Menu
RSS

უცნობი ფაქტები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის X-ფაილიდან

ის არც მარტინ ლუთერ კინგია, არც მაჰათმა განდი და არც კაკო ყაჩაღი, მაგრამ მისი სახელი ბავშვმაც კი იცის. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ცოტა ეპატაჟურია, ცოტა _ ცინიკოსიც... ზოგჯერ შოუმენობაც ეხერხება, ზოგჯერ კი პილატე პონტოელივით მკაცრია... ერთი სიტყვით, მასში დემონებიც სახლობენ და ანგელოზებიც... მისი მთავარი ხიბლი, გნებავთ, შარმიც სწორედ ესაა და... ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. მეტიც, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ადგენს, რაც გასაკვირიც არაა, რადგან 2012 წლის 14 ნოემბრიდან მოყოლებული, იმ მძლავრი მედიამანქანის სული და გული ანუ მარტივად რომ ვთქვათ, „მოტორია“, სადაც ახალი ამბები „კეთდება“. სხვათა შორის, თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გულისხმიერი და დემოკრატი ხელმძღვანელია. შეიძლება, ეს ხელქვეითთა სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ უცხო თვალითაც ნათელია: ცხონებული ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს მისნაირი კარგი მმართველი არ ჰყოლია. იმედია, მიხვდებოდით და თუ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ „ვერსია“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ყოფილი გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, ყოფილი იუსტიციის, ასევე განათლების მინისტრის, ყოფილი ბრალდებულისა და ამჟამად წარმატებული მენეჯერის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა (ნიკოლოზ) გვარამიას X-ფაილს ადგენს.
,,ნოემბრიდან ნოემბრამდე''
ამ პიროვნებაზე ყველამ ყველაფერი თითქოს ვიცით, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ვერსიამ“ ნიკა გვარამიას ალგორითმის ამოხსნა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ამ „ცოდნის“ ფუნდამენტი მითები და ლეგენდებია. ასე, მაგალითად, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი გულზე არ ეხატება, ასპროცენტიანი სიზუსტით ამტკიცებს, რომ ყბადაღებული ფილმი _ „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ სწორედ მისი გადაღებულია. არადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ახლა, ისე არ გაიგოთ, „ვერსია“ ნიკა გვარამიას ადვოკატობას ცდილობს, როგორ გეკადრებათ. ჩვენ, უბრალოდ, იმ ფაქტებით ვმსჯელობთ, რომელთა ნახვაც ინტერნეტში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ჰოდა, თუკი იგივე Google-ს საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვათა კომბინაციას _ „ნიკა გვარამია+ნოემბრიდან+ნოემბრამდე“, აუცილებლად „ამოვარდება“ გვარამიას ინტერვიუ, რომელიც 2016 წლის თებერვლით თარიღდება და რომელშიც ზემოხსენებულ ფილმთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას აკეთებს, თუმცა ვიდრე ამ ინტერვიუდან ამონარიდს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ: დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ეკრანებზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მერე გამოვიდა და მასში აქცენტი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლზეა გაკეთებული. ეს, უტრირებულად რომ ვთქვათ, შეთქმულების, მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა-ხელში ჩაგდების მუხლია და თუკი ყველაფერ ამას ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა, მაშინ ამბოხება-შეთქმულებაში მხილებულებს ოცწლიანი „გაციმბირება“ ემუქრებათ.
ისე, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ თავის დროზე ამ მუხლით ბრალს ნაციონალები სხვებს უყენებდნენ. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, ამავე მუხლის საფუძველზე, სხვა „ყოფილებთან“ ერთად, ბრალი ლამის ნიკა გვარამიასაც წაუყენეს. ზემოხსენებულ ინტერვიუშიც, რომელიც გაზეთ „ქრონიკა+“-შია გამოქვეყნებული და რომელიც 2016 წლის 20 თებერვლით თარიღდება, ჟურნალისტი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს კითხვას სწორედ ამ კონტექსტში უსვამს:
„_ ნიკა, 2007 წელს როცა ფილმს _ „ნოემბრიდან ნოემბრამდე'' აკეთებდით, 315-ე მუხლი რეალურად, პირველად თქვენმა ხელისუფლებამ გამოიყენა. იფიქრებდით, რომ ამ ქვეყანაში დადგებოდა დრო და ამჯერად უკვე ამ მუხლით თქვენ წინააღმდეგ დაიწყებოდა გამოძიება?
_ არ მიფიქრია, მაგრამ უნდა მეფიქრა, როცა ამაში ვმონაწილეობდი. მე ვფიქრობ, „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ გადაჭარბებაა და არ მაქვს მასთან კავშირი, თუმცა ცხადია, იმ გამოძიებასთან მაქვს. პირველი, რაც უნდა ვთქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმე ნამდვილად არ იყო თითიდან გამოწოვილი.; მეორე, მედიასთან დამოკიდებულების ის ფორმა და ფართო პოლიტიკურ სპექტრთან დამოკიდებულების ის ფორმა, რაც მაშინ იყო, არა ჩემი ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩემი ჩართულობით, სწორი არ იყო. სამართლებრივად ყველაფერი რომ გამართული ყოფილიყო, პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო. ვფიქრობ, პოლიტიკურად ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც დამიშვია და რომლის გამოსწორებასაც ახლა ვცდილობ იმით, რომ მედიას ვუჭერ მხარს, მისი დამოუკიდებლობის ყველა გამოვლინებით...“
მოკლედ, ნიკა გვარამია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სკანდალური ფილმის _ „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ავტორი არაა, თუმცა, როგორც მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე, ამ ფილმის მომზადებაში მონაწილეობდა ანუ საგამოძიებო უწყების სახელით, საზოგადოებას სწორედ ის ელაპარაკებოდა და არწმუნებდა, რომ ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი და მაშინდელი სხვა ოპოზიციონერები (აქედან ნაწილი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა), სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება-ამბოხს აწყობდნენ. ყველაფერ ამის გამო გვარამიამ, ზემოხსენებული ინტერვიუს გარდა, ბოდიში სხვა დროსაც მოიხადა.
შეიძლება ვინმემ თქვას, ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო. კი ბატონო, ბოდიში შეღავათი ნამდვილად არაა, მაგრამ ნიკა გვარამიას ქარიზმაც სწორედ ისაა, რომ ბოდიშის მოხდა შეუძლია. სხვათა შორის, მან ბოდიში ერთი თვის წინ ანუ მას შემდეგაც მოიხადა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს „შაბათის კურიერის“ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა:
„გადავახვიე. ვუყურე. ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, კორუფციაში ბრალდებისას ნერვებს რომ ვერ ვიმორჩილებ“, _ დაწერა სკანდალური ღია ეთერის შემდეგ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
რაკიღა სიტყვა სოცქსელზე, ესე იგი, Facebook-ზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ X-ფაილის დღევანდელი პერსონაჟი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და იგივე სტრასბურგის ვერდიქტი, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ გადაიდო, აუდიტორიას ჯერ სოცქსელით ამცნო, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგი გამართა.
შტრიხები ოფიციალური ბიოგრაფიისთვის
მართალია, წეღან ვთქვით, ხანდახან კარგი შოუმენიაო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნიკა გვარამია სხვა „სელებრითებივით“ პირად თემებზე ღიად ლაპარაკობს. ეს კი არადა, ინტერვიუებსაც იშვიათად იძლევა, რაც გასაკვირიც არაა _ მედიის ძალა კარგად იცის და, ალბათ, არ უნდა, გიორგი გაბუნიას მსგავსმა რომელიმე ჟურნალისტმა ისეთი რამ „წამოაცდევინოს“, რასაც შემდეგ, ოპონენტები მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ინტერვიუს ვინ ჩივის და, ინტერნეტში გვარამიაზე ოფიციალური ინფორმაციაც მწირია.
ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია 1976 წლის 29 ივნისს, სოხუმში დაიბადა, ესე იგი, დევნილია. სხვათა შორის, ერთხელ, ამ თემაზე „ნანუკას შოუში“ არცთუ ვრცლად ილაპარაკა... ერთხელ კი, სოციალურ ქსელში დაწერა: „სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში დამხმარებია. იოტისოდენითაც კი... სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო, აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა – აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა. მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო“.
ნიკა გვარამიას, ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული (1998 წელი). 2000 წელს, X-ფაილის დღევანდელი გმირი მუშაობას საადვოკატო კომპანია შპს „სანდოში“ იწყებს, სადაც 2003 წლამდე საქმიანობს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მომავალი რევოლუციონერები ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, მოქკავშირის რეფორმატორული ფრთა აქტიურდება. უცნობია, გვარამიამ იგივე მიხეილ სააკაშვილი სად და რა ვითარებაში გაიცნო, მაგრამ ცნობილია, რომ მას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა კახა კუკავასთან. მოგეხსენებათ, „ვარდების რევოლუციის“ დროს კუკავა ზვიად ძიძიგურის პარტიაში იყო. ისიც ცნობილია, რომ ზვიად ძიძიგური, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი, შევარდნაძის ხელისუფლებამ მძიმე ბრალდებით დაიჭირა და სიკვდილის დასჯა რომ არ გაუქმებულიყო, უმაღლეს სასჯელსაც ვერ გადაურჩებოდა.
ასევე ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და მეგობარი იყო ნიკა გვარამიას მამა, ანზორ გვარამია.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძეს გაემიჯნა, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ზვიადისტური მოძრაობის გარკვეული ფრთა გახდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიკა გვარამია სააკაშვილთან ძიძიგურის ხელშეწყობით მოხვდა... ამასთან, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ გვარამიასა და სააკაშვილის დაახლოებას ხელი ირაკლი ოქრუაშვილმა შეუწყო. ამის თქმის საფუძველს კი შემდეგი გარემოება იძლევა: „ვარდების რევოლუციამდე“ ოქრუაშვილს, როგორც ადვოკატს „თელასთან“ ჰქონდა ურთიერთობა. 2003 წელს, გვარამიაც „თელასში“ მუშაობდა. იმდროინდელი მითოსით, „თელასი“ „ვარდოსნების“ ერთგვარი ბასტიონი იყო. ჰოდა, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2004 წელს, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიაში „რუსთავი 2“-ის დღევანდელი გენერალური დირექტორი სწორედ ასე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რევოლუციურ რელსს პარლამენტში ბევრი „შემთხვევითი ადამიანი“ შეჰყვა, თუმცა ნიკა გვარამია იმთავითვე გამორჩეული პერსონა გახდა. ყოველ შემთხვევაში, მან ნაცმოძრაობის მმართველ ელიტაში ადგილის დამკვიდრება მოახერხა, რაც გასაკვირი არცაა, რადგან ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: ეს ადამიანი ნიჭიერიც არის, განათლებულიც და ორატორობის ხელოვნებასაც ფლობს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ნიკა გვარამია კლუბის _ „რა? სად? როდის?“ წევრი იყო და ამ ინტელექტუალურ თამაშს კარგა ხანს თამაშობდა.
„ჩვენ გვჭირდება განათლებული და ზომიერად აგრესიული ახალგაზრდები!“ _ დაახლოებით ამ შინაარსის ლოზუნგით მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამოვიდა. იმხანად სრულიად ახალგაზრდა გვარამია ახალი ყაიდის სახელმწიფო მოღვაწის (ქართულ „ვიკიპედიაში“ ნიკა გვარამიას შესახებ ინფორმაცია სწორედ სახელმწიფო მოღვაწეების განყოფილებაში იძებნება) ამ ორივე კრიტერიუმს აბსოლუტურად აკმაყოფილებდა. შესაბამისად, არავის გაკვირვებია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გვარამიამ ხელისუფლების სხვა შტოში გადაინაცვლა _ კერძოდ, 2007 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, სადაც ლამის ერთი წელი დაჰყო. 2008 წლის 24 იანვარს კი, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს. შვიდი დღის შემდეგ ანუ 31 იანვარს, ეს თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. 9 თვის შემდეგ, მთავრობაში მორიგი კარუსელი დატრიალდა და 2008 წლის 27 ოქტომბერს, ნიკა გვარამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მოგვევლინა. მის ამ გარდასახვას დიდი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა _ ოპოზიციამ გააპროტესტა, როგორ შეიძლება, განათლებას სათავეში ის ადამიანი ჩაუდგეს, რომელსაც ძალოვან უწყებაში აქვს ნამუშევარი, ეს ნიშნავს, რომ ნაციონალები სკოლების, უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების მართვას ძალოვანი მეთოდებით აპირებენო.
განათლების მინისტრად ნიკა გვარამიამ ზუსტად ერთი წელი იმუშავა და 2009 წლის 27 ოქტომბერს თანამდებობა, როგორც მაშინ ითქვა, საკუთარი ნებით დატოვა. მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში გონივრული ეჭვი ერთობ ფესვგამდგარია. ჰოდა, გვარამიას ამ გადაწყვეტილებას ზოგმა საფუძვლად ის დაუდო, რომ მას ნაცელიტასთან, კერძოდ, სააკაშვილთან თითქოს ურთიერთობა დაეძაბა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ისიც მუშაობდა, რომ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ სტალინიდან მოყოლებული, აპრობირებული მეთოდია: არასასურველ ადამიანებს სასწავლებლად უშვებენ ხოლმე. ჰოდა, განათლების ექსმინისტრი გვარამიაც განათლების მისაღებად ოკეანის გაღმა გაემგზავრა.
როგორც ცხოვრობდა ან რა განათლება მიიღო აშშ-ში, ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არსებობს. მეტიც, ლამის ხუთი წლის განმავლობაში გვარამია მხოლოდ მაშინდელმა ოპოზიციამ კი არა, მმართველმა ელიტამაც დაივიწყა. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, ყოფილი ჩინოვნიკი არენაზე ისევ გამოჩნდა, ოღონდ სხვა ამპლუაში _ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მოგვევლინა და ამ პოსტზე გოგი გეგეშიძე ჩაანაცვლა.
ძნელი სათქმელია, რა ნიშნით შეარჩიეს ტელევიზიის დამფუძნებლებმა გვარამია დირექტორად, თუმცა თუკი ეჭვიანებს დავუჯერებთ, ამ გადაწყვეტილების მთავარი ქვაკუთხედი ის იყო, რომ გვარამია სააკაშვილის ახლო მეგობარია. ასევე, ცნობილია, რომ ძმები ყარამანაშვილები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტს ფლობენ, სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. 2012 წლის არჩევნებში დამარცხება ნაცმოძრაობისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი „რუსთავი 2“-ს დღემდე პარტიულ ტელევიზიად მიიჩნევს. ისე, არც თავად არხის მენეჯმენტი უარყოფს, რომ ნაცმოძრაობის მიმართ, მინიმუმ, სიმპათია აქვს; ამასთან, გვარამიაც არ მალავს, რომ სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მისი მეგობრები არიან... ჰოდა, თუკი ყველაფერი ეს მართალია, ვინ, ვინ და, ყველაზე კარგად სწორედ მან იცის, თუ როგორი პროპაგანდა სჭირდება ნაცმოძრაობას საკუთარი შელახული იმიჯის გასაზრდელად კი არა, „ოცნების“ რეპუტაციის შესალახად. ცხადია, გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით და ვერ ვიტყვით, რომ „რუსთავი 2“ „ოცნებას'' მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს; მეტიც _ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ „ოცნების“ რეიტინგის ვარდნაში ამ მედიასაშაულებას ლომის წილი არ მიუძღვის. შესაბამისად, ლო გიკურიცაა, თუკი საზოგადოების ერთ ფრთა მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის სასამართლო დავების უკან მოქმედი ხელისუფლება დგას. საზოგადოების ამ ნაწილის მოსაზრება იმ გარემოებასაც ემყარება, რომ ხალვაშის და, ფატი ხალვაში „ოცნების“ დეპუტატია, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა...
სკანდალები
ნიკა გვარამიას, ყოველივე ზემოთქმულიდანაც ჩანს, რომ სკანდალები არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკლდა. ოპონენტები დღესაც ყველაზე ხშირად ჩინოვნიკობას, კერძოდ, გენერალური პროკურორის მოადგილეობას უხსენებენ ხოლმე, მაგრამ მის თავზე შავი ღრუბლები ყველაზე მძლავრად 2012 წლის 19 დეკემბერს შეიკრა _ ამ დღეს ნიკა გვარამია დაიჭირეს. ფინანსთა სამინისტრო ბრალს კორუფციაში სდებდა...
2012 წლის 19 დეკემბერსვე, საღამოს, 18 საათსა და 43 წუთზე ინტერნეტპორტალი ცივილ.გე „ნიუსს“ ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:
„ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელია და 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე, კიდევ სამი პირი სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს შორის ასევე არის კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი... ასევე, დაკავებულია აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი და 2005-2008 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია. ყველა მათგანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2012 წლის ზაფხულში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა კორუფციული გარიგება დადო „თელასთან“, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება „თელასში“, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ ,,ხრამჰესი 1'', ,,ხრამჰესი 2'', და შპს ,,მტკვარი ენერგეტიკაში'' და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს „ინტერ რაოს“ წარმომადგენელი ვადიმ მიტიუშინი დაუკავშირდა და დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დევი კანდელაკი, რომელიც იმ დროს „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“ და „მტკვარი ენერგეტიკის“ დირექტორი იყო, ასევე ჩართული იყო ამ „დანაშაულებრივ მოლაპარაკებებში“, რომელმაც ზემოხსენებული მიზნისთვის, ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, „ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და შესაბამისად, არ მომხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა“.
„ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
ამავე განცხადებით, ხეთაგურმა სთხოვა თავის ახლობელს ნიკა გვარამიას, რომელიც 2007 წელს მთავარი პროკურორის მოადგილე, 2008 წელს იუსტიციის მინისტრი და 2009 წლის ბოლომდე განათლების მინისტრი იყო, კანდელაკთან მოლაპარაკებებში ჩართულიყო და 1 მილიონი აშშ დოლარის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეემუშავებინა.
„ამის შემდეგ, გვარამია დაუკავშირდა თავის მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა, ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს ,,ელენდეფ სერვისი'', რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შპს ,,ელენდეფ სერვისი'' ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წთ დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო, ,,ინტერ რაო ესის'' კუთვნილი ენერგოკომპანიებიდან სს ,,ხრამჰესი 1'', ,,ხრამჰესი 2'', ასევე ,,მტკვარი ენერგეტიკიდან'' და ,,თელასიდან'' თანხები გადაირიცხა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ნემსიწვერიძემ „ელენდეფ სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. ნემსიწვერიძე ასევე დაკავებულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სქემის ბოლო ეტაპზე გვარამიამ სთხოვა თავის მეგობარს, კახა დამენიას ასევე ჩართულიყო ,,დანაშაულებრივ სქემაში'' და შპს ,,ელენდეფ სერვისთან'' დაედო ფიქტიური ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებები სს ,,ხრამჰესი 1'', სს ,,ხრამჰესი 2'', შპს ,,მტკვარი ენერგეტიკასა'' და სს ,,თელასში'' საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე.''
„ოროსნებმა დაიჭირეს ხეთაგური და გვარამია“, _ ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაკავებას მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ.
მართალია, ნიკა გვარამიამ გისოსებსმიღმა დიდი დრო არ გაატარა, მაგრამ ზემოხსენებული საქმის ძიება ლამის ერთი წელი გრძელდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გვარამია და მასთან ერთად სხვა დაკავებულებიც, სასამართლომ გაამართლა.
„ყველა გავმართლდით ყველა ბრალდებაში“, _ დაწერა ნიკა გვარამიამ 2013 წლის 14 ნოემბერს სოციალურ ქსელში, თუმცა მისი და სამართალდამცავების ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა ანუ გამართლების შემდეგ გვარამიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა არაერთხელ მოუწია, ხან მოწმის და ხანაც დაზარალებულის სტატუსით.
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს მოწმედ, როგორც წესი, იმ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იბარებენ ხოლმე, რომლებითაც ე.წ. უკრაინული ვიკილიქსი ქართულ საზოგადოებას ხშირად ანებივრებს. ასე რომ, მხოლოდ გვარამიასა და სააკაშვილის კი არა, გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, ასევე გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული ჩანაწერებიც გვაქვს მოსმენილი. ისე, ახვლედიანის ეპიზოდი ფრიად საინტერესოა ანუ გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი თავად მან გააკეთა და მისსავე კომპიუტერში ინახებოდა, მაგრამ რაღაც მანქანების საშუალებით, ინტერნეტში აღმოჩნდა.
საერთოდ, ფარული ჩანაწერები გვარამიასთვის ერთგვარი ბედისწერაა. ასე, მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. მანამდე კი ანუ 2014 წლის მაისის დასაწყისში ნიკა გვარამიას და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს. ამის შესახებ საზოგადოებას თავად გვარამიამ ამცნო. „ნინოს შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც საქმიან, ისე პირადი ხასიათის ჩანაწერებს და მასალა დაახლოებით, ერთსაათიანია; ჩემს შემთხვევაში კი ფარული ჩანაწერი 15-წუთიან მასალას მოიცავს“, _ აღნიშნა მაშინ გვარამიამ და დასძინა, რომ ფარული ჩანაწერები შსს-დან ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა და ოფისის შემოწმებაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც დაზარალებულის საგამოძიებო უწყებაში მისვლას, ეს ამბავი ახლახან, კერძოდ, 2017 წლის 7 იანვარს მოხდა: იმ დღეს ნიკამ მამა დაასაფლავა და სტრესისგან განმუხტვის მიზნით, მეგობრებთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ რესტორანს მიაშურა, სადაც თავს უცნობი დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უცნობი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი იყო...
იმის შესახებ, თუ რატომ დაესხა თავს რატი გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიას, ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ, „ვერსია“ ამ თემის დეტალურ ანალიზს აღარ შეუდგება, თუმცა რაკიღა სიტყვა ნიკა გვარამიას მამაზე, აწგანსვენებულ ანზორ გვარამიაზე ჩამოვარდა, პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ წერილიდან, რომელიც ,,ოდიშინიუსმა'' სწორედ ზემოხსენებული თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნა: „...ადამიანი, რომელიც იმ დღეს გააცილა ამქვეყნიდან ნიკა გვარამიამ, იყო მრავალი ღირსებით შემკული კაცი, რომლის მხრებზე გადაიარა ჯერ 70-80-იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის, ხოლო შემდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის აღმასვლისა და ეროვნული ხელისუფლების დამამხობელთა მიმართ დაუმორჩილებლობის მოძრაობის პერიპეტიებმა ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ _ ზუგდიდში. ანზორ გვარამიამ, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა და პირადმა მეგობარმა, რომელიც თავისი ნატურიდან გამომდინარე, უანგაროდ იყო ჩართული ამ ბრძოლებში (მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სილაღითა და შინაგანი თავისუფლებით განაცხადა უარი ზვიად გამსახურდიას წინადადებაზე საქართველოს პარლამენტში ეყარა კენჭი იმ მოტივით, რომ სხვებისთვის დაეთმო გარანტირებული ადგილი საკანონმდებლო ორგანოშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც) ჩუმად შეუდგა მხარი ე.წ. ბექმენეჯერის ტვირთს სახიფათო და უთანასწორო ბრძოლაში პუტჩის მომწყობ ხილულ და უხილავ ძალებთან. მას გვერდზე ჰქონდა გადადებული ის, რაც თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიაჩნდა (28 წლის ასაკში ჰქონდა გამოცემული მოთხრობების პირველი კრებული ,,პირველი თოვლი'', რაც საბჭოთა ნომენკლატურული მწერლობის ბატონობის პირობებში ამ ასაკში მხოლოდ გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს შეიძლებოდა ხვდომოდათ წილად, იშვიათი გამონაკლისის სახით). იგი იყო აფხაზეთში ფართოდ ცნობილი ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ამასთან, ერთ-ერთი გამომცემელი პუტჩისტების ძალმოსილების პირობებში, 92-93 წლებში ნახევრად არალეგალურ პირობებში გამომავალი წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთისა ,,აღდგომა'', რომელიც ჯერ სოხუმში, ხოლო აფხაზეთზე პრეზიდენტისადმი მიცემული ერთგულების ფიცის გამტეხი ეროვნული გვარდიის პირველი გამოლაშქრებისა და რედაქციის დარბევის შემდეგ ზუგდიდში გამოდიოდა და ქართველ ხალხს შეუნარჩუნა გროზნოში მყოფი დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართვების ხელმისაწვდომობა“.
ქონება
მაშინ, როცა ძმები ყარამანაშვილები არ აქტიურობენ, „რუსთავი 2“-ის ინტერესებს ნიკა გვარამია ასე გამწარებული რატომ იცავსო? _ ამ კითხვას ბევრი სვამს და თავადვე პასუხობს, გვარამიას ყარამანაშვილებთან ძალიან სარფიანი კონტრაქტი აქვს დადებული და სწორედ იმიტომ აქტიურობს, რომ იცის, თუკი „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება, გენდირექტორის ადგილს ვერ შეინარჩუნებს და არ უნდა, გარანტირებული ძალიან მაღალი ხელფასი დაკარგოსო. დანამდვილებით, რასაკვირველია, არავინ იცის, გვარამიას ჯამაგირი რამდენია და ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ მოარული ხმით შეიძლება. სხვათა შორის, 2015 წლის შემოდგომაზე „ვერსიამ“ გვარამიას ანაზღაურებაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით, „რუსთავი 2“-დანვეა გამოტანილი. მაშ ასე: ჩვენი მონაცემებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო ანუ 2013 წლის მხოლოდ თებერვალში, გვარამიამ 12 500 ლარი აიღო. ასე გრძელდებოდა 2013 წლის მაისის ჩათვლით, მაგრამ მერე ხომ იცით, როგორ ხდება, საკურორტო სეზონი დაიწყო და გვარამიამ 2013 წლის ივლისში 25 ათას ლარამდე მიიღო. არ გეგონოთ, რომ მან ბოლომდე ასე გააგრძელა, იმავე წლის აგვისტოში 12 500-იან ნიშნულს დაუბრუნდა. მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, საახალწლოდ ანუ 2013 წლის დეკემბერში „რუსთავი-2“-ის დირექტორმა 62 500 ლარი აიღო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ძველით ახალი წელი და შობა ელოდა წინ და იმავე წლის დეკემბერში, აღებულ თანხას 35 073 ლარი მიუმატა ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა. გვარამიას ტემპი არც მომდევნო თვეებში დაუკლია და 2014 წელს მისი ჯამაგირი 24-დან 90 ათას ლარამდე მერყეობდა. დიახ, 2014 წლის აგვისტოში გვარამიას ხელფასი 80 907 ლარი გახლდათ, თუმცა სექტემბერში აღარ იძუნწა და 45 304 ლარს დასჯერდა. ალბათ ფიქრობთ, 2015 ანუ ტელეკომპანიისთვის ერთი შეხედვით გაჭირვების წელი გვარამიას ჯიბესაც დაეტყო. ნურას უკაცრავად – 2015 წლის იანვარში მისი ხელფასი 62 ათას 691 ლარი გახლდათ, მარტი _ 53 ათასი, აპრილი – 45742, მაისი – 87639, ივნისი – 6510, ივლისი – 16691, აგვისტო – 34493… მოკლედ, თქვენი გადასაწყვეტია, გადაურიცხავთ თუ არა ტელეკომპანიას ხელფასების დასარიგებლად თანხას.“
ცნობისთვის: ნიკა გვარამიამ, როგორც ჩინოვნიკმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2010 წლის 1 აპრილს ისე შეავსო, როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა. ამ დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი სოხუმში. ასევე, მას ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც იმხანად 124 000 ლარად იყო შეფასებული. დეკლარაციის შევსების დროს მას მხოლოდ 600 ლარი ერიცხებოდა ბანკ „რესპუბლიკის“ მიმდინარე ანგარიშზე. დეკლარაციის შევსების დროსვე, ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ხელთ ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. ნიკა გვარამიას ოჯახი არ მონაწილეობს რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალი არ აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. დეკლარაციის მიხედვით, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე 39710 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ასევე, მითითებულია მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. ნიკა გვარამიას 2007 წელს საკრედიტო ხელშეკრულება გაუფორმებია ბანკ ,,რესპუბლიკასთან''. გვარამიას ოჯახს იმ დროისთვის არ ჰქონდა მიღებული რაიმე ძვირადღირებული საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება 500 ლარს აღემატებოდა.
„ალბათ ჩემი ამოცანა ის არის, რომ „რუსთავი 2“ ტელევიზიიდან გადაიქცეს სატელევიზიო ინდუსტრიად“, _ განაცხადა 2015 წელს, ჟურნალ Fforbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკა გვარამიამ, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგი თვლის, რომ გვარამია _ ადრე თუ გვიან _ ისევ პოლიტიკოსის მანტიით შეიმოსება ანუ პოლიტიკაში დაბრუნდება. გამორიცხული, რასაკვირველია, არაფერია: ჟურნალისტობა და, მით უმეტეს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ხომ, არაპირდაპირ, პოლიტიკოსობას ნიშნავს. ისე, პოლიტიკაში დაბრუნებას ხელაღებით არც თავად გამორიცხავს და Fორბეს Gეორგია-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
_ ამ წუთში არ მინდა, თუმცა ახლა რომ გითხრათ, რომ არასდროს პოლიტიკაში არ მივბრუნდები, არ იქნებოდა სწორი, მაგრამ დღევანდელი ჩემი განწყობით, ყველაზე ნაკლებად მინდა ეს. მინისტრად ორჯერ ყოფნის შემდეგ, კარიერული ზრდის მოტივით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, რაღაც უცნაურად გამოიყურება. უცნაურად გამოიყურება ალბათ საქართველოს პირობებში.
_ რამე სხვა მიზეზი ხომ არ იყო?
_ იყო რამდენიმე მიზეზი. ყველას გეტყვით. პირველი – აღარ მინდოდა პოლიტიკაში მონაწილეობა. ეს ვიცოდი მკაფიოდ. იმიტომ აღარ მინდოდა, რომ არ მყოფნიდა შემოსავლები. როცა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყე, ვიყავი მარტო. არ მყავდა არც ცოლი, არც შვილები და ა.შ. იმ დროისათვის, როცა განათლების სამინისტროში ვიყავი, მყავდა ცოლი, სამი შვილი. და შემოსავალი მქონდა ისევ 3 500 ლარი. შეიძლება ვიღაცისთვის ეს საკმარისი იყო, მაგრამ ჩემთვის არა. მე არ მქონია არანაირი დამატებითი შემოსავალი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. არ ვიღებდი არც პრემიებს. ჩემი შემოსავალი იყო მხოლოდ ეს. მე არ მარჩენდა ჩემი ოჯახი, სამწუხაროდ. ბედნიერი კი არ ვიყავი ამის გამო, მაგრამ უბრალოდ, ასეთი შესაძლებლობა ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. მამა იმ დროისთვის უკვე მარტო მყავდა, დედა გარდაცვლილი იყო და მამას მე თვითონ ვარჩენდი. ზუსტად ვიცოდი, რომ არასახელმწიფო სექტორში ჩემი შემოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ 5-ჯერ მეტი. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ 10-ჯერ მეტიც იყო. ამიტომ, რაკიღა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არ ვიყავი პასუხისმგებელი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ფაქტორი იყო.
მეორე: ის, რომ პოლიტიკაში ჩემი ინტერესი, 2004-2010-ში ანუ ექვს წელიწადში გარკვეულწილად ამოვწურე. კარიერა საკმაოდ დინამიკური მქონდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ყველაფერს მივაღწიე, რაც იმ დროისთვის შესაძლებელი იყო. ინტერესი ნაკლები მქონდა. პირდაპირ გეტყვით – როდესაც უკვე მივდიოდი განათლების მინისტრობიდან, მივხვდი, რომ არ უნდა წავსულიყავი. უკვე ძალიან კარგად გამომდიოდა სწორედ განათლების მინისტრობა, რაც არასდროს მეგონა, რომ გამომივიდოდა. გულწრფელად გეუბნებით. სისტემასაც მაინცდამაინც არ მოეწონა ჩემი წასვლა, მაგრამ გვიანი იყო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. ყველა პირობა შექმნილი იყო, ამიტომ უკან აღარ დამიხევია. იყო შესაძლებლობები, მცდელობა, რომ გადაეფიქრებინათ ჩემთვის. ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, დასრულდა დიალოგით ჩემსა და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის, ბობოყვათში. დღევანდელი დღესავით მახსოვს ეს დიალოგი. როცა მანაც დაიწყო მიზეზების კვლევა, რამე პრობლემა ხომ არ მქონდა გუნდში ან ზოგადად, პოლიტიკაში, ან ქვეყანაში, ან პირადი და ასე შემდეგ... არაფერი, მარტივად ვუთხარი, რომ მინდოდა საკუთარი ცოდნის გაღრმავება და ეს მართლა მინდოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ შრომის ბაზარზე ჩემი ფასი დაახლოებით 2-3-ჯერ გაიზარდა და ეს ძალიან კარგია. ადამიანებმა ყოველთვის უნდა იზრუნონ თვითგანვითარებაზე.
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში