დეკანოზ გიორგი მამალაძის ბურუსით მოცული დაკავებიდან ციხის მოულოდნელად დატოვებამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაღაც ხდება. ყოველ შემთხვევაში, ისინი, რომლებიც საპატრიარქოს კულუარებში კარგად კი არა, ძალიან კარგად ერკვევიან, მიიჩნევენ, რომ შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება, შესაძლოა, ახალ საეკლესიო თამაშებს უკავშირდებოდეს. ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დეკანოზის თემა როცა ძალიან აქტუალური იყო, მისი გათავისუფლება აზრადაც არავის მოსვლია. ახლა კი, როგორც იტყვიან, ცა მოწმენდილზე, „ციანიდის საქმის“ მთავარი ფიგურანტი საპატიმროდან გამოუშვეს, თან ისე გამოუშვეს, რომ ახსნა-განმარტება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი არავის გაუკეთებია. შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი მამალაძე თავისუფალია. ერთი სიტყვით, „ციანიდის საქმეს“ ისეთივე ფინალი ჰქონდა, როგორ უცნაურადაც დაიწყო. ისე, ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, დეკანოზის თავისუფლებაზე გამოსვლით ყველაფერი დასრულდა, თუ პირიქით - ახლა დაიწყება. დიდი ალბათობით, არაფერი დასრულებულა და ამას დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებაც მოწმობს, რომლის თანახმადაც, სასულიერო პირის ოჯახი საზოგადოებას „ციანიდის საქმეზე“ ინფორმაციებს ეტაპობრივად მიაწვდის.

 

ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტები, რეალურად, ვინ დგას ამ საქმის უკან", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ საპატიმრო დატოვა.

ერთი შეხედვით, „ციანიდის საქმეზე“ ყველაფერი ვიცით, თუმცა, როგორც ჩანს, არის რაღაც ისეთი, რაც ამ ბურუსით მოცულ ამბავს თავდაყირა დააყენებს და მანამ, სანამ ახალი „ბომბი გასკდება“, „ვერსია“ „ციანიდის საქმის“ პერიპეტიებს მოკლედ გაგახსენებთ.

 

***

2017 წლის თებერვლის პირველ დეკადაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს და ბრალი მკვლელობის მომზადებაში დასდეს... დეკანოზი გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ნაღვლის ოპერაციას იკეთებდა... მამალაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის დაცვის მაშინდელი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიაში ახლდა ილია მეორეს, პროკურატურაში სასწრაფოდ დაიბარეს დაკითხვაზე, რამდენიმე საათში კი ისევ უკან დაბრუნდა. გერმანიაში ილია მეორეს დაცვა გააძლიერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც აქამდე პატრიარქს არ იცავდა.

ცნობისთვის: გიორგი მამალაძე 1984 წლის 9 ივნისს დაბადა. ის წარმოშობით ქობულეთიდანაა. დეკანოზის ხარისხში აჭარაში, 2010 წლის 31 აგვისტოს, ილია მეორეს სტუმრობის დროს აიყვანეს. წლების განმავლობაში, იქვე ასრულებდა სასულიერო საქმიანობას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მამალაძე დაკავებამდე ოთხი კომპანიის - შპს „დიმოილი“, შპს „ტოროქსი“, შპს „კარო ოპტიმუსისა“ და შპს „სუერტეს“ მეწილე იყო. გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ორი დაწესებულების - შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლისა“ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორადაც მოღვაწეობდა. ამასთან, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეობასაც ითავსებდა ანუ მამალაძე საპატრიარქოში ვიღაც კი არა, ერთობ ანგარიშგასაწევი ფიგურა გახლდათ.

სხვათა შორის, შპს „დიმოილის“ წილები თანაბრად ეკუთვნოდათ გიორგი მამალაძესა და ლევან თურმანიძეს. წესდების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის ძირითადი საგნები იყო - ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზაცია; ავტოგასამართი სადგურების ორგანიზება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სავაჭრო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია; სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესი, ტურისტული ბიზნესის მომსახურება.

 

***

2017 წლის 13 თებერვალს, მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებას მიმართა პირმა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცნობი იყო. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძე აღნიშნულ პირს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში მომწამლავი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მამალაძის ჩხრეკის დროს ამოიღეს შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს კი კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ცალი საბრძოლო ვაზნა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძემ ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

სხვათა შორის, მამალაძე ციხეში ისე გაუშვეს და საპატიმროდან ისე გამოვიდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, როგორ აღმოჩნდა ციანიდი სასულიერო პირის ხელში.

 

***

დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში მოწმეები - ჟურნალისტი, ირაკლი მამალაძე და ადვოკატები - ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი იყვნენ.

 

***

პროკურატურის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, დეკანოზის დაკავების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წევრები საჯარო განცხადებებში პატრიარქის უსაფრთხოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულს ახსენებდნენ.

მაშინდელმა პრემირმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა", იუსტიციის იმდროინდელი მინისტრი თეა წულუკიანი კი აღნიშნავდა, რომ „ქვეყანას ააცილეს დიდი ტრაგედია“.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებდა და წერდა: იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

პროკურატურის პირველმა განცხადებამ, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებმა და ბერლინში პატრიარქის დაცვის გაძლიერებამ გააჩინა განცდა, რომ შესაძლო დანაშაულის მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, სწორედ ილია მეორე იყო, თუმცა მაშინდელი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებამ, რომელიც დაკავებულ მამალაძეს შეხვდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა ანუ ნანუაშვილმა თქვა, რომ დეკანოზს სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას არ ედავებოდნენ.  

 

***

დეკანოზის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გიორგი მამალაძის სახელით დაწერილი წერილი გაასაჯაროვა. წერილში საუბარი საპატრიარქოს ქონებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იყო.

წერილის მიხედვით, დეკანოზს სამთვიანი გამოძიება ჰქონდა ჩატარებული და გახსნა რამდენიმე საქმე, რომლის გაჟღერების საშუალება სინოდის სხდომაზე არ მიეცა. დასახელებულ პრობლემატურ საკითხებში მოხვდა: საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო მიწებით სხვადასხვა პირების სარგებლობა, საპატრიარქოს კლინიკაში არსებული 5 მილიონ ლარამდე დავალიანება და „სნოს“ წყლის გასხვისება. წერილში ნახსენები იყო მუქარაც, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზის მიმართ არსებობდა.

დეკანოზის ადვოკატებს პროკურატურისთვის საქმის დეტალებთან დაკავშირებით გაუთქმელობის პირობა ჰქონდათ დადებული. სწორედ ამის გამო, ისინი ჟურნალისტების კითხვებს ვერ პასუხობდნენ და პროკურატურისგან, საქმის დეტალებთან დაკავშირებით, საუბრის უფლებას ითხოვდნენ.

2017 წლის 20 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი ჩაერთო, რომელსაც პროკურატურისთვის გაუთქმელობის პირობა არ ჰქონდა მიცემული და თქვა, გიორგი მამალაძეს ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და ბრალდებაში საერთოდ არ არის ნახსენები სასულიერო პირიო.

ყველაფერ ამის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირებმა „პირველი ჩვენება“ შეცვალეს. ასე, მაგალითად, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა: „როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი“.

თეა წულუკიანი კი ისევ ამტკიცებდა, რომ გაუგებრობა არ მომხდარა და „ქვეყანას ააცილეს დიდი ტრაგედია“.  

 

***

ჭყონდიდის მაშინდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე ორი წელია, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც მან „არასახარბიელო კორუფციული საქმეები“ აღმოაჩინა. მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილს დისკომფორტს უქმნიდა.

მონაზონ სიდონიას თქმით კი, მამა გიორგი მამალაძე უწმინდესისგან დიდი ნდობით სარგებლობდა, რაც შესაძლოა, გარკვეული პირებისთვის არასასურველი ყოფილიყო. მისივე თქმით, ის იმ გაურკვეველმა ძალებმა ჩამოიშორეს, რომლებსაც ფესვები საპატრიარქოში ჰქონდათ გადგმული.

ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებული წერილის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი იყო, თავის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ზღაპრებს უწოდებდა და აღნიშნავდა: „სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე, მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი, არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო მნიშვნელოვანია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია?

 

***

2017 წლის 16 თებერვალს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, „ფეისბუკის“ გვერდზე, ბერლინიდან ილია მეორის მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ვიდეო „ფეისბუკზე“ ორ ნაწილად იყო ატვირთული.

როგორც მოგვიანებით, 18 დეკემბერს გაირკვა, მიმართვიდან პატრიარქის სიტყვები - რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს? - ამოღებული იყო და ჩანაწერი სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმამდე წყდებოდა. მიმართვა სრული სახით ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გავიდა. რატომ არ იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პატრიარქის ეს სიტყვები, განმარტებები არ გაკეთებულა.

 

***

საქართველოს პატრიარქმა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიდნენ და შემდეგ „გამოიტანდნენ დასკვნას“. ამ კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს, 21 თებერვალს, დილის 11.00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს მაშინდელი მთავარი პროკურორი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც.

შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა, თუმცა იქ მყოფ არცერთ პირს შეხვედრის შესახებ არ უსაუბრია. ერთადერთი, რაც შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა, საპატრიარქოს იმდროინდელი პრესმდივანის, მიქაელ ბოტკოველის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი სიტყვები იყო: ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი.

 

***

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი იმთავითვე მიიჩნევდა, რომ „ციანიდის  საქმე“ იყო ბრძოლა პატრიარქის მემკვიდრეობისა და საპატრიარქო ტახტისთვის, ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, ასევე, ეკლესიაში და ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად:

„ჩვენ ოთხი წლის წინ ვისაუბრეთ უკვე ამ საკითხზე. მაშინ ვთქვი, რომ ერთ მხარე აუცილებლად იქნება დიმიტრი შიოლაშვილი, რომელსაც უშუალოდ პატრიარქი უჭერს მხარს და მეორე მხარეს იქნება ის კანდიდატურა, რომელიც მოიპოვებს, ერთი მხრივ, ყველაზე მეტ ხმას - ღვდელმთავარს სინოდში და მეორე მხრივ, ექნება მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდანაც“.

სხვათა შორის, ეჭვი, რომ „ციანიდის საქმე“ სწორედ პატრიარქის სავარძლისთვის ბრძოლის გამო „შეიკერა“, დღესაც აქტუალურია. უფრო მეტიც, დეკანოზის საპატიმროდან გამოსვლაც ვიღაცებმა, სწორედ ამ ბრძოლას დაუკავშირეს. ეს ეჭვი რეალურია თუ არა, ამას დრო აჩვენებს, მანამდე კი „ვერსია“ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ირჩევა საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და მისი არჩევის წესებს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში IV თავი ეთმობა. ამ დებულების მიხედვით, ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ის თანამდებობაზე მუდმივად ირჩევა.

ქვეყანაში ახალი პატრიარქის არჩევა იწყება მოქმედი პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას. ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. მოსაყდრის არარსებობის შემთხვევაში, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების წინ, მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს საპატრიარქო სამი კანდიდატის შესარჩევად.

სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს:

ქართველი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 60 წლისა; ბერი. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომლებიც პირველ კენჭისყრაში მიიღებენ ხმათა უმრავლესობას.

 

 ავტორი-ნინო დოლიძე