რა ხდება სამეგრელოში ზუგდიდის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ - ინტერვიუ კახა მიქაიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 კახა მიქაია: „სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ გახარია დააზიანა

 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 დიდ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურია დანიშნული ზუგდიდშიც, სადაც სახელისუფლებო კანდიდატ მამუკა წოწერიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ანზორ მელია დაუპირისპირდება. რა ვითარებაა სამეგრელოში არჩევნების წინ? - ვერსიაპოლიტიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიას ესაუბრა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რადიკალური მოწინააღმდეგე იყო...

 - ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისადმი არ შეცვლილა, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და მისი „ლიდერშიფის“ ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროა, რომ „ოცნების“ „ბოსები“ სააკაშვილის სარეკლამო აგენტებად იქცნენ - ბრიყვული და ღიმილისმომგვრელი კომენტარებით აძლიერებენ მას. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, კარგად მოგეხსენებათ ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება ჩვენი სასამართლოსადმი, ამიტომ რაც უნდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, ქართული სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის გამოტანილი ვერდიქტი ყველთვის ეჭვქვეშ დადგება ევროპელი პარტნიორების მხრიდან. თუ ასე გააგრძელეს, არათუ ევროპაში მიგვიღებენ, არამედ, შეიძლება, აზიიდანაც გაგვაგდონ და მიგვაბან ანტარქტიდას! ვშიშობ, მალე ეს დღეც დადგება, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა დაფიქრდეს და ისე გააკეთოს კომენტარები!  

მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო - ამათი გაჩერება მხოლოდ მას შეუძლია, მაგრამ როგორც ვატყობ, ბიძინასაც დაეკარგა იმედი. ისიც ვეღარ შეძლებს ამათ შეჩერებას, ასეთი განცდა მრჩება. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი იმ დონეზე იყოს, როგორზეც მისი ხელქვეითები არიან და არც ის მგონია, ივანიშვილი ვერ აცნობიერებდეს, რამდენად დამაზიანებელია „ქართული ოცნებისთვის“ ამ პარტიის ლიდერების რიტორიკა. ამიტომ ვფიქრობ, თავად ბიძინა ივანიშვილიც უძლურია მათ წინაშე, ისე „აიწყვიტეს“ მისმა ხელქვეითებმა.

- ბატონო კახა, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც კატეგორიულად არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, თუნდაც გირგვლიანის სკანდალური საქმისა და ენმ-ის მმართველობის სხვა პოლიტიკური ცოდვების გამო... როგორ ფიქრობთ, რა არჩევანის წინ დგას დღეს ხალხი?

 - ამ 9 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ ქვეყანაში ორპოლუსიანობა. ეს წლები ხელისუფლებამ გაატარა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ძაგებაში, მაგრამ არაფერი გააკეთა ქვეყნის განვითარებისთვისა და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამიტომ, საკითხი ასე დგას - ან „ნაცები“, ან „ქოცები“. სწორედ ეს მოცემულობაა ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და თუ ვერ გამოვედით ამ ჯადოწრიდან ანუ „ნაც-ქოცური“ დაპირისპირებიდან, შეიძლება, საბოლოოდ დავკარგოთ ჩვენი ევროპაში გაწევრიანების იმედი. კარგად იცით ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, როგორ იკავებენ თავს და დიპლომატიური ენით გვესაუბრებიან, როგორ განიცდიან საქართველოში შექმნილ ვითარებას და ამ დროს, „ქოცებიცა“ და „ნაცებიც“ იგივე ფორმატში აგრძელებენ ურთიერთობას. ამიტომ, თუ ეს არ დასრულდა, ჩვენ აღმოვჩნდებით ანტარქტიდაში!

- მოკლედ, მიგაჩნიათ, რომ ამ პარტიულ ჭიდილში ყველაზე მთავარი - საქართველოს სახელმწიფოებრიობა იკარგება, არა?

- ეს იმდენად ცხადია, რომ ვინც ვერ ხედავს, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა!

- კი, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ? აქვე გკითხავთ: მიგაჩნიათ თუ არა გიორგი გახარიას პარტია მესამე ძალად - მან ხომ არცთუ მაღალი შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში...

- ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში, ახლა მხოლოდ გახარიას შეუძლია, მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გეთანხმებით, ამ არჩევნებზე გახარიას უკეთესი შედეგი უნდა დაედო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ, უპირველეს ყოვლისა, გახარია დააზიანა. ამიტომ, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში უნდა შეძლოს გახარიამ პარტიის გაძლიერება, რადგან, ჯერჯერობით, ის მაინც მოიაზრება, როგორც ერთი კაცის პარტია და მას ძლიერი პარტია ნამდვილად არ ჰყავს. საბოლოოდ, უნდა შეძლოს, ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ცენტრად. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესისითვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

- ისე, ექსპრემიერს მოღალატედ მოიხსენიებენქართულ ოცნებაში“...

- „ოცნების“ „ბოსების“ გამონათქვამებზე მიჭირს სერიოზული კომენტარის გააკეთება. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზული საუბარი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს-მეთქი და დროთა განმავლობაში, ეს აზრი უფრო განმიმტკიცდა.

- ბატონო კახა, არსებობს მოსაზრება, რომ გახარიამქართულ ოცნებასხმები წაართვა და ამის გამო დაინიშნა დიდ ქალაქებში მეორე ტური. ამაზე რას იტყვით?

- დიახ, რა თქმა უნდა. ეს დამოკიდებულია მხოლოდ გახარიაზე, რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. გახარიამ ხმები წაართვა არა მხოლოდ „ქოცებს“, არამედ, „ნაცებსაც“. ამიტომ გეუბნებით, რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, გახარიას  შეუძლია, მესამე ალტერნატივად ჩამოყალიბდეს.

- მაინც, რამ განაპირობა გახარიას მიმართ, თქვენში ასეთი პოლიტიკური სიმპათიის გაღვიღვება?

- გახარიას ფანი არ ვარ და უშეცდომო პოლიტიკოსადაც არასოდეს ვთვლიდი. მას მხრებზე აწევს წარსულის სიმძიმეები, მაგრამ სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გახარიას სერიოზულ პოლიტიკურ ძალად აღვიქვამ! ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ეს უნდა იქნას გამოყენებული, რათა არ დავრჩეთ „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებასა და მარაზმში. ამ ჭაობში საბოლოოდ რომ არ ჩავიძიროთ, გამოსავალი მრავალპარტიულობა, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა და რაც მთავარია, კოალიციური მთავრობაა.

- ისე, სამეგრელოში რა ვითარებაა მეორე ტურის წინ? ზუგდიდში, პირველ ტურში, ანზორ მელიამ მნიშვნელოვანი შედეგი დადო...

- რაც შეეხება ანზორ მელიას, არ დაგიმალავთ და, მართლა არ ველოდი, თუ ამდენ ხმას მიიღებდა.

- რატომ?

- ზუგდიდს ახსოვს ის წლები, რისი მონაწილეც თითოეული ზუგდიდელი იყო, მაგრამ გადის დრო და როგორც ვატყობ, „ქართული ოცნების“ მმართველობა იმდენად მიუღებელია ზუგდიდელებისთვის, იმდენად მომაბეზრებელია მათი რიტორიკა და დამოკიდებულება სამეგრელოსადმი, რომ ვფიქრობ, ეს იყო პროტესტის გამოხატულება. როდესაც „მამალ ნაცებს“, მეგის ქარდავას ხელის ბიჭებსა და აგენტებს „ქართული ოცნება“ თავის სახეებად აქცევს... ამიტომ, ანზორ მელიას სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი ზუგდიდელებმა, ესაა და ეს. მეგის ქარდავას აგენტს, ანზორ მელია არჩიეს, თუმცა ზუგდიდელებს უნდა მივმართო - იყო სხვა ალტერნატივაც და არ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი მელიაზე, უნდა აერჩიათ სხვა, მაგრამ ეს არ მოხდა, რაც ძალიან ცუდია...

- იმას გულისხმობთ, რატომ არ მისცეს ხმა გახარიას, თან ექსპრემიერიც ხომ მეგრელია...

- არ ვიცი, რატომ არ მისცეს, ალბათ, შეურაცხყოფის გამო... ნაციონალური მოძრაობა, ფაქტობრივად, დასრულებული იყო და „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო მისი გაძლიერება სამეგრელოში. ყველაფერ ამას ქვედინებებიც აქვს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა... ამიტომ ვფიქრობ, მომავალი არჩევნების დროს უნდა დაფიქრდნენ ზუგდიდელები და სწორი არჩევანი გააკეთონ. პირველ რიგში, ზუგდიდი, რომელმაც ძალიან მძიმედ განიცადა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, ისევ არ უნდა ჩარჩეს „ნაც-ქოცური“ დაპირისპირების ჭაობში, თუმცა ეს პროტესტი ჩემთვის გასაგებია.

- რა მოლოდინი გაქვთ მეორე ტურისთვის, როგორი განწყობაა სამეგრელოში?

- მობილიზაციაა გამოცხადებული „ქართულ ოცნებაში“, ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ტური მოიგონ, ასევე, მობილიზებულნი არიან „ნაცებიც“ და ვნახოთ, როგორ დასრულდება მეორე ტური. აყალ-მაყალის, დაპირისპირებისა და პოლიტიკურ ჩარჩოებს გაცდენილი პროცესი რომ არ მივიღოთ და რამე უბედურებას არ ვეწიოთ, ორივე მხარეს მოვუწოდებ, ნორმალურ პირობებში ჩაატარონ ეს არჩევნები და დაპირისპირებას არ გადააყოლონ ზუგდიდი, სამეგრელო და მთელი ქვეყნის ინტერესები!

- ბატონო კახა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ებრძოდით, ახლაქართულ ოცნებასაცუპირისპირდებით... როგორ ფიქრობთ, თქვენს მსგავსად განწყობილმა ადამიანებმა რა არჩევანი უნდა გააკეთონ?

- ასეთი განწყობის ადამიანების მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია. ვფიქრობ, უმრავლესობაა დღეს ის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს და არც - ნაციონალური მოძრაობა. გარკვეულწილად, გახარია იყო იმედი ამ ადამიანებისთვის, თუმცა წინასწარ ვიცოდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ იმდენ ხმას ვერ მიიღებდა, რამდენსაც ვარაუდობდა. ვფიქრობ, გავა დრო და სწორედ იმ ამომრჩეველმა, რომელზეც ვსაუბრობთ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა „ნაცებს“ და „ქოცებს“ ქვეყნის განადგურებისა და ჭაობში საბოლოოდ ჩაძირვის საშუალება არ მისცეს.

- როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რას შეცვლის საქართველოს უახლეს პოლიტიკურ მომავალში?

- სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. ფაქტობრივად, მისმა ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ გააძლიერა ოპოზიცია. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ვუკავშირებ ზუგდიდში არჩევნების შედეგს და ვინც იტყვის, რომ მიშას ფაქტორი არ არსებობს, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. როგორ გაგრძელდება და დასრულდება ეს პროცესი, ამას ვნახავთ. თუ „ქართული ოცნება“, თავისი არაადეკვატური ქმედებებით, არ გააძლიერებს სააკაშვილს და ეჭვქვეშ არ დააყენებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე იმას, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამართლიანობა, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე კარგი. ყველაფერი ეს დამოკიდებულია მმართველ ძალაზე. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამადიდებელი შუშით უყურებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ეს, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მიშას ფაქტორი ძლიერია, დღევანდელ პოლიტიკურ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა და პასუხისმგებლობა ეკუთვის ხელისუფლებას.