ქელეხად ქცეული ქორწილი - ვინ გამოსალმა ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლელობა ევროპელი დიპლომატის სახლში

ბათო ჯაფარიძე

 ძალიაან მცირე რაოდენობით, მაგრამ ყოფილი ნარკომანები მართლა არსებობენ. ჰო, მართლა, რადგან მათი არსებობის ძალიან ცოტას თუ სჯერა და ამბობენ, ვინც ერთხელ ნარკოტიკს გასინჯავს, შემდეგ მუდმივად აქვს იმის ცდუნება, რომ კიდევ გაიკეთოს და ეს „კიდევ“ აღარასოდეს სრულდებაო. არსებობს სპეციალური კლინიკები,სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ყველა ვერ ახერხებს. მკურნალობის ხარჯებთან ერთად, აუცილებელია, თავად ნარკოდამოკიდებული ადამიანის სურვილი და მტკიცე ნებისყოფა. სხვათა შორის, სპეციალური კლინიკების გარდა, ნარკოტიკების გადაგდების პირობას ე.წ. ექიმბაშებიც დებენ ხოლმე და ბალახეულობით, ხალხური მედიცინის სახელით ცდილობენ ამ მავნე სენთან ბრძოლას, თუმცა რამდენად ეფექტიანია ყველაფერი ეს, ვერ გეტყვით.

 

სწორედ იმ წლებში, როცა ლამის ნახევარი საქართველო „ნემსზე იჯდა“, მილიციის განყოფილებაში საზეიმო კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მივიდა და განაცხადა, რომ საცოლე დაკარგა. უფრო ზუსტად, მისი საცოლე არც მმაჩის ბიუროში მივიდა და არც ხელმოწერის შემდეგ, რესტორანში შეკვეთილ სუფრაზე გამოჩნდა. შოკში იყო ყველა - სასიძო, მეჯვარეები, მეგობრები, გოგონას მშობლები და ძმა, რომლებიც რაიონიდან ჩამოვსვლისთანავე, რესტორანში მივიდნენ. წესითა და რიგით, გოგონა ჯერ სალონში უნდა წასულიყო, სადაც მეჯვარეც მივიდოდა, იქიდან კი - პირდაპირ მმაჩის ბიუროში, რადგან გოგოებს არ სურდათ, ნეფეს დედოფალი ხელმოწერამდე ენახა.

„დილით მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ სალონში ორი საათით ადრე დაიბარეს, ამიტომ იქიდან ჩემთან მოვიდოდა, მერე კი ერთად წავიდოდით. არაფერი მიეჭვია, ველოდი. რომ არ მოვიდა, სალონში წავედი და იქ მითხრეს, რომ მართლაც, ზუსტად იმ დროისთვის წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო და იქაურობა ტაქსით დატოვა. ყველაფერი ეს, ვიზაჟისტმა დაინახა და მეჯვარესაც სწორედ ის მოუყვა. ოფიციალურად, სამართალდამცავებს ვინმეს ძებნა რომ დაეწყოთ, 72 საათი უნდა ყოფილიყო გასული, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევა გახლდათ, ძალოვნებმა მაშინვე მოკვლევა დაიწყეს და რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, იქ მივიდნენ, სადაც სადედოფლო ბოლოჯერ ნახეს - სილამაზის სალონში.

მან თავად გვითხრა, თუ იქნება საშუალება, ადრე მირჩევნია ვარცხნილობის გაკეთებაო და როგორც კი ადგილი გათავისუფლდა, შევეხმიანეთ. მოვიდა, სასურველი ვარცხნილობა გაიკეთა და შემდეგ, ძალიან კარგ ხასიათზე წავიდა. აქვე, ჩვენი სალონის წინ, ტაქსი დგას ხოლმე და იმ ტაქსიში ჩაჯდა“, - სულ ეს იყო, რაც სალონის თანამშრომლებმა თქვეს.

საბედნიეროდ, ტაქსი კვლავ ჩვეულ ადგილზე იდგა, რა თქმა უნდა, მძღოლმა აღიარა, გოგონა აქედან მე წავიყვანე, თავიდან სხვა მისამართი მითხრა, მაგრამ შუა გზაში, მისამართი შეცვალა და წყნეთში წამიყვანა. ფული მომცა, დალოდების ფულიც მომცა და მითხრა, ნახევარ საათში თუ არ გამოვედი, წადიო. 40 წუთი ველოდე, არ გამოვიდა და წამოვედიო. ნახევარ საათში, სამართალდამცავები, მძღოლთან ერთად, იმ სახლის წინ იდგნენ, სადაც პატარძალი მიიყვანა და ერთმანეთს უხერხულად უყურებდნენ. სახლი ერთ-ერთი დიპლომატის საკუთრება გახლდათ, რომელიც იმ ეტაპზე, სწორედ დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა და შინ შესვლას ვერავინ ბედავდა, სანამ ადგილზე მინისტრის მოადგილე არ მივიდა. ევროპაში დიპლომატსაც დაუკავშირდნენ და მან განაცხადა, გასაღებს ჩემს მეგობარ ექიმს ვუტოვებ ხოლმე და კარი თუ ჩაკეტილია, ის გაგიღებთო. ექიმიც მალე მოიყვანეს, მაგრამ მან ჩუმად თქვა, გასაღები არ მაქვს, ჩემს პაციენტს მივეციო და... გაუჩინარებული გოგონას სახელი და გვარი წარმოსთვა. როგორც გაირკვა, ექიმი სწორედ ნარკოტიკზე დამოკიდებულებს მკურნალობდა და გოგონა მისი პაციენტი იყო.

მოკლედ, სამართალდამცავები, საქმრო, ექიმი და მეჯვარეები სახლში ერთად შევიდნენ და საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა გარდაცვლილი ნახეს. ის ხელბორკილით რადიატორზე იყო მიბმული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბორკილის გასაღები იქვე, ხელის ერთ გაწვდენაზე ეგდო. გარდაცვალების ფაქტი ექიმმაც დაადასტურა და თან იქაურობას ხარბად ათვალიერებდა. ძალოვნებმა ექსპერტებს უხმეს და ყველას გარეთ გასვლა სთხოვეს, თუმცა ექიმი არ დაემორჩილა, ზუსტად ვიცი, მაინც დამიბარებთ დაკითხვაზე და თან მთავარი ეჭვმიტანილი ვიქნები, ამიტომ მირჩევნია, აქ დავრჩეო. გამომძიებლებმა უნდობლად ახედ-დახედეს, მაგრამ ექიმმა გააგრძელა, ამ ბორკილებზე, თერმოსზე, ზოგადად, ალბათ, ყველა ნივთზე ჩემი თითის ანაბეჭდები იქნებაო. ეს უკვე რაღაც ახალი იყო - ბორკილებზე თითის ანაბეჭდი, თანაც იმ ბორკილზე, რომლითაც გოგონა იყო მიბმული, ეჭვის საფუძველს კი არ იძლეოდა, პრაქტიკულად, პირდაპირი მტკიცებულება იყო.

„მე ევროპულ კომპანიებთან მაქვს ხელშეკრულება დადებული. ისინი ინოვაციურ პრეპარატებს მთავაზობენ, მე კი ამ ახალ პრეპარატებს ვთავაზობ საქართველოს მოქალაქეებს. ყველაფერი ნებაყოფლობითია, ვისაც სურს, რომ წამალი გადააგდოს, პროგრამაში ერთვება და არაფერს იხდის. პრეპარატები ბალახებისგანაა დამზადებული. თერმოსით დაჰქონდა ხოლმე და როცა „ლომკა“ ჰქონდა, სვამდა. ეს ჩემი მეგობრის აგარაკია, აქ პაციენტები ხშირად მომყავდა, ბორკილებიც მქონდა, რადიატორზე ვაბამდი მხოლოდ იმიტომ, რომ წამლისკენ არ წასულიყვნენ. აქ ვინახავდი „ლომკის“ მოსახსნელ პრეპარატებსაც და როგორც ვნახე, რამდენიმე მათგანი გახსნილია. ეჭვი მაქვს, გოგოს სერიოზული შეტევა ჰქონდა და ამიტომ მიიღო. ისე კი მიკვირს, წესით, შეტევა არ უნდა ჰქონოდა და ბალახეულს უნდა მოეხსნა. რაც შეეხება გასაღებს, თავად მთხოვა, მომეცი, პირველ ღამეს აქ გავატარებთო და უარი არ მითქვამს. ზოგადად, ჩემს პაციენტებს ხელს ყველაფერში ვუწყობ“, - განაცხადა ექიმმა.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გოგნამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მიიღო, შემდეგ ასევე, დიდი რაოდენობით, მისი გასანეიტრალებელი წამალი და საბოლოოდ, გულმა ვერ გაუძლო. რაც მთავარია, ნარკოტიკი... სწორედ იმ თერმოსში იყო, რომელშიც ექიმი სითხეს ასხამდა. სხვა გზა არ იყო, ექიმი დააპატიმრეს, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, გამორიცხულია, ჩემი ხელიდან მოხვედრილიყო ნარკოტიკი თერმოსში, დამნაშავე სხვაგან უნდა ეძებოთო. პარალელურად, დიპლომატიც ევროპიდან „აწვებოდა“ ძალოვნებს, ჩემი მეგობარი ექიმი მკვლელი არაა, არასწორ კვალს ადგახართო. სამართალდამცავებმაც იქიდან დაიწყეს, სადაც გოგო ბოლოს ნახეს - სილამაზის სალონიდან და თანამშრომლები კიდევ ერთხელ დაკითხეს.

„არაფერი მომხდარა, იქით ოთახში ჩვენ ვიყავით და რამდენიმე კლიენტს ვარცხნილობას ვუკეთებდით, ხოლო მეორე ოთახში მათი ჩანთები და მოსაცმელები ეწყო დივანზე. ჰო, ერთი ქალი მოვიდა, რომელიც ჩაწერის გარეშე ცდილობდა ფონს გასვლას, თუმცა ადგილი არავინ დაუთმო. ცოტა მოიცადა, მერე კლიენტების ჩანთები დაბლა დაყარა და გავიდა“, - ამას სალონის თანამშრომლები ერთ ხმაში იმეორებდნენ და ადასტურებდნენ, რომ ის უცხო ქალი მეორე ოთახში მარტო გარკვეული პერიოდი ნამდვილად იყო და მარტივად შეეძლო, თერმოსში ნარკოტიკი ჩაეყარა. სამართალდამცავებმა ეჭვი მეჯვარეზე მიიტანეს და მისი სურათი სალონის თანამშრომლებს ანახეს, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ქალი, რომელმაც მცირე აურზაური მოაწყო, ასაკით გაცილებით დიდი იყო. მაშინ გამომძიებლებმა უცნაური რამ მოიფიქრეს - სალონის ყველა თანამშრომელი გოგონას გასვენებაში წაიყვანეს.  როგორც წესი, მკვლელი არცთუ იშვიათად ესწრება საკუთარი მსხვერპლის დასაფლავებას და ამას იმიტომ კი არ აკეთებს, საკუთარი ნამოქმედარით ისიამოვნოს, არამედ იმიტომ, რომ მოუსმინოს ხალხს, გაიგოს, რა ვერსიები არსებობს და ვისზე აქვს ეჭვი მილიციას.

სალონის თანამშრომლებს გვერდში ოპერმუშაკები ედგნენ. მოულოდნელად, ერთ-ერთმა ძალოვნებს ანიშნა, რომ ქალი დაინახა, სხვებსაც შეახედეს და ყველამ თავი დააქნია, სალონში სწორედ ეს იყოო. სამართალდამცავებმა ქალი იქვე დააკავეს და ის... ექიმის მეუღლე აღმოჩნდა.

„დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ვარ, რომ ჩემი მეუღლე იმ გოგოსთან მღალატობდა. აბა, რატომ დაათრევდა აგარაკზე? როცა გავიგე, რომ ქორწილისთვის ემზადებოდა, ვიფიქრე, სამაგიეროს გადავუხდი-მეთქი და თერმოსში ნარკოტიკი ჩავუყარე. მინდოდა, საკუთარ ქორწილში ისეთ კაიფში ყოფილიყო, საქმროს მოყვანა გადაეფიქრა. არ მეგონა, თუ ამდენ „ნარკალს“ მიიღებდა, ეს რომ არ ექნა, გადარჩებოდა, კაიფიდან გამოვიდოდა, უბრალოდ, საკუთარ ქორწილს ძილში გაატარებდა“, - განაცხადა ქალმა.

საუბედუროდ, ექსპერტმა ისიც დაადასტურა, რომ „ნარკალის“ არანორმალური დოზა რომ არა, გოგონა გადარჩებოდა, თუმცა სავარაუდოდ, მან ვერ განსაზღვრა, თუ რა ოდენობის ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, ვერც ის მოიფიქრა, საიდან მოხვდა მის სხეულში ამდენი წამალი და „ნარკალის“ გარდა, თერმოსიდან მუდმივად იღებდა „ბალახეულს“.

ექიმმა საქართველო მალე დატოვა და დღემდე კარიერას ევროპაში აგრძელებს, მის მეუღლეს კი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის 7 წელი მისცეს.