ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის ციხის ჯოჯოხეთი გამოიარეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 როგორ იძია შური გიგა ბოკერიას ნათესავმა 29 წლის ლევანზე - ამბები, რომელთაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

 ავტორი: ბათო ჯააფრიძე

 „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, გამორიცხულია, აქციები მანამ შეწყვიტონ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. ულტიმატუმის ენით საუბრობს ექსპრეზიდენტის ოჯახიც და ისე ჩანს, აქციებში ისინიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ყველაფერ ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ექიმთა დასკვნით, სააკაშვილს ანორექსია აქვს და პარალელურად, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა ანუ ის ვერ გამოჯანმრთელდება ციხის პირობებში, რადგან ვერ იტანს, რომ ფანჯრებს გისოსები აქვს და პირადად მას ბადრაგი დარაჯობს. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, მიშამ ციხე ვერ აიტანა და რომ ეგონა, ყველაფერი მარტივად იქნებოდა, ან ავად თუ კარგად, ერთ-ორ თვეს გაძლებდა, არ გამოვიდა. ზუსტად შვიდი თვეა, რაც სააკაშვილი ციხეშია და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის არა მარტო მორალურად, არამედ, ფიზიკურადაც გატეხილიყო, თანაც იმის შეგრძნება, რომ წინ კიდევ ხუთ წელზე მეტია, ადამიანს შინაგანად ანგრევს.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილი იხდის სასჯელს, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს, არცერთი პატიმარი არ იმყოფებოდა. ჰო, არცერთ პატიმარს არ ჰქონდა უფლება, ამანათი ყოველდღიურად მიეღო და რაც მთავარია, მის დროს აკრძალული იყო ამანათით ყველისა და კიტრის შეგზავნა. ახლა კი, სააკაშვილი მხოლოდ კიტრითა და უცხიმო სულგუნით იკვებება და გარკვეული პრობლემების გამო, ერთი დღე ამანათი რომ არ შევიდა, მისმა მხარდამჭერებმა ხმაური ატეხეს, მიშას ჩაგრავენ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებენო.

საზოგადოებას ისიც ემახსოვრება, როგორ გადაიყვანეს სააკაშვილი საავადმყოფოში და როგორ არ ჩადიოდა მანქანიდან და შემდეგ, ოთხმა ბადრაგმა როგორ გაათრია საკანში. ესეც არაადამიანურ მოპყრობად შეფასდა. ბატონებო და ქალბატონებო, რას ნიშნავს „არაადამიანური მოპყრობა“, სახელებითა და გვარების ინიციალებით, ახლა გიამბობთ. რატომ არ ვწერ კონკრეტული პატიმრების გვარებს, მათი ისტორიებიდანაც მიხვდებით და ყველაფერ ამას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უბრალო გადაცდომაას უწოდებენ. ჰოდა, იყო ეს გადაცდომა თუ სისტემური დანაშაული, იცოდნენ თუ არა „ნაცმოს“ ლიდერებმა, რა ხდებოდა ციხეებში, თავად განსაჯეთ.

გიორგი ლ. (27 წლის, გასამართლებული ძარცვის მუხლით) - გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ, კარანტინის დაშლა ორჯერ გამატარეს, რადგან პირველ ჯერზე, თვალთან სილურჯე გამიჩნდა და ასეთ მდგომარეობაში საკანში არ ამიყვანეს. მცემდნენ უმოწყალოდ და მცემდა, დაახლოებით, 12-15 ზედამხედველი. კარანტინის მეორედ დაშლის დროს, ისევ მცემეს, ოღონდ ამჯერად თავში არ მირტყეს, ავიყვანოთ საკანში, თორემ აყროლდა უკვეო. მოგეხსენებათ, კარანტინში ჰიგიენის ნორმები არ იყო დაცული და ბანაობა კი არა, ხელ-პირის დაბანაც ძნელდებოდა. საკანში ასვლიდან მეორე დღეს, დამეწყო ტკივილები მუცლის არეში, სამი დღის განმავლობაში, ამაოდ ვითხოვდი ექიმს, მეოთხე დღეს უკვე გინებაზე გადავედი, რადგან ტკივილის გამო, წინა ღამით, რამდენჯერმე გავითიშე და ბიჭებმა მომასულიერეს. გინება არ მაპატიეს, ისევ მცემეს და გრძნობა დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი და ნაკერები მედო. როცა ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი, მითხრეს, რომ დაზიანების გამო, ერთი თირკმელი და ერთი საკვერცხე ამომაჭრეს. როცა ვიკითხე, ან ნებართვა არ გჭირდებოდათ, ან ჩემი თანხმობა, ან იქნებ, გადარჩენა შეიძლებოდა რომელიმესი-მეთქი, მიპასუხეს, მადლობელიც არ ხარ, საოპერაციო მაგიდაზე რომ არ დაგტოვეთო?!

გოგა ჯ. (31 წლის, გასამართლებული ყაჩაღობაზე) - მეექვსე დაწესებულებაში გადამიყვანეს. გლდანში საშინლად მცემეს, მაგრამ, თურმე, უარესი წინ მელოდა. მეექვსეს დირექტორი მაშინ ლაშა ბრეგვაძე იყო და ნაცემი რომ წამიყვანეს საავადმყოფოში, არ ეგონა, რომ გადავრჩებოდი. ხანგრძლივი მკურნალობისა და ერთი საკვერცხის ამოჭრის შემდეგ, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადამიყვანეს და ბრეგვაძე დირექტორად უკვე იქ დამხვდა. როცა დამინახა, პირი დააღო, სახელი და გვარი მკითხა, ყოველი შემთხვევისთვის და გაოცებულმა დაამატა, ცოცხალი გადარჩიო?! არადა, ჩემს ცემაში, თავადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ზოგადად, მეექვსეს დირექტორობის დროს, მთვრალი თუ კაიფში მყოფი, შიგნით, კორპუსის ტერიტორიაზე, მოტოციკლით დაქროდა ბრეგვაძე და ბოლო ხმაზე ყვიროდა ხოლმე, ეს ციხე ჩემიაო. ბაჩო ახალიას კადრი და მეგობარი იყო, შესაბამისად, ყველაფრის უფლება ჰქონდა.

ლევან კ. (29 წლის, გასამართლებული ჩხუბის გამო) - ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერი იყო „კეთილი დევი“, რომელმაც საცოლის შეურაცხყოფა ვერ აიტანა და სამი კაცი რესტორანში ერთმანეთზე დააწყო. სამიდან ერთ-ერთი, გიგა ბოკერიას ნათესავი აღმოჩნდა, ბოკერია მაშინ ხელისუფლების ავანგარდში იყო, ლევანი ხულიგნობის ბრალდებით დაიჭირეს და სამი წელი მიუსაჯეს. ორთაჭალის ციხეში (მაშინ ჯერ გლდანის ციხე აშენებული არ იყო), იმჟამინდელი დირექტორის, თამაზ მელაძის დის შვილმა, ნაცემ და უკვე გათიშულ ლევანს ფეხებშუა მთელი ძალით ამოარტყა წიხლი. დაზიანება იმდენად დიდი იყო, რომ სათესლე ჯირკვალზე სიმსივნე განვითარდა და ლევანი ციხიდან ვადაზე ადრე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს, თუმცა ეს გათავისუფლებაც ცინიზმის მწვერვალი გახლდათ - გათავისუფლებიდან 4 საათში, ლევან კ. გარდაიცვალა. გარდაიცვალა გზაში, შინ, ლეჩხუმში ჩასვლაც ვერ მოასწრო. სხვათა შორის, მისი სიკვდილიდან მალევე, მელაძის დის შვილი ზედოზირებით კაიფში გაიპარა.

რამაზი ნ. (42 წლის, გასამართლებული ქურდობის მუხლით) - 4 წელი მქონდა მისჯილი, მუხლიც არ იყო ისეთი, რომ უნდა ვეცემე და დავენგრიე, მაგრამ გული მაინც არ „დამწყვიტეს“ და კარანტინის დაშლის დროს, პირველმა ალექსანდრე მუხაძემ დამარტყა. ეს ნიშნავდა, რომ საფუძვლიანად უნდა „გავეპრესე“. მირტყამდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ბოლოს კი, კბილებში მომხვდა წიხლი და კბილები გადმოვაფურთხე. გარდა იმისა, რომ სამი კბილი ფესვიანად მომძვრა, ორი კბილი ჩამემტვრა. ვინც არ იცის, ეს რას ნიშნავს, ვეტყვი, რომ ამ დროს, კბილის ნერვი ღიაა და საკვების მიღება კი არა, წყალსაც ვერ სვამ. სამი დღის შემდეგ, ციხის ექიმთან წამიყვანეს, რომელმაც გამაყუჩებლის გარეშე ამომიღო ორი ჩამტვრეული კბილი და ერთი ჯანმრთელიც მიაყოლა, დაჭიანებული იყო და მაინც გეტკინებოდაო. კბილებს როცა მიღებდა, ორჯერ გავითიშე და აზრზე ტკივილს მოვყავდი ანუ ტკივილი მთიშავდა და ტკივილი მაფხიზლებდა.

გიორგი ქ. (24 წლის, გასამართლებული იარაღის უკანონო ტარების გამო) - იცოდნენ, რომ იარაღით ვმოძრაობდი, მაგრამ თითქოს გული მიგრძნობდა ხოლმე და ვერასდროს მიჭერდნენ. ამიტომ, იარაღი მარტივად ჩამიდეს და გამასამართლეს. ერთ ჩვეულებრივ დღეს, რუსთავის ზონაზე, იმჟამინდელი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე შემოვიდა თანხმლებ პირებთან ერთად. მე ეზოში ვიყავი ჩაცუცქული სხვა პატიმრების გვერდით და როცა კალმახელიძემ ჩაგვიარა, მოგვესალმა, ჩვენც მივესალმეთ. როცა ის წავიდა, ჩვენთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით ჭაკუას მოადგილე, გაგა მკურნალიძე მოვიდა და თქვა, ესენი კარცერშიო. იქ კი გვითხრა, რომ, თურმე, კალმახელიძეს გული დასწყდა, ჩვენ ფეხზე რომ არ წამოვდექით და ჩაცუცქულები დავრჩით. მეეჭვება, მინისტრ ქალს ამისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ მკურნალიძე ხომ ჯალათი იყო, მუდმივად სისხლი სწყუროდა და ამიტომ, დაუნდობლად გვცემა მან და დეპარტამენტის სპეცრაზმის რამდენიმე წევრმა. ცემის შედეგად, ელენთა გამისკდა და ამომაჭრეს. ამ ამბიდან ცოტა ხანში, ნაღვლის ბუშტიც ამომაჭრეს და გატეხილი ნეკნები არასწორად რომ არის შეხორცებული, ახლაც მეტყობა.

ირაკლი ღ. (28 წლის, გასამართლებული ძარცვის ბრალდებით) - ხელოსნად ვმუშაობდი ერთ-ერთ კორპუსში და ძარცვაც იქ მოხდა. სამართალდამცავებმა პერიმეტრი გადაკეტეს და საბოლო ჯამში, იმ კორპუსში უცხოები მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით. ესენი გაძარცვავდნენო, მარტივად გადაწყვიტეს და იმის მიუხედავად, რომ ორ გოგოზე წართმეული ჩანთა, ოქროული და მობილურები არ გვქონდა, თავად გოგონებიც ამბობდნენ, მძარცველებს ფიზიკურად არ გვანანო, მაინც ჩვენ გაგვასამართლეს. აღიარებით ჩვენებას არ ვაძლევდით, რის გამოც, გლდანის ციხეში, მუხაძის ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე გვცემდნენ. ასე დავკარგე ერთი თირკმელი და მხედველობა მარცხენა თვალში...

 

P.S. ექიმმა ლევან ფერაძემ განაცხადა, სააკაშვილი ისეთ ადგილას უნდა გადავიყვანოთ სამკურნალოდ, სადაც ყველაფერთან ერთად, ჩიტების ჭიკჭიკის ხმასაც გაიგონებსო. და გალიით რომ შევუყვანოთ ჩიტები საკანში, არა?!