რეალობასთან ახლოს - მამარდაშვილი „ბაიერთან“ დააკავშირეს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპაში ახალი სეზონი აგვისტოში იწყება, მანამდე კი კლუბები გაძლიერებას ცდილობენ. ვიღაც ჰყიდის, ვიღაც ყიდულობს და ამ ორომტრიალში ქართული გვარებიც ისმის. უპირველესად კი გიორგი მამარდაშვილის, რომლის გადაბირების სურვილიც არაერთ გუნდს აქვს და სწორედ ამიტომ, ქართველი მეკარის წარმომადგენლები ხან ესპანეთში არიან, ხან - ინგლისში და ხანაც - გერმანიაში. ევროპული მედია ამტკიცებს, მამარდაშვილის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული და მხარეებმა ერთი შეხვედრა უკვე გამართეს კიდეც.

„ერთადერთი, რაც გერმანულ მხარეს არ მოსწონს, ქართველი მეკარის ფასია. „ვალენსიას“ მის სანაცვლოდ, ყველაზე ცოტა, 25 მილიონი ევროს მიღება სურს, „ბაიერნი“ კი მხოლოდ 15 მილიონის გადახდაზეა თანახმა. თუმცა, თუ უახლოეს მომავალში, ბავარიელებმა ახალი მეკარე ვერ მონახეს, იძულებულები გახდებიან, მამარდაშვილში 25 მილიონი გადაიხადონ“, - წერს გერმანული მედია.

რეალურად, „ბაიერნი“ მართლაც ურთულეს დღეშია. გუნდის ძირითადმა კიპერმა და კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, გასული წლის ნოემბერში ფეხი მოიტეხა და ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია. ამასთან, 27 მარტს, ნოიერი 37 წლის გახდა და მასზე გრძელვადიანი გათვლის გაკეთება ძნელია. მეორე და მესამე მეკარეები, შესაბამისად, იან ზომერი და ალეკსანდრ ნიუბელი კი გუნდიდან უკვე წავიდნენ ანუ ჩემპიონატი დღეს რომ დაწყებულიყო, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას მეკარის აყვანა ბავშვთა გუნდიდან მოუწევდა. სწორედ ეს ზრდის მამარდაშვილის ბავარიელთა რიგებში გადასვლის შანსს და თუ ეს მოხდება, გიორგი გახდება პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვისაც მიუნხენური გრანდის ძირითადში თამაშის შესაძლებლობა ექნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე