თაკო ჩარკვიანი: „ორმაგ სტანდარტს ვერ გამომაპარებენ!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ბოკერია-ბურჯანაძის სულელური თამაშისთვის არ მცალია!“

ოპოზიცია, ბოიკოტის პარალელურად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს. პარალელურად, ოპოზიციურ სპექტრში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება - პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ღიად უპირისპირდება და აცხადებს, რომ რუსული ვექტორის მქონე პოლიტიკოსის აქციის ორგანიზატორობა და ლიდერობა დაუშვებელია. ამასთან, თაკო ჩარკვიანი მკვეთრად მოითხოვს ბურჯანაძის გაწევას საპროტესტო პროცესიდან და მიიჩნევს, რომ ბოკერია-ბურჯანაძე სათავისოდ „თამაშობენ“ და მათი გეგმები ვადამდელ არჩევნებს სცდება. „ვერსია“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა.

- ქალბატონო თაკო, ოპოზიციურ ერთობაში თუ დააყენეთ ბურჯანაძის საკითხი და ვინ არ გეთანხმებათ?

- ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომ ეს შეცდომაა, მაგრამ ერთხელ შევთანხმდით, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გამო ვსხდებოდით და ამის მოთხოვნის უფლება, მართლაც, ყველას აქვს, მაგრამ რუსული ვექტორი გეუბნება, იქ ჩემი 10 ცალი ხმაა და მაქვს უფლება, მოვითხოვო, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნებიო. ზუსტად ვიცი, რომ ამის გაკეთება შეცდომაა, რადგან ოკუპანტს, უნებლიედ, მისდის სიგნალი - შემძვრალი ვარ ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც შევძვერიო. ეს მესიჯი არ უნდა მიუვიდეს ოკუპანტს, ეს პოლიტიკური შეცდომაა, ხალხო! მოჰყავთ ხოლმე პლახატნიუკის მაგალითი, ჰოდა, იმიტომ დამთავრდა კრახით! კომუნისტებთან ერთად გაერთიანდა ყველა მოლდოვაში და რუსეთმა გასწია თავისკენ, თავისი კომუნისტები. როცა ჰყავს დაბმული ბორკილით, გამორიცხულია, იმ ვიღაცამ აიშვას. არავისთან პიროვნული პრობლემა არ მაქვს, ვექტორალური პრობლემა კი, ცხადია, მაქვს! მთელი ცხოვრება ვუყურებ, რომ ერთი მტერი გვყავს - ოკუპანტი. ათას ადამიანს ჰქონია განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ამ წამს, მოქმედი რუსული ვექტორის მომხრე პარტია რომ აქციის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად მოგვევლინოს, ეს ნორმალურია?!

- ჰოდა, ამაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებს რა პოზიცია აქვთ?

- როცა ეთერში ამაზე ვსაუბრობდით, ალბათ, ნახეთ არმაზ ახვლედიანის პოზიცია. ადამიანებს აწუხებთ ეს საკითხი. მარტივი ჭეშმარიტებაა - საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი და საქართველო დაადგა დასავლურ გზას. ხალხმა დასაჯა რუსული ვექტორის მომხრე და წლებია, მანდატი არ აუღია. ჩვენ, ოპოზიციას, რა უფლება გვაქვს, რომ ხალხის მიერ, პოლიტიკურ გვამადქცეულ ვექტორს ვაცოცხლებთ?! ეს არ არის უპატივცემულობა?! ორი წელია, რაც პარტია კანონი და სამართალი დავაფუძნე და ბრძოლაში ბოლომდე მივდივარ, მაგრამ თამაშში - არა. ჭუჭყიანი პოლიტიკოსების მოგონილია, რომ პოლიტიკაა და სჭირდება, მაგრამ არა! სუფთა ხელებით კეთდება შესანიშნავი პოლიტიკა და ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიქნები. ვინმეს არ ეგონოს, რომ ამ ერთობას ჩამოვცილდები. მე ვარ ბოიკოტის შესახებ განცხადების ავტორი დილის 4 საათზე და ეს არ შეიცვლება! ერთადერთი გზაა, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, არის ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა! ხალხი გვიყურებს და ღირებულებების აღრევასა და აზელვაზე უარესი არაფერია. ჩრდილში არ შეუძლია, ქვეყნისთვის იზრუნოს, თუ ასე უნდა? - არა, ქვეყნის საქმე კი არა, მანდატი რომ ვერ აიღო, ეს არის ის გზა, რომლითაც რეანიმაცია უნდა მოახდინოს ამ ვექტორმა საკუთარი თავის. მე რუსული ვექტორის რეანიმაციას ხელს არ შევუწყობ, გამორიცხულია! იმიტომ „დავპროწიალობთ“ ამ გზაზე 30 წელია და ცოდოა ხალხი. ნახეთ, ქუთაისში როგორი მიტინგი ჩატარდა...

- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა...

- ნამდვილად... იგრძნო მუხტი? - მოდის ხალხი. აქ, ბოკერია-ბურჯანაძის პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად კი არ მოდის ხალხი! მებრძოლი ადამიანები დგანან და კითხვებს გვისვამენ... გულწრფელად გეუბნებით, ოპოზიციაში ვიყავი 9 წელი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ სამართლებრივი სისტემა იყო დანაშაულებრივი და კატასტროფა იყო. ახლა ამათ სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ დაანგრიეს და დანაშაულებრივი სისტემა „ააყვავეს“. 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევა კატასტროფა იყო და 9 ნოემბერს, ნინო ბურჯანაძემ თქვა: „სახელმწიფო შედგა, სახელმწიფომ თავი დაიცვა“-ო. 26 მაისს არ მოეწონა, რომ დაარბიეს. დარბევა არის თვალების დათხრა 20 ივნისს და ამის შემდეგ, კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი, არ უნდა იდგეს ორგანიზატორ ლიდერად, არ შეიძლება, სირცხვილია!

- ქალბატონო თაკო, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, როცა 7 ნოემბერსა და 26 მაისს მიტინგი დაარბიეს და მაშინ, ამ პარტიასთანაც უნდა გქონდეთ პრეტენზია.

- კი ბატონო, რა თქმა უნდა. აბა, რატომ მაქვს ბოკერიასთან პრეტენზია?

- კი, მაგრამ ბოკერია ხომ არ წარმოადგენს ახლა, ნაციონალურ მოძრაობას?

- როგორ არა, უბრალოდ, მოპარა ხმები და შევიდა სხვების ხმებით. აბა, რატომ გავაკეთეთ მემორანდუმი კანონი და სამართალმა და ყველა პარტიას ხელი მოვაწერინეთ სამართლებრივ რეფორმაზე? - იმიტომ, რომ ეს იყო შიშის პრევენცია. მომსვლელი რომ მოვა, იმის გარანტია, რომ დაინგრევა ეს სამართლებრივი სისტემა, ხომ უნდა გვქონდეს? ვერავინ უარყოფს ისტორიას, სააკაშვილმა ჩამონთხლეული, გაღატაკებული სახელმწიფო ინსტიტუციურად შექმნა, პლუსს, ხომ ვერ დაუკარგავ, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ჰქონდა? ნაკლი რაც ჰქონდა, იმაზე 24 საათი ვსაუბრობ. ახლა კი ვებრძვით მონსტრს, მონსტრია ნებისმიერი ოლიგარქია და, პლუს, გინდა, რომ გავრილოვებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გვყავს და პირდაპირი მნიშვნელობით გავრილოვის შემომყვანებს, ებრძოლო კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელით?!

- ქალბატონო თაკო, რომ განაცხადეთ, ხმა მომივიდა და ამ თამაშში არ შევყვებიო, ვის გულისმხობდით და საერთოდ, რაზე საუბრობთ?

- ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გამო, გავერთიანდით ეს ჭრელი პარტიები და ჩემთან უკვე მოვიდა ხმა, რომ ამ საკითხს გასცდა ვიღაცების გეგმები.

- ბოკერია-ბურჯანაძე, სწორედ ამ კონტექსტში ახსენეთ?

- რა თქმა უნდა, არც ერთს აქვს პარტია. ერთი გიგლა ბარამიძე ჰყავდა ბურჯანაძეს და ისიც გაექცა. ისიც ნახეთ, მისი პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ახვლედიანი, ხელფასს საიდან იღებდა, ვისი სპიკერი იყო და ხვდებით, სად ვართ?

- თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ახვლედიანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ხელისუფლებაზე მუშაობდა, სამართლებრივად არ დადასტურებულა.

- გიორგი ახვლედიანი ახლა „პოსტივი“-ზე მუშაობს და რა არ დადასტურებულა? ორმაგ სტანდარტს ვერ გამომაპარებენ, გამორიცხულია. ბოკერია-ბურჯანაძის სულელური თამაშისთვის არ მცალია, ამოჩემებული მაქვს, რომ ქვეყანას ვნახავ დასავლური ვექტორით, კარგი პენსიით და კარგი დასავლური მომავლით. რომ მოკვდნენ და გასკდნენ, ვერ მოხდება მათი პოლიტიკური გვამების რეანიმაცია!!!
ახალგაზრდები უნდა მივუშვათ, კი ბატონო, გააკონტროლონ ძველმა, გამოცდილმა პოლიტიკოსებმა, დაეხმარონ, მაგრამ ცოტა განაახლონ სახეები. ვინ თქვა, რომ საქართველოში, მოაზროვნენი არ არიან?! ასე, მიკროფონს თუ ჩაებღაუჭა ორი პოლიტიკური გვამი... მაინცდამაინც, მიკროფონთან უნდა იდგე, რომ მიკროფონს იყო ჩაბღაუჭებული? - არა, კულისებშიც შეიძლება ამის გაკეთება. ამათ გადაწყვიტეს, რომ ამ გაერთიანების ხარჯზე გაძვრნენ და მოახდინონ საკუთარი თავების რეანიმაცია.
აბა, ადამიანი, რომელიც რუსეთის ჯარის შემოყვანის მოსურნეა და ევროატლანტიკურ სივრცეზე რა განცხადებებიც აქვს გაკეთებული, გვახსოვს, ბურჯანაძეს... ბოკერიას არ ვგულისხმობ პრორუსულ ვექტორში, რა თქმა უნდა...
ამბობენ, ახლა არ არის ამის დროო, მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ახლაა ამის დრო იმიტომ, რომ „ახლა“, შენ თვითონ მოგყავს და მერე გვიან იქნება, ის „ახლა“ რომ დაგიჯდება და უკან კიდე კუდები და თანხები რომ აქვს. საიდანაა, ყველაფერი ეს? რუსულ ვექტორს, საიდან, რა უნდა ჰქონდეს? ამიტომ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდა, ერთობას შევინარჩუნებთ. აბა, რუსული ვექტორის მქონე ბურჯანაძის გამო, მე გავიქცევი? - როგორ გეკადრებათ!
იქ გულწრფელად მებრძოლი ადამიანები დგანან ჩემი ჩათვლით, თავი გვაქვს გადადებული და ვიღაცის ვარცხნილობის გასაახლებლად არ გვცალია, დიდი ბოდიშის მოხდით.

- ისე, რა მოლოდინი გაქვთ, თქვენი მოწოდებით, ბურჯანაძე უკან დაიხევს?

- ინფორმაციაც მაქვს და მოლოდინიც, რომ მოუწევთ. პოლიტიკაში ასე არაა, ძალიან დიდი უკმაყოფილება და გაჭირვებაა. კოვიდზეც ხომ ხედავთ, რა მოხდა. ბიუჯეტი ისე გაძარცვეს, რომ ვაქცინაც ვერ შემოაქვთ. ეს კორუფციის შედეგია და კორუფცია ღალატის დონეზე მაქვს აყვანილი იმიტომ, რომ კორუფციაა ის, რაც ანგრევს ეკონომიკას და ეკონომიკა ანგრევს ადამიანების მომავალს. გაუბედურებული ქვეყანა ყოველთვის ხდება ლუკმა ისეთი მონსტრის, როგორიც რესეთია. ამიტომ ვამბობ, კორუფცია რომ წამოვა ქვეყანაში და გამძვინვარდება, კითხვაც არ გაგიჩნდეს, შეიცვალა თუ არა კურსი ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ესე იგი, შეიცვალა იმიტომ, რომ კორუფციული ქონების გადამალვა, მხოლოდ ერთ სივრცეში შეიძლება - კორუფციული რუსეთის სივრცეში და შენ ხალხს აგიჟებ?!
1 ლარად წაღებული აგარაკი რომ გაქვს, გინდა დაუმტკიცო, რომ კორუფციას ებრძვი? და უმტკიცებ, რომ როდესაც კიდევ მოხვალ, აღარ წაიღებ? ეროვნულ მოძრაობას რომ ამბობ, არ გრცხვენია?! ამოგვწყვიტა რუსეთმა და რუსეთის მოსურნე ქალთან ერთად, ეროვნულ მოძრაობას როგორ მოვითხოვ?! ჩემს გარშემო ადამიანი არ მიპოვია, რომ ეთქვას, არასწორი ხარო. ამიტომ მგონია, რომ ასეთი ღირებულებებით, ერთობითა და დასავლური ვექტორის მონოლითურობით, მივალთ გამარჯვებამდე.