„ჯიბის თეატრის“ არაჩვეულებრივი ისტორია და უნიკალური სტუდია, მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უოცნებია მსახიობობაზე

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

23 წლის შემდეგ „ჯიბის თეატრი“ ახალი დასითა და  უშრეტი ენერგიით სცენაზე დაბრუნდა. ის დღეს აბრეშუმის თეატრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. აქვე გაიხსნა სტუდია, სადაც ისწავლება მსახიობის ოსტატობა, მეტყველება და მოძრაობა ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. ვინც არ იცის, თეატრის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც  ახალგაზრდა რეჟისორმა, ლელა ჭინჭარაულმა მარჯანიშვილზე 20 კვადრატულ სივრცეში სპექტაკლი დადგა. ამ პატარა დარბაზში „ჯიბის თეატრმა“ თავისი რეპერტუარით 5 წელი იარსება და სისტემატიური მაყურებელიც ჰყავდა. მაშინ თეატრს ახალგაზრდობის გადამრჩენელის როლიც ჰქონდა. მსახიობებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ამით დიდ შემოსავალს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იყო არსებობა. რეპეტიციების პარალელურად საუბრობდნენ ხელოვნებაზე და  ოცნებობდნენ ისეთ ქვეყანაზე, სადაც კამათი ხელოვნებაზე იქნებოდა და არა პოლიტიკაზე. როგორც ლელა გვიყვება, დღეს „ჯიბის თეატრის“ პარალელურად გახსნილი სტუდია, ასრულებს მაშინ ჩაფიქრებულ ექსპერიმენტებს და ეძებს თავის ახალ სტილს ამ სივრცეში.

_ვეძებთ ნებისმიერი ასაკის,  მრწამსის და ეროვნების  ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება უნდოდათ ეთამაშათ თეატრში. ან სიზმარში მაინც წარმოედგინათ, რომ რაიმე როლს ასრულებდნენ, რომელთა აუხდენელი ოცნებაა თეატრი. მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ  სტუდიაში მიიღონ მასტერკლასები და დაეუფლონ ამ ხელოვნებას.. გვინდა, შედგეს დასი არა პროფესიონალებისგან, არამედ სათქმელით სავსე ადამიანებისგან. ჩვენ არ ვიცით რა მონაცემები გვაქვს, სანამ ამ ყველაფერს არ შევეხებით. თეატრში გადიხარ ათას ცხოვრებას, მარტო იმიტომ ღირს ცდა, თუნდაც, გარედან შეხედო შენს თავს როგორი ხარ ამა თუ იმ მდგომარეობაში.

_ლელა, მკითხველმა შეიძლება „ჯიბის თეატრის“ ისტორიის დეტალები არ იცოდეს, მოგვიყევით, 23 წლის წინ რატომ და როგორ გადაწყვიტეთ მისი დაარსება?

_როდესაც თეატრალურში ვსწავლობდი, ადამიანს, რომელსაც თანამედროვეობა მიზიდავდა ჩემი თემა გახდა პარადოქსის თეატრი და დიპლომის დასაცავად ავიღე  ფრანგი დრამატურგის, ეჟენ იონესკოს პიესა.  იმ პერიოდში ეს ძალიან ახალი იყო და  ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, არ მომცეს დადგმისთვის საჭირო აუდიტორია, არც მსახიობები. პირდაპირ ქუჩაში გამიშვეს და მითხრეს, სადაც გინდა იქ დადგიო. ძალიან მწარე პასუხი იყო თეატრალური ინსტიტუტისგან, სადაც სწავლა რა თქმა უნდა ფასიანი იყო. ეს პასუხი ჩემთვის გამოწვევად იქცა და  გამოსავლის ძებნა დავიწყე. ვფიქრობდი, სად გამეკეთებინა, ბაღში, სადარბაზოში, თუ სად... ერთის მხრივ მადლობაც კი გვაქვს სათმელი ინსტიტუტისთვის. იმ პერიოდში მამაჩემს თავისთვის ნაყიდი ჰქონდა პატარა ფართი მარჯანიშვილზე, თავისი ოფისისთვის და ჩვენ დაგვითმო. სასწრაფოდ დავიწყეთ მუშაობა,  20 კაცი ძლივს ეტეოდა მაყურებელთა დარბაზში. ყველგან შეიძლება იყოს თეატრი, სადარბაზოშიც კი, მთავარია იყოს მაყურებელი და მინიმალური განათება. თეატრი არ არის შენობა  და ოთახები, ეს არის თავისუფლება, იდეები, კონცეფციები და სათქმელი, თუ სათქმელი გაქვს რა გაგაჩერებს?

_თეატრის სახელწოდების იდეა როგორ გაჩნდა?

_“ჯიბის თეატრი“ დავარქვი, რადგან ძალიან პატარა იყო. 3 კაციანი პიესა გვქონდა, მეტი ადამიანი არ ეტეოდა სცენაზე. ეჟენ იონესკოსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა, არსად არ დაადგმევინეს პიესა, არცერთმა თეატრმა არ მიიიღო, ამიტომ საკუთარ სახლში გააკეთა თეატრი, თავად თამაშობდა მთავარ როლს და დაარქვა „ჯიბის თეატრი“. დღესდღეობით მსოფლიოში ბევრი „ჯიბის თეატრია“, სახელწოდების იდეა სწორედ ავტორისგან (ეჟენ იონესკოსგან) მოდის, რომლის პიესითაც გავხსენით 2000 წელს ეს თეატრი.

_თეატრის დახურვის შემდეგ რას საქმიანობდით?

_ჩემში არასდროს დახურულა „ჯიბის თეატრი“, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი შევქმენი და შესაბამისად მოითხოვდა სხვა რიტმს, ყურადღებას და ზრუნვას, ასევე, მატერიალურადაც რთული იყო თეატრის არსებობა, ამიტომ პედაგოგობის გზას გავყევი. ჩემთვის  სრულიად ახალი სივრცე გაიხსნა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც მსახიობის ოსტატობის გაკვეთილების ჩატარება დავიწყე. 15 წლის განმავლობაში ყოველ წელს სპექტაკლებს ვაკეთებდით, თეატრის პრინციპით ვმუშაობდით, ქორეოგრაფიისა და დრამატურგიის შერწყმა, მეტყველებისა და მოძრაობის კონბინაციები, უბრალოდ ეს არ ჩანდა ისე როგორც „ჯიბის თეატრის“ სპექტაკლები გაჟღერდა, რადგან მაინც სასკოლო პროგრამად  ითვლებოდა. ამის გამო, ცოტა გული მწყდება, იმდენად საინტერესო და სერიოზული ნამუშევრები გვაქვს გაკეთებული. მადლობა, რომ ამის უფლება მომცეს და დაუშვეს ასეთი განხრა, სწორედ,  ქორეოგრაფიულ დამდამთავრებული  ბავშვები, არიან დასის ახალი წევრები. საბედნიეროდ არ გაწყდა ჩვენ შორის კავშირი. როდესაც თეატრზეა საუბარი, არ შეიძლება იყო მხოლოდ პედაგოგი.  შეუძლებელია სასჯელით რამეს მიაღწიო, მხოლოდ სიყვარულის ფორმა მუშაობს.

_როდის გადაწყვიტეთ „ჯიბის თეატრის“ განახლება და როგორ მოხვდით ამ სივრცეში?

_ქორეოგრაფიულში ჩემი განხრა კორონავირუსის დროს შემცირებაში მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი წელი არ ყოფილა სპექტაკლი არ გაგვეკეთებინა. ამიტომ ჩვენ არ გავჩერდით, რა გაგაჩერებს როცა სათქმელი გაქვს? ისევ იმ პატარა თეატრს დავუბრუნდით, ოღონდ უკვე დიდი შემადგენლობით და დავიწყეთ პიესაზე მუშაობა.  ახალგაზრდობას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, ბევრს დეპრესია ჰქონდა. მირეკავდნენ რამე გავაკეთოთ სახლში აღარ შეგვიძლიაო. ამიტომ გადავწყვიტე დაგვეწყო შეკრებები, ვთქვი, მოდი ვიმუშაოთ ასე ჰაერზე, რაც იქნება იქნებათქო. პერსპექტივა არ ჩანდა. ზუსტად ის მდგომარეობა იყო, 90-იანებში „ჯიბის თეატრს“ რომ ვხსნიდი.  ძალიან მხიარულად გავიარეთ ეს პერიოდი, ავიღეთ კომედიური პიესა, ვიცინოდით, ვმხიარულობდით. იმ პატარა სივრცეში ყველა ვერ ვეტეოდით ამიტომ ნაწილ-ნაწილ ვრეპეტიციობდით. დავინახეთ თუ არა, რომ სპექტაკლი გამოიძერწა, დავიწყეთ სივრცის ძებნა. ამ ძებნაში მოვედით „სილქ ფექტორიში“, სადაც დაგვხვდა თავისუფალი სივრცე. ნება დაგვრთეს განგვეხორციელებინა ნამუშევარი . არაჩვეულებრივი ადგილი დაგვითმეს სრულიად უფასოდ და მართლაც ორ კვირაში გავაკეთეთ სპექტაკლი. პირბადიანი მაყურებელი გვყავდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გავაკეთე ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული არიან არტისტები  ვისაც სურვილი აქვს რომ თეატრში ითამაშოს. პიესიდან გამომდინარე ვარჩევ მსახიობს.  პარალელურად ისინი სხვაგანაც მუშაობენ.

საბედნიეროდ, „სილქ ფექტორიში“ დაინახეს ჩვენი ენთუზიაზმი და დამოკიდებულება თეტრისადმი. გვითხრეს ვყოფილიყავით და სხვა სპექტაკლებიც გაგვეკთებინა. ეს სივრცე არ არის მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის თავისუფალია. მინდა, ეს სიკეთე გადამდები იყოს, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომლებმაც ახლა დაამთავრეს სასწავლებელი და იგივე პრობლემა აქვთ. მათთვის მაინც არსებობდეს  სივრცეები.  

_ახალგაზრდები რამდენად დაინტერესებულები არიან ამ სფეროში მოღვაწეობით და რამდენად განსხვავებული მიდგომები სჭირდება ამ თაობას?

_ მთავარია ამოცანა მისცე, ჩვენ თაობას რომ კომპლექსები ჰქონდა, მათ არ აქვთ, ყველაფერს იზამენ ამოცანის ამოსახსნელად და არაფრის ეშინიათ. რაც ყველაზე ძალიან მომწონს, არ არიან ფანატიკოსები. ძველ თაობას გვქონდა შიშები, დირექტორის, მასწავლებლის, ორიანის და სხვა მსგავსი სასჯელების. ესენი კი უკვე თავისუფლად გავზარდეთ. თავიდან ვდარდობდი თეატრი რომ დავხურე და პედაგოგად მუშაობა მიწევდა, მაგრამ  ახლა ამაყი ვარ, რომ ასეთი დიდი საქმე გავაკეთე. ნამდვილად არცერთ წუთს არ ვნანობ, როგორც რეჟისორი ძალიან გავიზარდე. ქორეოგრაფიულში მოდიოდნენ 14 დან 18 წლამდე ბავშვები, ეს ყველაზე ფაქიზი და მნიშვნელოვანი ასაკია, ახლა რომ გადავხედავ ჩემ მოსწავლეებს ზოგიერთი ცნობილი მსახიობია, ეს დიდი სიხარულია. ძალიან დიდი განსხვავებაა, ამ და ძველ თაობას შორის.  არ სჭირდებათ ინფორმაციის ჩატენვა,  5 წუთში ტექსტი ნასწავლი აქვთ, მთავარია დააინტერესო და ფიზიკურად დატვირთო.  ნამდვილი პერფომერები არიან.

_ახალ სპექტაკლზე მუშაობთ?

_დღეს ერთი პიესის მონტაჟი დავასრულეთ... გავამხილო? ჯერ არ ვიცი თუ დამაფინანსებენ, მაგრამ ალბათ მაინც გავაკეთებ. სიმარტოვე ჰქვია, ქართველი დრამატურგის მამუკა სალუქვაძისაა.

_რამდენჯერმე ახსენეთ, რა გაგაჩერებს თუ სათქმელი გაქვსო, როგორც ვხვდები თეატრში ყველაფერს მიმდინარე მოვლენებს უკავშირებთ და ცდილობთ რეპერტუარით საკუთარი სათქმელი წარმოადგინოთ...

_ვერ წარმომიდგენია, სათქმელის გარეშე რაიმეს გაკეთება. შეიძლება ფანტასტიური პიესა იყოს, მაგრამ ჩემთან არ მოდიოდეს კავშირში, ჩემ სათქმელს არ ემთხვეოდეს. შეუძლებელია სპექტაკლი დავდგა შეკვეთით ან თხოვნით. ის აუცილებლად კავშირში უნდა იყოს მიმდინარე მოვლენებთან. თეატრს აქვს უდიდესი ძალა, იარაღივით არის.

_ანუ, სხვა თეატრებისგან ეს განსხვავებული ნიშა აქვს „ჯიბის თეატრს“?

_დიახ, თანამედროვე დრამატურგია მიყვარს, ძირითადად ვეძებ ქართველ თანამედროვე დრამატურგებს. შეუძლიათ მომიტანონ პიესები, პირდაპირ დამიკავშირდნენ, განვიხილავთ. პირველ რიგში უნდა მოგვეწონოს, შემდეგ კი სწორად განაწილდეს როლები, თუ ეს მოხდება სხვა არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მუშაობა დავიწყოთ. პირიქით, რაც უფრო ექსპერიმენტული და თანამედროვე იქნება უფრო მაინტერესებს.

ავტორი: ია გრიგალაშვილი