წონაში კლება სიცოცხლის ფასად - რა საფრთხეს იწვევს GLP-1 აგონისტების მედიკამენტების თვითნებურად მიღება

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრების წესის ცვლილებამ, ჭარბი წონის მაჩვენებლების ზრდას ხელი შეუწყო. ადამიანები მოიხმარენ უფრო კალორიულ არაჯანსაღ საკვებს და ეწევიან ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას, რამაც მათში ჭარბი წონის შიში გააჩინა. სამწუხაროდ, ამას კიდევ უფრო ხელი შეუწყო სილამაზის სტანდარტების პროპაგანდამ. სიგამხდრის ან ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ცდილობენ სხვადასხვა ხერხებს მიმართონ და თუნდაც ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მათთვის საზიანო  მედიკამენტები ან მავნე დიეტები გამოიყენონ, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს, ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცნობილი GLP-1 აგონისტების მედიკამენტების (ოზემპიკი და ვიქტოზა) თვითნებურად მიღება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) წონაში კლებისთვის დაამტკიცა მედიკამენტები, მაგრამ ისინი მხოლოდ კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ, საზოგადოების ნაწილმა მისი თვითნებურად გამოყენება დაიწყო. თავისთავად, ამ ინფორმაციამ საქართველომდეც მოაღწია, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც ამ მედიკამენტებს თვითნებურად მოიხმარს, დიდი რისკის ქვეშ დგას.

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს GLP-1 აგონისტების მედიკამენტების თვითნებურად მიღებამ ორგანიზმს და რა დროს ინიშნება ისინი, ამის შესახებვერსიაენდოკრინოლოგ სალომე ჟვანიას ესაუბრა. მისი თქმით, მსგავს მედიკამენტებს მრავალი უკუჩვენება აქვს, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება კატეგორიულად აკრძალულია.

_სამწუხაროდ, ქართველებს მარტივად აღფრთოვანება გვჩვევია, მაგრამ ის, რომ ყველაფერს თავისი წესი და ჩვენება აქვს ნაკლებად გვაინტერესებს. კონკრეტულმა მედიკამენტმა ვიღაცასთან თუ გაამართლა, თუნდაც 100 ადამიანთან, სხვებსაც ჰგონიათ, მათთანაც გაამართლებს, მაგრამ ეს ასე არ არის.  ყველა წამალს რაც კი არსებობს, აქვს ჩვენება, რა დროს უნდა დავნიშოთ, ასევე, უკუჩვენება ანუ  რა აქვს პაციენტს ისეთი, რაც ხელს გვიშლის ამ მედიკამენტის დანიშვნაში და გვერდითი ეფექტი. მათ შორისაა GLP-1 აგონისტები (ოზემპიკი და ვიქტოზა). ეს მედიკამენტები არ არის ახალი,  ენდოკრინოლოგიაში წლებია ვიყენებთ, დიაბეტის მქონე პაციენტებში, ერთ-ერთი არჩევითი მედიკამენტია, რომელიც ინიშნება იმ პაციენტთან ვისაც ნამდვილად სჭირდება და მოერგება. ექიმის გარეშე მათი მიღება კატეგორიულად აკრძალულია.

_სალომე, რომ დაგვიკონკრეტოთ, რა სახის ჩივილების დროს ინიშნება GLP-1 აგონისტების (ოზემპიკი და ვიქტოზა) მედიკამენტები და რაზე ახდენს გავლენას?

_ეს მედიკამენტები არის ინექციური და გამოიყენება დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის სამართავად. ნახშირწყლოვან ცვლაზე ახდენს გავლენას და ძირითადად ინიშნება ტიპურ დიაბეტიანებში. წლებია მათ ვიყენებთ, მაგრამ როგორც იცით, მედიცინა ვითარდება და ყოველ წელს ახალი კვლევები ქვეყნდება. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA)  დაამტკიცა, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია ჭარბწონიანებში, წონის კლების მიზნითაც ანუ აუცილებელი არ არის პაციენტს დიაბეტი სჭირდეს, რომ ეს მედიკამენტები დავუნიშნოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი დანიშვნა ყველა ჭარბწონიანი პაციენტისთვის შეიძლება. როდესაც  ჭარბი წონის დიაგნოზი ისმევა, ვითვლით სხეულის მასის ინდექსს, რაც იწყება 25-დან და გრძელდება 45-მდე. ეს საკმაოდ დიდი შუალედია და მასაც თავისი ხარისხები აქვს. არ შეიძლება, 25 და 45 მასის ინდექსის მქონე ორივე პაციენტს ერთიდაიგივე მკურნალობა დაუნიშნო. თუ მას უფიქსირდება ჭარბი წონა და თანხმლებად აქვს ჰიპერქოლესტერინემია (მაღალი ქოლესტერინი), ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) ან დიაბეტი, ანუ ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ანალიზებში დადასტურებული, რომ ჩვენ შევძლოთ GLP-1 აგონისტების დანიშვნა.

თუ პაციენტს აქვს დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლა, მაგალითად ინსულინ რეზისტენტობა, აღქმის და მოხმარების უნარი ორგანიზმს დაქვეითებული აქვს, ეს არის საწყისი ეტაპი, თუ ამას დროულად არ მიხედავს არის დიდი შანსი, დიაბეტი ჩამოყალიბდეს. მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ინსულინ რეზისტენტობაა და გლუკოზა ნორმის ფარგლებშია. ასეთ პაციენტს ვერ დავუნიშნავთ GLP-1 აგონისტებს, რადგან მივიღებთ ჰიპოგლიკემიას, ანუ სისხლში შაქრის დონის დაცემას, რაც ძალიან ცუდია. შეიძლება, თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტაც მოხდეს და ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი. ვიმეორებ, ექიმის დანიშნულების და რეკომენდაციის გარეშე არცერთი მედიკამენტის მიღება, მითუმეტეს ისეთის, როგორიცაა GLP-1 აგონისტები, კატეგორიულად აკრძალულია.

_რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს ამ მედიკამენტების თვითნებურად გამოყენებამ?

_ჰიპოგლიკემია, კუჭნაწლავის სხვადასხვა დარღვევები, თავის ტკივილები, უძილობა და ა.შ. აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება.  დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ მედიაკმენტის დანიშვნას და შემდგომ მიღების პროცესს, ამიტომ თვითნებურად მიღება დაუშვებელია. მითუმეტეს თუ პაციენტს აქვს სხვა პათოლოგიები ჩამოყალიბებული, ანუ თანხმლები დაავადება ან ასაკი. შეიძლება ადამიანმა არც კი იცოდეს, რომ რაიმე ფუნქციური დარღვევა აქვს, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ სოციალურ გარემოში, სადაც მოქალაქეები გამოკვლევებზე წელიწადში ერთხელ მაინც დადიან. შეიძლება, ორგანიზმში იყოს რაიმეს საწყისი ეტაპი და ამ მედიკამენტების მიღებამ დაამძიმოს ან დააჩქაროს პროცესი.  ყველაზე ცუდი ისაა, ღვიძლი ან თირკმელი თუ დავაზიანეთ, გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ, მათი ქრონიკული უკმარისობა შეუქცევადია და მთელი ცხოვრება პაციენტს მკურნალობა ესაჭიროება. როდესაც ექიმები ამ ჯგუფის მედიკამენტებს ვნიშნავთ, თავიდან ბოლომდე ვიკვლევთ ყველაფერს, ერთი პატარა წინააღმდეგ ჩვენებაც თუ გვაქვს, უარს ვამბობთ დანიშვნაზე. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მას რა სახის მკურნალობა სჭირდება.

_რამ გამოიწვია GLP-1 აგონისტების მედიკამენტების თვითნებურად მიღება?

_ჭარბი წონა არის დიაგნოზი, სამწუხაროდ, ადამიანების 90%-ს არ სურს გამოიკვლიოს ამის მიზეზი და სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ წონაში კლებას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მედიკამენტოზური, დიეტოთერაპია თუ ვარჯიში. სხვა ჩივილების დროს, როდესაც რაიმე აგვტკივდება და მივდივართ ექიმთან, იგივე ჭარბი წონის შემთხვევაში უნდა მივიდეთ ენდოკრინოლოგთან, მაგრამ არა ნუტრიციოლოგთან, დიეტოლოგთან ან ტრენერთან. არცერთი სხვა სპეციალისტი არ არის კომპეტენტური დიაგნოზის სრულყოფილად დასმაში, რადგან ენდოკრინოლოგია აერთიანებს ამ ყველაფრის ცოდნას.

თუ გვაქვს ჭარბი წონა, რაც შეიძლება ბევრმა რაიმემ გამოიწვიოს, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი, ამიტომაა საჭიროა დიფერენცირება. იმის მიხედვით, თუ რომელ დარღვევებს მოიაზრებს პაციენტი ჩივილებიდან გამომდინარე, ექიმი ნიშნავს კვლევებს და საბოლოოდ ანალიზების მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება პაციენტს როგორი მკურნალობა ესაჭიროება, იქნება ეს მედიკამენტოზური, დიეტოთერაპია ორივე ერთად თუ ფიზიკური აქტივობა. შემდეგ კი ხდება შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა, მაგალითად თუ ფიზიკური აქტივობა დაენიშნება, ვაგზავნით ფიტნეს ინსტრუქტორთან, რათა სწორად ივარჯიშოს. ჭარბი წონა არ არის ქრონიკული დაავადება, მისგან განკურნება ჩვეულებრივ შესაძლებელია, უბრალოდ, შემდეგ უნდა მოხდეს დაკლებული წონის შენარჩუნება, რაც პაციენტებს ძალიან უჭირთ.

_როგორც ვიცი,  რეცეპტის გარეშე იყიდება აფთიაქებში, რეგულირებას ხომ არ საჭიროებს ეს საკითხი?

_რეცეპტის გარეშე იყიდება და შავ ბაზარზეც ყველა ქვეყანაში შეიძლება შეძენა, ამის კონტროლი რთულია. რეალურად რეცეპტს არც საჭიროებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ჭარბწონიანმა მოიხმაროს.

_რამდენად ეფეტურია წონაში კლებისთვის, მათთან, ვინც მიღების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს?

_ GLP-1 აგონისტების მედიკამენტები ნამდვილად ეფექტურია წონის კლებისთვის, ვისთანაც დაინიშნა ნამდვილად კარგი შედეგი ჰქონდა. მაგრამ თუ არ არის საჭირო და ისე მიიღებთ, მაშინ ძალიან ცუდ შედეგამდე მიხვალთ. ვინც თვითნებურად იყენებს დარწმუნებული ვარ ისინიც დაიკლებენ, მაგრამ სხვა რაღაცას ისე დაიზიანებენ, შეიძლება შედეგი ვერ გამოასწორონ.

ხშირად ისმის შეკითხვა, თუ როგორ ხდება ჭარბი წონის დამარცხება. პირველ რიგში, თუ ის მოცემულობა არ შეიცვალა, რაც ამ ჭარბ წონას იწვევს, მხოლოდ მოკლე პერიდიანი მკურნალობა ვერ უშველის. თუ კვებითი ქცევა და ფიზიკური აქტიურობა არ შეიცვალა და ადამიანი არ გახდა სხვანაირი, ყოველთვის დადგება ამ პრობლემის წინაშე. ექიმი მხოლოდ იმას არ უნდა ცდილობდეს, კონკრეტულ დროში, გარკვეული რაოდენობა დააკლებინოს პაციენტს, ეს თავისთავად მოხდება, მთავარია, მას ის მავნე ჩვევები, რაც კვებაში და ფიზიკურ აქტივობაში აქვს, შეაცვლევინო და გააზრებინო. აუცილებლად ყველას უნდა აეხსნას, ნებისმიერი მედიკამენტი ან სხვა სახის მკურნალობა რისთვის დაენიშნა, რა სარგებელს მოუტანს, რადგან პაციენტს რაც უფრო გააზრებული აქვს რას რატომ აკეთებს, უფრო შედეგიანია.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი