სახით ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 171 მილიონი ლარი შეადგინა, რაც განახლებული გეგმის 86%-ია. მოცემული ტენდენციის გათვალისწინებით, კანონპროექტით წარმოდგენილი პროგნოზი შედარებით კონსერვატულია; სანქციების - ჯარიმებისა და საურავების კომპონენტის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელადაა შენარჩუნებული 110 მილიონი ლარის დონეზე. მობილიზების არსებული ტენდენციისა და მიმდინარე წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრება) გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი შედარებით კონსერვატულია“.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში, იზრდება 22 პროგრამის დაფინანსების მოცულობა, ჯამურად 752 მილიონი ლარის, ხოლო რვა პროგრამის დაფინანსება მცირდება - ჯამურად 80 მილიონი ლარის ოდენობით. საყურადღებოა, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანართში ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელი არ შეცვლილა, რომელთა დაფინანსებაც შეიცვალა.

„მიზნობრივი მაჩვენებლები არ განახლებულა იმ პროგრამების 78%-ში - 13 პროგრამა, რომელთა ასიგნებების მოცულობა 10%-ით და მეტით იცვლება. მიზანშეწონილია, რომ პროექტში წარმოდგენილი ფინანსური ცვლილებების შესაბამისად, მხარჯავი უწყებების მიერ, სრულად განხორციელდეს პროგრამული ბიუჯეტის ნაწილში მიზნობრივი მაჩვენებლების კორექტირება. საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში, კაპიტალური პროექტების დანართი არ განახლებულა. შესაბამისად, პროექტების დონეზე ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ რა მასშტაბის ცვლილებები განიცადა კაპიტალურმა პროექტებმა. გარდა ამისა, სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა, რაც ართულებს ცვლილების გავლენის დადგენას საბიუჯეტო ორგანიზაციებზე“.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, 2022 წლის ბოლოსთვის, სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით, 4.7 მილიარდი ლარით მცირდება და 29.8 მილიარდ ლარს უტოლდება. შემცირებაში ეროვნული ვალუტის გამყარების ეფექტი 87%-ს შეადგენს - 4.1 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი 13% ანუ 602 მილიონი ლარია. საყურადღებოა, რომ 2022 წელს, საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებულ 16 საინვესტიციო პროექტს უმცირდება დაფინანსება, ჯამურად - 328.6 მილიონი ლარის ოდენობით, ორ საინვესტიციო პროექტს კი ეზრდება, ჯამურად - 18.1 მილიონი ლარით.