“აფხაზეთის საკითხი უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით”- თორნიკე შარაშენიძე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას წერს თორნიკე შარაშენიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერძე:

"როგორც მოსალოდნელი იყო, სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავზე მორიგმა ისტერიკამ წაგვლეკა. აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის ნებისმიერი თამამი იდეა ღალატად (ან მინიმუმ მკრეხელობად) ცხადდება.
ასე იქნება მანამ სანამ ქართულ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდება კონსენსუსი აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში და რამდენიმე ძირეულ საკითხზე არ შევთანხმდებით.
ჩემი აზრით აუცილებელია შეთანხმება სულ ცოტა იმაზე მაინც რომ აფხაზეთის საკითხი უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მხოლოდ და მხოლოდ.
 
დიახ, რადგან ამ საკითხის მორალურ მხარეს რომ შევეშვათ, ქვეყანა რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის მსგავს რამეებს მშვიდობიანად უნდა აგვარებდეს. გასულ დღეებში ერთი ძალიან "პრინციპული" პოლიტიკოსი გვიცხადებდა აგერ გახსნა მეორე ფრონტი აზერბაიჯანმა და დაიბრუნა ტერიტორიაო. აზერბაიჯანი არც ევროკავშირში ისწრაფვის და არც ყარაბაღელ სომხებს ეძახდა თანამოქალაქეებსა და ძმებს.
 
ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ცნობილი ქართველის მიერ იმის წამოყრანტალება რომ დადგა დრო აფხაზეთში შევვარდეთ (რადგან თურმე "იქ რუსეთს ჯარი აღარ ჰყავს") გამოყენებული იქნება აფხაზეთში რუსული პროპაგანდის მიერ და დაარწმუნებს აფხაზებს იმაში რომ რუსეთთან უფრო მეტად დაახლოების იქით გზა არა აქვთ.
ალბათ გასაგებია რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების წინაპირობა რუსეთის დასუსტებაა, მაგრამ როცა/თუკი ეს მოხდება აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი მზად უნდა იყოს თბილისთან მოლაპარაკებასა და შერიგებისათვის. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია რომ თუკი იქიდან რუსეთი გავა აფხაზები მაშინვე სიხარულით ჩაგვეხუტებიან. აქვე ისიც გავიხსენოთ რომ 1992 წელს მათ მხარეს საომრად უამრავი ჩრდილო კავკასიელი ჩამოვიდა (ზოგი მოსკოვის წაქეზებით, ზოგიც ალბათ თავისით). ასე რომ აზერბაიჯანულ სტილში ტერიტორიების დაბრუნებაც არ იქნება იოლი. მითუმეტეს თუკი რუსეთი დასუსტდა, ჩრდილო კავკასიაში რა მოხდება ღმერთმა უწყის. ნუ გვგონია რომ იქიდან ია-ვარდებს დაგვაყრიან თავზე თუკი ისევ აგვიცდება ფეხი.
 
ამ საკითხებზე სალაპარაკოა ღიად, მოღალატის იარლიყის მიწებების გარეშე. უნდა ითქვას რა მოხდა, მათ რა დააშავეს და ჩვენ რა შეგვეშალა. რომ არ შეგვშლოდა ასი წელი არ დაგვემართებოდა ის რაც დაგვემართა.
თუ არა, გავა ასე კიდევ 30 წელი. ახალ თაობას კი აფხაზეთზე ემოციური ბმა თითქმის არ აქვს. აფხაზეთიდან ჩვენ დევნილებსაც კი უკვე აქ დაბადებული და გაზრდილი შვილიშვილები ეყოლებათ რომელთაც დიდად აღარ ექნებათ იქ ცხოვრების სურვილი.
და ჩვენ კი ამ დროს "რა ვაკეთეთ, რას ვშვებოდით?"