კვარაცხელია, შესაძლოა, ტიფოზებისა და პრეზიდენტის დაპირისპირების მიზეზი გახდეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილი სკანდალი არ ცხრება. დიახ, სკანდალია ის, რომ ფეხბურთელის აგენტი კლუბის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა, ამისთვის ნეაპოლშიც ჩავიდა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა, მამუკა ჯუღელთან შეხვედრა არ ისურვა და ისიც საქართველოში დაბრუნდა. სტატიის ბოლოს, „ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელის წლიურ ჯამაგირს შემოგთავაზებთ და ზუსტ ციფრებს ნახავთ, რამდენი აქვს თითოეულ მათგანს და რამდენი რჩება გადასახადების გადახდის შემდეგ. 22-კაციან სიაში, კვარაცხელია ბოლოდან მესამე ადგილზეა და მასზე მაღალი ჯამაგირი... დიეგო დემეს აქვს. ეს გერმანელი ფეხბურთელი 31 წლისაა, პრაქტიკულად, არ თამაშობს, ყრუ სათადარიგოშია და კვარაცხელიაზე ორნახევარჯერ მეტ ხელფასს იღებს.

იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩა ასეთ მდგომარეობას უბრალოდ ვერ შეეგუება. იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, არა მარტო კლუბში, არამედ, მთელ იტალიაში, ერთ-ერთი, ყველაზე დაბალანაზღაურებადია და დე ლაურენტისი არაფრის შეცვლას არ აპირებს - მას კვარასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, კანონი მის მხარესაა და თუ ქართველი ფეხბურთელი, მაგალთად, თამაშზე უარს იტყვის, მას უმკაცრესად არა მარტო კლუბი, არამედ, ფიფა და უეფა-ც დასჯიან.

არადა, 31 აგვისტომდე, დე ლაურენტისი, პრაქტიკულად, ყოველდღე ამბობდა, რომ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და, რა თქმა უნდა, ჯამაგირის გაზრდა იგეგმებოდა. თუმცა, გამოცდილმა საქმოსანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა 31 აგვისტომდე არ შემდგარიყო, რადგან სატრანსფერო ფანჯარა სწორედ ამ დღეს დაიხურა და ახლა პრეზიდენტი არც ახალ კონტრაქტზე საუბრობს, არც ხელფასის გაზრდაზე და არც აგენტს ხვდება. რბილად რომ ვთქვათ, დე ლაურენტისმა კვარაცხელია და მისი გუნდი, უბრალოდ, გადააგდო და ახლა, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კლუბის გულშემატკივრები მოსთხოვენ პრეზიდენტს ქართველისთვის უკეთესი პირობების შექმნას. მანამდე კი, ცხადზე ცხადია, ახალი მწვრთნელი, რუდი გარსია პრეზიდენტის დაკრულზე ცეკვავს და კვარაცხელიას 90 წუთით თამაშის უფლებას არ აძლევს, რითაც ფეხბურთელს მიანიშნებს, რომ თუ დე ლაურენტისს მოუნდება, ის სათადარიგოთა სკამზე მარტივად აღმოჩნდება.

რაც შეეხება ხელფასებს... პირველ გრაფაში მოცემულია, თუ რა ოდენობის თანხა რჩებათ ხელზე ფეხბურთელებს, მეორე გრაფაში - რამდენი ერიცხებათ.

 

ოსიმენი - 4.5 მილიონი ევრო (5.9 მილიონი ევრო);

ზელინსკი - 3.5 მილიონი ევრო (6.4 მილიონი ევრო);

ლობოტკა - 3.5 მილიონი ევრო (4.5 მილიონი ევრო);

დი ლორენცო - 3.0 მილიონი ევრო (5.5 მილიონი ევრო);

დემე - 2.5 მილიონი ევრო (3.2 მილიონი ევრო);

რასპადორი - 2.5 მილიონი ევრო (4.6 მილიონი ევრო);

ლინდსტრები - 2.3 მილიონი ევრო (3.6 მილიონი ევრო);

ანგისა - 2.2 მილიონი ევრო (2.8 მილიონი ევრო);

მარიო რუი - 2.1 მილიონი ევრო (3.8 მილიონი ევრო);

მერეტი - 2.0 მილიონი ევრო (3.7 მილიონი ევრო);

რაჰმანი - 1.8 მილიონი ევრო (3.3 მილიონი ევრო);

სიმეონე - 1.7 მილიონი ევრო (3.1 მილიონი ევრო);

ოლივეირა - 1.5 მილიონი ევრო (1.9 მილიონი ევრო);

ელმასი - 1.5 მილიონი ევრო (1.9 მილიონი ევრო);

კაიუსტე - 1.2 მილიონი ევრო (1.9 მილიონი ევრო);

ნატანი - 1.1 მილიონი ევრო (1.7 მილიონი ევრო);

ესტეგარდი - 1.0 მილიონი ევრო (1.3 მილიონი ევრო);

ჟუან ჟესუსი - 1.0 მილიონი ევრო (1.85 მილიონი ევრო);

კვარაცხელია - 1.0 მილიონი ევრო (1.3 მილიონი ევრო);

გოლინი - 0.4 მილიონი ევრო (0.724 მილიონი ევრო);

ძანოლი - 0.08 მილიონი ევრო (0.148 მილიონი ევრო).

 

P.S. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ იტალიურმა ტელევიზიებმა საქართველოში მყოფ კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს დაურეკეს და პირდაპირ ეთერში, კითხვა კონტრაქტზე დაუსვეს. ჰოდა...

„აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ დაწყებულა. თუ დე ლაურენტისი გადაწყვეტს, რომ სურს ხელშეკრულების გადახედვა, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. უკმაყოფილი არც ჩვენ ვართ, არც კლუბი, ჩვენს შორის მეგობრული შეხვედრები ყოველთვის იმართება, ხვიჩას მარტო ნეაპოლში არასდროს ვტოვებთ, აქ ან მე ვარ, ან მამამისი. უკმაყოფილოები რომ ვიყოთ, აქამდე მოვახერხებდით საუბარს. აურელიოს უარი არაფერზე უთქვამს და რაც დაგვპირდა, დროზე ადრე შეასრულა, პრეტენზიის საფუძველი არ გაგვაჩნია, კლუბსა და ჩვენს შორის გაუგებრობა არ არსებობს“...

 

P.P.S. ხვიჩას ყიდვა, ამ ზაფხულს, ინგლისურ „ნიუკასლს“ სურდა და ფეხბურთელს წლიურად ათმილიონიან ხელფასს სთავაზობდნენ. ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, ათჯერ მეტ ხელფასს რომ გთავაზობენ და „პრეტენზიის საფუძველი არ გაგაჩნია“.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე