„ყოველი ხელისუფალი ვალდებულია, ყველაზე დიდი განსაცდელი აარიდოს საკუთარ ხალხს“-ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველი ხელისუფალი ვალდებულია, ყველაზე დიდი განსაცდელი აარიდოს საკუთარ ხალხს, როგორც კაცი იცავს ოჯახს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ ხალხი ომისგან და განადგურებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საუბედუროდ, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენს ვითომ ოპოზიციას, ამ გაუგებარ ხალხს, რომლებიც მხოლოდ ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

„ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი. ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? გრძელდება ოკუპაცია და ესეც არის წინა ხელისუფლების „დამსახურება“. სამწუხაროდ, ქვეყანას ეს დიდი პრობლემა მოსაგვარებელი აქვს. მე არ მესმის დისკუსია ამ თემაზე, როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივართ წინ. მინდა, კითხვა დავუსვა ყველას. როგორ წარმოუდგენიათ, მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, გაუფორმეს პირდაპირ რუსებს, ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და უბედურება მოუტანეს ქვეყანას. არავითარი თეორიული შანსიც კი არ იარსებებს, დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს „ქართული ოცნება“, საერთოდ წარმოუდგენელი იქნება მშვიდობასა და სტაბილურობაზე ფიქრი. „მცოცავი ოკუპაცია“ არის შედეგი იმ უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.

რუსეთს დღეს კარგ ხასიათზე გაეღვიძება და ტერიტორიებს დაგიბრუნებთ?! ასეთი მიამიტი, როგორ შეიძლება ქვეყანაში მოიძებნოს. ჩვენი პოლიტიკით, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვით, გვინდა, მოვახერხოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მეც მინდა, ქვეყანა გახდეს ერთიანი, ძლიერი, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოც გახდეს, მაგრამ ეს ხომ არარეალისტურია. ბევრი იდეა გვესმის, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ და შესაბამისად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. ყოველი ხელისუფალი ვალდებულია, ყველაზე დიდი განსაცდელი აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი საკუთარ ოჯახს იცავს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან და განადგურებისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.