ლუქსემბურგის ნაკრები თბილისში გულშემატკივრების გარეშე იქნება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, მარტი ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვეა. ერთა ლიგის პლეი-ოფში გასულ საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრის გამართვა უწევს (იმედია, რომ ორის). ჩვენი გუნდი ჯერ ლუქსემბურგს ხვდება 21 მარტს, გამარჯვების შემთხვევაში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს, ისევ თბილისში უმასპინძლებს და ამ შეხვედრასაც თუ მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ისტორიაში პირველად მოვხვდებით. რა თქმა უნდა, შეხვედრისთვის ლუქსემბურგელებიც ემზადებიან და ქვყნის ფეხბურთის ფედერაციამ ჩარტერული რეისიც გამოჰყო, რათა ფეხბურთელებს თავი მარტო არ ეგრძნოთ და „დინამო არენის“ ტრიბუნებიდან, ფანების შეძახილი გაეგონათ. ახლა კი, ირკვევა, რომ ლუქსემბურგელმა ფეხბურთის მამებმა, ჩარტერი გააუქმეს.

„გულშემატკივრებს ჰქონდათ მიცემული გარკვეული დრო, რომ ჩარტერული რეისისთვის ბილეთები შეეძინათ. იმისთვის, რომ ჩარტერი განხორციელებულიყო, საჭირო გახლდათ 170 ბილეთის გაყიდვა, დათქმულ დღეს კი, მხოლოდ 107 ბილეთი იყო გაყიდული. მათ, ვინც ბილეთები შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდებათ, ჩარტერი კი გაუქმდა. ახლა, თუ ვინმეს საქართველოში გაფრენა სურს, რთული გზის გავლა მოუწევს რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაჯდომებით“,-ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგი ევროპაში ფინანსურად წელგამართული  ერთ-ერთი სახელმწიფოა და საინტერესოა, რატომ ვერ მოინახა 600 ათასიან ქვეყანაში 170 ისეთი ადამიანი, რომელსაც ისტორიულ მატჩზე, ნაკრების საქომაგოდ წასვლა მოესურვებოდა.