„შუღლსა და საბოტაჟს აღვივებენ“: რატომ ებრძვიან ე.წ. მწვანეები მცირე ჰესის მშენებლობას

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ისინი თავს „მწვანეებს“ ეძახიან და ბუნების დაცვის ეგიდით ოპერირებენ, თუმცა კარგად თუ დავაკვირდებით, ე.წ. გარემოსდამცეველები პროგრესს ებრძვიან და, მეტიც, იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც ხელს საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერესა და ენერგოდამოუკდიებლობას უშლის. არსებობდა მოსაზრება, რომ ე.წ. მწვანეები მხოლოდ დიდი ჰესების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, თუმცა ირკვევა, რომ მათი სამიზნე პატარა ჰესებიცაა, რასაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ცნობისთვის: ლაფანყურში მცირე ჰესის მშენებლობას ქართულ-იტალიური კომპანია „ართანა ლოპოტა“ გეგმავს. ჰესის პროექტის მომზადებაზე მილიონნახევარი დოლარი დაიხარჯა. 5.9 მეგავატიანი სადგურის მთელი ინვესტიცია კი 10-მილიონიანია. ჰესის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და, დაახლოებით, ერთ წელს გასტანს. ეს მცირე ჰესი, როგორც დასკვნები მოწმობს, ადგილობრივ გარემოზე ზეგავლენას არ მოახდენს და არც სოფელი „წაილეკება“. პირიქით, ინვესტორი გეგმავს, რომ ჰესის ამუშავების შემდეგ, სოფლის განვითარების ფონდში ყოველ წელს ასი ათასი შეიტანოს. გარდა ამისა, მშენებლობის დროს მოჭრილი 100-მდე ძირი ლაფანის სანაცვლოდ,  28 ჰექატარზე გაშლილ ლაფნის კორომს, რომელიც ლაფანყურსა და ნაფარეული შორისაა, უპატრონოს. ყველაფერ ამის მიუხედავად, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბიძინა იმნაძე ამბობს,  5-6 ადგილობრივისგან დაკომპლექტებული ჯგუფი დეზინფორმაციას ავრცელებს.

რას ემსახურება ეს დეზინფორმაცია და სახეზეა თუ არა საბოტაჟი? - გთავაზობთ ინტერვიუს ბიძნა იმნაძესთან.

 

ბიძინა იმნაძე: - 2019 წელს, ხე-ტყის საჭრელად შევედით, რასაც სოფლის მოსახლეობისგან ხმაური მოჰყვა. ამიტომ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით და ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, სამუშაოები შევაჩერეთ და იმ ჯგუფთან, რომელიც სოფლიდან აქტიურობდა, დიალოგი განვაახლეთ. ამასობაში, კოვიდპანდემიაც დაიწყო და სამუშაოების განახლებას ახლა ვგეგმავთ.

- ეს მცირე ჯგუფი რატომ დაგიპირისპირდათ?

- დეზინფორმაცია გავრცელდა, რომ ხე-ტყეს თითქოს უკანონოდ ვჭრიდით. მოკლედ, სანამ სამშენებლო კორიდორამდე მიხვალთ, ხიდია. ეს ჯგუფი სწორედ ამ ხიდთან მოვიდა და სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

- გარემოს დაცვის საბაბით, ამ ჯგუფმა, მგონი, კარვებიც გაშალა, არა?

- დიახ, ხიდთან ერთი კარავი იყო გაშლილი, მაგრამა ახლა აღარაა.

- ბატონო ბიძინა, თქვენს წინააღმდეგ, რეალურად, სოფლის მოსახლეობა გამოდის თუ სხვა ჰესების მსგავსად, ე.წ. მწვანუკები და, ვთქვათ, „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელი ვინმე სოფო აქტიურობს?

- ორი წელია, ამასთან ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს ვაანალიზებთ. პირდაპირ დიალოგში არავინ შემოდის და გახსნილად არც ამბობს, ამ ჯგუფის წარმომადგენელი ვარო. ეს ძალიან პოპულისტური მოძრაობაა, რომელიც სამშობლოს დაცვით აპელირებს, ანუ „დავიღუპებით“ - აი, ასეთ ლოზუნგებზეა ეს მოძრაობა აგებული.

- ესე იგი, უშუალოდ სოფლის მოსახლეობა არ გიპირისპირდებათ?

- ძირითადად 4-5, მაქსიმუმ, 6 ადამიანისგან შექმნილ ჯგუფს ვხედავთ. ამ ადამიანებს „ფეისბუქზე“ რაღაც ჯგუფი აქვთ შექმნილი და 2019 წლიდან მოყოლებული, დეზინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობაშიც ძალიან აქტიურა პრპაგანდას ეწევიან, თუ ჰესი აშენდება, სოფელი დაღუპებაო.

- „სოფლის დაღუპვა“ რას ნიშნავს? „დაღუპვა“ ხომ ძალიან ზოგადი არგუმენტია? სხვათა შორის, ნამახვანზეც მსგავს „საშიშროებაზე“ საუბრობდნენ და ამბობდნენ, ქუთაისიც დაიტბორებაო. გურიაში კი „მწვანუკები“ მცირე ჰესის მშენებლობას ხვლიკების უფლებების დაცვის საბაბით ეწინაღმდეგებიან...

- ეს დაწერილი სცენარია და, პრინციპში, რამდენიმე წყაროდანაა მართული.

- ანუ?

- მაგალითად, ამბობენ, რეზერვუარი უნდა ააშენონ, შეიძლება, მიწისძვრა მოხდეს, ეს რეზერვუარი გასკდეს და სოფელი წალეკოსო. ვუხსნით, რომ სოფელს მსგავსი საფრთხე არ ემუქრება იმიტომ, რომ რეზერვუარი არ არსებობს.

ასევე, აცხადებენ, სოფელს წყალი აღარ ექნებაო. არადა, სინამდვილეში, ჰესის განლაგება ისეა შერჩეული, რომ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება და ამაზე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაც არსებობს და გარემოს დაცვის სამინისტროსიც, მაგრამ გაიძახიან,  ექსპერტი,  რომელსა კომპანიამ გადაუხადა, როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი იყოსო. ამასობაში კი, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ექსპერტიზის დასკვნას უგულებელყოფენ.
სხვათა შორის, ჰესი სოფლიდან ორნახევარ კილომეტრში უნდა აშენდეს და ეს ადგილი სოფლის ხელმძღვანელობასთან ერთად შევარჩიეთ, ანუ ზუსტად მიგვითითეს, სადაა წყალმომარაგების სისტემა, რომ ავცდენოდით. როცა ამაზე ვიწყებთ საუბარს, მოულოდნელად ზემოხსენებული ჯგუფის წარმომადგენელი წამოიძახებს, გეოლოგია არ გაქვთ გაკეთებულიო და საუბარი სხვა თემაზე გადადის.

- გეოლოგიური დასკვნა გაქვთ?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, როცა ინვესტიციას დებ, გინდა, რომ ობიექტმა სწორად და გამართულად იფუნქციონიროს, რათა ინვესტირებული თანხა ამოიღო. მოკლედ, როცა ვუსაბუთებთ, რომ გეოლოგიური დაკვნაც გვაქვს, ახალი არგუმენტი მოაქვთ, ეს ზერელე დასკვნააო. კითხვაზე კი, რა იცით, რომ ზერელეაო, პასუხობენ, ვიღაც ექსპერტებმა გვითხრეს, მათი დასკვნა ახლა არ გვაქვს, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რომ რაღაც მომენტში წარმოგიდგინოთო, თუმცა ორი წელია, ასეთი დასკვნა არ გვინახავს.

- როცა ეუბნებით, რომ ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან, მოსახლეობა პოზიციას არ იცვლის?

- იცით, საქმე რაშია?

- რაში?

- ძალიან დიდი აგიტპროპაგანდაა  და იმასაც კი ამბობენ, კულტურული ძეგლები დაზიანდებაო.

- ანუ?

- სანამ ჰესის დაპროექტებას დავიწყებდით, არქეოლოგიური კვლევა ჩავატარეთ.

- მერე?

- ტექნოდაცვის სააგენტოდან დასკვნა გვაქვს, მაგრამ ეს ჯგუფი მაინც ძალიან „აბუქებს“, პატარა გვირაბი უნდა გაიყვანონ, მთა დაინგრევა და ტაძრები და სამარხები აფეთქდებაო. ტექნოდაცვის 45-გვერდიანი დასკვნა რომ ნახა, ამ ჯგუფმა დაიწყო, დასკვნა გააყალბეთ, ალბათ, ფული გაქვთ მიცემულიო. ერთი სიტყვით, თუ კითხვაზე ისეთი პასუხი გავეცით, რაც არ მოეწონებათ, მაშინვე იძახიან, გაყალბებული და მოქრთამულიაო...

2017 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზეგავლენის შესახებ შუალედური კომენტარი გააკეთა და ხელზე ამას იხვევენ. ყველა სხვა დასკვნას კი უგულებელყოფენ.

- ბატონო ბიძინა, დიდი ჰესები გასაგებია, მაგრამ თქვენი აზრით, პატარა ჰესებსაც ასეთი გულმოდგინებით რატომ ერბძვიან, ან ამ ანტიჰესელებისთვის ხომ არ გიკითხავთ, ჰესი არ უნდათ, მაგრამ შინ ჭრაქი უნთიათ თუ ღუმელით თბებიან?

- ეს ჯგუფი მოსახლეობასთან ურთიერთობას მონოპოლიზაციას უკეთებს.

- ეს რას ნიშნავს?

- თავს საკონტაქტო ჯგუფს ეძახიან და ამბობენ, რომ მოსახლეობის სახელით საუბრობენ. რამდენჯერმე ვთქვით, მოსახლეობას შევხვდებითო, მაგრამ ყოველთვის ერთიდაიგივე ადამიანები მოდიან და ერთ წრეზე ვტრიალებთ.

სხვათა შორის, სოფლის განვითარების ფონდში ჩვენი კომპანია წვლილს შეიტანს და ამ თანხას სოფელი კონკრეტულ საჭიროებებს მოახმარს.

- რა თანხაზეა საუბარი?

- 100 ათას ლარზე.

- ამ თანხას ერთჯერადად შეიტანთ თუ ჰესის მშენებლობის განმავლობაში?

- თანხას სოფლის განვითარების ფონდში ჰესის ფუნქციონირების დროს ყოველ წელს შევიტანთ.

სხვათა შორის, სოფელში, მაღაზიასთან ბროშურები დავტოვეთ, სადაც ამის შესახებაც იყო ლაპარაკი, მაგრამ მთელი ბროშურები ვიღაცამ წაიღო. ამიტომ, კარდაკარ უნდა დავიწყოთ სიარული, ხალხს ინფორმაცია რომ მივაწოდოთ

ჩვენი კომპანიის „ფეისბუქგვერდზე“ ანიმაციააა „დადებული“, თუ როგორი იქნება ჰესი და ვისაც სურვილი აქვს, ნახავს.

ისე, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ეს ადამიანები „მწვანეები“ არიან.

- რატომ არ გჯერათ?

- „მწვანეები“ ასეთი ტიპის პროექტებს უნდა მიესალმონ, მაგრამ ესენი უფრო აქტიურები არიან, ვიდრე - რიგითი მოსახლეობა, რომელიც უფრო ფრთხილობს...

- სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ყველა ჰესის წინაღმდეგ ავანგარდში ერთიდაიგივე ადამიანები არიან - „კავკასიური სახლის“ ვინმე სოფო, თეა გოდოლაძე, ნინო ჩხობაძე, „მწვანე ალტერნატივა“ და ასე შემდეგ. მეტიც, იგივე სუს-ის ფაილებში გოდოლაძე „ნამახვანჰესზე“ ამბობს, თურქები ფულს ათეთრებენ და ამის უფლებას არ მივცემო. ვინაიდან ჰესის მშენებელი კომპანია ქართულ-იტალიურია, ცხადია, ვერ დაგაბრალებენ, აი, ქართველობას გვართმევენო, მაგრამ „ფულის გათეთრება“ თქვენს კონტექსტშიც ხომ არ უხსენებიათ?

- ეს მხოლოდ იტალიური ფული არაა, იტალილელები და ქართველები ერთად ვართ.

- არც „ენკააა“ წმინდა თურქული კომპანია, მაგრამ მაინც გაიძახოდნენ, ქართველობას გვართმევსო...

- არა, მაგრამ ყველაფერი მარტივი პრინციპით ხდება.

- ანუ?

- 2017 წელს, გარემო დაცვის სამინსიტრომ პროფესიული შენიშვნა მოგვცა, რაც ჩვეულებრივია. ეს შენიშვნები გავითვალისწინეთ, ზოგს არ დავთანმხდით. მოკლედ, გვქონდა პროფესიული და საქმიანი ურთიერთობა. ყველა ეს 47 შენიშვნა შეჯამდა და საბოლოოდ, გარემოს ზედამხვდველობის დასკვნაში აისახა. შესაბამისად, 2018 წელს, გარემოს დაცვის დადებითი გადაწყვეტილება მოგვცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი მისაღებია, თუმცა ეს ადამიანები ახლა ამბობენ, თუ 2017 წელს ამდენი შენიშვნა მოგცეს, ერთ წელიწადში ყველაფერი როგორ გამოასწორეთ, შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინსიტროს ქრთამი მიეცითო. ასეთი ტალახის სროლასა და ცილისწამებას არაფერი უნდა და როგორ დავამტკიცოთ, რომ ყველაფერი ტყუილია? - სასამართლოში უნდა წავიდეთ და ცილისწამების გამო ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმე უნდა აღვძრათ, მაგრამ გასაგებია, რომ ეს დროის აბსოლუტურად ტყულად ხარჯვა იქნება.

- მოკლედ, ანტიჰესლეები ყველა ჰესის წინააღმდეგ ერთნაირი ხელწერით მოქმედებენ, არა?

- დიახ, ჩემი აზრით, ასეა.

- ბატონო ბიძინა, თქვენი აზრით, ყველაფერ ამის კვალი ჩრდილოეთამდე მიდის, ანუ ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა რუსული ნარატივია?

- ის რამდენიმე პიროვნება, რომელიც აქტიურად გვებრძვის, აბსოლუტურად არაპროფესიონალი და ძალიან ახლაგარზდაა - გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ, ცხადია, რომ ვიღაცამ დაატრენინგათ იმაში თუ რა უნდა თქვან. ისინი თავიანთი საქმით შუღლსა და საბოტაჟს აღვივებენ.

ისე, ვერ ვიტყვი, რომ არის ფაქტი, რომლითაც რუსეთი აშკარად ჩანს, მაგრამ ეს ადამიანები იმ საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის დამღუპველია.

კი ბატონო, ჰესის განვითარება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ ელექტროენერგიის ალტერნატივის - გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მავნებლობა ჰესთან შეუდარებელია.

საერთოდ, დღეს ყველაზე აქტუალური ჰავის ცვლილებაა, რაც  იგივე ტყესაც ღუპავს, მაგრამ ამ ე.წ. მწვანეების მხრიდან ეს თემა აბსოლუტურად უგულვებელყოფილია და ლაპარაკი რაღაც აბსურდზე მიდის,

მდინარე ღვარცოფულიაო. ლოპოტა მთის მდინარეა და, რა თქმა უნდა, ღვარცოფულია, მაგრამ პროექტი სწორედ ამ ღვარცოფულ ბუნებაზა მორგებული იმიტომ, რომ გვინდა კარგი პროექტი იყოს - ამაში ინვესტიციას ვდებთ, რაც შემდეგ უნდა ამოვიღოთ...

ერთი სიტყვით, ძნელად დასაჯარებელია, რომ ყველაფერი ეს საიდანმე არ იყოს მართული.

- მაინც, საიდან?

- ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველოში ეს სფერო არ განვითარდეს.

- საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთს არ აწყობს თუ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც, მაგალითად აზერბაიჯანს?

- ეს ჩემი კომპეტენცია არაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არ აქვს საკმარისი ინფრასტქურტურა და ვიღაცის მიერ დენის ჩართვაზეა დამოკიდებული და ცხადია, მეტად მართვადია. არ ვიცი, იმ ჯგუფს, რომელიც გვემტერება, ეს გათვიცნობიერებული აქვს და ვიღაცის ინტერესებს ემსახურება თუ, უბრალოდ, პროპაგანდას აჰყა. ჯობია, თვითონ თქვან, სინამდვილეში ამას რატომ აკეთებენ, რატომ იტყუებიან და ამ ტყუილით რის  მიღწევას ცდილობენ.

- ბატონო ბიძინა, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ „ენკას“ შემთხვევა არ განზოგადდეს და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება სხვა ინვესტორებმაც არ მიიღონ?

- პირდპაირ გეტყვით: სიტუცია რთულია. მალე სამუშაოების განახლებას ვაპირებთ, თან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაძაბულობასა და კონფლიქტს თავი ავარიდოთ. მინდა, რომ ყველაფერ ამაში მთავრობის უფრო პროაქტიული როლი დავინახო. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ვაკრიტიკებ, მაგრამ მგონი, უკეთესი იქნება გუნდური მიდგომა.

ასევე, კარგი იქნება, განათლების პროგრამა იყოს და ხალხმა გაიგოს,  რა არის ჰესი და მისი ფუნქციონირების პრინცპი. როცა ჩვენ ვუხსნით, გვეუბნებიან, დაინტერესბული პირები ხართ და ყველაფერს ლამაზად გვიხატავთო. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციას მოსახლეობას ნეიტრალური პირი მიაწვდის.

 

ესაუბრა მარიამ მაჭავარიანი