"ოკაცეს კანიონი" დროებით დაიკეტა - რატომ და როდის გაიხსნება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

12 თებერვალს ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი - "ოკაცეს კანიონი" დროებით დაიკეტა. მიზეზი ის ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პერიოდულობით უტარდება ობიექტის ინფრასტრუქტურას.

ამ კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. დაახლოებით 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკი.

კანიონი დასავლეთ საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ არის. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში იყრიან თავს.

რადიო თავისუფლებას "დაცული ტერიტორიების სააგენტოში" უთხრეს, რომ საჭირო ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ტურისტული სეზონის დაწყებამდე გადაწყვიტეს. უახლესი კვირის განმავლობაში დაქირავებულმა კომპანიამ კანიონში კიბეების, კიდული ბილიკისა და გადასახედი სივრცე უნდა გადაღებოს.

"ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ხორციელდება ინფრასტრუქტურაზე სპეციალისტების მიერ კლიმატისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შეფასების შემდგომ, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისად სიხშირე დამოკიდებულია საჭიროებებზე", - აღნიშნავენ სააგენტოში.

"ოკაცეს კანიონი" ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს ემსახურება. წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:

  • 2019 წელი - 92 872 ვიზიტორი;
  • 2020 წელი - 10 609 ვიზიტორი;
  • 2021 წელი - 51 047 ვიზიტორი;
  • 2022 წელი - 64 663 ვიზიტორი;
  • 2023 წელი - 84 276 ვიზიტორი.
    დაცული ტერიტორიების სააგენტომ კონტრაქტორი ტენდერით შეარჩია. ტექნიკურ სამუშაოებში სახელმწიფო უწყება 864 555 ლარს დახარჯავს. კონტრაქტის მიხედვით, 1 მაისს შპს "ტალერი 2021"-ს დაკვეთა შესრულებული უნდა ჰქონდეს.